მითების კვალდაკვალ: როგორ დაასახლა ქართველმა მხატვარმა სულები თუშეთში

© photo: courtesy of Dato Simoniaდათო სიმონიას მითები
დათო სიმონიას მითები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ცხოვრობს ერთი ახალგაზრდა ფოტომხატვარი, რომელიც მითებს ქმნის. სერიოზულად. თანამედროვე ქალაქში არსებობს ოსტატი, რომელიც თავისი ხელებით და უსაზღვრო ფანტაზიით ქმნის თანამედროვე საქართველოს თანამედროვე მითოლოგიას. და ეს მშვენიერია.

მას დავით სიმონია ჰქვია, ის 27 წლისაა და ყველაზე მეტად თავისი სამშობლო — საქართველო უყვარს. უყვარს არა იმისთვის, რომ მან ის, ასეთი საყვარელი და ნიჭიერი შობა, არამედ იმისთვის, რომ თავის თავში მალავს უზარმაზარ სულიერ სიმდიდრეს, უნიკალურ კულტურას და ტრადიციებს, რაც ადამიანებს შთააგონებს და ბედნიერებას ანიჭებს.

სიმონიამ შეისწავლა და შექმნა თუშეთის თანამედროვე მითოლოგია. მან ამ მხარეში დაასახლა სულები, რომლებიც ყველაზე მთავარ რაღაცას იცავენ. და ეს სულები ცოცხლები არიან, ისინი რეალურად ცხოვრობენ. მხოლოდ დააკვირდით მის შემოქმედებას და ირწმუნებთ ამას.

– რატომ თუშეთი? რა გაერთიანებთ საქართველოს ამ ულამაზეს მხარესთან?

ბევრს ვმოგზაურობ საქართველოში და ერთხელაც მომინდა გამეერთიანებინა საყვარელი საქმეები — ხეტიალი, ფოტოგრაფია, ხატვა. ასე შეიქმნა პირველი, ილუსტრირებული ზღაპრები ხევსურეთზე. მას შემდეგ წავედი თუშეთში ორი კვირით და იქაური ჯადოსნურობის შესახებ მოყოლა ისევ იგივე ფორმით, ილუსტრირებული ზღაპრებით გადავწყვიტე.

თუშეთთან მაკავშირებს იქაური ხალხის, ლანდშაფტისა და კულტურის განსაკუთრებული სიყვარული. 

© photo: courtesy of Dato Simonia დათო სიმონიას მითები
Мифы Дато Симония  - Sputnik საქართველო
დათო სიმონიას მითები

– როგორ მოიფიქრეთ თანამედროვე თუშეთის თანამედროვე მითოლოგია? როდის და რა ვითარებაში მოგივიდათ თავში ეგ იდეა?

ამბობენ, რომ თანამედროვე სამყაროში უკვე აღარაა ის წინაპირობები, რითიც ადრე მითოლოგია იქმნებოდა. ტექნოლოგიურმა და კულტურულმა ცვლილებებმა შეცვალა და გააქრო ის ხალხი, ვინც ქმნიდა ზღაპრებს. მე ნაწილობრივ ვეთანხმები ამ აზრს, მაგრამ, მეორე მხრივ, მგონია, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ადგილები და ადამიანები, რომლებსაც არ დაუკარგავთ ის პირველყოფილი გულუბრყვილობა და მჭიდრო ემოციური კავშირი ბუნებასთან, რაც აუცილებელი პირობაა მითოლოგიის შესაქმნელად. სწორედ ასეთი ადგილია თუშეთი, სადაც, თუ ოდესმე მოხვდებით, არა მგონია მხედველობიდან გამოგრჩეთ განსაკუთრებული ჯადოსნურობა, რითიც გაჯერებულია ყველა ადგილი – ქვა, ნაკადული, ბილიკი. იქაურობა გიწვევს, შექმნა ზღაპრული პერსონაჟები, ისტორიები და მეც არ დავაყოვნე.

