ენგურჰესის კაშხალი

რატომ დაშრა წყალი ენგურჰესში და რა ელის საქართველოს ეკოლოგიას?

369
(განახლებულია 17:58 23.05.2019)
რა სირთულეების წინაშეა საქართველო გარემოს დაცვის თვალსაზრისით და როგორ მდგომარეობაშია სამხრეთ კავკასიის უდიდესი მდინარე მტკვარი, რატომ დაშრა წყალი ქვეყნის ყველაზე დიდ ჰიდროელექტროსადგურში – ენგურჰესში?

ამ და სხვა საინტერესო თემებზე „Sputnik-საქართველოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ ისაუბრა.

- რა ძირითადი სირთულეების წინაშე დგას საქართველო გარემოს დაცვის თვალსაზრისით?

- პირველ რიგში, ეს, რასაკვირველია, არის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, განსაკუთრებით ქალაქებში. მეორე პრობლემა – ნარჩენები და მათი მართვაა. ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული თემაა და საკითხის მოგვარებით ამჟამად ქვეყნის ხელისუფლებაა დაკავებული. მესამე – საქართველოსთვის მეტად აქტუალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაა. და, ბოლოს – წყლის რესურსები! ეს თემა პრიორიტეტულ ადგილს იკავებს და მალე ჩვენზე გაცილებით სერიოზულ გავლენას მოახდენს, ვიდრე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება. წყლის დეფიციტი, რომელსაც დღეს აღმოსავლეთ საქართველოში განვიცდით, სერიოზულ სირთულეებს გვიქმნის. ის განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა ზაფხულში, როდესაც სასმელი და სარწყავი წყალი არ გვყოფნის.

კლიმატური ცვლილებების გამო ასეთივე ვითარება ყალიბდება დასავლეთ საქართველოში: ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურა უჩვეულოდ დიდხანს გრძელდება – ერთ კვირას ორი-სამი დღის ნაცვლად. გარდა ამისა, შარშან თერმომეტრზე ნიშნული 36 გრადუსს არ ჩამოსცილებია ღამის საათებშიც კი. დასავლეთ საქართველოში, იქ, სადაც ტენიანობა ისედაც მაღალია, ასეთი ტემპერატურა გაცილებით მძაფრად იგრძნობა. ადამიანებს უჭირთ სუნთქვა, განსაკუთრებით რთულად გადააქვთ ეს პერიოდი სუსტი ჯანმრთელობის ადამიანებს, რადგან მათი ორგანიზმისთვის ეს სერიოზული დატვირთვაა.

მე გამოვყავი ოთხი ყველაზე აქტუალური თემა. ჩემი აზრით, მათგან შედარებით მარტივად მოსაგვარებელი ჰაერის დაბინძურების პრობლემაა. რაც შეეხება ნარჩენებს, საქართველოში უკვე მოქმედებს ახალი კანონმდებლობა და ეს საკითხი თანდათანობით დარეგულირდება. ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად მზადდება ახალი სატყეო კოდექსი. წყლის რესურსების შესანარჩუნებლად კი არსებობს შეთანხმება ევროკავშირთან, რომელიც ძალაში 2015 წლიდან შევიდა.

ენგურჰესი თავდაპირველ სიმძლავრემდე აღდგება: მინისტრმა თაღოვანი კაშხალი დაათვალიერა>>

ამ შეთანხმების თანახმად, ჩვენ ვალდებული ვართ, 2024 წლისთვის საქართველოს მთელი მოსახლეობა სუფთა სასმელი წყლით მოვამარაგოთ. სახელმწიფო ვალდებულია ასევე გაიყვანოს ცენტრალური საკანალიზაციო სისტემები, რომლებიც ქვეყანაში მეტისმეტად ცოტაა – სულ რაღაც ოთხი მოქმედი სისტემაა. საბჭოთა კავშირის ეპოქაში 49 საკანალიზაციო სისტემა ფუნქციონირებდა და უკვე 30 წელია, რაც ისინი უმოქმედოა.

