ვინტაჟური სტილის ხიბლი და ძველი ნივთების ახლებური სილამაზე

© FB/NINI MENABDEნინი მენაბდე
ნინი მენაბდე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინი მენაბდე ყოფის მშვენიერ დეტალებსა და ძველი ნივთების განახლება-გალამაზების ხელოვნებაზე საუბრობს...

დამეთანხმებით, სასიამოვნო განწყობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა გარემოში და როგორ ნივთებს შორის გვიწევს ცხოვრება. შესაძლოა, ჩვენ გარშემო არსებული საგნები ჩვენზე გაცილებით მეტს ამბობენ, ვიდრე თავად ჩვენ. ნინი მენაბდე  ყველაფრის მიმართ რომანტიკულ-ნოსტალგიური დამოკიდებულებებით ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა. უყვარს სიძველეები და მათთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება. მას ფრანგულ-ქართულ პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული. მისი ნახელავები უკვე ბევრ გამოფენაზე იხილეს და წარმატებებიც ხვდა წილად.

- ქალბატონო ნინო, თუ გახსოვთ, როდის იყო ის ერთი დღე, როცა თქვენში ხელოვანმა გაიღვიძა?

— ისე ხდება, რომ ადამიანის ცხოვრებაში თითქოსდა უმნიშვნელო დეტალი ზოგჯერ მის მომავალ ცხოვრებასაც განსაზღვრავს. ჩემთან იყო მომენტი, როცა ასაკოვანი ხის ქვეშ შევნიშნე პატარა, უცნაური ლამაზი სოკო და სურვილი გამიჩნდა, დამეხატა, რათა ჩემი მეხსიერებიდან არასდროს გამქრალიყო. ეს იყო პირველი ნაბიჯი ჩემი მომავალი საქმიანობისკენ, რომელიც ძალიან მიყვარს და მასში მთელ ჩემს რესურსს ვდებ. იყო დრო, როცა ვქარგავდი და ალბათ, ამანაც იქონია ზეგავლენა, რომ ჩემი მომავალი საქმიანობა ხელოვნებასთან დამეკავშირებინა. თავიდან ჰერბარიუმის შეგროვებით ვიყავი გატაცებული და შემდეგ კომპოზიციებსა და ქალის აქსესუარებს ვქმნიდი. თუმცა, საბოლოოდ მაინც ინტერიერის დეკორაციებმა გამიტაცა და ამას დღემდე ვაკეთებ. ჩემი პირველი ნამუშევარი სწორედ ის სოკო იყო, რომელიც ტილოზე გადავიტანე და ქალის პორტრეტი, რომელიც დღეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია. როცა მას ვხედავ, ის სტიმულს მაძლევს გავაგრძელო გზა, რომელიც დიდი ხანია დავიწყე.

© FB/NINI MENABDEნინი მენაბდე
ნინი მენაბდე - Sputnik საქართველო
ნინი მენაბდე

- ხელოვნების მოყვარულებმა თქვენი ნამუშევრები სად იხილეს?

— პირველად ეს იყო ადგილობრივი ინიციატივების არაჩვეულებრივი გამოფენა, სადაც მონაწილეობა მივიღე.  2002 წელს ხალხური ხელოვნების ფესტივალზე დიპლომით დამაჯილდოეს. 2005-2006-2007 წლების „არტ გენებში“ მაქვს მონაწილეობა მიღებული, მანამდე, 2011 წელს კი — რუსთაველის თეატრში გამართულ გამოფენაში. 2011 წელს ნომინაციაში „წლის აღმოჩენა“ გურიის „პასკის ფესტივალზე“ გავიმარჯვე. 2012–2015 და 2016 წლებში იმავე ფესტივალში ვმონაწილეობდი. ბოლოს, აქციის „ღამე მუზეუმში“ ფარგლებში, ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმში ჩემი პერსონალური გამოფენა გაიმართა. ასევე  მახსენდება „შერატონსა“ და „მერიოტში“ ორგანიზებული სხვადასხვა   საქველმოქმედო გამოფენები. ანკარაში სიყვარულის დღესთან დაკავშირებით გამართულ გამოფენა-კონკურსზე მეორე ტურში გადავედი.

