სოფლიო ჩემპიონი კუნგ-ფუში საბა გოგია

უშუ კუნგ-ფუს 8 წლის მსოფლიო ჩემპიონი საქართველოდან

1214
(განახლებულია 12:43 06.07.2019)
8 წლის  საბა გოგიამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ასაკის მიუხედავად,  მან  შეძლო მიმდინარე წლის ივნისში ჩინეთში ჩატარებულ ტურნირზე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოეპოვებინა. საბასთან ერთად ჩემიონატზე საქართველოს  ნაკრების სხვა  წევრებიც იმყოფებოდნენ, მათ 8 ოქროს, 4 ვერცხლის და 10 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ნინი რაზმაძე  

– საბა, რამდენი ხანია რაც კუნგ- ფუს საბრძოლო ხელოვნებით დაინტერესდი?

– სპორტის ამ სახეობით უკვე 4 წელია  ვარ დაკავებული. პირველად როცა ვარჩევდით სპორტის სახეობებს,  ბაბუამ მიმიყვანა უშუზე და ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე კუნგ-ფუში დამეწყო ვარჯიში. 

– პირველი ტურნირი რომ გაიხსენო,  როგორი იყო შენი ემოციები?

– 2016 წელს თბილისში  ჩატარდა საქართველოს უშუს ჩემპიონატი, რომელშიც გავიმარჯვე და ძალიან გახარებული ვიყავი. თუმცა,  რადგან ეს ჩემი პირველი ტურნირი იყო. ძალიან ვნერვიულობდი. 

საბა გოგია
photo: courtesy of Tamuna Duduchava
საბა გოგია

– მოგვიყევი ტურნირებზე..

– მონაწილეობა მიღებული მაქვს  საქართველოს ჩემპიონატებზე,  თბილისში საერთაშორისო  ჩემპიონატზე, ერევანში ევრო ვარსკვლავთა თასზე და მსოფლიო ჩემპიონატზე ჩინეთში, რომელიც  ქალაქ ემეიშენში გაიმართა. რაც შეეხება ჯილდოებს,  მიღებული მაქვს -  საქართველოს თასი, საერთაშორისოზე მეორე–მესამე ადგილები ავიღე, სომხეთში გამართულ  ჩეჯიბრზე  2 ოქრო და 1 ვერცხლი მოვიპოვე,  ხოლო ჩინეთში 2 ოქროს მედლის  მფლობელი გავხდი.

– რა სირთულებთან არის დაკავშირებული კუნგ-ფუს საბრძოლო ხელოვნება?

– ყველა საბრძოლო  ხელოვნება, რა თქმა უნდა,  დაკავშირებულია სირთულეებთან. მაგრამ თავდაუზოგავი შრომით შეიძლება მიაღწიო წარმატებას.  შინაგანად ყოველთვის ვცდილობ ვიყო მობილიზებული და ამაღლებული განწყობა მქონდეს.  დღის განმავლობაში 6 საათს ვვარჯიშობ, რის გამოც უფრო მეტად თავდაჯერებული გავხდი და ყოველ შეჯიბრზე გასვლის წინ ნაკლებად ვღელავ.  

– შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ,  მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა იყო.

– დიახ, ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი, საპასუხისმგებლო და სასიხარულო იყო მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც მე გავხდი მსოფლიო ჩემპიონი. ტურნირისთვის დიდი მონდომებით ვემზადებოდი, დღეში 6-7 საათსს ვვარჯიშოვდი და ვფიქრობ, ეს შრომა დამიფასდა. ვცდილობდი მიმეღწია წარმატებისთვის. გამოვედი ორ სახეობაში და მოვიპოვე 2ოქროს მედალი. სიმართლე გითხრათ, გამარჯვების იმედიც მქონდა.

– ტურნირის შესახებ მოგვიყევი...

– შეჯიბრი ჩატარდა ჩინეთის ქალაქ ემეიშანში, რომელშიც 50 ქვეყნის 5 ათასი სპორტსმენი მონაწილეობდა, კონკურენცია დიდი იყო, მაგრამ მე მივაღწიე კარგ შედეგს. გამოვდიოდი ტაოლუში საჩვენებელ გამოსვლაში გრძელ იარაღში, გუნშუ ში და ტაოლუ უიარაღო გამოსვლაში – ტრადიციული სტილი ჩაციუანიში.

– როგორი  შეგრძნებაა,  როცა ამდენ სპორტსმენს შორის ასეთ პატარა ასაკში იმარჯვებ?

– რა თქმა უნდა, შეგრძნება ძალიან სასიხარულოა. გამარჯვების შემდეგ საქართველოს უშუს ფედერაციის  პრეზიდენტმა  გიორგი ვერულიძემ შემაქო, რაც  ძალიან გამიხარდა. 

საბა გოგია
photo: courtesy of Tamuna Duduchava
საბა გოგია

– რა იყო ყველაზე რთული ჩემპიონატზე?

– ჩემპიონატის სირთულე მდგომარეობდა იმაში, რომ საკმაოდ ბევრი ძლიერი მოწინააღმდეგე იყო. მათგან ამერიკელ სპორტსმენს ს გამოვყოფდი, რომელიც საკმაოდ ძლიერი კონკურენტი იყო.

– კუნგ-ფუს გარდა,  კიდევ რით ხარ დაკავებული?

– ჯერჯერობით სპორტის სხვა სახეობით არ ვარ დაინტერესებული, ვაპირებ საბრძოლო ხელოვნებას ბოლომდე გავყვე.

– სამომავლო გეგმები – რა ტურნირები გელის და როგორ ემზადები?

– ვარჯიშს მუდმივ რეჟიმში გავაგრძელებ, სექტემბერში დაგეგმილია საერთაშორისო ჩემპიონატი, რომელშიც  მონაწილეობის მიღებას ვაპირებ. იმედი მაქვს,  ამ ტურნირზეც კარგ შედეგს დავდებ.