ჩვენ ვინარჩუნებდით წყლის დაბინძურების მაქსიმალურად დასაშვებ კონცენტრაციას მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ ვაზავებდით მას წყლის დიდი მარაგის წყალობით. როგორც კი იქმნება წყლის დეფიციტი, (მავნე) ნივთიერებათა დასაშვები კონცენტრაცია იმატებს, შესაბამისად, მნიშვნელოვნად ბინძურდება წყლის ეკოსისტემებიც. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ უკვე ვვარაუდობთ ჩამდინარე წყლების ნაკადის შემცირებას, ამან შეიძლება სერიოზული კატასტროფა გამოიწვიოს. ეს კარგად ჩანს მდინარე მტკვრის მაგალითზე, რომლის კალაპოტშიც წყლის დონის შემცირებისას უსიამოვნო სუნი დგება. 

- მტკვარი ახსენეთ და როგორ შეაფასებდით მდინარის მდგომარეობას?

- არც ისე კარგად. გვეხმარება წვიმა, რომელიც ამ დროს ხშირად მოდის. ნალექის წყალობით წყლის დონე იმატებს და უსიამოვნო სუნი ქრება. მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. აუცილებელია გამწმენდი მოწყობილობების ამუშავება. ამიტომ ვიძლევით რეკომენდაციებს, ხმამაღლა ვსაუბრობთ ამ პრობლემაზე, ვამბობთ, რა უნდა გაკეთდეს. წელს წყალგამანაწილებელმა კომპანიამ GWP, რომელიც თბილისს ემსახურება, თავის თავზე აიღო გარდაბანი–თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამწმენდი ნაგებობის შეკეთება. იმედი მაქვს, ის მალე ამუშავდება და წყლის გაწმენდა რეალურად დაიწყება.

მნიშვნელოვანია ასევე, რომ მცირე ზომის გამწმენდი ნაგებობები ამუშავდეს მთელ საქართველოში 2024 წლამდე – ეს მაქსიმალური ვადაა. აუცილებელია ახალი წყლის კანონის შემუშავება, რომელიც საქართველომ ბოლოს 1998 წელს მიიღო, ევროკავშირის წყლის ჩარჩო-დირექტივა კი ძალაში 2000 წელს შევიდა. დოკუმენტის საფუძველზე ჩვენ ვითხოვთ ახალი კანონის შემოღებას, რომელიც გულისხმობს წყლის რესურსების აუზით მართვას და წყლის სწორ, რაციონალურ გამოყენებას. ვფიქრობ, ეს თანდათანობით ნომერ პირველ პრობლემად ყალიბდება.

გარდა ამისა, ევროკავშირთან შეთანხმება გვავალდებულებს სპეციალური დირექტივის შემოღებას საცურაო წყლებთან დაკავშირებით. ის განსაზღვრავს, რომელ აუზებში იქნება შესაძლებელი ცურვა.

- ბევრი ღელავს ენგურჰესში წყლის დონის გამო. რატომ არ არის წყალი ჰესის აუზში?

- ვფიქრობ, წყლის დონის შემცირება კლიმატურ ცვლილებებს უკავშირდება, მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა. მე მაქვს იანვარსა და აპრილში გადაღებული ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ წყალი იქ არ არის. ახლა რა მდგომარეობაა, არ ვიცი.

შარშან და შარშანწინ წყალი საკმაოდ ბევრი იყო. ენერგეტიკოსები ამტკიცებენ, რომ ბევრი რესურსი გამოვიყენეთ. ნათელია ჩამდინარე წყლების მკვეთრი შემცირება.

ტურისტული ზონა ენგურჰესზე – მსოფლიო დონის პროექტი დასრულებულია>>

მყინვარები, რომლებითაც ჩვენი მდინარეები, მათ შორის, ენგური იკვებება, ძალიან სწრაფად დნება, გაზაფხულზე უკვე დამდნარია. გარდა მყინვარებისა, მდინარეებს კვებავს წვიმა. ახლა დასავლეთ საქართველოში ბევრი ნალექი მოვიდა და იმედია, ეს ენგურში წყლის დონეზე იმოქმედებს. თუ წყალი ახლა არ გამოჩნდა, მით უფრო არ გამოჩნდება ზაფხულში, რადგან გვალვის პერიოდი დაიწყება.

