ელჩინ საფარლი - თბილისში ჩაკარგვის ოცნება

© Личный архив Эльчина Сафарлиმწერალი ელჩინ საფარლი
მწერალი ელჩინ საფარლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ი გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ცნობილ მწერალ ელჩინ საფარლისთან: შემოქმედების, სიყვარულისა და საქართველოს შესახებ

მისი წიგნები მოგვითხრობს ადამიანების ყოველდღიურ, ყოვლისმომცველ და ღრმა განცდებზე. ახალგაზრდა აზერბაიჯანელი მწერლის ელჩინ საფარლის აღმოსავლეთის ყველაზე გულშიჩამწვდომ მწერალს უწოდებენ. მის წიგნებთან განშორება რთულია, რადგან მათში საკუთარ თავს პოულობ, იმ განცდებსა და გრძნობებს, რომლებსაც თითოეული ადამიანი განიცდის. „Sputnik-საქართველოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საფარლიმ თბილისში ცხოვრების ოცნება გაგვანდო, გვიამბო სიყვარულზე, საკუთარ შემოქმედებაზე და იმაზე, როდის აპირებს თბილისში დაბრუნებას.

- ელჩინ, იმდენი კითხვა მინდა დაგისვათ, რომ ასი ინტერვიუც არ გვეყოფა. შევეცდები ყველაზე მთავარი გკითხოთ. თქვენი პირველი რომანი "ბოსფორის ტკბილი მარილი" თქვენ დაწერეთ სამსახურში, შესვენებების დროს. როგორ შეძელით ეს? როგორც წესი, მწერლებს სიჩუმე და მყუდრო გარემო სჭირდებათ. ყველგან შეგიძლიათ წერა?

— კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც „ბოსფორის ტკბილ მარილს" ვწერდი. თითქოს გუშინ იყო, არადა 11 წელი გავიდა. სამშენებლო კომპანიაში ვმუშაობდი, მოსაწყენი და უინტერესო, მაგრამ კარგად ანაზღაურებადი საქმეა. ერთადერთი ბედნიერი განცდები, რომელთა გამოც ღირდა ოფისში დაბრუნება, იყო რომანთან შეხვედრები. კოლეგები სასადილოდ მიდიოდნენ, მე კი ვაშლს შევექცეოდი და ჩემს სტამბულურ ისტორიას ვწერდი, შემდეგ მას ინტერნეტ-დღიურში ვაქვეყნებდი და არც კი მიფიქრია, რომ ოდესმე ის წიგნად იქცევა. ჩემმა მოსკოველმა მეგობრებმა ის წაიკითხეს, მირჩიეს ყველა ჩანაწერი ერთ დოკუმენტად შემეკრა და რუსეთის გამომცემლობებში გამეგზავნა. ასეც მოვიქეცი. სამ დღეში მივიღე დადებითი პასუხი. ახლა „ბოსფორის ტკბილი მარილი" ბავშვურ ტიტინად მეჩვენება, ზოგან ცუდად დაწერილადაც კი. ეს ჩემი გზის ნაწილია — არაიდეალური, ცვალებადი, მაგრამ საყვარელი.

ვწერ კი სულ სხვადასხვა ადგილებში. უფრო ხშირად სახლის სიჩუმეში. თუმცა გუშინ ბოსფორის სრუტეზე ბორანზე ესსე დავწერე. მწამს უნარისა და შრომის — ეს აუცილებლად მიგვიყვანს წარმატებამდე. მუზა კი არამდგრადი სუბსტანციაა, მას არ უნდა მიება.

© Anastasia Guzმწერალი ელჩინ საფარლი
Писатель Эльчин Сафарли - Sputnik საქართველო
მწერალი ელჩინ საფარლი

- ბოლო წლებში აგნოსტიკოსების რიცხვი გაიზარდა. ამ ტენდენციამ თქვენ პირველ რომანშიც გაიელვა. იმავე რწმენას აღიარებთ, როგორც თქვენი გმირები?

— თითოეული ადამიანი საკუთარ რწმენას თავად ირჩევს. ვფიქრობ, მთავარია, რომ რწმენაში რაც შეიძლება მეტი თანაგრძნობა იყოს. ახლა ადამიანისა და რელიგიის ურთიერთობებში კრიზისია. რელიგიური საფარის ქვეშ ბევრი ცუდი რამ ხდება. ეს ადრეც ხდებოდა, მაგრამ ახლანდელ სამყაროში ყველაფერი გამძაფრებულია. თუ ჩვენ სხვის მიმართ უფრო მეტად მომთმენნი ვიქნებით, თავისუფლებასა და ყველაფრის ნებადართულობას ერთმანეთში არ ავურევთ და მეტ სიკეთეს დავთესთ — სიტუაციას უკეთესობისკენ შევცლით.