1214
ნინო ბურჯანაძე

ნინო ბურჯანაძე: არ გაუწიო ანგარიში რუსეთს - დიდი შეცდომაა

545
საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი მოსკოვთან პირდაპირი მოლაპარაკებების მომხრეა, ის პირობას დებს, რომ არჩევნების გაყალბებას არ დაუშვებს და საზოგადოებრივი აზრის არცერთ გამოკითხვას არ ენდობა

პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ, РИА НОВОСТИ-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ისაუბრა თავის გეგმებზე მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კუთხით, თავის მოსაზრებაზე საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პერსპექტივასთან დაკავშირებით და სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობის მოგვარების გზებზე, შეაფასა საქართველოს ნატოში გაწევრიანებისა და მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შანსები.

- საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, თქვენ და თქვენი პარტია მასში მონაწილეობას მიიღებთ. ადრე რამდენიმე ოპოზიციური პარტია, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, საარჩევნო სისტემაში საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღწევად გაერთიანდა. თუმცა თქვენ მასთან ერთად არ შეუერთდით ოპოზიციურ ბლოკს არჩევნების წინ და დეპუტატის ადგილებისთვის დამოუკიდებლად იბრძოლებთ. რატომ? 

- ჩემთვის სააკაშვილი აბსოლუტურად მიუღებელი პოლიტიკოსია და ნებისმიერი მოძრაობა, რომელიც მას თუნდაც ერთი ხმის მიღებაში დაეხმარება ჩემი მხრიდან, დაუშვებელია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ სიმართლის მხარეს დგას ისეთ საკითხებში, რომლებიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, მე ზუსტად პირიქით ვიმოქმედებ. ეს არაგონივრული იქნებოდა. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები დაემთხვა. გაერთიანებაში შედიოდნენ ე.წ. პროდასავლური, პრორუსული და ნეიტრალური პარტიები. ყველა გაერთიანდა საკონსტიტუციო ცვლილებების მოთხოვნით. მაშინ ჩამოყალიბებულმა ერთობამ - „ერთად ერთის წინააღმდეგ“ - და ჭრელმა ოპოზიციამ ძალიან პოზიტიური შედეგი მოიტანა - ჩვენ მივიღეთ ახალი საარჩევნო სისტემა. ეს ერთობა მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვისაც, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში. შეგახსენებთ, რომ, პირველ რიგში, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა დანაპირები. 2019 წლის ანტირუსული აქციების შემდეგ ხელისუფლება ხალხს არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებას დაპირდა, შემდეგ დავიწყეთ აქტიური ერთობლივი მუშაობა „ქართულ ოცნებასთან“, რათა გადაწყვეტილების დეტალებზე გვემსჯელა და უცებ განაცხადეს, რომ გადაიფიქრეს. ასეთი რამის პატიება არ შეიძლება. სწორედ ამიტომ შეიქმნა ოპოზიციური ერთობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვითარება კონტროლს აღარ დაემორჩილებოდა და დაიწყებოდა უფრო ხმაურიანი ქუჩის პროტესტი, რომელიც კარგს არაფერს მოგვიტანდა. ყველა პარტიისთვის მნიშვნელოვანი იყო პარლამენტში მაქსიმალურად დიდი პროპორციული წარმომადგენლობის შესაძლებლობის მოპოვება. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია, პარტია ოფიციალურად ქვეყანაში ყველა შემოწირულობის 97%-ს იღებს, ის ერთ რაიონში უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე მე მთელ კამპანიაში საქართველოს მასშტაბით. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, გვჭირდებოდა საკანონმდებლო გარანტიები, რათა მეტ-ნაკლებად კონკურენტული ბრძოლა გვეწარმოებინა.

- თქვენ ამტკიცებთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმები მოგპარეს. როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა არჩევნების შედეგების ფალსიფიცირების მცდელობა ამჯერად?

- არც საქართველოში და არც დასავლეთში ეჭვი არავის ეპარება, რომ 2016 წელს ჩემმა პარტიამ გადალახა ბარიერი, მაგრამ მაშინ შედეგები გააყალბეს. ყველას ესმოდა, რომ ბურჯანაძე პარლამენტის გარეთ შეგნებულად დატოვეს, მაგრამ არავინ დაიცვა „პრორუსი ბურჯანაძე“, ყველასთვის ხელსაყრელი იყო ჩემი არშეშვება საკანონმდებლო ორგანოში. არც დასავლურ საზოგადოებრიობას შეუწუხებია დიდად თავი. მე მარტო ვიყავი და არავითარი მხარდაჭერა არ მქონდა. ახლა, 2016 წლისგან განსხვავებით, ჩვენ, ოპოზიციონერები, დავიცავთ ჩვენს ხმებს ერთად. არის საკითხები, რომლებშიც ჩვენი პარტია რადიკალურად განსხვავდება დანარჩენი ოპოზიციონერებისგან, მაგრამ ახლა ხმების დაცვა საჭიროა ერთად. ამ მიზნით შეიქმნა საგანგებო შტაბი. ჩვენ არ უნდა დავუშვათ გაყალბება, თუ გვინდა რეალურად დემოკრატიული ქვეყნის მიღება, თუ გვინდა, რომ ქუჩის პროტესტები საქართველოში დასრულდეს. მე შეიძლება დავუშვა შეცდომები, მაგრამ არასდროს ვიტყუები. ვცდილობ, ჩემი მოქმედების განჭვრეტა შესაძლებელი იყოს. თუ ივანიშვილი გაბედავს იმის გაკეთებას, რაც 2016 წელს გაკეთდა, მე უბნებზე ცოტა ხმაური მომიწევს.

- გამსვლელი ბარიერი პარტიებისთვის საკმაოდ დაბალია. იმედი გაქვთ, რომ ამჯერად პარლამენტი მრავალპარტიული იქნება?