- მტკნარი წყლის დეფიციტის შემთხვევაში ემუქრება თუ არა საქართველოს მიგრაცია სხვა ქვეყნებიდან?

- დიახ, ემუქრება. ეს ჰიპოთეზაა, რომელიც ჯერ არ არის დამტკიცებული, მაგრამ საფრთხე არსებობს. ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს რამდენიმე სტატია, რომლებშიც საუბარია, რომ მიგრაცია მსოფლიოში გამოწვეულია არა იმდენად შეიარაღებული კონფლიქტებით, რამდენადაც კლიმატური ცვლილებებით. საქართველო ამ კვლევის არეალში, რასაკვირველია, არ მოხვედრილა, მაგრამ, ვფიქრობთ, გარკვეული მიგრაციული ნაკადი დედამიწის სამხრეთ რეგიონებიდან, განსაკუთრებით, მცირე აზიიდან იქნება.

„დიდ გადასახლებაზე“ საუბარი ჯერ მხოლოდ ჰიპოთეზის დონეზეა შესაძლებელი. თუმცა სიმართლეა ის, რომ ადამიანები უკვე გაურბიან ექსტრემალურ ტემპერატურას. გასულ წელს ვუსმენდი ჟურნალისტების გამოსვლას ერაყიდან, რომლებიც ჰყვებოდნენ, როგორ დატოვა ქვეყანა ერთ-ერთმა ოჯახმა მხოლოდ იმის გამო, რომ ჰაერის ტემპერატურამ 53 გრადუსს მიაღწია. ისინი შიშობდნენ, რომ მოსავალი აღარ მოვიდოდა.

ჰიპოთეზის დონეზე მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ დაიწყება სერიოზული მიგრაცია სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ, გამყინვარების შემთხვევაში კი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. ადამიანები მაშინ გარბიან, როდესაც წყალი არ არის.

- იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთან მთის მასივები საკუთარ მიკროკლიმატს ქმნიან, ემუქრება თუ არა კავკასიის რეგიონს სათბურის ეფექტი?

- სათბურის ეფექტი ყველგან არსებობს, ვინაიდან დაბინძურება საკმაოდ სერიოზულია. სათბურის ეფექტი – არის ის, რასაც ჩვენ რეალურად ვხედავთ, აღვიქვამთ და ვგრძნობთ. ითვლება, რომ კავკასიის რეგიონი მეტ-ნაკლები სტაბილურობით გამოირჩევა. საქმე ისაა, რომ აღნიშნული ტერიტორია მკაფიო გეოგრაფიულ საზღვრებშია მოქცეული. რუსეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი, თურქეთის ნაწილი და ირანის ნაწილი განსაზღვრავენ კავკასიის გეოგრაფიულ ცნებას. შესაბამისად, ეს რეგიონი, თავისთავად, შედარებით განკერძოებულია და კლიმატურ ფაქტორებს ორი დიდი აუზი – შავი ზღვისა და კავკასიის ზღვის აუზები განაპირობებს.

პანკისის მოვლენების კვალდაკვალ - ექსპერტთა მოსაზრებები საქართველოში ახალი ჰესების შესახებ>>

ბუნებრივია, აქ ატმოსფერული ჰაერი სხვაგვარად მოძრაობს. მიმაჩნია, რომ ცალკეულ ქვეყნებში კვლევების ჩატარებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი არის სუბრეგიონული დაკვირვება და მონიტორინგი, რადგან ის მკაფიო წარმოდგენას გვაძლევს რეგიონში რეალურად მიმდინარე პროცესებზე.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საკუთარი თვალით ვხედავთ და შევიგრძნობთ კლიმატის ცვლილების პროცესის დაჩქარებას.

