თეა დარჩია - ჯეირანი

თეა დარჩია თავისი აღსაზრდელებისათვის ახალი სტუდიის შექმნაზე ოცნებობს

1161
(განახლებულია 23:13 29.03.2016)
რუსუდან შაიშმელაშვილი
მას საქართველოში ყველა ცეკვის მოყვარული იცნობს. სასურველი სტუმარია ნებისმიერი სცენისა თუ ეკრანისათვის. ჰყავს უამრავი მოსწავლე - ბავშვებიც, დიდებიც და თქვენ წარმოიდგინეთ კარგად მოწიფული ქალბატონებიც კი. დილიდან საღამომდე დაუღალავად შრომობს და ქართული როკვის გენიას აღვივებს ყველა თაობაში. ამ ყველაფერთან ერთად კი ოთხი არაჩვეულებრივი შვილის დედაა!

ჩვენი დღევანდელი სტუმარი, ყველასათვის საყვარელი ქალბატონი, სუხიშვილების გამორჩეული სოლისტი — თეა დარჩიაა, რომელსაც თავისავე სტუდიაში ვესტუმრეთ. 

სტუდიაში რეპეტიცია მიმდინარეობდა. იმდენად გამიტაცა ულამაზესი და უსაყვარლესი პატარა ანგელოზების ყურებამ, ისე საოცრად ცეკვავდენენ პედაგოგთან ერთად, რომ რამოდენიმე წუთით გავჩერდი…

აღსაზრდელებთან ერთად
FB/Tea Darchia
აღსაზრდელებთან ერთად

- მოგესალმებით და პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ იმ სიკეთისათვის,  რასაც თქვენ ამ პატარებისთვის აკეთებთ. საინტერესოა საიდან გაგიჩნდათ ამის კეთების სურვილი?

— დიდი მადლობა… ერთ მშვენიერ დღეს, მანეთი გადაიქცა კუპონად და ფული გაქრა. ფული გვეჭირა ხელში და რეალურად პურსაც კი ვერ ვყიდულობდით და მიხვდი, რომ ასე ჩემი ოჯახი დიდხანს ვერ გაქაჩავდა.  გადავწვიტე გამეკეთებინა ის საქმე, რაც ყველაზე კარგად გამომდიოდა. გავხსენი საკუთარი სტუდია. თავიდან სამი ბავშვი მყავდა, შემდეგ მათი რიცხვი გაიზარდა, გაიზარდა და თქვენი თვალით ხედავთ სადამდეც მოვედით.

- თქვენ უკვე რამდენიმე თაობა გაზარდეთ, როგორ ახერხებდით „სუხიშვილების“ ანსამბლში ყოფნისას, პარალელურად ამ საქმის კეთებასაც?

— ღვთის წყალობით თავისთავად გამომდიოდა. ამ 30 წლის განმავლობაში, მართლა არა ერთი თაობა გავზარდე. თავიდან ხან პროფკავშირებში ვიყავი, ხან პირველ ექსპერიმენტალურში  და ასე ვწვალობდით. დღესდღეობით კი, სტუდია გავაკეთე ჩემივე სახლში მესამე სართულზე. ასე ვთქვათ მისაღები გადავაკეთე სტუდიად და 70კვ-ში ვასწავლი 100-მდე ბავშვს.

თეა დარჩია რეპეტიციაზე
FB/Tea Darchia
თეა დარჩია რეპეტიციაზე

- და როგორ ატევთ ამდენ ბავშვს ერთად?