- ამაში დარწმუნებული ვარ, თუმცა ივანიშვილი კვლავ ცდილობს სისტემით მანიპულირებას. მან შექმნა წვრილი პოლიტიკური პარტიები და აფინანსებს მათ იმ იმედით, რომ პარლამენტში ცოტ-ცოტა ხალხს შეიყვანს, შემდეგ კი იტყვის, რომ ჩვენ მრავალპარტიული საკანონმდებლო ორგანო გვყავს. მაგრამ ეს არ გამოვა. მსოფლიოში უზარმაზარი ეკონომიკური კრიზისი იწყება. ამ კრიზისმა შეიძლება საქართველო გაანადგუროს. გაეროს ოფიციალური ციფრების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 8,2% შიმშილობს, 3,5 მილიონიანი მოსახლეობიდან 150 ათასი ბავშვი შიმშილის ზღვარზეა. ეს ხომ კატასტროფაა, მით უმეტეს, რომ ქვეყნის მართვის ბერკეტებს ფლობს ადამიანი, რომელსაც ანგარიშზე შვიდი მილიარდი დოლარი აქვს.

- სოციოლოგიური კვლევების თანახმად, თქვენი პარტია ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 1%-ს აგროვებს. ენდობით ამ კვლევებს?

- არა, რადგან შესანიშნავად ვიცი, როგორ ტარდება ისინი. მე ვენდობი კვლევებს, რომლებშიც სვამენ კითხვებს ზოგად პრობლემებზე, სადაც მოსახლეობა საუბრობს იმაზე, რომ მას ყველაზე მეტად აწუხებს უმუშევრობა, ეროვნული ვალუტის კურსი, შიმშილი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. პოლიტიკური პარტიების რეიტინგების შესახებ გამოკითხვებს არ ვენდობი. გამოკითხვა ერთსა და იმავე ველზე ტარდება. ამასთან, ჩემი მხარდამჭერები არასდროს ამბობენ, რომ მე მიჭერენ მხარს.

- რატომ?

- ისინი მიეჩვივნენ, თუ აღიარებენ, რომ ჩემი მხარდამჭერები არიან, პრესინგის ქვეშ მოექცევიან. თუ სააკაშვილის მმართველობის დროს ბურჯანაძის მხარდაჭერას შეიძლებოდა მოჰყოლოდა პატიმრობა, ახლა ციხეში არ ჩასვამენ, მაგრამ სამსახურში ნამდვილად არ მიიღებენ. ამ ყველაფერთან ერთად მაქვს არგუმენტი, რომელსაც წყალი არ გაუვა: 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ყველა კვლევა აჩვენებდა, რომ ჩემი რეიტინგი შეადგენდა 0,1%-ს, მაგრამ რეალურად 11% მივიღე. და ასე ყოველთვის, ყველა არჩევნებზე. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით ხალხის მხარდაჭერის სრულად რეალიზება, სხვა შემთხვევაში, მართლაც მესამე ძალა ვიქნებოდით ქვეყანაში.

Нино Бурджанадзе и первая десятка партийного списка движения Единая Грузия
© Sputnik / Alex Shlamov
ნინო ბურჯანაძე და მოძრაობა „ერთიანი საქართველოს“ პარტიული სიის პირველი ათეული

- რამ შეგიშალათ ხელი, გამხდარიყავით მესამე ძალა?

- ჯერ ერთი, ყოველთვის გვდევნიდა ივანიშვილი. ის უზარმაზარ ფინანსურ ზეწოლას ახორციელებდა ჩვენს პარტიაზე, ჩვენ კი არ გვქონდა რესურსები გასაძლიერებლად. ის საბიუჯეტო სახსრებიც წაგვართვეს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაფინანსების საფუძველზე მივიღეთ. დაიხურა თითქმის ყველა ჩვენი ოფისი, დაახლოებით ორი თვის წინ გავხსენით. ბევრი ჩვენი მხარდამჭერი კითხულობს, ღირს კი არჩევნებზე წასვლა, შევძლებთ კი მათი ხმების დაცვას? რადგან ჩვენს მხარდამჭერებს არაერთხელ გაუცრუვდათ იმედი, მათ დევნიდნენ, მათ ხმებს არ ითვალისწინებდნენ. მაგრამ მათ სიტყვა მივეცი, რომ რადაც უნდა დამჯდომოდა, დავიცავდი თითოეულ ხმას. მინდა, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდეს. ჩემი სტილი არ არის საარჩევნო უბნებში შეჭრა და სკანდალების მოწყობა, იმედი მაქვს, ამის გაკეთება არ მომიწევს. 

- მოხვდებიან თუ არა პარლამენტში პოლიტიკური ძალები, რომლებიც თქვენთან ერთად მზად იქნებიან რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებისთვის?

- იმედი მაქვს, მარტო არ ვიქნები. იმედია, თანდათანობით პოლიტიკური პარტიები გადახედავენ თავიანთ შეხედულებებს. ერთი მაგიდის ირგვლივ ყველა ოპოზიციური პარტიის ერთდროულად ყოფნას მოჰყვა ის, რომ ბოლო ერთ წელიწადში არ ჩატარებულა არცერთი მიტინგი, სადაც რუსეთის მიმართ შეურაცხმყოფელი ტონი იქნებოდა. კრიტიკული კი, მაგრამ არა შეურაცხმყოფელი. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

არცერთი აშკარა ანტირუსული მიტინგი ბოლო დროს არ გამართულა. ყოველთვის ვეუბნები ჩემს ოპონენტებს: აკეთეთ ის, რაც მიგაჩნიათ სწორად, მაგრამ მეც ნუ შემიშლით ხელს იმის კეთებაში, რაც მე მიმაჩნია სწორად. თქვენ ამტკიცებთ, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი აზრს მოკლებულია და აუცილებელია ამის კეთება მხოლოდ საერთაშორისო ასპარეზზე. მე ვფიქრობ, რომ დიალოგი მნიშვნელოვანია საერთაშორისო ასპარეზზეც, მაგრამ განსაკუთრებით აუცილებელია რუსეთთან პირდაპირი დიალოგიც. რეალობა ასეთია, რომ რუსეთი დიდი პოლიტიკური გავლენის მქონე მეზობელია. მეზობლისთვის ანგარიშის არგაწევა - დიდი შეცდომაა.

ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ მეზობლებს, გავითვალისწინოთ ყველა კანონიერი ინტერესი, რომელიც საერთაშორისო სამართალს შეესაბამება, უნდა ვესაუბროთ რუსეთს, რადგან პირდაპირი დიალოგის გარეშე პრობლემები ვერ მოგვარდება. არა იმიტომ, რომ მე ქვეყნის არაერთი საშინაო პრობლემის მოგვარების ძალა და გამოცდილება მაქვს, არამედ იმიტომაც, რომ გარეშე გამოწვევების გადაჭრის ძალაც შემწევს. შემიძლია მოსკოვთან საუბარი და დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებას“ მოსკოვთან დიალოგის დაწყების ნებისყოფა, დამოუკიდებლობა, კომპეტენტურობა რომ ჰქონოდა, პრობლემები აღარ იარსებებდა. უმაღლეს დონეზე შეთანხმებების საფუძველზე შეიძლებოდა რუსეთ-საქართველოს პრობლემების გადაყვანა მათი მოგვარების ფაზაში. ჩვენ დავკარგეთ რვა წელი, დრო ჩვენ სასარგებლოდ არ მუშაობს, ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს. რუსეთთან, აფხაზურ და ოსურ მხარეებთან პირდაპირ დიალოგზე უარი და დროის დაკარგვა დანაშაულია.

Нино Бурджанадзе, лидер движения Единая Грузия
© Sputnik / Alex Shlamov
მოძრაონა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე

- თქვენი პარტიის წინასაარჩევნო ლოზუნგია - „აირჩიეთ ძალა და გამოცდილება“. არაერთხელ გითქვამთ, რომ თქვენი გამოცდილებისა და კონტაქტების დახმარებით შეძლებდით საქართველოს წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებას. რა სირთულეების გადაჭრა შეგიძლიათ და არის თუ არა ამ სიაში ეკონომიკური სფერო?

- ეკონომიკური პრობლემები აუცილებლად მოგვარდება. მოსახლეობის უმრავლესობა ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას უჩივის. ეკონომიკური ვითარების დასარეგულირებლად საჭიროა სტაბილურობა, სტაბილურობისთვის კი საჭიროა, ქვეყანას მართავდეს პოლიტიკოსი და არა ბიზნესმენი. ეს ქმნის არაჯანსაღ სისტემას, ნეპოტიზმის სისტემას, როდესაც ქვეყანას არაკომპეტენტური ადამიანები მართავენ, რომლებიც ქონების მოხვეჭით არიან დაკავებული.

მესმის, როგორ სასიცოცხლოდ აუცილებელია რუსული ბაზარი ქართული პროდუქციისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მოლაპარაკებები, რომლებსაც რუსულ მხარესთან წარვმართავ როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სფეროში, ჩვენ რუსული ბაზრის სრულად და სტაბილურად გახსნის შესაძლებლობას მოგვცემს.

ნახეთ, რა მოხდა: დაფრინავდნენ თვითმფრინავები, ჩამოდიოდნენ ტურისტები, ყველა გახარებული იყო, მათ თბილად მასპინძლობდნენ, მაგრამ შემდეგ, 20 ივნისს, დაიწყო ანტირუსული მიტინგები „გავრილოვის ღამის“ შემდეგ და ტურისტებისთვის კარი ერთ წუთში ჩაიკეტა. ამის საფუძველი გახდა პოლიტიკური არასტაბილურობა. არასტაბილურობა კი გამოიწვია იმან, რომ „ქართული ოცნება“ არაკომპეტენტურია და მათ ვერ შეძლეს მოვლენების განჭვრეტა და იმის დანახვა, რა მოხდებოდა, როდესაც რუსეთის დუმის დეპუტატს ჩასვამდნენ საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში, საიდანაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა.

- რაზეა საუბარი თქვენს წინასაარჩევნო პროგრამაში?

- პროგრამას ახლო მომავალში წარვადგენთ, ის მკაფიო და სერიოზულია. ექსპერტებმა უკვე შეაფასეს ის და ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის საუკეთესოდ ცნეს. ძალიან სერიოზული კონტაქტები მაქვს დასავლეთშიც, აღმოსავლეთშიც, სამხრეთშიც და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩრდილოეთშიც. რუსეთში იციან, რომ არასდროს ვიტყუები და ვცვლი პოზიციას. კონტაქტების სწორად გამოყენების მეშვეობით მივაღწევ პოზიტიურ გავლენას ეკონომიკურ და პოლიტიკურ ჭრილში.

- შეგიძლიათ ამომრჩევლებს დაპირდეთ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში შეძლებთ სიტუაციის გაუმჯობესებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან?

- დიახ. მე მეყოფა გამბედაობა, წამოვიწყო პირდაპირი დიალოგი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ისინი ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანები არიან. აფხაზებს შესანიშნავად ესმით, რომ ბევრისგან განსხვავებით, აფხაზეთის თემას პიარისა და ინტერესებისთვის არ ვიყენებ, მით უმეტეს, არჩევნების წინ. მე შემიძლია ამის გაკეთება, შემიძლია მკაფიოდ ვთქვა, რა დავაშავეთ და რა შეცდომა დავუშვით. ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ჩვენ, ქართველები ვართ დამნაშავე, მაგრამ რადგან ჩვენ ტიტულოვანი და უფრო მრავალრიცხოვანი ერი ვართ, აუცილებელია, პირველ რიგში, ჩვენ ვაღიაროთ, რა გაკეთდა არასწორად და რატომ ვაწყენინეთ ჩვენს აფხაზ ძმებსა და დებს. ამის გაკეთება შემიძლია. საამისო ნებისყოფაც მაქვს, გამბედაობაც და გამოცდილებაც. ეს არ იქნება მომენტალური გარღვევა, მაგრამ საუბრის და დანგრეული ხიდების აღდგენის დაწყებას შევძლებ. გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, იმასაც მოვახერხებ, რომ რუსეთმა, თავის მხრივ, დადებითი როლი შეასრულოს ამ პროცესში. რუსეთის მხარეს სურს არა ისეთი საქართველოს ხილვა, რომელიც სავსეა პრობლემებით და დაბოღმილია რუსეთზე, არამედ სურს საქართველო, როგორც კეთილი მეზობელი. პოლიტიკურ ელიტასთან მუშაობა თანდათანობით მოიტანს პოზიტიურ შედეგს.