© photo: courtesy of Dato Simoniaდათო სიმონიას მითები
Мифы Дато Симония - Sputnik საქართველო
დათო სიმონიას მითები

– რა შეგიძლიათ გვითხრათ თითო სულზე? საიდან გამოჩნდნენ ისინი თქვენ თავში და რას მფარველობენ?

თუშეთში მოგზაურობისას, ლანდშაფტის თვალიერების გარდა, ვეკონტაქტებოდი იქაურ ხალხს, ვისმენდი ისტორიებს, ვაკვირდებოდი მათ ხასიათს და ცხოვრების წესს. ეს ყველაფერი გადამუშავდა ჩემ გონებაში, გადაიქცა სიმბოლოებად, მეტაფორებად და აი, ასე შეიქმნენ ჩემი პერსონაჟებიც. მაგალითად, ოკალა ერთ-ერთი ზღაპრული არსებაა, რომელიც სოფელ კვავლოში ავარიულ კოშკს უვლის. კვავლოში მართლა ცხოვრობს ადამიანი, რომელთან საუბრის შემდეგაც გაირკვა, რომ ის დიდი სიყვარულით ზრუნავს იმ კოშკზე. მსგავსი საფუძვლები აქვს თითქმის ყველა სხვა პერსონაჟსაც. ისინი ძირითადად მფარველობენ იმას, რაც საკვანძო მნიშვნელობისაა თუშეთში — ძველ შენობებს, მგზავრებს სახიფათო გზებზე, ციცაბო ფერდობებზე გაშენებული სოფლის მოსახლეობას და ასე შემდეგ.

© photo: courtesy of Dato Simoniaდათო სიმონიას მითები
Мифы Дато Симония  - Sputnik საქართველო
დათო სიმონიას მითები

– თუ არის ამ მითების უკან რაიმე ისტორიული ნიადაგი? 

სანამ თუშურ ზღაპრებზე დავიწყებდი მუშაობას, მანამდე გავეცანი ქართველი მკვლევარების კულტურულ-ეთნოგრაფიულ კვლევებს ამ საკითხთან დაკავშირებით. გავიგე, როგორ ცხოვრობდნენ ადრე თუშები, რას ეთაყვანებოდნენ, რა ტრადიციები ჰქონდათ და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, რაღაც დოზით ჩავდე ჩემ ნამუშევრებშიც, მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი მაინც თანამედროვეობაზე დაყრდნობა და, შესაბამისად, თანამედროვე მითოლოგიის შექმნაა. ამით იმის დამტკიცება მინდა, რომ თანამედროვე თუშეთში ჯერ კიდევ ცოცხალია ზღაპრული სული, ფანტასტიკური არსებები და მითოლოგიური ქმნილებები — ამაშია მისი განსაკუთრებულობა.

© photo: courtesy of Dato Simoniaდათო სიმონია
Мифы Дато Симония - Sputnik საქართველო
დათო სიმონია

– თქვენ Facebook-ზე ეწერა, რომ თქვენი არსება ვიღაცის ტატუდ იქცა. ვინ იყო ეს ადამიანი და რა შეგრძნებაა?

ერთ-ერთ ბარში ჩემთან მოვიდა უცნობი გოგონა, გამაწითლა კომპლიმენტებით და ნებართვა მთხოვა, ხევსურული ზღაპრების სერიიდან ერთ-ერთი პერსონაჟი — მათურა ექცია ტატუდ. მე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი, რადგან როცა რაღაცას ქმნი, ის უკვე აღარაა მხოლოდ შენი საკუთრება და შესაძლოა გააგრძელოს ცალკე, დამოუკიდებლად ცხოვრება, როგორც იმ პერსონაჟმა — იმ გოგონას კანზე. ცოტა ხნის წინ ფოტოები ვნახე, როგორ „გაასეირნა“ მათურა ზღვაზე და ძალიან ამაღლებული განწყობა შემექნა, თითქოს ჩემი, ძალიან ინტიმური და ღრმა ემოციებისგან შექმნილი არსება გაცოცხლა და თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, იმ გოგონასთან ერთად.

