შორენა ბეგაშვილი

შორენა ბეგაშვილი: როცა ყვავილი ბრილიანტზე ძვირფასია

1076
(განახლებულია 18:34 08.03.2016)
შორენა ბეგაშვილი, ქართველი სექს-სიმბოლო, პოპულარული ჟურნალ „ფლეიბოიში“ გადაღებული ფოტოების შემდეგ გახდა. შემდეგ იყო საავტორო გადაცემა „ღამე შორენასთან“. ამჟამად - გადაცემა „იღბლიანი ბორბალი“. ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის საკუთარი ქალიშვილი ევაა.

Sputnik-თან ინტერვიუში შორენა ბეგაშვილმა ისაუბრა სიყვარულზე, სიგიჟეებზე და ბედზე.

— 8 მარტი ჩემთვის ასოცირდება ყვავილებთან, შოკოლადთან და, რა თქმა უნდა, სიყვარულთან. ეს ისეთი მსუბუქი და ყველაზე საყვარელი დღესასწაულია… როგორ აღვნიშნავ? რა ვიცი, ალბათ საყვარელ ადამიანთან ერთად. ხან ვმუშაობ, ესეც ხდება, უფრო სწორად, ძირითადად ვმუშაობ ხოლმე. წინასწარ გათვლილი არ მაქვს, რომ, მაგალითად, დღეს აუცილებლად რესტორანში უნდა ვიჯდე სანთლის შუქზე… ვერ ვგეგმავ ჩემს ცხოვრებას ისე, როგორც მინდა… 

შორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილის არქივიდან
შორენა ბეგაშვილი

– როგორია თქვენი  სამომავლო გეგმები? 

— სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ისევ და ისევ სარეკლამო პროექტებზეა საუბარი, ჯერჯერობით უფრო დეტალურად ვერაფერს ვიტყვი, რადგან ყველაფერი მოლაპარაკების დონეზეა. ცოტა ხნის წინ გავხდი „მონტაგოს ყვავილების“ სახე და ვაგრძელებ მუშაობას ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ში. 

– რას ისურვებდით სარვამარტოდ?

— ქალებს ბევრ ყვავილს, დიდ სიყვარულს… და კაცებს ვუსურვებდი, რომ ცოტა ყურადღებით იყვნენ და იცოდენ, რითი გაახარონ თავიანთი მანდილოსნები. არ დაივიწყონ ისინი, გული არ დაწყვიტონ. 

– ახლა თუ ხართ შეყვარებული ან გატაცებული?

— გატაცებული, რა თქმა უნდა, ვარ და შეყვარებული ვარ, თუმცა, სერიოზული გრძნობა, დიდი სიყვარული, მგონია, რომ წინ არის…

ნამდვილი სიყვარული საკმაოდ დიდ ასაკში მეწვია, ასე, 25–26 წლის ვიყავი. როდესაც ადამიანი ჩამოყალიბებული ხარ, იცი რა გინდა, როგორი მამაკაცი გინდა. ნამდვილი ხომ ის არის, რომელიც არ გავიწყდება არასდროს და მუდამ იხსენებ. ვფიქრობ, საკმაოდ გვიან შემიყვარდა პირველად და ნამდვილად. იქამდე, სკოლის წლებში, სიყვარული უფრო გატაცება იყო. 

შორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილის არქივიდან
შორენა ბეგაშვილი

— ანუ, განსხვავება გატაცებასა და სიყვარულს შორის არსებობს? 

— კი, იმიტომ, რომ როცა პატარა ხარ, ვერ ხვდები, ეს გატაცებაა თუ ნამდვილი სიყვარული, ვერ ანსხვავებ, ნამდვილი გრძნობაა ეს თუ არა…

– და როგორ უნდა განასხვავოს ადამიანმა გატაცება სიყვარულისგან?

