გოჩა სხილაძე და ქეთევან დუმბაძე

თურქეთში სწავლისთვის გადაპარული საბჭოთა სტუდენტი და ფილოსოფოსი მეამბოხე

456
(განახლებულია 21:35 04.08.2016)
თეონა გოგნიაშვილი
პროფესიით თეოლოგია, აცხადებს, რომ ფილოსოფოსი და თეოლოგი ერთი და იგივეა. ჭეშმარიტების ძიებაში ბევრი იმოგზაურა და საკუთარ თავს პოეზიაში მიაგნო.

მარადიულ კითხვებზე პასუხის ძიებაში სასულიერო სასწავლებელშიც ჩააბარა. მოსკოვის უნივერსიტეტში კი ფილოსოფიის ლექციებს ისმენდა. არის სამი პოეტური კრებულის ავტორი. ციკლური ხასიათის მასალაში “საუბარი პირისპირ” ფილოსოფოს პოეტს, განათლებულ პიროვნებას გოჩა სხილაძეს წარმოგიდგენთ.

– ბატონო გოჩა, ცხოვრებაში დაგროვილმა უპასუხო კითხვებმა და მათზე პასუხის ძიებამ „გაიძულათ“, მოგზაურობა დაგეწყოთ. ამგვარი კითხვები, ბუნებრივია, ბავშვობიდანვე გაჩნდებოდა? 

— არა მგონია, ორიგინალური ვიყო, ეს ყველა ბავშვს ემართება… მაკვირვებდა ელემენტარული რაღაცები, მაგალითად, როგორ წარმოიშობა ხმა დოლიდან ან საყვირიდან. მერე ვამტვრევდი მათ, რათა ეს გამეგო. ვერაფრით ვიგებდი, სად მიდიოდნენ ადამიანები, როცა კვდებოდნენ, ეს შეგრძნება მოზარდობის წლებშიც გამყვა. დავიწყე კითხვა, ვკითხულობდი ყველაფერს და შეშლილივით. ჩემ კითხვებზე პასუხებს ყველგან ვეძებდი… გატაცებული ვიყავი ფილოსოფიითა და რელიგიების შესწავლით. 21 წლის ვიყავი, როცა მარტინ ჰაიდეგერის „ყოფიერება და დრო“ რამდენჯერმე წავიკითხე. გატაცებული ვიყავი კრიშნამურტით, სუფიზმითა და ნეოპლატონიზმით, მამარდაშვილით, ძენბუდიზმით. ცხოვრებაში ქართველი პოეტებიდან დაწყებული, ამერიკელი მქადაგებლებით დამთავრებული უამრავ კარგ ადამიანს შევხვდი…

– თუ შეიძლება, მათგან ყველაზე უჩვეულო შეხვედრები გაიხსენეთ.

— გავიხსენებ ადამიანებს, ვინც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ესენი იყვნენ: გიორგი კაპანაძე, მოსკოვის თეოლოგიური ინსტიტუტის ფილოსოფიის პროფესორი, ჯეიმს სიმკო ნიუ-ორკიდან და მქადაგებელი, თეოლოგიის პროფესორი გორდონ ბიალიკი. რა შეიძლება გავიხსენო გიორგი კაპანაძეზე (კორნაპელი)?— უამრავი რამ… მე მაინც უბისის მონასტერში მასთან პირველ შეხვედრას გავიხსენებ, როცა ჩემი ლექსების რვეული გადავეცი… ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან ლიტერატურულ სამყაროში ჩემი შესვლა აქედან დაიწყო. მე ვიპოვე ადამიანი, რომლის პოვნა ცხოვრების დასაწყისში პოეტისა და მაძიებელი ადამიანისთვის აუცილებელია… ჯეიმს სიმკო თავის ადგილს კათედრაზე ხანდახან მეც მითმობდა, რათა ვიტგენშტაინზე მესაუბრა. მახსოვს, როცა ჩვენი კურსის გამოშვება იყო, ის საზეიმო ცერემონიაზე მოვიდა და მომილოცა. მერე კი ვიტგენშტაინის ცნობილი მეტაფორით დამემშვიდობა: „ბუზი, რომელიც ამოფრინდება ბოთლიდან, თან არ მიათრევს ბოთლს“. ახლაც თან დამდევს მისი სიტყვები… რაც შეეხება მქადაგებლებს, ერთს გავიხსენებ: მისი სახელი არ მახსოვს, სტუმრად იყო ჩამოსული, უზარმაზარი ცხვირი და ულამაზო სახე ჰქონდა. სტუდენტებმა როგორც კი დაინახეს, სიცილი ვერ შეიკავეს და მის დასაცინად მოემზადნენ. მაგრამ მოხდა სასწაული – მან ორიოდე სიტყვა თქვა იესოზე, ზუსტად ორი სიტყვა და გაჩერდა… კონკრეტულად რა თქვა — არც მახსოვს, რაღაც უმნიშვნელო, რასაც ჩვენც ვამბობთ ხოლმე, მაგრამ მის სიტყვებს დაუჯერებელი ენერგეტიკა ჰქონდა. წამიერად ყველა ატირდა, ყველაზე მეტს ისინი ტიროდნენ, ვინც მეტს იცინოდა… ეს იყო ყოვლისწამლეკავი ემოციური ტალღა, რაც იმ მქადაგებლის ერთმა წინადადებამ წარმოშვა. ასეთი რამ არასდროს მინახავს!..

