მიმინოს „გმირების ძეგლი თბილისში

რა საერთო აქვთ ქართველებსა და სომხებს - სინამდვილეში იმაზე მეტი, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს

98
(განახლებულია 12:51 05.04.2019)
ორ მეზობელ ხალხს - ქართველებსა და სომხებს - გაცილებით მეტი აქვთ საერთო, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. ამის შესახებ Sputnik -ისთვის მიცემულ ინტერვიუში სომეხმა ისტორიკოსმა, სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა არუთუნ ხუდანიანმა ისაუბრა.

გულბაათ რცხილაძე სპეციალურად Sputnik-სათვის.

არუთუნ ხუდანიანი სომხეთ-საქართველოს ისტორიულ ურთიერთობებს იკვლევს. იგი საკითხს გულდასმით სწავლობს და არ მალავს, რომ დიდ პატივისცემასა და სიყვარულს განიცდის კვლევის მთავარი ობიექტის - საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. 

Армянский историк, научный сотрудник Института истории Академии наук Армении Арутюн Худанян
photo: courtesy of Harutyun Khudanyan
სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი არუთუნ ხუდანიანი

- ქართული თქმულების თანახმად, სომხებისა და ქართველების წინაპრები - აიკი (აიოსი) და ქართლოსი - ძმები იყვნენ. რამდენად შესაძლებელია სომხეთისა და საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მეზობლობის დახასიათება, როგორც ძმობისა?

- ჩემთვის კაცობრიობის ისტორიიდან არ არის ცნობილი სხვა მსგავსი ფაქტი, როდესაც, სულ მცირე, 2500 წლის განმავლობაში მეზობელი ერები და ქვეყნები მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების განმავლობაში თითქმის ყოველთვის ერთად გამოდიოდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ, ჰქონდათ ასეთი მჭიდრო ისტორიულ-კულტურული ურთიერთობა და მრავალი შერეული ქორწინება. ამაზე საუბრისას, ბუნებრივია, უნდა ვაღიაროთ, რომ, სამწუხაროდ, სომხურ-ქართული ურთიერთობების ისტორიაში იყო მომენტები, როდესაც ჩვენი პოლიტიკური ხელისუფალნი შეცდომებს უშვებდნენ, რაც ზოგჯერ ტრაგიკულადაც მთავრდებოდა. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი ხალხების მეგობრობა ისეთი მტკიცეა, რომ ჩვენ ამ პლანეტაზე ერთმანეთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგვიდგენია. უხსოვარი დროიდან ჩვენი ბედი გადაჯაჭვულია და, დარწმუნებული ვარ, ვერაფერი დაანგრევს იმას, რაც საუკუნეებმა გამობრძმიდა.

აიოსისა და ქართლოსის მითი შუა საუკუნეებში გავრცელდა, როდესაც გაქრისტიანების შემდეგ სომხეთსა და ივერიაში ერთიანი ქრისტიანული ეკლესია შეიქმნა. რა თქმა უნდა, ლეგენდის ჩანასახები შეიძლება უფრო ადრეულ ეპოქაში, დიდი ალბათობით, ქრისტიანობამდეც ვეძებოთ. მითი ხომ არ არსებობს ფუძის გარეშე და მის ქვეკონტექსტში ყოველთვის იმალება სიმბოლიკა და ღრმა აზრი, რაც უსაფუძვლო ვერ იქნება.

სომეხმა ისტორიკოსმა მოვსეს ხორენაცმა ჯერ კიდევ V საუკუნეში, სხვადასხვაენოვან წერილობით წყაროებსა და ზეპირ სომხურ გადმოცემებზე დაყრდნობით, შექმნა სომეხი ხალხის ისტორია. ისტორიის დასაწყისში იგი ამბობს, რომ აიკი (აიოსი), ბიბლიური თორგომის (თარგამოსის) ვაჟი, ბაბილონის გოდოლის დანგრევის შემდეგ ოჯახთან ერთად დაბრუნდა ქვეყანაში, სადაც მისი წინაპრები ცხოვრობდნენ, დაამარცხა ბაბილონის მმართველი ნიმროდი და დააფუძნა სომეხი ერი და სომხეთი. ქართველი ისტორიოგრაფის, ლეონტი მროველის მიერ IX – XI საუკუნეებში ჩაწერილ ლეგენდაში აიოსი თარგამოსის შვილად და ქართლოსის, ასევე სხვა კავკასიელი ხალხების წინაპრების უფროს ძმადაა მოხსენიებული. ამ ლეგენდის ქრისტიანულ წარმომავლობაზე მეტყველებს ყველა დეტალი, განსაკუთრებით ქართლოსის, აიოსისა და სხვათა სისხლით ნათესაობა, რაც, თავის მხრივ, მიუთითებს მათ სულიერ სიახლოვესა და სომხების, ქართველებისა და დანარჩენი მკვიდრი მოსახლეობის ერთობაზე, განსაკუთრებით საერთო მტრის წინააღმდეგ.

