კარტით მანიპულატორი ქართველი ბიჭის საერთაშორისო წარმატება და მისი მოგონილი ფოკუსები

© courtesy of Sergi Dolidzeსერგი დოლიძე
სერგი დოლიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა

სერგი დოლიძე — ბათუმელი მანიპულატორი, რომელიც გამაოგნებელ ფოკუსებს თავად იგონებს და აკეთებს. ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და მისმა ფოკუსებმა ამ სფეროს პროფესიონალებიც აღაფრთოვანა.

ქართულმა პუბლიკამ სერგის გამოსვლა 2017 წლის "ნიჭიერში" იხილა. ამას წინათ ჰოლანდიაში ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსზე მესამე ადგილი დაიკავა. სამომავლოდ ამბიციური გეგმები აქვს და ვინც მას იცნობს, დარწმუნებულია, რომ ადამიანებს და თავად ცხოვრებასაც კიდევ არაერთ "ფოკუსს" ჩაუტარებს და მის სფეროში აღიარებას მოიპოვებს.

© FB/Sergi Dolidzeსერგი დოლიძე კარტით მანიპულაციების დემონსტრირებისას
სერგი დოლიძე კარტით მანიპულაციების დემონსტრირებისას - Sputnik საქართველო
სერგი დოლიძე კარტით მანიპულაციების დემონსტრირებისას

— სერგი, იმ თვისებებსა და ნიჭს, რაც მანიპულაციებისთვისაა აუცილებელი, ბავშვობაშივე ხომ არ ამჟღავნებდი?

— თავიდან მშვიდი ბავშვი ვიყავი, ეშმაკობა მას შემდეგ დავიწყე, რაც ფოკუსები ვისწავლე. მაშინ 7 წლის ვიყავი. არავის უსწავლებია, სულ მაინტერესებდა და ტელევიზორში ვუყურებდი. მანიპულირება დავიწყე სხვადასხვა ნივთებით, მაგალითად ბურთებით, მონეტებით, თავსაფრებით… შემდეგ ფოკუსების წიგნი ვიყიდე და ინტერნეტის საშუალებითაც ბევრი რამ გავიგე და ვისწავლე. 7-დან 15 წლამდე იმდენს ვახერხებდი, რომ ადამიანს ლაპარაკის დროს მაჯიდან საათს ვხსნიდი, ისე რომ ვერ ამჩნევდა.

— კარგია, რომ შენი ნიჭი რაიმე კრიმინალური კუთხით არ განვითარდა და ბანქოს თამაშის დროსაც არ იყენებ.

— დამიჯერებთ, რომ პოკერის თამაშიც კი არ ვიცი? იმდენად ვარ გადართული ფოკუსებზე, რომ კარტის თამაში არ მაინტერესებს და არც ვიცი. კარტებით მანიპულაცია ბოლო ოთხი წელია, დავიწყე და დღეს კარტებით მანიპულატორი ვარ. კრიმინალური მიმართულებით კი ნამდვილად არ მოვინდომე, არადა, საკმაოდ კარგად გამომდიოდა.

© FB/Sergi Dolidzeსერგი დოლიძე კონკურსზე
სერგი დოლიძე კონკურსზე  - Sputnik საქართველო
სერგი დოლიძე კონკურსზე

— როგორ აკეთებ ამ ფოკუსებს?

— დამიჯერებთ, რომ გითხრათ, მეც არ ვიცი-მეთქი?

— არ დაგიჯერებ.

— ჰოდა, მართალიც იქნებით. საიდუმლო ვიცი, მაგრამ კარგად ვინახავ და არავის ვუმხელ.

— სერგი, შენ იგონებ კიდეც ამ ფოკუსებს, ეს კი შესრულებაზე რთულია.

— არიან ფოკუსის შემსრულებლები და ისინი, ვინც ამ ფოკუსებს იგონებს. ამ სფეროში იშვიათია ილუზიონისტი, ვინც ფოკუსს კიდეც იგონებს და მისივე გამოგონებულს კიდეც ასრულებს. ასეთი რამ ილუზიონისტების მხოლოდ 5 %-ს შეუძლია. იქიდან გამომდინარე, რომ ფოკუსებს ბავშვობიდან ვაკეთებ და ბევრი ვიცი, დღეს უკვე იმ შედეგს მივაღწიე, რომ გამომგონებელიც ვარ. ფოკუსების 90 პროცენტი, რომლებსაც ვაკეთებ, ჩემი გამოგონილია.