369
თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (128)
კოღო

ტკიპის, კოღოს, მოსკიტის ნაკბენი: ის, რაც უნდა ვიცოდეთ მწერების მიერ გადამტან დაავადებებზე

507
(განახლებულია 19:19 14.07.2020)
ზაფხული ის დროა, როცა განსაკუთრებით დიდ დროს ვატარებთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე. ამ დროს ხშირია მწერების ნაკბენით გამოწვეული უსიამოვნებები, რაც, შესაძლოა, პარაზიტული დაავადებების გამომწვევი მიზეზიც გახდეს.

რომელი პარაზიტული დაავადებებია გავრცელებული ზაფხულის სეზონზე, რა სიმპტომები აქვს და როგორ ამოვიცნოთ ისინი, ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში პარაზიტოლოგმა, მედიცინის დოქტორმა ირმა კოკაიამ ისაუბრა.

- ზაფხულის სეზონთან ყველაზე ხშირად რომელი პარაზიტული დაავადებები ასოცირდება?

- ზაფხულის სეზონთან ასოცირებული პირველი ჯგუფის, ყველაზე ხშირი დაავადებებია მწერების დაკბენით გამოწვეული დაავადებები. ასევე ზაფხულის პერიოდში სტატისტიკურად ყველაზე ხშირად გვხვდება ნაწლავური პარაზიტული დაავადება. მწერების კბენასთან ასოცირებული პარაზიტული დაავადებების მატება დამოკიდებულია ორ ფაქტორზე. პირველი ის არის, რომ ზაფხულის ცხელ პერიოდთან ერთად მწერების აქტივობა არის მომატებული და ეს გამომდინარეობს მათი ბიოლოგიიდან. მეორე ფაქტორი, რის გამოც იმატებს ეს დაავადებები და ამ დაავადებებთან დაკავშირებული საფრთხე, არის ის, რომ უშუალოდ ადამიანების ურთიერთობა ბუნებასთან არის გაცილებით აქტიური. ეს არის სეზონი, როცა ადამიანები ყველაზე ხშირად გადიან ქალაქგარეთ პიკნიკებზე, აგარაკებზე, სოფლებში და ა.შ. შესაბამისად, ეს საფრთხე არის მომატებული.

- იქნებ ეს დაავადებები განვიხილოთ...

- მწერების კბენით გამოწვეული დაავადებებიც ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს. ეს არის უშუალოდ დაკბენასთან ასოცირებული ალერგიული რეაქციები და მეორე – უფრო დიდი საფრთხე, ის დაავადებები, რომელიც გადააქვთ მწერებს. ბოლო პერიოდში ინტენსიურად არის მომატებული ბორელიოზი, იგივე ლაიმის დაავადება, რომელიც ტკიპებს გადააქვთ. ეს დაავადება ძალიან აქტუალურია საქართველოში, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში. თუმცა ამ მხრივ დიაგნოსტიკაც უფრო გაუმჯობესებულია. მეორე დაავადება, რომელიც ინტენსიური ხდება ამ პერიოდში, არის ლეიშმანიოზი, რომელიც ასევე მწერებს გადააქვთ. ეს არის პატარა ზომის მოსკიტები, ფლებუტომუსები. გარდა ამისა, კიდევ არის რამდენიმე დაავადება, მაგალითად, კოღოებთან ასოცირებული მალარია, რომელიც ასევე ზაფხულის დაავადებაა. თუმცა, საბედნიეროდ, მალარიის ენდემური შემთხვევები ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში არ გვაქვს დაფიქსირებული. შემთხვევები, რაც გვაქვს, ძირითადად არის სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული. კიდევ ერთი დაავადება გახლავთ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, რომელიც ცალსახად ტკიპას უკავშირდება.

- რა ჩივილებს უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება, რა სიმპტომები აქვს ამ დაავადებებს?