- ფიქრობთ თუ არა, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ნატოში გაწევრიანებაზე რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების სანაცვლოდ?

- ნატოს წევრობა არარეალურია. რა იქნება 20 წლის შემდეგ, უცნობია, მაგრამ ახლა ინტეგრაციაზე საუბარი არა მარტო არარეალურია, მაგრამ საქართველოს ინტერესებისთვის საზიანოცაა. დიახ, 2008 წლამდე ინტეგრაციის შანსი არსებობდა, მაშინ სხვა სიტუაცია და სხვა მსოფლიო იყო. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ ალიანსთან თანამშრომლობა უნდა შევწყვიტოთ.

- რას ფიქრობთ საქართველოში მიმდინარე ნატოს მასშტაბურ სამხედრო წვრთნებზე, რომელთა მიმართაც რუსეთის დამოკიდებულება მკვეთრად ნეგატიურია?

- მესმის, ეს გამაღიზიანებელია. ამიტომ მიმაჩნია, რომ პოლიტიკა სწორად უნდა წარიმართოს. ისე, როგორც საქართველოსთვისაა ხელსაყრელი. არა მგონია, ეს წვრთნები რამის მომცემი იყოს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. საქართველომ უნდა ითანამშრომლოს ნატოსთან, მაგალითად, ავღანეთში მისიის კონტექსტში, როდესაც ჩვენ ყველანი ვიბრძვით ტერორიზმის წინააღმდეგ. საქართველო აღარ უნდა იყოს საჯილდაო ქვა დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებში, ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ საიმისოდ, ინტერესთა ჭიდილის პოლიგონად რომ ვიქცეთ. საქართველომ ყველაფერი უნდა იღონოს ნორმალური, სერიოზული და პარტნიორული ურთიერთობების შესანარჩუნებლად დასავლეთთან და ასევე ნორმალური ურთიერთობის დასამყარებლად რუსეთთან. ერთი მეორეს არ გამორიცხავს.

Нино Бурджанадзе, лидер движения Единая Грузия
© Sputnik / Alex Shlamov
მოძრაობა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე

- როგორ აფასებთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, წამოაყენოს სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას კანდიდატურა ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში?

- ჩვენი პარტია მას მხარს არ დაუჭერს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ადგილები, სადაც ჩვენ, ოპოზიციონერები, შევთანხმდით, რომ არ შევუშლიდით ხელს ერთმანეთს მაჟორიტარულ ოლქებში, ალასანიას მხარს არ დავუჭერთ. მისი კანდიდატურის წამოყენება არასწორად მიმაჩნია.

- გჯერათ, რომ სააკაშვილი შეიძლება საქართველოში დაბრუნდეს?

- არა, არ დაბრუნდება. ეს ის ადამიანი არ არის, რომელიც თავის კეთილდღეობასა და თავისუფლებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. მისი ჩამოსვლის შანსი 1%–ია. ხელისუფლებაში ნამდვილად არ დაბრუნდება. ქართველი ხალხი პარტია „ნაცმოძროაბას“ ისეთ მხარდაჭერას არ გამოუცხადებს, რომ ის პირველ ადგილზე გავიდეს და მთავრობა ჩამოაყალიბოს. კოალიციურ მთავრობაშიც კი არასდროს დავუჭერ მხარს სააკაშვილს.

- სწორად მოიქცა, როდესაც 2013 წელს საქართველოდან გაემგზავრა? თუ უნდა დარჩენილიყო და მართლმსაჯულების წინაშე წარმდგარიყო იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებშიც მას მმართველი ძალა ადანაშაულებს?

- არ უნდა წასულიყო. როდესაც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება თავის დროზე მდევნიდა, როცა აპატიმრებდნენ ჩემს შვილს და არავის შეეძლო ჩემთვის უსაფრთხოების გარანტიის მოცემა, როდესაც ყველა, ვინც მიცავდა, მძღოლებიც კი, დააპატიმრეს, მე არ წავსულვარ. როდესაც ექსპრეზიდენტმა 2013 წელს საქართველო დატოვა, ის უღირსად მოიქცა. სააკაშვილი რომ ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარმდგარიყო, მას ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი ექნებოდა, რადგან ხალხი მალე ივიწყებს ყველაფერს.

Нино Бурджанадзе, лидер движения Единая Грузия
© Sputnik / Alex Shlamov
მოძრაობა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე

- არჩევნების შემდეგ მოსკოვში გაემგზავრებით?

- რა თქმა უნდა. იმედი მაქვს, მოსახლეობისგან ისეთ მხარდაჭერას მივიღებთ, რომ შევძლებთ, პარლამენტში პოლიტიკაზე რეალური გავლენა ვიქონიოთ. პარლამენტში მოხვედრა მინდა იმისთვის, რომ კონკრეტული საქმეები ვაკეთო და არა იმისთვის, რომ დეპუტატის სავარძელში უსაქმოდ ვიჯდე. სწორედ ამიტომ მინდა მაქსიმალურად ბევრი ხმის მიღება, რათა ჩვენ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე მოვახდინოთ გავლენა. მოსკოვში ვიზიტის შემდეგ იმედი მაქვს, მთავრობას რუსეთის მხარესთან უფრო მჭიდრო ურთიერთობებისკენ ვუბიძგებ.

