მსოფლიო ჩემპიონი კიკბოქსინგში გოჩა ფასეიშვილი

ტაისონის გურული მეგობარი, კაშპიროვსკის „ტრენერი“ და წიფნარელი მასწავლებლის წყევლა

3027
(განახლებულია 12:36 13.07.2017)
Sputnik-ის ჟურნალისტი ესაუბრა ბრუკლინში მცხოვრებ ქართველ სპორტსმენს, გოჩა ფასიეშვილს, რომელიც მსოფლიოს, ინტერკონტინენტალის ჩემპიონი და კიკბოქსინგში ამერიკის ვიცე-ჩემპიონია. ის ამერიკაში თავის დროზე ჩაკ ნორისმა მიიწვია, მეგობრობს მაიკლ ტაისონთან და კაშპიროვსკის ავარჯიშებს.

თავის დროზე, გურიის სოფლიდან თბილისში ჩამოსული ბიჭი ალბათ ვერც იოცნებებდა იმაზე, რაც მისთვის დღეს ჩვეულებრივი ცხოვრებაა. სპორტული კარიერის პირველ ეტაპზე, ანუ ქართულ-საბჭოურ პერიოდში მან კრივსა და კიკბოქსინგში საქართველოსა და საკავშირო არა ერთი ჩემპიონატი მოიგო და კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე პირველი ქართველი გახდა. ერთ მშვენიერ დღეს ის მსახიობმა ჩაკ ნორისმა მიიწვია, რის შემდეგაც გონება ამერიკული ოცნებით „მოეწამლა“, რაც საბოლოოდ აისრულა კიდეც. მისი ძლიერი ქართული ხასიათი ყველაფერში ვლინდებოდა. ერთხელ ატლანტა სითიში გამარჯვების შემდეგ საბჭოთა კავშირის ჰიმნის ნაცვლად ამერიკელებს,,წინწყარო“ და,,ოროველა“ მოასმენინა. დღეს იგი მსოფლიოს, ინტერკონტინენტალის ჩემპიონი და კიკბოქსინგში ამერიკის ვიცე-ჩემპიონია. ოჯახთან ერთად ბრუკლინში, სამსართულ სახლში ცხოვრობს და მის ცნობილ მეგობრებს შორის მაიკლ ტაისონი, შეგირდებს შორის კი კაშპიროვსკია, ამერიკელები დაბადების დღეზე სიურპრიზს უწყობენ, ზაფხულობით კი ლას ვეგასში ისვენებს. უფრო ვრცლად და გურული იუმორით საკუთარ ცხოვრებაზე წარმატებული სპორტსმენი, გოჩა ფასეიშვილი თავად მოგვითხრობს.

გოჩა ფასეიშვილის ჯილდოები
გოჩა ფასეიშვილის ჯილდოები

- გოჩა, როგორია თქვენი ცხოვრების ამერიკული ამბავი?
— 14 წლის ვიყავი, როდესაც სასწავლებლად გურიის სოფელ წიფნარიდან  რუსთავში ჩამოვედი. საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. სოფლიდან ჩამოსულს ბევრი სხვანაირად მიყურებდა და ჩემს დაჩაგვრას ცდილობდა. მივხვდი, პირველ რიგში თავის დაცვა უნდა მესწავლა. ცნობილი მოკრივის დავით კვაჭაძის გამოსვლებს ინტერესით ვადევნებდი თვალს და მეც მინდოდა ჩემპიონი ვყოფილიყავი. 1998 წელს მსახიობ ჩაკ ნორისისგან მოწვევა მომივიდა. მოგეხსენებათ, თავის დროზე ის ამერიკისა და მსოფლიოს ჩემპიონი იყო კარატესა და კიკბოქსინგში და საერთაშორისო შეჯიბრებებს ყოველ წელს ატარებდა. მოკლედ ამერიკის საკონსულოში ვიზა მომცეს, რაც მაშინ სასწაულს ნიშნავდა, მაგრამ გზის ფული ვერ ვიშოვე და ვერ წავედი. შეჯიბრება ორი თვის დამთავრებული იყო, როცა სამგზავრო  ფული ვაი-ვაგლახით შევაგროვე და ამერიკაში მაინც ჩამოვედი. იმ დროს აქ ქართველები ცოტანი იყვნენ. რამდენიმე ღამე ქუჩაში სკამზე მეძინა და მალე ჩემი 120 დოლარიც გამითავდა. ინგლისური არ ვიცოდი, მაგრამ რამდენიმე კვირა ბენზინგასამართ სადგურზე მაინც ვიმუშავე. პარალელურად ვეძებდი ისეთ სპორტულ კლუბს, რომელიც შეჯიბრებებზე გამიყვანდა. მივედი ლუის ნეგლიას აკადემიაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პრომოუტერი და შეჯიბრების ორგანიზატორია. ასე გავხდი პროფესიონალი კიკბოქსიორი. ყველა მოწინააღმდეგე ჩამოვიშორე და უფლება მოვიპოვე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის მებრძოლა.