© photo: courtesy of Dato Simoniaდათო სიმონიას მითები
Мифы Дато Симония - Sputnik საქართველო
დათო სიმონიას მითები

– ეს კოლაჟია? ცოტა დეტალურად რომ გვიამბოთ ამ ტექნიკაზე?

ტექნიკას, რითიც ეს ნამუშევრებია შექმნილი, არ აქვს რაიმე კონკრეტული, ტრადიციული სახელი, რადგან შედარებით ახალია. ყველაზე სწორი იქნება, თუ ფოტომონტაჟს დავუძახებთ, რადგან ფოტოებში ჩამონტაჟებულია ხელით, ფანქარში შესრულებული ნახატები.

– გამოფენის გაკეთებას თუ აპირებთ?

როცა ნამუშევრების რაღაც რაოდენობა დამიგროვდება, მინდა თუშეთის რომელიმე სოფელში, ღია ცის ქვეშ მოვაწყო გამოფენა. ეს იქნება ამ პერსონაჟების სახლში დაბრუნების ერთგვარი რიტუალი და თან, დღეს რეგიონებს კულტურული აქტივობები ძალიან სჭირდება და აკლია. მინდა ჩემი გამოფენით რაღაც წვლილი შევიტანო ამ პრობლემის მოგვარებაშიც.

© photo: courtesy of Dato Simoniaდათო სიმონია
Мифы Дато Симония - Sputnik საქართველო
დათო სიმონია

– როგორც ვიცით, თქვენ არ გინდათ მაგაზე გაჩერება და ეს პროექტი მითოლოგიურ ტურად გინდათ აქციოთ?

დღეს საქართველოში ჩამოსულ მოგზაურებს აქაურობას ძირითადად გასტრონომიული და ისტორიული კუთხით აცნობენ, რაც ძალიან მცირე ნაწილია ამ ქვეყნის რეალური სახის. ქართველებს გვაქვს ჩვენი სამზარეულოსავით მრავალფეროვანი და გემრიელი მითოლოგიაც, რომელიც რატომღაც ჩრდილშია და მინდა სტუმრებს ამ მხრიდანაც შევახედო ჩვენი ქვეყნისთვის.

– დავით, არ გინდოდათ იგივე პროექტი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებზე გაგაკეთებინათ? ერთგვარი საქართველოს თანამედროვე მითოლოგია გამოგივიდოდათ

რამდენადაც ამის შესაძლებლობა მექნება, ვაპირებ ისევ შემოვიარო საქართველო, ოღონდ ამჯერად კონკრეტული მიზნით — ვიპოვო ინსპირაცია ფანტასტიკური პერსონაჟებისა და ისტორიების შესაქმნელად. ამას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ პროცესი იმდენად სასიამოვნოდ წარმომიდგენია, ალბათ ასე მოვიქცევი კიდეც.

დათო სიმონიას მითები
Мифы Дато Симония - Sputnik საქართველო
დათო სიმონიას მითები

– შეგიძლიათ მომიყვეთ თქვენზე? სად დაიბადეთ, რა დაამთავრეთ, რას საქმიანობთ, სად მუშაობთ?

დავიბადე სამეგრელოში, სენაკში და სკოლა დავამთავრე იქვე. თბილისში გადმოვედი თეატრალურ უნივერსიტეტში სასწავლებლად და აქ დავეუფლე კინომცოდნეობას. განათლებით კინომცოდნე ვარ, ვმუშაობდი კიდეც ამ განხრით, მაგრამ პროფესია მაქვს ბევრი — მხატვარი, ფოტოგრაფი, მზარეული, გრაფიკული დიზაინერი. ახლა დაკავებული ვარ ამ უკანასკნელით, ვიღებ კერძო შეკვეთებს და ვქმნი ბრენდინგს, სარეკლამო მასალების დიზაინსა და მარკეტინგულ, საკომუნიკაციო ფორმებს.