- ვინაიდან ყველაზე გავრცელებულია, დავიწყოთ ლაიმის დაავადებით. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ ტკიპის კბენა არ არის საკმარისი დაავადების გამოწვევისთვის. თვითონ ტკიპა უნდა იყოს ინფიცირებული, რომ გამოიწვიოს დაავადება. აქედან გამომდინარე, ყველა ტკიპის კბენის შემდეგ, რა თქმა უნდა, დაავადება არ ვითარდება. 100 კბენიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს დაავადება. კბენის დროს ამის მიხვედრა წარმოუდგენელია. ამას სჭირდება სპეციალური ანალიზი, რომელიც საკმაოდ რთულად კეთდება და არ არის მოწოდებული, რომ ყველა შემთხვევაში გაკეთდეს. იმ შემთხვევაში, თუ ეს ტკიპა აღმოჩნდა ინფიცირებული და დაავადების გადამტანი, კლინიკური სიმპტომები, რომელიც დამახასასიათებელია ლაიმის დაავადებისთვის, არის საკმაოდ მრავალფეროვანი და გამოვლინდება გარკვეული დროის განმავლობაში. ინკუბაციური პერიოდი, როგორც წესი, არის სამი დღიდან 28 დღემდე. ანუ ეს არის ის პერიოდი, როცა შეიძლება გამოვლინდეს კლინიკური ნიშნები. ამას იმიტომ ვამბობ ხაზგასმით, რომ ძალიან ხშირად ტკიპის კბენის შემდეგ მეორე და მესამე დღეს მოდიან ხოლმე პაციენტები და ითხოვენ ანალიზის ჩატარებას, რომელიც ამ შემთხვევაში არ არის ინფორმატიული. ამისთვის საჭიროა დრო, რადგან ანალიზით ხდება ანტისხეულების განსაზღვრა. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, 28 დღე, შესაძლოა იყოს ხუთი დღე. დაჟინებით ითხოვენ ხოლმე ანალიზს. ზოგჯერ მოდიან, ტკიპა ისევ აზით კანზე. ამ დროს პირველ რიგში ვაცილებთ ტკიპს. გულდასმით ვუხსნით, რომ ამ შემთხვევაში ტესტის პასუხი შესაძლოა იყოს ნეგატიური, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ეს დაავადება გაქვს, რადგან წინ გაქვს მთელი ინკუბაციური პერიოდი. უარყოფითი პასუხის შემთხვევაშიც ცოტა მოგვიანებით ვიბარეთ, რომ თავიდან გადავამოწმოთ ეს ადამიანი. რაც შეეხება სიმპტომებს, ყველაზე ხშირად ვლინდება გამონაყარი ნაკბენის ირგვლივ, რომელიც არის უხშირესად გამოხატული. თუმცა, შესაძლოა, გამონაყარი სხეულის სხვა ნაწილშიც გამოვლინდეს. ეს არის წითელი რკალისებრი შემოხაზვა, რომლის დიამეტრი საკმაოდ დიდია, შესაძლოა ხუთი სანტიმეტრი და მეტიც იყოს. გარდა ამისა, დაავადების სიმპტომებია ცხელება, სახსრების ტკივილი, კუნთის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, ოფლიანობა, ხშირად გამოვლინდება თავის ტკივილი. არის კიდევ ისეთი ნიშნები, რომელიც უკვე სერიოზულ საფრთხეზე მიუთითებს. ეს არის გართულებები გულის და ნერვული სისტემის მხრივ. ეს ორი დაზიანება, ნერვული და გულის მხრივ, ცოტა უფრო მოგვიანებით ფაზებში ვითარდება, სადღაც ერთი თვის მერე.

რაც შეეხება ლეიშმანიოზს, მისი საინკუბაციო პერიოდი არის 4-6 თვე. სწორედ ამ პერიოდის შემდეგ ხდება ხოლმე კლინიკური სურათის მანიფესტირება. ეს ძალიან მძიმე დაავადებაა და ყველა მკურნალობის გარეშე შემთხვევები და, მათ შორის, დაგვიანებული შემთხვევები ხშირ შემთხვევაში ცუდი გამოსავლით მთავრდება.

- წლევანდელ სეზონზე საქართველოს რომელ რეგიონში გამოვლინდა პარაზიტული დაავადებების ყველაზე მეტი შემთხვევა?

- წელევანდელ სეზონზე ინტენსიურია კახეთის შემთხვევები. საკმაოდ ბევრი შემთხვევა შემოვიდა კახეთიდან, შედარებით ნაკლებია თბილისის შემთხვევები.

