გიორგი თადუმაძე

ქართველი იენაში: „იღბლისა“ და „ნაცნობობის“ როლი უნივერსიტეტში სწავლასა და მუშაობაში

352
(განახლებულია 10:45 20.03.2017)
თეონა გოგნიაშვილი
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში” დღეს იენის უნივერსიტეტის დოქტორანტ გიორგი თადუმაძეს და მის გერმანულ ცხოვრებას გაგაცნობთ.

2012-2014 წლებში ის იენის უნივერსიტეტში რისკების მართვის სპეციალობაზე სწავლობდა. 2016 წლიდან კი დარმშტადტის ტექნიკურ უნივერსიტეტში მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე მუშაობს. პარალელურად ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტია. გიორგის გერმანიაში დავუკავშირდით.

— გიორგი, თქვენ ქართველთა იმ კატეგორიაში გადიხართ, ვინც უცხოეთში თავის სფეროში მიაღწია წარმატებას.

— სიმართლე გითხრათ, საკუთარი თავი უცხოეთში წარმატებულ ქართველებში ნამდვილად ვერ გამყავს. იმის გასაგებად, ჩემგან წარმატებული დადგება თუ არა, მინიმუმ 3-5 წელი მაინც უნდა მოვიცადოთ. ამ ეტაპზე გერმანიაში მცხოვრები ერთი რიგითი ქართველი სტუდენტი ვარ, რომელიც თავს საკუთარი პროფესიით  ირჩენს და ეს საქმიანობა სიამოვნებას ანიჭებს.

გიორგი თადუმაძე: ამ ეტაპზე გერმანიაში მცხოვრები ერთი რიგითი ქართველი სტუდენტი ვარ
გიორგი თადუმაძის პირადი არქივი
გიორგი თადუმაძე: ამ ეტაპზე გერმანიაში მცხოვრები ერთი რიგითი ქართველი სტუდენტი ვარ

გერმანიაში აკადემიურ სფეროში ვმუშაობ. აქ 2012 წლის ოქტომბერში მას შემდეგ ჩამოვედი, რაც DAAD-ს სტიპენდია მოვიპოვე. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, აქ ამდენ ხანს თუ დავრჩებოდი. თავიდან სამაგისტრო კურსზე სასწავლად 2 წლით ჩამოვედი. მაგისტრატურის დამთავრებისთანავე საქართველოში დაბრუნება მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ, როგორც ხედავთ, დღესაც აქ ვარ. 2012-2014 წლებში ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში რისკების მართვის სპეციალობაზე ვსწავლობდი.

DAAD-ს სტიპენდიის წყალობით პირველ სამაგისტრო კურსზე სწავლის დაფინანსება არ გამიჭირდა. ეს სტიპენდია, ალბათ, ისე მოვიპოვე, როგორც ეს სხვა სტიპენდიანტების შემთხვევაში ხდება. DAAD ყოველწლიურად უამრავ სხვადასხვა სტიპენდიაზე აცხადებს კონკურსს. მეც ერთ-ერთ ასეთ კონკურსზე შევიტანე განაცხადი და ისე მოხდა, რომ იმ წელს ეს სტიპენდია მე მერგო. რა თქმა უნდა, ასეთ კონკურსში გამარჯვება იღბლის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. იმ წელს იღბალი ჩემ მხარეზე აღმოჩნდა.

— ცნობილია, რომ სწავლების გერმანული მეთოდი ყველაზე წარმატებულად ითვლება მსოფლიოში და თქვენთვის რა იყო გამორჩეული?

— იენში სწავლისას ჩემთვის ყველაზე თვალშისაცემი პროფესორებისა და სტუდენტების უშუალო დამოკიდებულება იყო. აქ პროფესორები სტუდენტებს მომავალ პარტნიორებად აღიქვამენ და ზემოდან არ უყურებენ. ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ლექციაზე სტუდენტის დასმულ კითხვაზე პროფესორს ზუსტი პასუხი არ სცოდნია და ეს არც დაუმალავს. ასეთ დროს, როგორც წესი, პროფესორს ერჩივნა არასწორი პასუხისგან თავი შეეკავებინა, პასუხი გადაემოწმებინა და შემდეგ ლექციაზე სწორად გაეცა.

