გურამ შეროზიას დაუვიწყარი მოგზაურობა მალდივის კუნძულებზე

© photo: courtesy of Guram Sheroziaგურამ შეროზია
გურამ შეროზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი ბლოგერი გურამ შეროზიაა. იგი აქტიური ცხოვრებით გამოირჩევა. ბავშვობაში ბევრ რამეზე ოცნებობდა, მათ შორის, უცხოეთში მოგზაურობაზე. შეიძლება ითქვას, ყველაზე ნაყოფიერად ეს ოცნება განახორციელა - ამ დროისთვის 60 ქვეყანაშია ნამყოფი.

– გაიხსენეთ პირველი მოგზაურობა და შთაბეჭდილებები…

– პირველი მოგზაურობა იყო 2009 წელს, როცა გრანტი მოვიპოვე და ორი კვირით სრული დაფინანსებით წავედი ყირგიზეთში, კერძოდ, ბიშკეკში. ვერ გეტყვით, რომ მოგზაურობის სეზონის საოცარი გახსნა იყო, თუმცა ძალიან კარგად მახსენდება.

© FB/ Guram Sheroziaგურამ შეროზია ნიუ-იორკში
გურამ შეროზია ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
გურამ შეროზია ნიუ-იორკში

– რა პარამეტრების მიხედვით არჩევთ ქვეყანას?

– მივდივარ იქ, სადაც არ ვარ ნამყოფი. ასევე, უნდა იყოს უსაფრთხო, საინტერესო და მრავალფეროვანი, ფასსაც აქვს მნიშვნელობა. გააჩნია, რა პერიოდში მივდივარ, მაგალითად, ბინის ყიდვის და რემონტის პერიოდში ბიუჯეტი შევამცირე და ბოლო წელს მხოლოდ ევროპის ქვეყნებში ვმოგზაურობდი.
რატომღაც არ მიყვარს სასტუმროში დაბინავება, იქაურ მოქალაქებთან გაჩერება მირჩევნია. მათთან ურთიერთობა, ცხოვრება უფრო ამრავალფეროვნებს და საინტერესოს ხდის  ჩემს ყოველ მოგზაურობას. სწორედ მათი საშუალებით ვიგებ თუნდაც იმ ადგილების შესახებ, რომლებიც რაღაც მიზეზების გამო რუკაზე აღნიშნული არ არის. შემდეგ კი ვცდილობ ჩემივე ძალებით მოვძებნო ეს ადგილები და მოვინახულო. სასტუმროში დაბინავება კი ასეთ შესაძლებლობას ვერ მომიტანს.

– ძალიან ბევრს მოგზაურობთ, რა არის მიზეზი – უბრალოდ დასვენება თუ საქმიანი მიზნებიც გაქვთ?

– საქმიანი მიზნებით ჯამში სამჯერ ვიქნები ნამყოფი, პლუს ტრენინგები და კონფერენციები. უმრავლეს შემთხვევაში კი უბრალოდ ტურისტული მიზნით მივდივარ. საშუალოდ წელიწადში ოთხჯერ გავდივარ ხოლმე სამოგზაუროდ.

–  ვისთან ერთად მოგზაურობთ?

– ხან მარტო, ხან შეყვარებულთან, ხან მეგობრებთან ერთად. ხან უცნობ ადამიანებს ვკრებ „ფეისბუქით“, გააჩნია ქვეყანას და ხასიათს.

© FB/ Guram Sheroziaმალდივის კუნძულები
მალდივის კუნძულები - Sputnik საქართველო
მალდივის კუნძულები

– რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი და რომელ ქვეყანას გამოარჩევდით თავისი ინფრასტრუქტურით, კულტურით, ტრადიციებით, ხალხით?

– ჯამში 60-მდე ქვეყანაში ვიქნები ნამყოფი. მოლოდინების გადაჭარბების კუთხით ნიუ-იორკი და მალდივებია გამორჩეული, ხალხის კუთხით პოლონელები მიყვარს, განსხვავებული გარემოს კუთხით უფრო აზიის ქვეყნები მაინტერესებს, გააჩნია აქაც – სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით სხვადასხვა ქვეყნები მაქვს გამორჩეული.