- ძირითადად რა სიმპტომებით შემოდიან პაციენტები?

- შემოდიან ცხელებით, ღვიძლის და ელენთის გადიდებით, ანემიით, ჰემოგლობინის ნაკლებობით და წონის კარგვით. ეს არის ძირითადი სიმპტომები, თუმცა შესაძლოა დაფიქსირდეს დაბალი ლეიკოციტი, დაბალი თრომბოციტი. ეს ის დაავადებაა, რომელიც არ გამოგვეპარება, რადგან მკვეთრად არის სიმპტომები გამოხატული და ყველა ნიშნის არსებობის შემთხვევაში, რაც დროზე მიმართავთ ექიმს, გამოსავალი უფრო მარტივად მოიძებნება. დაავადების დროს თვითმკურნალობა დაუშვებელია, დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

 

507
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
ნიკოლოზ მებაღიშვილი

„ვერ გაექცევა ვალდებულებებს, ვისაც ასხია მხრებზე მანტია“, ანუ ლირიკული იურისპრუდენცია

488
(განახლებულია 21:06 07.07.2020)
იურისტი ნიკოლოზ მებაღიშვილი წარმოშობით მუხრანიდანაა, სადაც ბავშვობის წლები გაატარა. იურისპრუდენციაზე ადრე პოეზიით დაინტერესდა.

ლექსებსაც ბავშვობიდან წერს. დღეს ადვოკატთა ასოციაციის წევრია და მის ანგარიშზე არაერთი მოგებული პროცესია.

დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ თითქმის ყოველდღე ახერხებს, რომ საოცრად ლირიკული და ემოციური ლექსები წეროს, ზოგ შემთხვევაში საკმაოდ უჩვეულო – იურიდიული ტერმინების გამოყენებითაც...

ნიკოლოზ მებაღიშვილი
ნიკოლოზ მებაღიშვილი

   

- ბატონო ნიკოლოზ, პროფესიული არჩევანი რა ნიშნით გააკეთეთ, იქნებ ეს ოჯახური ტრადიციაა?

- ეს პროფესია ყოველთვის, ადრეული ასაკიდან იწვევდა ჩემში ინტერესს, ამიტომ პროფესიული არჩევანის გაკეთება არ გამჭირვებია. მამა ეკონომისტი გახლდათ, დედა – მასწავლებელი, ასე რომ, ოჯახური ტრადიცია ამ მხრივ არ ყოფილა განმსაზღვრელი.

ნიკოლოზ მებაღიშვილი
ნიკოლოზ მებაღიშვილი

- მართალია, საკმაოდ პრაგმატული პროფესია აირჩიეთ, მაინც პოეზიის ერთგული დარჩით...

- ლექსების წერა ახლა არ დამიწყია, ბავშვობიდან ვწერ. პოეზია ჩემი გულივით იყო და მეც ყოველთვის სავსე ვიყავი მისით. ყველა ჩემი ლექსი უზომოდ დიდი გრძნობების მოზღვავებითაა ნაკარნახევი. ვწერ იმას, რაც მტკივა, რაც მაწუხებს, რაც მაშფოთებს და მაღელვებს. რაზეც ცრემლები მომდის, რაც მტკივა ძალიან...

ნიკოლოზ მებაღიშვილი
ნიკოლოზ მებაღიშვილი

- შეიძლება ითქვას, რომ ახალი ჟანრი შექმენით პოეზიაში. ჩვენი მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს რას გეკითხებით, მცირე ამონარიდს შევთავაზებ თქვენი ერთი ლექსიდან:

„ასე დასრულდა ეს გარინდება,

ვკითხულობ სარჩელს დასაბუთებულს,

და ხვალინდელ დღეს, დამეფიცება -

არ ველოდები განსაკუთრებულს.

რა სამყაროა ან რა მიწაა?