დამიჯერეთ, ეს სწავლების პროცესს გაცილებით ბუნებრივს ხდის, ვიდრე „ყოვლისმცოდნე“ პროფესორები, რომლებსაც ყველა კითხვაზე პასუხი აქვთ გამზადებული.

გიორგი თადუმაძე: სპორტის უმეტესი სახეობა აქ გაცილებით ხელმისაწვდომია, ვიდრე საქართველოში
გიორგი თადუმაძის პირადი არქივი
გიორგი თადუმაძე: სპორტის უმეტესი სახეობა აქ გაცილებით ხელმისაწვდომია, ვიდრე საქართველოში

ზოგადად, გერმანული უნივერსიტეტების საქმიანობაში მთავარი წილი არა სტუდენტების სწავლებაზე, არამედ კვლევით საქმიანობაზე მოდის, რაშიც გარკვეული წვლილის შეტანა სტუდენტებსაც შეუძლიათ. გერმანიაში პროფესორის წარმატებულობა არა მისი წაკითხული ლექციებით, არამედ ჩატარებული კვლევების შედეგებით იზომება.

რა თქმა უნდა, კვლევით საქმიანობაზე ირიბ გავლენას სწავლების ხარისხიც ახდენს: რაც უფრო კარგად ასწავლი დღეს, მით უკეთესი მომავალი თაობა გეყოლება ხვალ, რომელთაგან ზოგიერთი შენი კვლევითი პარტნიორი გახდება.

— როგორ მოხვდით იენის უნივერსიტეტის სტატისტიკის კათედრაზე?

— აქ 2013 წლიდან ვმუშაობ. ამ შემთხვევაშიც ჰქონდა გარკვეულ გამართლებას ადგილი. იენში სტატისტიკა ჩემი სპეციალობის სტუდენტების უმრავლესობისთვის ჭირივით საძულველი საგანია. აქ ჩამოსვლისთანავე შევიტყვე, რომ ეს „ჭირი“ არც მე ამცდებოდა და ამ საგნის სწავლას სხვა საგნებთან შედარებით გაცილებით დიდ დროს ვუთმობდი.

გარდა ამისა, სხვა დანარჩენი საგნისგან განსხვავებით, რასაც მაშინ ვსწავლობდი, სტატისტიკაში, რომელიც მეტწილად მათემატიკურ აზროვნებას მოითხოვს, უცხოელ სტუდენტებს ენის ბარიერი ყველაზე ნაკლებად ხვდებათ. საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ შემდეგ წელს სტატისტიკის კათედრიდან „ტუტორად“ მუშაობა შემომთავაზეს, რაც სტატისტიკის სხვადასხვა საგნებში პრაქტიკული კურსების მომზადებას და მათ სტუდენტთა ჯგუფებისთვის ჩატარებას მოიაზრებდა.

— რატომ გადაწყვიტეთ სხვა სამაგისტრო კურსზე — ბიზნეს-ინფორმატიკაზე ჩაბარება?

— ამ კითხვაზე ხშირად მიწევს პასუხის გაცემა და ვეცდები თქვენც გიპასუხოთ. შეიძლება ბევრს პარადოქსულად მოეჩვენოს, მაგრამ რაც უფრო მეტს სწავლობს ადამიანი, მით უფრო მეტად განიცდის ცოდნის ნაკლებობას სწორედ იმ სფეროში, რაც ისწავლა. მეც ზუსტად ასე დამემართა.

გიორგი თადუმაძე: ხალხი არა, მაგრამ ამინდები აქეთ ნამდვილად უფრო ცივია
გიორგი თადუმაძის პირადი არქივი
გიორგი თადუმაძე: ხალხი არა, მაგრამ ამინდები აქეთ ნამდვილად უფრო ცივია

როდესაც პირველი სამაგისტრო კურსი დავასრულე, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ იყო ისეთი, რაც მაინტერესებდა და რაშიც ცოდნის ძალიან დიდ დეფიციტს განვიცდიდი. მათემატიკისა და ინფორმატიკის მიმართ ინტერესი უკვე გაღვიძებული მქონდა. თავად სახელწოდებიდანაც ადვილი მისახვედრია, რომ ბიზნეს-ინფორმატიკა ორი დისციპლინის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და გამოყენებითი ინფორმატიკის თანმკვეთი მეცნიერებაა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ზუსტად ის არის, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა. ერთადერთი, რასაც მაშინ ჩემი სწავლის გაგრძელებისთვის შეეძლო ხელი შეეშალა, დაფინანსება იყო. საბედნიეროდ, მაშინ სპორტის ეკონომიკისა და ჯანდაცვის კათედრაზე ერთ-ერთი კვლევითი პროექტისთვის სტატისტიკაში გამოცდილების მქონე თანამშრომელს ეძებდნენ. ანაზღაურებაც ისეთი იყო, რომ სწავლის დაფინანსებას სრულად ეყოფოდა.