© photo: courtesy of Dato Simoniaდათო სიმონია
Мифы Дато Симония - Sputnik საქართველო
დათო სიმონია

– გვიამბეთ თქვენ პროექტებზე, რაზე მუშაობდით, რით ამაყობთ, რისი გაკეთება გსურთ მომავალში?

ბავშვობიდან გატაცებული ვარ ტოპოგრაფიითა და კალიგრაფიით. მოზრდილობაში მივუბრუნდი ამ თემას და გავაცოცხლე ძველი ქართული ტრადიცია, რომლის მიხედვით ხელნაწერებში ყოველი აბზაცი იქმნებოდა მოზრდილი და დეკორატიული ასოთი. ასე შევქმენი ყველა ქართული ასოს დეკორატიული ვერსია, საბოლოოდ კი გამოვიდა ძალიან საინტერესო და ორნამენტებით „დახუნძლული“ ანბანი. ცოტა ხნის წინ ისევ მივუბრუნდი ქართულ დამწერლობას და შევქმენი ქართული, ციფრული ფონტი. მინდა კიდევ უფრო საფუძვლიანად მივუდგე ამ სფეროს, რადგან ქართულ დამწერლობას აქვს უზარმაზარი პოტენციალი.

© photo: courtesy of Dato Simonia დათო სიმონიას მითები
Мифы Дато Симония - Sputnik საქართველო
დათო სიმონიას მითები

– ფოტოგრაფია თუ მხატვრობა და რატომ?

არჩევანს რომ ვერ ვაკეთებ, ამიტომაც გავაერთიანე ეს ორი რამ და საკუთარ ფოტოებში ვამონტაჟებ საკუთარ ნახატებს.

– თქვენ სფეროში თუ გყავთ კერპი?

თუ ჩემ სფეროდ მითოლოგიას მოვიაზრებთ, კერპი ვერ მეყოლება, რადგან მითოლოგიას ქმნის ხალხი და არა ერთი კონკრეტული ადამიანი. ილუსტრატორებიდან ძალიან მიყვარს ჰარი კლარკი, ხოლო ირლანდიელი ბერების მიერ 800 წელს შექმნილი კელის წიგნი ჩემთვის დიზაინისა და ილუსტრირების უმაღლესი დონეა.

© photo: courtesy of Dato Simoniaდათო სიმონიას მითები
Мифы Дато Симония - Sputnik საქართველო
დათო სიმონიას მითები

– რას ნიშნავს თქვენთვის კინო?

ჩემთვის კინო არის ხელოვნების უნივერსალური დარგი, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს ხელოვნების ყველა სხვა დარგს — ფოტოგრაფიას, დრამატურგიას, მხატვრობას, დიზაინს და ა.შ. შესაბამისად, კინო არის უზარმაზარი შესაძლებლობებისა და უსაზღვრო შთაბეჭდილებების სამყარო. განსაკუთრებული სენტიმენტები მაკავშირებს კინოსთან, თითქმის ყოველ კვირა დავდივარ კინოთეატრში და ეკრანის წინ თავს ისე ვგრძნობ, თითქოს სახლში ვარ.

© photo: courtesy of Dato Simoniaდათო სიმონიას მითები
Мифы Дато Симония - Sputnik საქართველო
დათო სიმონიას მითები

– მოგზაურობა თუ გიყვართ, სად უკვე იმოგზაურეთ და სად კიდევ სიამოვნებით გაემგზავრებოდით?

მოგზაურობა არა თუ მიყვარს, არამედ ესაა ჩემი შთაგონების მთავარი წყარო. ბავშვობიდან მიდრეკილი ვარ ახალი, სხვებისთვის უცნობი ან ნაკლებად ცნობილი ადგილების აღმოჩენა–მონახულებისკენ და დღემდე ვაგრძელებ ამას. ჩემი ქვეყანა მაძლევს ამის საშუალებას — ჩვენ ირგვლივ ჯერ კიდევ უამრავი მღვიმე, ჩანჩქერი, კანიონი, მინერალური წყალი თუ უბრალოდ ულამაზესი ადგილია აღმოსაჩენი.