უკვე ჩვენს დროში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, განსაკუთრებით, გენეტიკურ მეცნიერებათა განვითარების დონე შესაძლებლობას გვაძლევს, გამოვიკვლიოთ ის ჰაპლოჯგუფები, რომელთაგან დღევანდელი სომხები და ქართველები წარმოიშვნენ. ბოლო მონაცემებით, სომხებსა და ქართველებს შორის გენეტიკური მსგავსება გამოიკვეთა. მაგალითად, J2 და G2 ჰაპლოჯგუფები ხშირად ორივე ერში გვხვდება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ძველად რეგიონში ცხოვრობდნენ ტომები, რომელთა ნაწილმა შეადგინა სომხების ეთნოგენეზი, მეორე ნაწილმა კი - ქართველებისა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენს ძარღვებში, ძირითადად, ერთი და იგივე სისხლი ჩქეფს.

Армянский историк, научный сотрудник Института истории Академии наук Армении Арутюн Худанян
სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი არუთუნ ხუდანიანი

- რომელ დადებით და ნეგატიურ მომენტებს გამოყოფდით სომხეთ-საქართველოს ისტორიულ ურთიერთობებში?

- ელინური ეპოქიდან მოყოლებული, სომხეთსა და იბერიას პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობა აკავშირებდა, დინასტიათაშორის ქორწინება კი მიღებული პრაქტიკა იყო. ამან ხელი შეუწყო ორი ხალხის ელიტისა და, შესაბამისად, ქვეყნებისა და ხალხების მეგობრობის განმტკიცებას. მაგრამ ჩვენი ერების ყველაზე ნათელი მომენტი, რასაკვირველია, იყო ქრისტიანობის მიღება, რამაც, როგორც არასდროს, ისე დაგვაახლოვა. ამ ორ ქვეყანაში თითქმის ერთდროულად შეიქმნა დამწერლობა, ქრისტიანული ნაგებობების, ეკლესიებისა და ტაძრების არქიტექტურა. სომხები და ქართველები ყოველთვის იბრძოდნენ თავიანთი ქრისტიანული სარწმუნოების დასაცავად. ქრისტიანული იდენტობისთვის ბრძოლა ხშირად დიდ მსხვერპლს მოითხოვდა. მაგალითად შემიძლია მოვიშველიო შუშანიკი, რომელიც როგორც სომხური, ისე ქართული ეკლესიის წმინდანად არის შერაცხული, ასევე მისი მამა, ღვაწლმოსილი მხედართმთავარი ვარდან მამიკონიანი. ორივემ სიცოცხლე ქრისტიანობას შესწირა. იაკობ ცურტაველის გადმოცემით, ცურტავის ეკლესიაში ლიტურგია და ღვთისმსახურება ორ - ქართულ და სომხურ ენებზე ტარდებოდა.

იქ, სადაც დღეს ცნობილი ჯვრის ეკლესიაა აღმართული, იდგა წმინდა ჯვარი, რომელთანაც მოსალოცად მისული ქართველებიცა და სომხებიც იყრიდნენ მუხლს. ისტორიას შემონახული აქვს წმინდა ნინოს, იგივე წმინდა ნუნეს სახელი, რომელიც სომხურ წყაროებში მოხსენიებულია, როგორც სომხეთსა და იბერიაში ქრისტიანობის გამავრცელებელი დებიდან ერთ-ერთი.

სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტი დავით აღმაშენებლის მეფობას უკავშირდება, რომელმაც კავკასია თურქ-სელჩუკებისგან გაათავისუფლა. მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა ასევე „პანკავკასიური იმპერიის“ შემქმნელი თამარის მეფობისას, როდესაც სომხური წარმომავლობის (სხვადასხვა წყარო მხარგრძელების სხვადასხვა წარმომავლობაზე უთითებს; რედ.) მხედართმთავრის, მხარგრძელის მეთაურობით ქართულ-სომხურმა ჯარმა სომხეთის მნიშვნელოვანი ნაწილი გაწმინდა სელჩუკებისგან და ქართული სამეფოს შემადგენლობაში სომხური სამთავრო შექმნა. არ შეიძლება არ გავიხსენოთ ერეკლე მეორე, რომელმაც ქართულ მიწაზე სომხები შეიფარა. და, რასაკვირველია, იმ დროის ცნობილი აშუღი საიათნოვა, რომელიც საქართველოს სამეფო კარზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

სამწუხაროდ, ამ ყველაფერთან ერთად იყო უარყოფითი მომენტებიც, კერძოდ, განხეთქილება ორ ეკლესიას შორის, ნაციონალისტური მოვლენები უკვე XIX საუკუნეში, ქართველთა და სომეხთა შეტაკებები XX საუკუნის დასაწყისში, რომლებმაც ორ მოძმე ხალხს ღრმა ჭრილობები დაუტოვა.