– რომელი ქვეყნის სამზარეულო მოგეწონათ განსაკუთრებით?

– ქართულს ვერავინ და ვერაფერი შეედრება. ასევე მიყვარს მექსიკური, სპაის–სამზარეულო და იტალიური. აზიური კერძებიც ძალიან სახასიათო და ეგზოტიკურია, სადაც ჩავდივარ, სამზარეულოს აუცილებლად ვეცნობი  დეტალურად, როგორც სმა-ჭამის ძალიან მოყვარული ადამიანი.

– ყველაზე ეგზოტიკური კერძი, რომელიც გაგისინჯავთ?

– ყველაზე ეგზოტიკური კერძები გავსინჯე მალდივებზე – ზღვის პროდუქტების ძალიან საინტერესო და დიდი არჩევანი აქვთ.

© FB/ Guram Sheroziaგურამ შეროზია მალდივის კუნძულებზე
გურამ შეროზია მალდივის კუნძულებზე - Sputnik საქართველო
გურამ შეროზია მალდივის კუნძულებზე

– მოგზაურობას თან ახლავს თავგადასავლები…

– კი, უამრავი, არ ვიცი, რომელი გავიხსენო. ყოფილა სასიყვარულო თავგადასავლებიც, ახლო მეგობრების შეძენაც, ქუჩაში ღამის გათევაც, კურიოზებიც უამრავი…

- ზამთრის კურორტები უფრო გიყვართ თუ ზაფხულის?

– ზაფხულის, ცალსახად! სითბოს და საზღვაო კურორტებს ვანიჭებ უპირატესობას.

– ახალი წელი ახლოვდება, თუ აპირებთ სადმე წასვლას 31 დეკემბერს?

– კი, საბერძნეთში ვაპირებ წასვლას საახალწლოდ, მანამდე შაბათ-კვირას – ბაქოში. საბერძნეთიდან გადავალ მაკედონიაში, მონტენეგროში და ალბანეთში. გაგიკვირდებათ, ალბათ, რატომ ეს ქვეყნები. ეს ადგილები დამრჩა ევროპაში სანახავი, და გაერთიანებული სამეფოთი დავასრულებ ევროპის შესწავლას.

– ახალ წელს თუ შეხვედრიხართ უცხო ქვეყანაში?

– კი, ბოლო 6 წელია მაქვს ტრადიცია და ყველა ახალ წელს და აღდგომას საქართველოს ფარგლებს გარეთ ვხვდები. ყველაზე კარგი ამათგან იყო ბარსელონა-მადრიდი-ლისაბონი, სადაც 2013 წელს შევხვდი, ასევე ციურიხი-მილანი-ფლორენცია-ლიხტენშტეინიც. საქართველოში ისეთი არაფერი ხდება ხოლმე ამ პერიოდში, ამიტომ ვცდილობ, რომ სხვადასხვა ქვეყნის ახალი წლის შეხვედრის ტრადიციებს ვეზიარო.

– ახალ წელს ვინმესთან ერთად შეხვედრის ტრადიცია ხომ არ გაქვთ?

– უმეტესად მარტო ვხვდები, ან მეგობარ გოგონასთან ერთად. წელს მარტო მივდივარ და ტრადიცია იქნება – შევხვდე ისე, როგორც ადგილობრივები ხვდებიან და ბოლომდე შევიგრძნო ამ ქვეყნების კულტურა თუ სხვა თავისებურებები.

© FB/ Guram Sheroziaგურამ შეროზია ნიუ-იორკში
გურამ შეროზია ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
გურამ შეროზია ნიუ-იორკში

– საახალწლოდ ასტროლოგების რჩევებს თუ ითვალისწინებთ?

– არა, არც საახალწლოდ და არც სხვა პერიოდებში. მიმაჩნია, რომ ჩვენი, ეგრეთ წოდებული, ბედისწერის წარმართვა ჩვენსავე ხელშია და, შესაბამისად, რა მელის — ამის ნაკლებად მჯერა.

 

ყველა ახალი ამბავი
0