- ერთ-ერთ რომანში თბილისის თავზე მანათობელ მთვარეს ძალიან ლამაზად აღწერთ. რა გაკავშირებთ ჩვენს დედაქალაქთან?

— მიყვარს თბილისი, ეს არის ქალაქი, სადაც დაბრუნება გინდა. მასში არის სიმყუდროვე, ის ლამაზად ჟღერს. ოქტომბრის ბოლოს ორი დღით კიდევ ჩამოვალ, ამ მიწის ენერგეტიკით დავიმუხტები. ჩემთვის თბილისი — წყნარი გასეირნებაა, გემრიელი საჭმელი, ლამაზი ადამიანები, ნოდარ დუმბაძის ისტორიები და, რა თქმა უნდა, მუსიკა. „ორერათი"დაწყებული ლელა წურწუმიას სიმღერებით დამთავრებული (აღფრთოვანებული ვარ მისი სიმღერით „დამიღამდა"). თბილისში ასევე მყავს ნათესავები. მზია დეიდა და მისი ვაშლის ბაღი.ე

- რაც შეეხება საჭმელს. თქვენი წიგნებიდან იგრძნობა, რომ თქვენ გურმანი ხართ. რა მოგწონთ ყველაზე მეტად ქართული სამზარეულოდან?

— ქართული ყველი და ღვინო — ჩემი ფავორიტებია. თბილისში ვყიდულობ სულგუნს, სუნელებსა და ღვინოს — ამაზე კარგი საჩუქარი მეგობრებისთვის არ არსებობს. წითელ ხორცს თითქმის არ ვჭამ, ამიტომ ხინკალს არ ვუკვეთავ. სამაგიეროდ მიყვარს ფხალეულობა, განსაკუთრებით ისპანახის ფხალი და საცივი, აქ ძნელია თავი შეიაკავო. ასეთი მსუყე ტრაპეზის შემდეგ მიყვარს სეირნობა ძველი თბილისის ქუჩებზე, ვათვალიერო ძველი სახლები, რომლებიც სულ უფრო ნაკლები რჩება. მაგრამ ეს ცხოვრებაა. ადამიანი ცვლილებებისთვის მზად უნდა იყოს.

- თქვენ მზად ხართ დიდი ცვლილებებისთვის? ორჰან პამუკმა თქვენ აღმოსავლეთის ლიტერატურის მომავალი გიწოდათ. კიდევ რის შესახებ გინდათ დაწეროთ?

— მინდა ვწერო ადამიანებზე, ყველაზე უბრალო რაღაცეებზე, რაც ყველას აწუხებს. იმაზე, რაც შთაგვაგონებს და არა გვრთგუნავს (ამის შესახებ ჩემ გარეშეც ბევრს წერენ და ამბობენ — საკმარისია ტელევიზორი ჩავრთოთ ან გაზეთი გადავშალოთ). ცხოვრების სილამაზეზე სირთულეებისა და დანაკარგების მიუხედავად, იმაზე, რომ უაზრობაა "იდალური დროის" ლოდინი. დატკბით სიცოცხლით ახლავე, ამ მომენტში.

ამბობენ, ჩემი ისტორიები ადამიანებს შთააგონებენ. ამაზე მეტი შექება არც მჭირდება.

- თქვენ აღმოსავლეთის ყველაზე გულშიჩამწვდომ ავტორს გიწოდებენ, რომელიც ბევრს წერს ნაზ გრძნობებზე, სიყვარულზე. რა არის თქვენთვის სიყვარული?

— სიყვარული — სიცოხლის მამოძრავებელი ძალაა. ჩვენ გვაქვს ნება ავირჩიოთ: ვიცხოვროთ სიყვარულით ან სიყვარულის გარეშე. თუმცა არის ზოგჯერ ისეთი მდგომარეობა, როდესაც არავისი სიყვარული არ შეგიძლია. მთელ სამყაროს გინდა დაემალო, რადგან არაფრის აღარ გჯერა. ეს ნორმალური და დასაშვებია, ჩვენ ხომ რობოტები არ ვართ. ყველაფერი გაივლის. ერთხელ დილით იღვიძებ და ხვდები, რომ მოგეშვა, გაიარა. და სამყაროს ისევ უცინი.