- თქვენს პოლიტიკურ კარიერაზე დაკვირვებისას შეიძლება ითქვას, რომ მაქსიმალურად დიპლომატიურად და ფრთხილად ეპყრობით ყველა მნიშვნელოვან თემას, სიფრთხილით არჩევთ სიტყვებს და შეგიძლიათ ემოციების შეკავება. როგორი ხართ ცხოვრებაში? ასეთივე თავშეკავებული ხართ ოჯახურ და სამეგობრო წრეში?

- არც ისე კარგი ხასიათი მაქვს. მაგრამ ძალიან ვცდილობ, არ ვაწყენინო ადამიანებს. ცოტა ფეთქებადი ვარ, მაგრამ სხვას შეურაცხყოფას არასდროს ვაყენებ. უბრალოდ შემიძლია თავის გაკონტროლება. როდესაც ამდენი ხალხი გიყურებს, უფლება არ გაქვს ემოციები გამოხატო. არასდროს მივდივარ სამსახურში უხასიათოდ. პრობლემები ყველას გვაქვს, მაგრამ მესმის, რომ გარს მახვევიან ადამიანები, რომლებსაც იმედის დანახვა უნდათ. 2011 წელი, 26 მაისი - ღამით დაგვარბიეს: ჩემი შვილი დააკავეს, მეუღლე გაქცეული იყო, სულ მარტოდმარტო, დაცვის გარეშე ვიყავი... ხალხი მოდიოდა საშინელი ტრავმებით. დილის 5 საათის დარბევის შემდეგ მთლიანად წყლით ვიყავი გაწუწული, დილის 9 საათზე კი ოფისში უნდა მივსულიყავი. უხერხული მომეჩვენა მაკიაჟის გაკეთება და დავარცხნა, მაგრამ შემდეგ სარკეში ჩავიხედე და საკუთარ თავს ვუთხარი: არა, ასეთს არ მნახავენ! მაკიაჟი გავიკეთე, თეთრი ბლუზი ჩავიცვი, დავივარცხნე და ოფისში მივედი, რათა დამემტკიცებინა, რომ დიახ, მოხდა, მაგრამ ჩვენ გავუძელით. ვიგრძენი, ადამიანებს, რომლებიც იმ ღამით დაარბიეს, ესიამოვნათ, იმედი რომ მივეცი. დავრწმუნდი: როდესაც პოლიტიკაში ხარ, კეთილი ინებე და თუ გაწყენინებენ და ზოგჯერ ტირილიც მოგინდება, თავი შეიკავე, ძლიერი იყავი. სხვაგვარად არ გამოვა. ადამიანებს თავიანთი პრობლემებიც ეყოფათ. მათ უნდათ შენში იმის დანახვა, რაც უკეთესის იმედს გაუღვივებს.

- თქვენ ეს კარგად გამოგდით.

- გმადლობთ, ვცდილობ. როდესაც არ გამომივა, პოლიტიკიდან წავალ.

 

545
ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე: სააკაშვილი საქართველოში არ დაბრუნდება თავის კეთილდღეობას ეჭვქვეშ არ დააყენებს

56
(განახლებულია 16:49 23.09.2020)
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დაბრუნებას აპირებს, ხოლო „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პრემიერად მისი კანდიდატურა წამოაყენა.

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავისი დაპირებების მიუხედავად, სამშობლოში არ დაბრუნდება.

„არა, არ დაბრუნდება. ეს ის ადამიანი არ არის, რომელიც თავის კეთილდღეობასა და თავისუფლებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. მისი ჩამოსვლის შანსი 1%-ია. ხელისუფლებაში ნამდვილად არ დაბრუნდება. ქართველი ხალხი პარტია „ნაცმოძრაობას“ იმდენი რაოდენობით არ დაუჭერს მხარს, რომ ის პირველ ადგილზე გავიდეს და მთავრობა ჩამოაყალიბოს. კოალიციურ მთავრობაშიც კი არასდროს დავუჭერ მხარს სააკაშვილს", – განაცხადა ბურჯანაძემ РИА Новости-სთან ინტერვიუში.

პოლიტიკოსის თქმით, როდესაც ექს-პრეზიდენტმა 2013 წელს საქართველო დატოვა, ის უღირსად მოიქცა. ხოლო სააკაშვილი რომ ქართული მართლმსაჯულების წინაშე წამდგარიყო, მას ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი ექნებოდა, რადგან „ხალხი მალე ივიწყებს ყველაფერს“, მიიჩნევს ბურჯანაძე.

„არ უნდა წასულიყო. როდესაც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება თავის დროზე მდევნიდა, როცა აპატიმრებდნენ ჩემს შვილს და როდესაც არავის შეეძლო ჩემთვის უსაფრთხოების გარანტიის მოცემა, როდესაც ყველა, ვინც მიცავდა, მძღოლებიც კი, დააპატიმრეს, მე არ წავსულვარ“, – დასძინა მან.

უფრო ადრე სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინიდან საქართველოში ბრუნდება. მან აღიარა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ბევრი შეცდომა დაუშვა, თუმცა ახლა საკმარისი გამოცდილება შეიძინა, რომ უფრო ღირსეულად „ემსახუროს თავის ქვეყანას“. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სააკაშვილის განცხადება უარყოფითად შეაფასეს. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პირობა დადო, რომ მას საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავებენ.

ინტერვიუს სრული ტექსტი იხილეთ ria.ru-ზე.

56
მზის ჩასვლა

კვირის ასტროპროგნოზი: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო 28 სექტემბერი 4 ოქტომბერი

0
(განახლებულია 15:23 27.09.2020)
ასტროლოგები გვირჩევენ, ამ კვირაში დიდი ყურადღება მივაქციოთ შინაგან ჰარმონიას. ძალზე მნიშვნელოვანია ვაკეთოთ ის, რაც მოგვწონს. საკმაოდ ხელსაყრელი კვირა ელოდება ზოდიაქოს ნიშნების უმრავლესობას

როგორი იქნება ვარსკვლავებისა და პლანეტების განწყობა ამ კვირაში ზოდიაქოს ნიშნებისთვის, როგორ იმოქმედებენ ისინი ადამიანებზე, რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ წარმატებებს მივაღწიოთ – ყოველივე ამის შესახებ კვირის ასტროლოგიური პროგნოზიდან შეიტყობთ.