© FB/NINI MENABDE ნინი მენაბდე
 ნინი მენაბდე - Sputnik საქართველო
ნინი მენაბდე

- რითი ხსნით ძველი ნივთებისადმი თქვენს სიყვარულს?

— მე ისეთ ოჯახში გავზიარდე, სადაც ინტერიერი ძირითადად ძველებური ნივთებისგან იყო შექმნილი და გალამაზებული, ამან ჩემზე დიდი გავლენა იქონია და სიძველეების დახვეწილობა, სისადავე, სილამაზე დღემდე მხიბლავს. განსაკუთრებით ვინტაჟური სტილია ჩემი და ეს ნამუშევრებშიც აისახება…

- ქალბატონო ნინო, სად ეძებთ ძველ ნივთებს და როგორ შთაბერავთ მათ ახალ სიცოცხლეს?

— თქვენ წარმოიდგინეთ ეს ნივთები თავად მპოულობენ, მათ არ ვეძებ. ისინი მოდიან ჩემთან და მერე მათ ახალ სულს შთავბერავ და ვაცოცხლებ. ყოფილა შემთხვევა, რომ რაიმე ნივთი უჩუქებიათ. თუ სადმე გადავაწყდები, აუცილებლად ვყიდულობ ყველაფერს, რაც უჩვეულოდ მომეჩვენება. ასეთი მახსენდება ნახშირის უთო, რომელსაც ახალი სიცოცხლე ვაჩუქე და ახლა ჩემს ინტერიერს ამშვენებს. როცა ნივთს ვხედავ, უცებ თავში ათასი იდეა მოდის. მათ ან დავფერავ, უფრო ვაძველებ სპეციალური ტექნიკით, რომელიც მას ვინტაჟურ სახეს აძლევს და შემდეგ მასთან შეხამებაში რომელიმე ნივთს ან დეტალს ვამზადებ. ასე ვქმნი კომპოზიციას, რომელიც საბოლოოდ დაიდებს ბინას ისეთი ადამიანის სახლში, რომელსაც ეს სტილი და მიმართულება უყვარს. მაგალითად ძველ ჩემოდანს რაიმე საინტერესო დეტალს ვუმატებ, ან ძველ საკერავ მანქანას აქსესუარებს ვუხამებ და ასე ვალაგებ კომპოზიციას, სადაც ხდება ძველისა და ახლის სინთეზი, რაც ჩემი აზრით, ლამაზი გამოდის. ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ სუფრის დიზაინსა და გაფორმებას.

© FB/NINI MENABDE ნინი მენაბდე
 ნინი მენაბდე - Sputnik საქართველო
ნინი მენაბდე

- თქვენ ფრანგულ-ქართულ კულტურულ პროექტში გაქვთ მონაწილეობა მიღებული…

— დიახ, იყო ასეთი პროექტი, სადაც ფრანგ მეგობრებთან ერთდ აჭარის მაღალმთიან რეგიონებში ვმოგზაურობდი და მათ კულტურას ვეცნობოდით. ისინი აღფრთოვანებული იყვნენ ჩვენი კულტურითა და ურთიერთობებით. იქ ერთმა მოხუცმა ქალბატონმა მაჩუქა უძველესი თუნგი, რომელიც ძალიან მიყვარს და მისგან არა ერთი კომპოზიცია შევქმენი. ხელოვანი ადამიანი სილამაზეს და მშვენიერებას განსაკუთრებით აღიქვამს და ეს მშვენიერება დეტალებშია. სულ უმნიშვნელო დეტალების ერთობლიობა, როგორიცაა: მაქმანი, ან თუნდაც ლითონის პატარა კომპოზიცია, ყვავილი, ხის ელემენტი ქმნის  სრულყოფილ ნამუშევარს, სადაც მთავარია, ყველაფერი გემოვნებით იყოს შეხამებული…

ყველა ახალი ამბავი
0