— ამას წინათ ჰოლანდიაში იყავი, ვინ მიგიწვია იქ?

— ჰოლანდიაში არის ასეთი რუსი ილუზიონისტი ქალი, ქეით მედვედევა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ჟიურის წევრია. მას ჩემმა ახლობელმა ვიდეო გაუგზავნა და ჰკითხა, თუ შეიძლება, რომ ეს ადამიანი რაიმე კონკურსზე გავიდესო? მანაც ნახა, მოეწონა და მიგვიწვია 50 %-იანი ფასდაკლებით. ფესტივალზე დარეგისტრირება 200 ევრო ღირდა და ჩვენ 100 დოლარად დავრეგისტრირდით. ამ ქალის დახმარებით მოვხვდი ილუზიონისტების საერთაშორისო კონკურსზე ჰოლანდიაში, სადაც მესამე ადგილი დავიკავე. 8 წუთიანი ნომერი მქონდა წაღებული. სპეციალურად იმ კონკურსისთვის გამოვიგონე ასეთი ნომერი: ერთი კარტი დაგივარდება, შემდეგ ის ჰაერში აფრინდება და იქ ტრიალს იწყებს. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნომერია.

© FB/Sergi Dolidzeყურადღება! სერგი დოლიძის წარმოდგენა იწყება!
ყურადღება! სერგი დოლიძის წარმოდგენა იწყება!  - Sputnik საქართველო
ყურადღება! სერგი დოლიძის წარმოდგენა იწყება!

— ასეთი ნომრით იმ კონკურსზე აშკარად შეგამჩნევდნენ.

— ჰოლანდიაში მსოფლიო ჩემპიონები იყვნენ ჩამოსულები. მათ შორის იყო ჰანს კლოკი, რომელსაც მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს. როცა ნომერი დავასრულე, სანამ ჟიურის პასუხს გავიგებდი, ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ ჩემი ტექნიკა და ნომერი ძალიან მოეწონა. ისე გამიხარდა, რომ შოკში ვიყავი.

საბოლოოდ, ალბათ, უცხოეთში მომიწევს გადასვლა. რუსეთში ახალი წლისთვის მაქვს შემოთავაზება. ბევრი გამიცნობს. ჩემი მიზანია, რომ ამ სფეროში პოპულარული გავხდე. როცა საერთაშორისო მასშტაბით დისკებს უშვებ, მერე სხვადასხვა ღონისძიებებზეც გიწვევენ. საერთოდ, კარტებით მანიპულატორი იშვიათია და შესაბამისად ანაზღაურებაც დიდია.

— ადამიანებით მანიპულირებაც ხომ არ შეგიძლია?

— ეგ უკვე სხვა სფეროა, სადაც მანიპულირებას ადამიანის გონებით ახდენენ. მე ხელის სისწრაფეზე ვარ ორიენტირებული და მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი რთულად გასაკეთებელი მანიპულაციაა.

— სერგი, სამომავლოდ ხალხს რა ფოკუსის ჩატარებას უპირებ?

— საკმაოდ ამბიციური გეგმები მაქვს და მათზე ხმამაღლა არ ვლაპარაკობ. ახალ ნომრებს ვამზადებ: ერთს — ამერიკული ან ბრიტანული "ნიჭიერისთვის", მეორე ნომერს — სხვა კონკურსებზე გასატანად. 2018 წელს ვგეგმავ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მოვხვდე. ყველა ეს ნომერი კარტით სრულდება, მაგრამ ის მაღალი დონისა უნდა იყოს და ძალიან განსხვავებული.

— რას ნიშნავს შენთვის განსხვავებული ადამიანი?

— იმას, რომ უნდა ვიყო ინდივიდუალური, ანუ არავის ვგავდე. თუმცა, ისედაც არავის ვგავარ.

— შენი აზრით, ცხოვრებაში რითი ხარ განსხვავებული?

— რა ვიცი, ცოტა გასული ტიპი ვარ…

— მომსახურეობის ზონიდან გასული?

— დაახლოებით ეგრეა. ჰაერში დავფრინავ.

— შენი კარტივით, არა?

— ალბათ მასე, კი…

— მერე, კარგია, ასე რომაა, თორემ სხვა შემთხვევაში, არცერთი ფოკუსი და მანიპულაცია არ გამოგივიდოდა.

— მეც ასე ვფიქრობ. ალბათ, ასეთი რომ ვარ, ფოკუსებსა და მანიპულაციებში ეგეც მეხმარება.

 

Subject: 1.09.17

ყველა ახალი ამბავი
0