გოჩა სხილაძე
გ. სხილაძის პირადი არქივი
გოჩა სხილაძე

– მოგვიანებით მოსკოვის უნივერსიტეტში ფილოსოფიის ლექციებს ისმენდით…

— დიახ, მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტში დავდიოდი და ფილოსოფიის ლექციებს ვისმენდი. ალექსანდრ მენის უნივერსიტეტში დავდიოდი. მართალია, იმ დროს ალექსანდრ მენი უკვე გარდაცვლილი იყო, მაგრამ მის მოწაფეებს ვუსმენდი… კვირაში სამი დღე მაიაკოვსკის ძეგლთან, დიდ წიგნების მაღაზიაში ნებისმიერი ფასის უამრავ წიგნს ვყიდულობდი. ინსტიტუტის პრორექტორმა ბიბლიოთეკისთვის წიგნების შეძენა დამავალა და არჩევანის სრული თავისუფლება მომცა. მაშინ ცხოვრება მოსკოვში ძალიან ჭირდა, რომ არა ეს დავალება, საჭირო წიგნებს ვერ ვიშოვიდი და ვერც წავიკითხავდი. ასე რომ, გამიმართლა. 

– ამბავი, რომელმაც თქვენი ცხოვრება გარკვეულად შეცვალა…

— ერთ ასეთ ამბავს გავიხსენებ, რომელმაც ჩემი ცხოვრება მართლა შეცვალა: 1991 წლის მარტში სემინარიის მე-2 კურსის სტუდენტი ჩემ მეგობართან ერთად მაშინდელ საქართველოსა (ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის) და თურქეთის საზღვარზე გადავიპარე. მავთულხლართებით თურქეთის სოფელ მელიქფაშაში გადავედი. თურქეთის ქალაქ ფინდიკლში დაგვაკავეს. თვენახევარი ართვინში გავატარეთ. საფრანგეთში სასწავლებლად წასვლას ვითხოვდით, ჩემი მეგობარი უნივერსიტეტის ფრანგულ ფაკულტეტზე სწავლობდა. მე დარჩენა და სტამბულის უნივერსიტეტში რუსულ ფაკულტეტზე სწავლა, ბინა და დახმარება შემომთავაზეს. უარი ვთქვით და საქართველოში უკან დაბრუნება მოვითხოვეთ. როცა დავბრუნდით, ურჩობის გამო სემინარიიდან გამრიცხეს და მონასტერში მოსანანიებლად წასვლა შემომთავაზეს. არ წავედი. ამის გამო რექტორს უშიშროება მიუვარდა და დაემუქრა. მერე გაზეთშიც გამწერეს, ოღონდ რომელში, აღარ მახსოვს. ერთი სიტყვით, დავრჩი ასე. ამის მერე მოსკოვში, პირდაპირ პროტესტანტულ ამერიკულ ინსტიტუტში სასწავლებლად წასვლა გადავწყვიტე, რაშიც ახლობელი ადამიანი დამეხმარა. სწავლა მინდოდა, მაგრამ იმ არეულობაში სწავლა კი არა, თავის გამოკვებაც პრობლემა იყო.

– ბატონო გოჩა, ასეთი ხიფათიანი, მაგრამ საინტერსო ცხოვრება გაიარეთ, შეგიძლიათ თქვათ, რა არის ბედნიერება?

— ბედნიერება ბედნიერების მოლოდინშია. მისკენ როცა მივილტვით, სიცოცხლეს მთელი ინტენსივობით მაშინ ვგრძნობთ. ეს სამყარო მისთვის არ არსებობს, რომ ჩვენ გაგვაბედნიეროს. სამყაროს გზა – ბედნიერების სურვილია. მასზე ოცნება ადამიანს თავბრუს ახვევს და ამ ილუზიურ ბადეში მოხვედრილი წამოიწყებს გზას, რომელსაც ცხოვრება ჰქვია… ხოლო რასაც ჩვენ აქ ვაწყდებით ბედნიერების სახით, ეს საპნის ბუშტებია – შეგვიძლია ვუცქიროთ, მივუახლოვდეთ, შევათვალიეროთ, მაგრამ სახლში მას ვერ წავიღებთ, ვერც მეორე დილით ვიხილავთ. ბედნიერება გაელვებაა, წამებია. ეს არ არის ადამიანის მუდმივი მდგომარეობა, მაგრამ ამ წამების გარეშე სიცოცხლე უაზრობა იქნებოდა…

456