თითქმის მთელი საქართველო მოვლილი მაქვს, მაგრამ მინდა კიდევ უფრო საფუძვლიანად მოვიარო აქაურობა და ჯერჯერობით სხვაგან სამოგზაუროდ წასვლის სურვილი არ მაქვს. ისიც არ ვიცი, იქ ასეთი მითიური პერსონაჟები თუ დამხვდებიან.

© photo: courtesy of Dato Simonia დათო სიმონიას მითები
Мифы Дато Симония  - Sputnik საქართველო
დათო სიმონიას მითები

– თქვენ ხშირად წერთ, რომ რეგიონებში უზარმაზარი პოტენციალია, კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობების მხრიდანაც. რას შემოგვთავაზებთ ახალს ამ სფეროში?

რაღაც პერიოდი ვმუშაობდი ეროვნულ კინოცენტრში და ერთი ძალიან კარგი პროექტის ფარგლებში მიწევდა სხვადასხვა რეგიონის სკოლის მოსწავლეებთან კონტაქტი. მიუხედავად ქვეყნის პერიფერიებში კულტურის და განათლების დეფიციტისა, იქაურმა ბავშვებმა ისეთი პოტენციალი გამოავლინეს, დავრწმუნდი, რაიონები ნამდვილი ოქროს საბადოებია, რომლებსაც უბრალოდ აღმოჩენა და გაწმენდა სჭირდება. თანდათან კულტურული პროცესები ცენტრიდან პერიფერიებშიც ინაცვლებს და მეც, როცა კი არჩევანის საშუალება მაქვს, პრიორიტეტად ყოველთვის რეგიონები მყავს და მეყოლება.

© photo: courtesy of Dato Simoniaდათო სიმონიას მითები
Мифы Дато Симония - Sputnik საქართველო
დათო სიმონიას მითები

– ვნახე, თქვენ იღებდით სურათებს მეტროში. რა პროექტია?

ცოტა ხნის წინ მეტროში დასაქმებულთა ნაწილმა ხმამაღლა დაიწყო სამუშაო ადგილზე არსებული პრობლემების შესახებ საუბარი. ეს იმდენად თამამი და ღირსეული პრეცედენტი იყო, ჩემი კინორეჟისორი მეგობარი დაინტერესდა ამ ადამიანებით და გადაწყვიტა გაეკეთებინა სიუჟეტი მეტროს თანამშრომლების უჩინარ შრომაზე. მე მას ვეხმარებოდი ტექნიკურ და ოპერატორულ საკითხებში. ორი დღე ვიცხოვრეთ იქაური მუშების ცხოვრებით, აღმოვაჩინეთ ძალიან ღირსეული, გამბედავი, მაგრამ დაჩაგრული ადამიანები. გადავიღეთ ისინი და დავეხმარეთ, ფართო მასებისთვის მიეწვდინათ ხმა საკუთარი, მძიმე სამუშაო პირობების შესახებ. 

© photo: courtesy of Dato Simoniaდათო სიმონიას მითები
Мифы Дато Симония - Sputnik საქართველო
დათო სიმონიას მითები

– რისი გადაღება უფრო საინტერესოა თქვენთვის — ბუნების თუ ადამიანების და რატომ?

ჩემთვის დაკვირვების მთავარი ობიექტი ადამიანია, შესაბამისად, ადამიანების გადაღება უფრო მაინტერესებს. უბრალოდ, ამას ხშირად ვერ ვახერხებ, რადგან ვფრთხილობ, მიშვერილი ობიექტივითა და ჩემი ინტერესით არ შევუქმნა მათ დისკომფორტი. როცა ბუნებას ვიღებ, ძირითადად, იმისთვის, რათა მოვყვე, როგორები არიან ის ადამიანები, ვინც ამ გარემოში ცხოვრობს.

— დავით, რაზე ოცნებობთ? 

ვოცნებობ, შევძლო საკუთარი თავიდან ყველა ჩემი ფანტაზიის ამოტანა და რეალიზება.

 

ყველა ახალი ამბავი
0