ვეფხვის ზოლებით წვება ბუნება,

და როგორც ჭადრაკს თითქმის წაგებულს,

საქმესაც უნდა შემობრუნება…

ზოგჯერ ბრალმდებლის, ზოგჯერ დამცველის,

ხან მოსამართლის გხვდება მისია,

და რაც გამარცხებს თითქმის ყოველთვის -

სწორედ ის მცირე კომპრომისია…

აი, დაიწყო მისი პროცესი,

ახლა დრო უფრო მეტად ზანტია,

ვერ გაექცევა ვალდებულებებს,

ვისაც ასხია მხრებზე მანტია“…

- რაც შეეხება ახალ ჟანრს, არ ვიცი რა გიპასუხოთ. იურიდიულ ამბებსა და საქმეებზე ამ ფორმით წერა, ვფიქრობ, განსხვავებულია და საინტერესო მათთვის, ვისაც პოეზია უყვარს. პირველი თუ ვარ, ვერ გეტყვით, მსგავს თემებზე და ამ ფორმით შეიძლება სხვა პოეტებიც წერენ.

ნიკოლოზ მებაღიშვილი
ნიკოლოზ მებაღიშვილი

- თქვენი დაცვის ქვეშ მყოფმა პირებმა თუ იციან მათი ადვოკატის ამ ნიჭის შესახებ?

- დიახ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებმა იციან, რომ პოეტი ვარ. ყოფილა შემთხვევა, რომ მათთვის ლექსებიც წამიკითხავს. რაც ჩემი მხრივ იმის მცდელობა ყოფილა, რომ მათთვის რამდენადმე შემემსუბუქებინა მეტისმეტად მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ჩემი აზრით, გამომსვლია კიდეც, რადგან ჩვენ საქმეში შინაგან მზადყოფნას, რომ საკუთარ უდანაშაულობაში დაარწმუნო სხვები, დიდი მნიშვნელობა აქვს.

- ყველაზე წარმატებული რომელი საქმე გახსენდებათ?

- წარმატებული საქმეები ბევრი მქონია, თუმცა, გასაგებ მიზეზთა გამო მათი გახსენებისგან თავს შევიკავებ.

ნიკოლოზ მებაღიშვილი
ნიკოლოზ მებაღიშვილი

- საკმაოდ დაძაბული საქმიანობა გაქვთ და ლექსების წერას რა სიხშირით ახერხებთ?

- ლექსებს ყოველდღე ვწერ. ჩემთვის ლექსის გარეშე ჩავლილი დღე მკვდარია. პოეზია ჩემი გულია, სუნთქვაა, სუნთქვის გარეშე ხომ ვერ ძლებს დიდხანს ადამიანი? პოეზიაც ასეა ჩემი სულისთვის. წერისთვის იმპულსი და ინსპირაცია კი ღმერთს ყოველდღე მოაქვს ჩემთვის...

ნიკოლოზ მებაღიშვილი
ნიკოლოზ მებაღიშვილი

- ბოლოს რა ლექსი დაიწერა ამგვარი იმპულსის წყალობით?

- სულ რამდენიმე დღის წინ დაწერილ ლექსს გაგაცნობთ:

„მე მინდა ლოცვა, ო, წმინდა ლოცვა,

ლოცვა - სიჩუმით, ლოცვა - დუმილით,

რომ იქნებ ყველა ვნება დაშანთო

შენი ღვთიური ნება-სურვილით...

არ მინდა ბგერა, სიჩუმით გეტყვი:

ამოუხსნელი თრთოლვის მარწუხებს,

რომელი სიტყვით გამოითქმება

რაც ასე ძლიერ მწვავს და მაწუხებს?!

ამაო სოფლად რა დამრჩენია?!

ყოფიერება გულს არ მსახურებს,

სიტყვა გრძნობასთან ისე მცირეა,

როგორც კლდეებთან თეთრი საყურე...

და სინანულით გაფენილ დღეებს,

ოჰ, რა გაუძლებს, ველი ნათებას,

რომის დიდების ვინ ახსნის მზეებს?!

ყველა გზა შენსკენ მოემართება...

არ დაიღლება გული ოცნებით,

სიჩუმეც ზოგჯერ ხომ ასე კივის!