— ამას, უბრალოდ, დრო აჩვენებს. დროზე კარგი გამოცდა არ არსებობს. ბევრი ადამიანი მინახავს, რომელიც დიდხანს ხვდება თავის საყვარელ ადამიანს, მომავალ მეუღლეს, მაგრამ მერე, ერთ თვეში ოჯახები ენგრევათ. არის ისეთი სიყვარული, რომელიც ამართლებს და წყვილი მერე მთელი ცხოვრება ერთად არის. დრო, ალბათ, ყველაფერს წყვეტს, ჩვენ ცხოვრებასაც და ჩვენ ბედსაც, და ის გვიჩვენებს, რომელია ნამდვილი სიყვარული — ის, რომელიც დროს უძლებს.

– თქვენზე შეყვარებულ მამაკაცებს ყველაზე დიდი სიგიჟე რა ჩაუდენიათ? 

— ძალიან  ბევრი რამე. თუნდაც ის, რომ რამდენიმე წლის წინ, რაღაც კონცერტზე ვიყავი თურქეთში, თანაც ჩემი დაბადების დღე იყო და ეკრანზე დაეწერა – შორენა, გილოცავ დაბადების დღეს. ეს იყო ჩემთვის დიდი შოკი. ვფიქრობ, ასეთი სიურპრიზები უფრო გამახსოვრდება, ვიდრე რაღაც ძვირფასი ბეჭედი… და გემრიელი შოკოლადი უფრო გამახსოვრდება, ვიდრე ძვირადღირებული საჩუქარი. 

– თქვენ თუ ჩაგიდენიათ რაიმე სიგიჟე სიყვარულის გამო? 

— კი, ჩამიდენია. ერთხელ ჩავაკითხე ჩემს მეგობარს იმდენად შორს, რომ მე თვითონაც არ ვიცოდი, როგორ და რანაირად. ეს იყო ჩემი მხრიდან წარმოუდგენელი, იმიტომ, რომ არ მიყვარს მარტო მოგზაურობა, მარტო სიარული, ასე გავაკვირვე. და, ვფიქრობ, ამით ძალიან გავახარე.

– ყველაზე დასამახსოვრებელი საჩუქარი რა მიგიღიათ მამაკაცებისგან?

— მე მგონი, არც ბრილიანტი ახსოვს ქალს და არც სხვა ძვირადღირებული საჩუქარი. ყველაზე კარგად მახსოვს ის თაიგულები, რომლებსაც მჩუქნიდნენ, იმდენად ლამაზი ემოცია მოდის ამ დროს, რომ თიგულები, ბუშტები უფრო მახარებს, ვიდრე, ვთქვათ, რაღაც ძვირფასი ნივთი. 

შორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილის არქივიდან
შორენა ბეგაშვილი
 

– იმას თუ აქვს მნიშვნელობა, ვინ გიკეთებთ ამ საჩუქარს, რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი?

— რა თქმა უნდა, აქვს. რამდენ ადამიანს შეუძლია მაჩუქოს თაიგული, მაგრამ ყველასგან არ მიხარია, რა თქმა უნდა. თუ ადამიანი განსაკუთრებულია, იმ შემთხვვეაშია ის თაიგულიც შენთვის საყვარელი და ძვირფასი.

– როგორი მამაკაცები მოგწონთ?

— კონკრეტულად ვერ დავასახელებ. იმიტომ, რომ ბედი რას გვიმზადებს, არავინ იცის. კონკრეტულად არც მაქვს რაღაც ტიპაჟი. უბრალოდ, ალბათ, ძალიან უნდა ვუყვარდე, ძალიან უნდა მანებივრებდეს, ძალიან უნდა ზრუნავდეს ჩემზე. კონკრეტული ტიპაჟი ნამდვილად არ მყავს.

– როგორ ფიქრობთ, არსებობს მარადიული სიყვარული?