უნდა აღვნიშნო, რომ გერმანიაში სამსახურის დაწყებაში ნაცნობობა და პირადი რეკომენდაციები ძალიან დიდ როლს თამაშობს. მაშინ ჩვენ კათედრაზე იკითხეს, ვინმე შესაბამის კანდიდატს თუ იცნობთო. ასე გადმოვინაცვლე ახალ კათედრაზე და სწავლის დაფინანსების პრობლემაც ავტომატურად გადამეჭრა.

— დარმშტადტის ტექნიკურ უნივერსიტეტში მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე როდის გადახვედით და იქ რა მიმართულებით მუშაობთ?

— დარმშტადტში 2016 წლის სექტემბრიდან გადმოვედი. აქ ტექნიკურ უნივერსიტეტში ოპერაციათა კვლევის მიმართულებაზე ვმუშაობ და პარალელურად ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი (phd) ვარ. ოპერაციათა კვლევა, როგორც სამეცნიერო დისციპლინა, იკვლევს მენეჯმენტში კომპლექსური გადაწყვეტილების მიღებისთვის მათემატიკური მოდელირებისა და სხვა რაოდენობრივი მეთოდების განვითარებასა და მათ გამოყენებას. ის მოიცავს ბიზნესის ადმინისტრირების, გამოყენებითი მათემატიკისა და თეორიული ინფორმატიკის ელემენტებს. ჩემი დისერტაციაც ოპერაციათა კვლევის ერთ-ერთი დარგის, დისკრეტული და კომბინატორული ოპტიმიზაციის ლოგისტიკაში არსებული კონკრეტული პროცესების გაუმჯობესებისთვის გამოყენებას ეხება.

— როგორია თქვენი გერმანული ცხოვრების არასაქმიანი მხარე?

— თავისუფალ დროს ძირითადად მეგობრებთან ერთად ვატარებ. ძალიან დიდი სიამოვნებით ვთამაშობ სამაგიდო თამაშებს, რის კულტურაც საქართველოში არ მქონდა. ასევე ვცდილობ სპორტით აქტიურად ვიყო დაკავებული. სხვათა შორის, გერმანულ უნივერსიტეტებში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა სტუდენტების და თანამშრომლების აქტიურ სპორტში ჩაბმას. სპორტის უმეტესი სახეობაც ჩვენთვის აქ გაცილებით ხელმისაწვდომია, ვიდრე საქართველოში.

— გერმანელები პედანტ, ცივ ადამიანებად მიიჩნევიან. ჩვეულებრივ ურთიერთობაში როგორები არიან?

— აქ ჩამოსვლამდე მეც ხშირად გამიგონია გერმანელების „სიცივეზე“, სინამდვილეში კი ყველა ერში შეიძლება შეხვდეთ ყველანაირ ადამიანს. ეს, ალბათ, უფრო ადამიანის პიროვნული თვისებაა, რაზეც ეროვნება გავლენას ვერ ახდენს. ისევე, როგორც საქართველოში, გერმანიაშიც შეგხვდებათ როგორც ძალიან თბილი, ასევე ცივი ადამიანები. აი, ამინდები კი აქეთ ნამდვილად უფრო ცივია, განსაკუთრებით კი ზამთარში.

რაც შეეხება პედანტურობას და წესრიგის გადამეტებულად მოყვარულობას, ალბათ, ეს უფრო ცხოვრების დაძაბული რეჟიმის დამსახურებაა. როდესაც ირგვლივ ყველაფერი საათივით მუშაობს, შენგანაც ყველა იმას მოელის, რომ საქმის ფორმალურ წვრილმანებს ყურადღებას მიაქცევ.

352
თემები:
ქართველები უცხოეთში (76)