და, აბა, სიტყვას სად შეუძლია

რაც შეუძლია ცრემლებს და ტირილს...

მე მინდა ლოცვა, ო, წმინდა ლოცვა,

ლოცვა - სიჩუმით, ლოცვა - დუმილით,

რომ იქნებ ყველა ვნება დაშანთო

შენი ღვთიური ნება-სურვილით“...

- თქვენს ლექსებში ლირიზმის გარდა იუმორიც არის...

- იუმორი ნიჭიერ, ხალას ადამიანს ყოველთვის და ყველა სფეროში ეხმარება, გამონაკლისი არც იურისპრუდენციაა. სასამართლო პროცესებზე როდესაც დაძაბული პაუზა დგება ხოლმე, ვცდილობ, რომ ის ზომიერი იუმორით განვმუხტო.

ნიკოლოზ მებაღიშვილი
ნიკოლოზ მებაღიშვილი

- საქართველოში რა არის საჭირო იმისთვის, რომ წარმატებული ადვოკატი იყო?

- ვფიქრობ, ადვოკატი რომ წარმატებული იყოს, საქართველოში კი არა, ყველა ქვეყანაში საჭიროა, პირველ რიგში, პატიოსანი, წესიერი და მაღალი მორალის მქონე ადამიანი იყოს. დიდი გამარჯვებები მხოლოდ წესიერებითა და დაუღალავი შრომით მიიღწევა – ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

 

488
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 4 აგვისტო რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 16:54 03.08.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

4 აგვისტო, სამშაბათი. ამ დღეს მარსი მართავს. სავსე მთვარე კლებას იწყებს. ის მერწყულის ნიშანშია.

ენერგეტიკული დღეა. მომატებულია ცდუნებების, სიზარმაცის ალბათობა. კარგი იქნება ემოციებისა და ვნებების გაკონტროლება, სიმშვიდის შენარჩუნება, თვითდისციპლინა.

არაერთმნიშვნელოვანი დღეა. უფრო რთულია დღის პირველი ნახევარი. მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა, შესაძლებელი იქნება შრომის პირველი ნაყოფის დანახვა.

კარგი დღეა ფლირტისა და მეგობრობისთვის. თუ გსურთ, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლის ყურადღება მიიპყროთ, არ შეუშინდეთ ორიგინალუ აზრებსა და საქციელს. ამ დღეს დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობები უფრო მეგობრულ კავშირზე იქნება დამყარებული, ვიდრე ვნებაზე.

რეკომენდებულია მარტივი საქმეების დაწყება, რომლებიც არ მოითხოვს განსაკუთრებულ ძალისხმევას, ვაჭრობა, დასვენება, კომფორტის შექმნა სამუშაო ადგილზე, იდეებზე ყურადღების გამახვილება – შესაძლოა, მათ შორის ისეთი იდეა გაჩნდეს, რომელიც მომავალში დიდ წარმატებას მოიტანს.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

არარეკომენდებულია მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება, ბევრი მუშაობა, ამბიციების გამოვლენა, პასუხისმგებლობის სხვებზე გადაბარება, ფინანსური ოპერაციების ჩატარება, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება, აზარტს აყოლა.

მგზავრობა არახელსაყრელია, მზად უნდა იყოთ უსიამოვნო მომენტებისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ნიშანი შესამჩნევ გავლენას თმის ხარისხზე არ ახდენს. კარგი დღეა ექსპერიმენტული და ექსტრავაგანტული შეჭრისა და ვარცხნილობისთვის.

რაც შეეხება შეღებვას, ასევე წარმატებული იქნება ექსპერიმენტები თქვენთვის უჩვეულო ფერთან დაკავშირებით.

მებაღეობა: არახელსაყრელი დღეა მცენარეების დათესვისა და დარგვისთვის. შეიძლება მარცვლოვანი კულტურებისა და ბოლქვიანების მოსავლის აღება, გაკრეჭა, შეწამვლა.

კარგი დღეა, თუ გსურთ რამე ექსპერიმენტის ჩატარება და ანომალიური ჯიშის გამოყვანა.

0