— კი, რატომაც არა! თუ მოუფრთხილდები, შეგიძლია შენ თვითონვე ასაზრდოო და გაახანგრძლივო სიყვარული. სიყვარულის ყველაზე კარგი გამომცდელი დრო არის, იმიტომ, რომ შენ უშვებ შეცდომებს, შენი მეორე ნახევარიც უშვებს შეცდომებს და პატიება, გაგება, რაღაცის მოთმენა, რაღაცის დათმობა თუ იცი, მაშინ, რა თქმა უნდა, ის სიყვარული მარადიული იქნება. სიყვარული ეკლების გარეშე არ არსებობს. იდეალურ შემთხვევაშიც კი რაღაცები ხდება, ვიღაცას ვიღაცისკენ გაურბის თვალი. ამის პატიება თუ არ ისწავლე, ძნელია და რთულია.

– ღალატის პატიება თუ შეგიძლიათ? 

— რა თქმა უნდა, მაგრამ ამის მერე რა ხასიათზე ვიქნები, ნამდვილად არ ვიცი, თუმცა, ღალატს კი ვაპატიებ, მაგრამ მერე, ალბათ, ცხვირში ამოვადენ აუცილებლად. 

– რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია ურთიერთობებში სექსი?

— ვფიქრობ, რომ სექსი ურთიერთობის ხანგრძლივობისთვის ერთ–ერთი მთავარი ფაქტორია. როცა ორი ადამიანი ამაში ერთმანეთს ეწყობა, მაშინ უკვე სხვა დანარჩენი უფრო მარტივია. მე ასე ვფიქრობ… უფრო ადვილად უგებ და უფრო აღარ გეთმობა ის ადამიანი, ყველაფერს მოითმენ კარგი ურთიერთობისთვის და ბევრ რამეზე დახუჭავ თვალს. 

– ხშირად ერევათ ხოლმე ერთმანეთში ადამიანებს სექსუალური ლტოლვა და სიყვარული? 

— შესაძლებელია, რომ აერიოს, როცა იმდენად კარგად არის ადამიანი, რომ ჰგონია, უყვარს. თუმცა მერე, როგორც წესი, ეს უნდა გადაიზარდოს დიდ სიყვარულში, იმიტომ, რომ ყოფილა ჩემ გარშემო ისეთი შემთხვევები, როცა უბრალოდ ერთად იყვნენ და მერე ისე შეუყვარდათ ერთმანეთი, რომ დღეს ოჯახები აქვთ და ძალიან კარგად არიან, ამიტომ გამორიცხული არაფერია. 

შორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილის არქივიდან
შორენა ბეგაშვილი

– ერთი ნახვით შეყვარების თუ გჯერათ? 

— რთულია ასე თქვა — ერთი ნახვით შეყვარება. თუმცა, ერთი ნახვით სიმპათია — კი, მაგრამ უცბად რომ გაგიჟდე და თქვა, რომ ამის გარეშე მე ვერ ვიცოცხლებ… არ ვიცი. თუ არ იგრძენი ის ადამიანი, თუ არ იცი მისი ხასიათი, თუ ის ძვირფასი არ გახდა შენთვის, თუ რაღაც საერთო არ გაქვთ… ჩემთვის ცოტა არაბუნებრივია ერთი ნახვით შეყვარება. საერთოდ, ძალიან რთულად გამომდის ეს ყველაფერი და ერთი ნახვით რომ შემიყვარდეს, საერთოდ გაოცებული ვიქნები.

– გარეგნობა რამდენად მნიშვნელოვანია ურთიერთობებში? 

— ამას, მე მგონი, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. 

– რას აკეთებთ იმისთვის, რომ სულ ფორმაში იყოთ? გაქვთ რაიმე საიდუმლო? 

— არანაირი საიდუმლო, ყოველთვის არის ჩემს სახლში გემრიელი ნამცხვრები, იმიტომ, რომ მეც და ჩემს შვილსაც ტკბილეული ძალიან გვიყვარს. უბრალოდ, როცა ვფიქრობ, რომ ცოტა წონაში მოვიმატე, მაქვს სახლში ტრენაჟორი, ვვარჯიშობ და მე თვითონ ვდგები ფორმაში. ყველაზე კარგი წონის შენარჩუნებისთვის არის ის, რომ დამლაგებელი არ აიყვანო და შენით გააკეთო ყველაფერი. ეს საუკეთესო საშუალებაა.