 

- თქვენი აზრით, როგორ იცნობენ სომხეთის ისტორიას საქართველოში და საქართველოს ისტორიას სომხეთში სტუდენტები და ახალგაზრდები?

- ჩემი დაკვირვებით, სომხებიც და ქართველებიც, განსაკუთრებით, ახალგაზრდობა, ერთმანეთის ისტორიასა და კულტურას კარგად არ იცნობს. ამ ვითარების გამოსასწორებლად სერიოზულად დაფიქრება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. განსაკუთრებით, სსრკ-ს დაშლის შემდეგ სომხეთში თითზე ჩამოსათვლელი ახალგაზრდა ქართველოლოგია. ვფიქრობ, აუცილებელი და დროულია აღნიშვნა, რომ შარშან პირადი ძალისხმევითა და მეგობრებისა და კოლეგების დახმარებით სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ფუნდამენტურ ბიბლიოთეკაში შევქმენი ქართული სეგმენტი, სადაც თავი მოვუყარე 150 წიგნს, ძირითადად, უახლეს გამოცემებს. მაგრამ, ბუნებრივია, ეს ძალიან ცოტაა და მინდა, ჩემს კოლეგებსა და მკითხველს ვთხოვო, შეძლებისდაგვარად დაგვეხმარონ ამ მნიშვნელოვან საქმეში.

- ქართულ-სომხურ ურთიერთობებთან დაკავშირებით რაიმე გეგმები ან იდეები თუ გაქვთ?

- ერევნის ცენტრში, მრგვალ პარკში აღმართულია სომხურ-ასირიული, სომხურ-ებრაული, სომხურ-იეზიდური, სომხურ-რუსული მეგობრობისადმი მიძღვნილი მონუმენტები. კიდეც ვფიქრობდი, რაოდენ სამწუხაროა, რომ არ გვაქვს სომხურ-ქართული მეგობრობისადმი მიძღვნილი ძეგლი! ყველაზე ხანგრძლივი და ახლო ურთიერთობა ხომ ქართველებთან გვაკავშირებს. გარდა ამისა, ჩვენთან არის პატარა, მაგრამ ძალიან აქტიური ქართული სათვისტომო „ივერია“. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, თუ სომხეთის ახალი ხელისუფლება, კერძოდ, ერევნის მერია, ამ პარკში გამოყოფდა ერთ ლამაზ კუთხეს, სადაც გააკეთებდა პატარა სკვერს ორი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის სიმბოლური ძეგლით. ამ ღონისძიებაში ორი ქვეყნის სკოლის მოსწავლეებსაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. მაგალითად, შეიძლება ექსკურსიის მოწყობა სომხეთში, სადაც ქართველი მოსწავლეები საქართველოდან ჩამოტანილ ხეებს დარგავენ და სომეხ მეგობრებს მოსავლელად დაუტოვებენ.

- რამდენად ხშირია თქვენი ურთიერთობა ქართველ კოლეგებთან? მათთან მუშაობა იოლია თუ პირიქით - რთული? როგორ აფასებენ საქართველოსთან თქვენს მჭიდრო კავშირს სამშობლოში?

- შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ქართველი კოლეგების ნაწილი ჩემთვის მეტად ახლობელი ადამიანები არიან, რომლებთანაც მუდმივად მაქვს ურთიერთობა. მეგობრებთან მუშაობა, მოგზაურობა და ქეიფი ყოველთვის იოლი და სასიამოვნოა. ჩემი ოჯახი, ახლო მეგობრები და ნათესავები, კოლეგები - ნიჭიერი ადამიანები და ინტელიგენტები არიან. საქართველოსა და ქართველების მიმართ ჩემს სიყვარულს ძალიან პოზიტიურად აფასებენ. ეს ხომ, სულ მცირე, არ აზიანებს, არამედ პირიქით, აძლიერებს ჩვენს ერებს შორის მეგობრობას. დიდი მადლობა!

 

98