დაობლებული 7 ბავშვი და გარდაცვლილი დედისთვის დახატული გულები

© FB/ სოციალური პარტნიორობავეკუების მრავალშვილიანი ოჯახი
ვეკუების მრავალშვილიანი ოჯახი - Sputnik საქართველო
გამოწერა

აფხაზეთიდან დევნილი რუსლან ვეკუასა და მისი შვიდი შვილის ცხოვრება ძალიან მძიმე და ტრაგიკულია. მეუღლის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ ბავშვების მოვლაში ბატონ რუსლანს თავიდან მოხუცი დედა ეხმარებოდა, მერე კი ისიც გარდაიცვალა და მარტომ იტვირთა ეს მძიმე საქმე.

მარტოხელა მამა ალერსით, თანადგომით, სიყვარულით ცდილობს შვილებს მძიმე ხვედრი შეუმსუბუქოს.

ახალი წელი ის დროა, როცა ბავშვები საჩუქრებსა და ტკბილეულს ელიან, თუმცა ყველა ბავშვს ერთნაირად არ უმართლებს. რას სთხოვენ თოვლის პაპას ბატონი რუსლანის შვილები და როგორია მათი საახალწლო სურვილები, ის თავად გვეტყვის.

© FB/ დევნილთა სამინისტრო MRAაფხაზეთიდან დევნილი რუსლან ვეკუა და მისი ოჯახი
აფხაზეთიდან დევნილი რუსლან ვეკუა და მისი ოჯახი - Sputnik საქართველო
აფხაზეთიდან დევნილი რუსლან ვეკუა და მისი ოჯახი

— აფხაზეთიდან ვარ, დევნილი. მეუღლე ორი წლის წინ გარდამეცვალა და შვიდი შვილი დამიტოვა. დიდი და ბედნიერი ოჯახი გვქონდა. მე ეკლესია-მონასტრების მშენებლობაში ვიღებდი მონაწილეობას. ჩემი მეუღლე შვილებისა და ოჯახის მოვლით იყო დაკავებული. მოულოდნელად გარდაიცვალა, 36 წლისა. ღვიძლის პრობლემა ჰქონია და არც კი ვიცოდით. არაფერი აწუხებდა, ერთხელაც არ დაუკვნესია, არ დაუჩივლია, რომ რამე სტკიოდა.

დილით ბავშვებს ჩაი დაალევინა, სახლი დაალაგა და მოულოდნელად გამხდარა ცუდად… დამირეკეს და შინ რომ მივედი, ცოცხალი აღარ დამხვდა. არაფერმა უშველა. უმცროსი შვილი ხუთი თვისა დატოვა. ახლა ჩემ შვიდ შვილთან და ტკივილთან ერთად სხვის სახლში ვცხოვრობ.

— მარტოხელა მამისთვის რთული არ არის შვიდი მცირეწლოვანი შვილის მოვლა?

— რთულია, მაგრამ რა ვქნა? მეუღლეს სულ ვეუბნებოდი, შენ რა გიჭირს, სახლში ხარ და ბავშვებს უვლი-მეთქი. თურმე ვცდებოდი. არც ისე ადვილი ყოფილა შვიდი შვილის მოვლა. სკოლაში მე დამყავს, საჭმელს ვუმზადებ, ვბან, ვურეცხავ. უფროსი გოგო ძალიან მეხმარება, უვლის თავის ობოლ და-ძმას, როგორც შეუძლია.

— გაკვეთილების მომზადებაშიც თქვენ ეხმარებით?

— კი, მე ვამეცადინებ. მასწავლებლებმა იციან ჩემი მდგომარეობის შესახებ და ისინიც ეხმარებიან ბავშვებს. უფროსი გოგო, თავის საქმეს რომ მორჩება, მერე პატარებს ამეცადინებს. „დაკითხვაზე“ ჰყავს ყოველ საღამოს და-ძმა. კარგად სწავლობენ, ყოჩაღი ბავშვები არიან. ეს ჩემი დიდი იმედია.

სკოლა ძალიან შორს გვაქვს, შვიდ ბავშვს ფეხით ვერ ვატარებ. ბიძაშვილმა მათხოვა მანქანა. თვითონ ფეხით დადის, მე კი მისი მანქანით დამყავს ბავშვები. დღეში 20 ლარი მაინც მინდა საწვავის ფული.

— სახელმწიფო როგორ გეხმარებათ?

— სახელმწიფო 700 ლარით ეხმარება ბავშვებს — ობლების პენსია ერიცხებათ, თითო 100 ლარს იღებს. უმძიმესი ყოფა გვაქვს. ბავშვებს ბავშვობა წავართვი, რაზეც გული ძალიან მტკივა და განვიცდი. სულ მიკვირს, საიდან აქვთ ამდენი მოთმინების უნარი. ზოგჯერ, როდესაც პრობლემების გამო თავს ცუდად ვგრძნობ, პატარა გოგო იმხელა ძალასა და ენერგიას მმატებს, თავს დაცემის უფლებას ვეღარ ვაძლევ.

— შვიდი ბავშვისთვის ეს თანხა საკმარისია?

— რასაკვირველია, საკმარისი არ არის. საკვების გარდა ძალიან ბევრი რამ სჭირდებათ ბავშვებს. კეთილი ადამიანებიც არსებობენ, ისინიც ეხმარებიან ჩემს შვილებს.

— ახალ წელს როგორი განწყობით ხვდებიან პატარები?

– როგორც ყველა ბავშვს, მათაც ძალიან უხარიათ, მაგრამ დედის გარეშე სევდა მაინც გამოერევათ ხოლმე, ვერ ივიწყებენ დედის ამბავს. პატარა დღემდე კითხულობს, ჩემი დედა სად არისო. რომ გავუწყრები, ტირის და დედა მინდაო. გული მიკვდება, სად არის დედა? ისედაც გასაცოდავებული ცხოვრება აქვთ. ჩემი მოფერებითა და გვერდით დგომით ვცდილობ, ეს ტკივილი გადავატანინო.

ლექსებსა და წერილებს უწერენ დედას, გულებს უხატავენ. ერთხელ რაღაცას ხატავდნენ, მერე ყველამ მაჩვენა თავისი ნახატი და აღმოჩნდა, რომ შვიდივეს დედა დაეხატა…

— საახალწლო სურვილები უკვე გაუგზავნეს თოვლის ბაბუას?

— კი. თავიდან ცალ-ცალკე დაწერეს სურვილები, მაგრამ მერე გადაწყვიტეს, ერთად მიეწერათ. ტელევიზორი და კომპიუტერი შეუთვალეს. სკოლიდან ბევრი დავალება აქვთ, რომელიც კომპიუტერზე უნდა გაკეთდეს, მაგრამ არ აქვთ და ვერ ასრულებენ… კიდევ ბევრი შოკოლადი და ტკბილეული უნდათ. მე კი მხოლოდ მათი ჯანმრთელობა და ბედნიერება მინდა ვისურვო საახალწლოდ.

ყველა ახალი ამბავი
0