რა ფარული ნიჭი იმალება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანში>>

ვერძი

ვერძებისთვის ამ კვირაში ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო სიყვარული იქნება. თამამად შიძლება ახალი ადამიანების გაცნობა, ახალი ურთიერთობების დაწყება, ან უკვე არსებულის ახალ დონეზე გადაყვანა. კარგად ჩაივლის სიყვარულში გამოტყდომა, საყვარელი ადამიანის მშობლებთან შეხვედრა, საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა, შოპინგი.

ვარსკვლავებისა და პლანეტების ენერგია დაგეხმარებათ ცნობიერებაში არსებული ბარიერების გადალახვაში, რომლებიც მიზნების მიღწევაში გიშლით ხელს. უნდა იყოთ გაბედული, მიზანსწრაფული და ნებისმიერი ცვლილებისთვის მზად. სამსახურსა და ბიზნესში სტაბილურობა არ გელოდებათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ცუდად მიდის. პირიქით, ახლა სწორედ ის დროა, როდესაც შესაძლებელია გამარჯვება და წარმატებების მიღწევა.

კურო

კუროებს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. ეს განსაკუთრებით ეხება 28 და 29 სექტემბერსა და 4 ოქტომბერს. ამ არახელსაყრელ დღეებში ბევრი მნიშვნელოვანი რამ შეიძლება მოხდეს. ასტროლოგები გირჩევენ, თვითონ გადალახოთ დაბრკოლებები, რომ გაძლიერდეთ, ისწავლოთ რამე ახალი და აიმაღლოთ ავტორიტეტი კოლეგებს, ხელმძღვანელობას, მეგობრებსა და ახლობლებს შორის.

ძალზე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს პოზიტიური აზროვნება. ეს დაგეხმარებათ სასურველის მოზიდვასა და დასახული მიზნების სწრაფად განხორციელებაში. პოზიტიური ადამიანები იზიდავენ არა მხოლოდ ფულს, არამედ სხვა ადამიანებსაც. ეს ნიშნავს, რომ კეთილ და მხიარულ კუროებთან წარმატება ნაცნობებისა და კავშირების მეშვეობითაც მივა. ექსპერტები გირჩევენ, იმოქმედოთ შედგენილი გეგმით და არ გარისკოთ.

ტყუპი

ყურადღება მიაქციეთ დესტრუქციულ აზროვნებას, რომელიც ხშირად გარშემომყოფებისგან მოდის. ეს საშიში გზაა, რომელიც ჩიხში შეგიყვანთ. უნდა იაროთ საკუთარი გზით, ჯანსაღად შეაფასოთ გარესამყარო და მოიქცეთ ისე, როგორც ამას საკუთარი გული გკარნახობთ და არა შემთხვევითი მრჩეველი. ამ კვირაში თქვენი ინტუიცია საკმაოდ ძლიერი იქნება.

ოქტომბრის დასაწყისში აუცილებლად მიქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას. მრავალრიცხოვან პრობლემებსა და მცირე გაუგებრობებს თქვენი კალაპოტიდან ამოგდება, შინაგანი ბალანსისა და ჰარმონიის დარღვევა შეუძლია. ასტროლოგები გირჩევენ, ყველანაირად ეცადოთ, რომ არ ინერვიულოთ. ამაში ფიზიკური აქტიურობა, აქტიური ცხოვრების წესი დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

თქვენთვის კვირის ყველაზე ხელსაყრელი დღეებია 2, 3 და 4 ოქტომბერი. ამ დღეებში ადვილი იქნება ნებისმიერი, განსაკუთრებით შემოქმედებითი სამუშაოს შესრულება. ვარსკვლავებისა და პლანეტებისგან მიიღებთ ძალებისა და ენერგიის დიდ მარაგს, რაც სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ.

კვირის დასაწყისში პრობლემების გაჩენისთანავე შეგიძლიათ დახმარებისთვის მეგობრებს, ნათესავებს ან კოლეგებს მიმართოთ. არ ღირს საკუთარ თავში ჩაკეტვა და ყველასგან იზოლირება, თუნდაც ამის ძლიერი სურვილი გაგიჩნდეთ. გარშემომყოფებისგან უნდა აიღოთ პოზიტიური ენერგია, ჩაკეტილობა კი იდეების წყაროებსა და შესაძლებლობებს გადაღობავს.

ლომი

დღის წესრიგი ადამიანის ბიოველსა და განწყობაზე მოქმედებს. ამ კვირაში ლომებს ექსპერტები გირჩევენ, მოაგვაროთ დღის რეჟიმი, შეასრულოთ ფიზიკური სავარჯიშოები, ბევრი იმოძრაოთ. ძალზე ხელსაყრელი პერიოდია იმისთვის, რომ გამოიმუშაოთ ახალი სასარგებლო ჩვევები და გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან.

ვარსკვლავები თქვენ მხარეს იქნებიან, ამიტომ გქონდეთ იღბლის იმედი ნებისმიერ სფეროში. ყველაზე მეტად გაუმართლებს იმას, ვინც ადამიანებთან მუშაობს, მათთან ურთიერთობები აქვს. კვირის მეორე ნახევარი დაუთმეთ სწავლას, ახალი გამოცდილების მიღებას. ჩნდება დიდი შანსი მათთვის, ვინც სამუშაოს ეძებს.

