19 წლის ასაკში შექმნილი საკუთარი ბრენდი „ბუტრანა“

© Личный архив Джемала Хатиашвилиჯემალ ხატიაშვილი
ჯემალ ხატიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯემალ ხატიაშვილი წარმოშობით კახეთიდანაა. ღვინო პირველად 14 წლის ასაკში დააყენა. სწორედ ამ დროს გადაწყვიტა საკუთარი ბრენდის შეექმნა. რას ნიშნავს „ბუტრანა“, ამის შესახებ ის თავად გვიამბობს.

ნინი რაზმაძე

— წარმოშობით კახეთიდან, სოფელ ტიბაანიდან ვარ. კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტზე ვსწავლობ. რაც შეეხება საქმიანობას, ვაწარმოებ ღვინოს და ყველს.

– რამდენი ხანია რაც შენი ბრენდი შექმენი?

— საკუთარი ბრენდი დაახლოებით ორი წლის წინ შევქმენი. თავდაპირველად დავარქვი „ხატიაშვილების მევენახეობა“, შემდგომ კი „ბუტრანა“.

© FB/Jemal Khatiashvili„ბუტრანას“ „ტიბაანური”, რომელიც საფერავში ძველდება.
„ბუტრანას“ „ტიბაანური”, რომელიც საფერავში ძველდება.  - Sputnik საქართველო
„ბუტრანას“ „ტიბაანური”, რომელიც საფერავში ძველდება.

– რატომ დაინტერესდი ამ სფეროთი?

— მეღვინეობით პირველად 14 წლის ასაკში დავინტერესდი, როდესაც პირველად დავწურე ყურძენი და დავაყენე ღვინო, რომელიც 3 წლის შემდეგ გავხსენი და გავასინჯე ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ნათესავებს. ღვინო ძალიან გემრიელი გამოვიდა, რის შემდეგადაც გადავწყვიტე ჩამომესხა ღვინო, რომელიც ყველასთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი. პირველი სირთულე, რომელიც შემხვდა, იყო ელემენტარული ინვენტარი, რომელიც საკუთარი დანაზოგით შევიძინე.

– ბიზნესი დამოუკიდებლად დაიწყე თუ სხვების დახმარებით?

— დამოუკიდებლად დავიწყე პაპის რჩევების გათვალისწინებით, რომელმაც მასწავლა ღვინის დაყენება.

– რის მიხედვით შეარჩიე ბრენდის სახელი, რას ნიშნავს „ბუტრანა“?

— ღვინის სახელი ვენახებს დავუკავშირე. სახელი „ბუტრანა“ სოფელ ტიბაანთან მდებარე ვენახებს ჰქვია, რომელიც კახეთში ერთ-ერთი უძველესია და იქ მოყვანილი ყურძენი განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.

– რამდენი სახეობის ღვინო გაქვთ და როგორია დაყენების წესი? 

— ორი სახის ღვინო მაქვს — საფერავი და რქაწითელი. დამზადების ტექნოლოგია კი მთლიანად ქიზიყურ ტრადიციებზე, არაქარხნულ მეთოდზეა დამყარებული.

– საკუთარი ვენახები გაქვთ თუ ყურძენს მოსახლეობისგან იბარებთ?

— საკუთარი ვენახები გვაქვს, 6 ჰექტარ მიწაზე 53 სახეობის ქართული და უცხოური სუფრის ყურძნებია გაშენებული, მათ შორის, რა თქმა უნდა, საფერავიც და რქაწითელიც.

© FB/Jemal Khatiashviliსაკუთარი ბრენდი დაახლოებით 2 წლის წინ შევქმენი, თავდაპირველად დავარქვი ხატიაშვილების მევენახეობა და შემდგომ „ბუტრანა“.
საკუთარი ბრენდი დაახლოებით 2 წლის წინ შევქმენი, თავდაპირველად დავარქვი ხატიაშვილების მევენახეობა და შემდგომ „ბუტრანა“. - Sputnik საქართველო
საკუთარი ბრენდი დაახლოებით 2 წლის წინ შევქმენი, თავდაპირველად დავარქვი ხატიაშვილების მევენახეობა და შემდგომ „ბუტრანა“.

– შენ მიერ ჩამოსხმული პირველი ღვინო — რა ემოციები გახსენდება?

— პირველი ჩამოსხმული ბოთლი საკუთარი კოლექციისთვის გადავდე, რომელსაც განსაკუთრებით ვუფრთხილდები. 17 წლის ასაკში ჩამოვასხი და ეტიკეტის დიზაინიც ჩემი მოფიქრებულია. განცდა ძალიან სასიამოვნოა, რადგან შენი შრომის შედეგს ხედავ და ხალხსაც მოსწონს ის.

– როგორც ვიცი, საფერავში დაძველებულ ყველსაც აწარმოებთ — რამდენი სახეობა გაქვთ და როგორ მზადება?

— დიახ, ჩვენ საფერავში დაძველებულ ყველს ვაწარმოებთ, რომელიც ორი სახეობის გვაქვს — კეთილშობილი ობით, რომელსაც ”ტიბაანური” ეწოდება და ობის გარეშე. ორივე მათგანი საფერავში ძველდება 40 დღის განმავლობაში.

– ფესტივალზე მოგვიყევი, სადაც ყველმა „ტიბაანურმა“ წარმატება მოიპოვა.

— ყველი „ტიბაანი“ არაერთხელ შევიდა საუკეთესო უნიკალური ყველის ჩამონათვალში და ეს ტიტული ლონდონშიც დაიმსახურა ყველის საერთაშორისო ფესტივალზე. 

– ამ დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჯილდოც გადმოგცა. როგორი შეგრძნებაა, როცა ასეთ ახალგაზრდა ასაკში ამხელა წამატებას აღწევ?

— შეგრძნება, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ჩემი მიზანია ამით არ დავკმაყოფილდე და უფრო მეტს მივაღწიო. მინდა საკუთარ ბიზნესში სიახლეები მქონდეს და ეს პროდუქცია საზოგადოების საყვარელ პროდუქტებად ვაქციო. ვდილობ ქართული პროდუქტების პოპულარიზაციას და ყველისა და ღვინის, ასე რომ ვთქვათ, დაძმობილებას.

– რას ეტყვი იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სოფელს, საკარმოდამო ნაკვეთებს, ვენახებს ტოვებენ და სხვადასხვა ქალაქში მიდიან?

— ჩემი აზრით, მთავარია მიზანი ჰქონდეს ადამიანს და მისი სრულყოფისთვის ყველაფერი გააკეთოს. რასაკვირველია, ყველას ვურჩევ გამოიყენონ ის რესურსი, რაც გააჩნიათ, ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო აგრარული ქვეყანაა და ამ დარგების განვითარება აუცილებელია. 

– სამომავლო გეგმებზეც მოგვიყევი.

— რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, უკვე დავამზადე ახალი სახეობის თათარაში დაძველებული ყველი, რომელიც ჩემი ფანტაზიის ნაყოფია. ვგეგმავ ევროკავშირის სტანდარტის HACCP-ს დანერგვას და ამ ორი დარგის აგროტურიზმში აქტიურად ჩართვას.

ყველა ახალი ამბავი
0