© Photo: Courtesy of Anastasia GuzПисатель Эльчин Сафарли
Писатель Эльчин Сафарли - Sputnik საქართველო
Писатель Эльчин Сафарли

- ისე ჟღერს, თითქოს ცხოვრების შესახებ რაღაც მნიშვნელოვანს მიხვდით… რაზე ოცნებობთ?

— ღირსეულად ვიცხოვრო. სამყაროს რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მივაყენო და მისთვის რაც შეიძლება მეტად სასარგებლო ვიყო. ყოველ დღე ამისკენ მივისწრაფი. თანაც ვცხოვრობ ისე, როგორც მინდა. და ამ გზაზე ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი თავის პატივისცემა არ დავკარგო — არც ახლა, არც სიბერეში. რომ სარკეში ჩახედვისას ჩემი თავისთვის შეფურთხება არ მომინდეს.

- სწორედ ამაზე წერთ თქვენს რომანებში. რომელი წიგნით გვირჩვთ გავიცნოთ თქვენი შემოქმედება?

— „მიამბე ზღვაზე" (Расскажи мне о море) ან „როდესაც დავბრუნდები, შინ იყავი" (Когда я вернусь, будь дома) — ის წელს ოქტომბერში გამოვა. მომწონს, როგორც არის დაწერილი ეს ისტორიები. მომწონს მათში ჩადებული იდეა. სამწუხარო იქნება, თუ მკითხველი, რომელიც არ მიცნობს, საფარლის შემოქმედებაზე ადრეული ტექსტების მიხედვით იმსჯელებს.

© Личный архив Эльчина СафарлиКнига Эльчина Сафарли "Расскажи мне о море"
Книга Эльчина Сафарли Расскажи мне о море - Sputnik საქართველო
Книга Эльчина Сафарли "Расскажи мне о море"

- საქართველოში ბევრს აინტერესებს თურქეთი, მისი კულტურა. ნაწილობრივ პამუკ ორჰანის, ელიფ შაფაკის და, რა თქმა უნდა, თქვენი წყალობით. რას ეტყოდით თქვენს მკითხველს საქართველოში?

— მადლობა მინდა მოვუხადო ყველა ქართველს, რომელიც ჩემ ისტორიებს კითხულობს და ელოდება მათ. ეს დასაფასებელია. ყველა ადამიანისათვის, არამარტო შემოქმედისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მას ელოდებოდნენ, — ეს არის იმპულსი, რომელიც სიცოცხლის შთაგონებას გაძლევს. მოხარული ვიქნები, თუ ოდესმე ჩემი წიგნები თქვენს ენაზეც აჟღერდება და ამით თქვენთან უფრო ახლოს ყოფნას შევძლებ. ვფიქრობ, ეს დროის საკითხია.

- თქვენ ნამდვილად უყვარხართ და გელოდებიან. ჩვენს შეხვედრამდე თქვენი შემოქმედების თაყვანისმცემლებს ვესაუბრე. მათ ვკითხე, რა შთაბეჭდილებები დარჩათ ელჩინ საფარლის წიგნების წაკითხვის შემდეგ. ადამიანები პასუხობდნენ, ვციტირებ: „აღტაცებისგან ვტიროდი", „ტანზე ეკალმა დამაყარა", „ყოველი წინადადება — ციტატაა", „ის შემიყვარდა", „მან სული და გული გამითბო". და ყველამ მადლობა გადმოგცათ და კითხულობდა, აპირებთ თუ არა აქ ჩამოსვლას როგორც მწერალი.

— ჩამოსვლა მინდა, მაგრამ ჯერჯერობით ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით. იცით, მე მქონდა რთული პერიოდი, როდესაც თბილისში გადმოსვლა მინდოდა. ყველასგან და ჩემი თავისგან დამალვა მინდოდა, ამ მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებზე და სანაპიროებზე. ეს არ მოხდა. მაგრამ თქვენი ქალაქის მადლობელი ვარ შეგრძნებებისათვის, რომლებიც მან იმ პერიოდში მაჩუქა. ვეხვევი ჩემ ქართველ მკითხველებს და უახლოეს მომავალში შეხვედრის იმედს ვიტოვებ.

ყველა ახალი ამბავი
0