ქალწული

ქალწულებისთვის ძალზე დინამიკური პერიოდი იწყება. ამ დროს ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანზე უნდა გაამახვილოთ. არ ღირს ორ კურდღელზე გამოდევნება. დროა, ერთი პრიორიტეტული მიმართულება შეარჩიოთ. თუ დინამიკურ რიტმში იცხოვრებთ და ბევრ ამოცანას შეეჭიდებით ერთდროულად, ძალიან მალე დახარჯავთ ენერგიას, ძალას და სიტუაციაზე კონტროლს დაკარგავთ.

აუცილებლად უნდა იპოვოთ დრო დასვენებისთვის, თუნდაც გაჩაღებული მუშაობის დროს. უქმეებზე ძალიან წაგადგებათ გარემოს შეცვლა, სადმე წასვლა, ნათესავების მონახულება. ნერვების დამშვიდებასა და მოდუნებაში დაგეხმარებათ შოპინგი, გარდერობის განახლება.

სასწორი

სასწორებმა ეს კვირა მსუბუქი განწყობითა და ოპტიმიზმით უნდა გაატაროთ. არ შეიძლება წარსულზე, წყენებზე „ჩაციკლვა“ და მით უმეტეს, შურისძიებაზე, გულში ბოღმის ჩადებაზე. აპატიეთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც. თქვენთვის, როგორც ასტროლოგები მიიჩნევენ, პრიორიტეტულია პატიება და კომპრომისის მოძებნა.

კვირა მნიშვნელოვანი იქნება კარიერული წარმატებებისთვისაც. არაა გამორიცხული კარიერულ კიბეზე წინსვლა, ხელფასის მომატება. საკუთარ თავზე უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა როგორც გამარჯვებაზე, ისე მარცხზეც. კვირის ბოლოს, შესაძლოა, თქვენი ძალები ამოიწუროს, ამიტომ თქვენთვის რეკომენდებულია საღამოობით დასვენება და პოზიტივზე და არა ნეგატივზე ფოკუსირება.

მორიელი

კვირის პირველი დღე საკმაოდ არახელსაყრელი და საშიში იქნება. ეს ეხება შაბათსაც. ამ დღეებში მეტი სიფრთხილე გმართებთ.

მომავალში წარმატებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ კვირაში ნათესავებთან ურთიერთობები. კავშირი უნდა გქონდეთ მეგობრებთან და ურთიერთობები – სასიამოვნო ადამიანებთან. რთულ მომენტებში შეგიძლიათ მათ დახმარება სთხოვოთ. ასტროლოგები გირჩევენ, მოერიდოთ ოჯახურ კონფლიქტებს, განსაკუთრებით უქმეებზე.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებმა უნდა იპოვოთ ენერგიისა და დადებითი ემოციების წყარო. მთელი შვიდი დღის განმავლობაში შრომისუნარიანობისა და კარგი განწყობის შენარჩუნება გაგიჭირდებათ, ამიტომ აუცილებლად გამონახეთ დრო დასვენებისთვის. თქვენი გარემოს შეცვლის ნიჭის გათვალისწინებით, იდეებთან დაკავშირებით პრობლემა არ უნდა გაჩნდეს.

კვირის პირველი ნაახევარი შემოქმედებას, ინტელექტუალურ მუშაობას, ახალი ცოდნის შეძენას, უცხო ენების შესწავლას მიესადაგება. ასტროლოგები გირჩევენ, ამ კვირაში შორეულ გზას არ დაადგეთ. 1–დან 4 ოქტომბრის ჩათვლით მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები და ნაცნობობა.

თხის რქა

ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ კვირაში მეტი ყურადღება დაუთმოთ სიყვარულსა და ურთიერთობებს. თუ თქვენი საყვარელი ადამიანი ეჭვიანია, სჯობს, არ მოახდინოთ მისი პროვოცირება. პირიქით, იყავით ლოიალური, გულღია დიალოგისთვის.

კარგი დროა თვალსაწიერის გაფართოებისთვის. მარტოხელებს არ გაწყენთ ახალი ნაცნობობა. რაც შეეხება სამუშაოს, ამ სფეროში იღბლიანი იქნება ნებისმიერი ახალი წამოწყება. კვირის პირველივე დღიდან ღირს ინიციატივის გამოჩნენა, თავდაჯერებულობისა და ოპტიმიზმის დემონსტრირება. კოლეგები და ხელმძღვანელობა ამას სათანადოდ შეაფასებს.

მერწყული

ამ კვირაში მერწყულებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური სფერო გახდება. ვარსკვლავები და პლანეტები ყოველთვის კარგ განწყობაზე არ იქნებიან. ამ მხრივ უნდა იფრთხილოთ და გეგმას მისდიოთ, განსაკუთრებით 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს.

შუა კვირაში არ ღირს სესხის აღება და ძვირადღირებული რამის ყიდვა. იღბალი იმ მერწყულების გვერდით იქნება, რომლებიც დავალებებს პასუხისმგებლობით მოეკიდებიან, იმოქმედებენ და უქმად არ ისხდებიან. ეს იქნება დინამიკური დრო, როდესაც სარისკოა საქმეების თავის დინებაზე მიშვება. ამან შეიძლება დიდი პრობლემები გამოიწვიოს.

თევზები

თევზები ბედის იმედად არ უნდა იყოთ. უნდა გამოიჩინოთ მაქსიმალური აქტიურობა და მზად იყოთ ნებისმიერი ამოცანის გადასაჭრელად. ორშაბათი ძალზე ხელსაყრელი დღე იქნება, ამიტომ დილიდან უნდა განეწყოთ პოზიტიურ კილოზე, სწრაფად ჩაერთოთ მუშაობაში, მაგრამ ძალიან არ უნდა გადაიღალოთ.

იღბალზე პოზიტიურად აისახება დამოუკიდებლობა. არ ღირს დახმარების თხოვნა გარშემომყოფებისთვის, განსაკუთრებით, თუ მათთან ურთიერთობები ყოველთვის სასიამოვნოდ არ ეწყობა. მოერიდეთ არაკეთილმოსურნეებს, ამასთან, მათი რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.

0