– თქვენ მარტო სილამაზით არ ხართ ცნობილი, თქვენ ასევე ცნობილი ხართ თამამი ფოტოებითაც. როგორ უყურებენ ამას თქვენი ახლობლები ქართველების მენტალიტეტიდან გამომდინარე? 

— ერთადერთი ჩემი გახსნილი (თამამი) ფოტოები იყო ჟურნალ „ფლეიბოიში“. მას მერე, ფაქტობრივად, ასეთი ფოტოები აღარ მაქვს. ამას ჰქონდა თავისი ეტაპი, თავისი გათვლა და ამან თავისი საქმე შეასრულა. ახლა მე, უბრალოდ, აღარ მჭირდება მსგავსი ფოტოები. დღეს რამდენიმე ფირმის სარეკლამო სახე ვარ და, პირიქით, იმდენად სხვა იმიჯი მაქვს, რომ, მე მგონი, „ფლეიბოი“ დღეს არც არავის ახსოვს.

რაც შეეხება ნათესაობას. რომ გითხრათ, ჩამოვუარე და სათითაოდ ვკითხე აზრი-მეთქი, მოგატყუებთ. ეს ჩემი საქმე იყო, უკვე ზრდასრული ვიყავი და თვითონ ვწყვეტდი, ჩემს ცხოვრებაში რა უნდა ყოფილიყო. და იმ ქვეყანაში, სადაც პროდიუსერი არ გყავს და შენ გიწევს ყველაფრის გათვლა, მე მგონი, ყველაფერი სწორად გავთვალე, რადგან ახლა თქვენ მე მელაპარაკებით. დღემდე აქტიურად ვჩანვარ ამა თუ იმ სარეკლამო რგოლებში. 

– მამაკაცი, რომელსაც მოსწონხართ, როგორ აღიქვამს თქვენს პოპულარობას?

— არ ვიცი, მე მგონია, რომ არ აღიზიანებს, თუმცა, ძალიან გამაღიზიანებელია ერთი მხრივ, როცა სადმე მივდივართ და ყველა მიცნობს და მიყურებს, მაგრამ უკვე იმდენად შევეჩვიე, რომ ვეღარ აღვიქვამ. რაც შეეხება ეჭვიანობას, მამაკაცი, რომელთანაც ვარ, დარწმუნებულია, რომ მასთან ვარ და სხვისკენ არ ვიყურები და თუ ვიღაც დილის 5 საათზე სასიყვარულო მესიჯს მწერს, ეს ბუნებრივია. და ეს იყო და იქნება. ვიღაცას სიყვარულის ახსნა თუ მოუნდება, როგორ დაუშლი?! ხშირად მართლა გამაღიზიანებელია მამაკაცისთვის, როცა დილით, უთენია გირეკავენ და გეუბნებიან, „შორენა, მიყვარხარ“. ალბათ მამაკაცი ამასაც უნდა შეეგუოს, იმიტომ, რომ ეს ასე ხდება. 

– ურთიერთობის გასამყარებლად რას ურჩევდით წყვილებს? 

— საქართველოში ურთიერთობას, ძირითადად, ბავშვებით ამყარებენ. თუმცა, დიდი სიყვარული თუ არის, იქ გამყარებაც აღარ არის საჭირო. 

– ბედისწერის გჯერათ? 

— მე ვფიქრობ, რომ მაინც ბედია ყველაფერი, იმიტომ, რომ ჩვენ რაც არ უნდა მოვინდომოთ და ვინერვიულოთ, მგონია, რომ ბედს ვერ გადავახტებით და რაც გვიწერია, მაინც ის იქნება და ისე მოხდება. ჩვენ ხომ პატარა ადამიანები ვართ…


1076