— ძალიან ვიწროდ ვართ. პლასტიკა-სტატიკაში რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ. ბავშვებს  მოტივაცია სჭირდებათ კონცერტების სახით, ცეკვების დადგმა და ამისათვის ეს 70 კვადრატული მეტრი  ნამდვილად არ გვყოფნის მე და ჩემს ანგელოზებს. ეხლა უკვე გვჭირდება დიდი სივრცე. დავწერე ძალიან კარგი პროექტი, რომელიც მოიცავს სარეპეტიციოსაც, გასახდელსაც და ასე შემდეგ.  გათვალისწინებული მაქვს პატარა თეატრის სცენაც მაყურებლის დარბაზთან ერთად. ეს იქნება საზაფხულო სცენა ბალახით გადახურული, ულამაზესი შენობა ეზოში. მაგრამ არ გვაქვს ფინანსური სახსრები ამ ყველაფრის განსახორციელებლად. როცა 4 შვილი გყავს ცოტა რთულია ამისათვის თანხის მოგროვება…

- რა თანხაზეა საუბარი?

— ზუსტად 200 ათასი ლარზე.  ეს ის თანხაა,  რითაც მე ამ ყველაფერს განვახორციელებ.

- რით იქნება კიდევ ახალი სტუდია გამორჩეული?

— გარდა რეპეტიციების, ღია გაკვეთილებისა  და პატარ-პატარა კონცერტებისა, კვირაში ერთი დღე გვექნება ფილმების რეტროსპექტივისათვის. თუ რაიმე ფილმი არსებობს ცეკვასთან დაკავშირებით, ჩვენთან მოეწყობა ჩვენება, რადგან ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ ცეკვა მხოლოდ ის არ არის რასაც ჩვენთან ტელევიზიით ხედავენ. ცეკვას აქვს ძალიან ბევრი წახნაგი. რამდენი ერიც არსებობს იმდენი ცეკვაა.  ასევე ვაპირებ ბავშვები ეზიარონ  ცეკვის ისტორიას. კვირაში ერთი დღე იქნება, მიძღვნილი მიუსაფარი და მზრუნველობას  მოკლებული ბავშვებისათვის. მეყოლება ორი უსასყიდლო ჯგუფი — მზუნველობამოკლებულ ბავშვებისათვის და დაუნის სინდრომის მქონე პატარებისათვის, სადაც ცეკვა მათთვის  ერთგვარი თერაპია იქნება.  ძალიან ბევრი რამის გაკეთებას ვგეგმავ. ვაპირებ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიყვანო უმაღლესი კლასის  პროფესიონალები, რომლებიც ჩემს ბავშვებთან მასტერკლასებს ჩაატერებენ. სპეციალურად ასეთი სტუმრებისათვის, ცალკე ოთახიც კი არის განკუთვნილი ჩემს პროექტში. როგორ გითხრათ ის რაც მაქვს ჩაფიქრებული, თუ ღვთის წყალობით შევძელი  და განვახორციელე, დამერწმუნეთ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა თაობას განსაკუთრებით გამოადგება.

თეა დარჩია სცენაზე
FB/Tea Darchia
თეა დარჩია სცენაზე

- ქალბატონო თეა, იმდენად დიდ და მასშტაბურ  პროექტზე საუბრობთ, თავისთავად მებადება კითხვა, მიმართეთ თუ არა სახელმწიფო სტუქტურებს და რა პასუხი მიიღეთ მათგან?

— რა თქმა უნდა, მივმართე მერიასაც, კულტურის სამინისტროსაც და სხვადასხვა ინსტანციებსაც, მაგრამ რახან ამას ჩემივე სახლში, ჩემივე ეზოში ვაპირებ, ამიტომ ისინი მეუბნებია, რომ მათ ინტერესში ეს პროექტი არ შედის. (ეღიმება) მაგრამ მე ერთი კითხვა მებადება, რატომ არ აინტერესებს სახელმწიფოს, ჯამრთელი, სრულყოფილი, უკომპლექსო, ბედნიერი თაობების გაზრდა? მე მგონი, ეს უნდა იყოს მათთვის მთავარი პრიორიტეტი.

- დიდი მადლობა.  გისურვებთ უახლოეს პერიოდში ამ პროექტის განხორციელებას და დიდ წარმატებებსაც!

 

 


1161