1998 ჩემპიონატის აფიშა
FB/ Paseishvili Gocha
1998 ჩემპიონატის აფიშა

- ამერიკაში ერთი შეჯიბრების შემდეგ საბჭოთა კავშირის ჰიმნის ნაცვლად დარბაზს თურმე,,წინწყარო“ მოასმენინეთ, როგორ იყო ეს ამბავი?
— ეს შეჯიბრება ატლანტი სითიში კაზინო,,ტროპიკანაში“ 1998 წლის 19 სექტემბერს ჩატარდა. სწორედ მაშინ საბჭოთა კავშირის ჰიმნი უნდა გაეშვათ, მე კატეგორიული უარი ვთქვი. ჩემს ძმას, ვახტანგს მანქანიდან ანსამბლ,,რუსთავის“ კასეტა მოვატანინე და დარბაზს ჰიმნის ნაცვლად,,წინწყარო“ და შემდეგ,,ოროველა“ მოვასმენინე. მთელმა მსოფლიომ ნახა, როგორ დავამარცხე ცნობილი სპორტსმენი ვიზიო, მაგრამ გამარჯვება მაინც მას ჩაუთვალეს. მახსოვს, როგორ ყვიროდნენ ამერიკელები- გოჩა ჩემპიონიაო. იმ წელს მსოფლიო რეიტინგში მეორე ნომრად დამასახელეს. არც რუსთავში და არც ჩოხატაურში, სადაც დავიბადე საუკეთესო სპორტსმენთა ათეულშიც კი არასოდეს დავუსახელებივარ. შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონი და ინტერკონტინენტალის ჩემპიონი გავხდი, ასევე ამერიკის ვიცე-ჩემპიონი კიკბოქსინგში.

გოჩა ფასიეშვილი მეუღლესთან და ანატოლი კაშპიროვსკისთან ერთად
გოჩა ფასიეშვილი მეუღლესთან და ანატოლი კაშპიროვსკისთან ერთად


- ანატოლი კაშპიროვსკისთან რა ურთიერთობა გაქვთ?
— ანატოლი კაშპიროვსკი ამერიკაში, ერთ სპორტდარბაზში გავიცანი. არასდროს მინახავს ასეთი ფიზიკური ძალის პატრონი, ის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ფსიქოთერაპევტია, მან რამდენიმე წამში ცხვირის სუნთქვის პრობლემა აღმიდგინა. დღესაც ოჯახებით ვმეგობრობთ. ჩვენს ვარჯიშებს და იმ მომენტს, სადაც მან NTV-ს სტუდიაში ერთი კაცი გათიშა, მსოფლიოს სხვადასხვა არხი დღესაც ხშირად აჩვენებს.
-,,გურულები ამერიკაში“ —ძველი და ნაცნობი თემაა — თქვენი სახით ეს თემა კიდევ ერთი საინტერესო პერსონაჟით გამდიდრდა…
— გურულები ამერიკაში კარგ მოჯირითეებად იყვნენ ცნობილი, მაგრამ მათ რატომღაც რუსებად თვლიდნენ და გურულ კაზაკებს ეძახდნენ. ამ მოჯირითეებს შორის ქალებიც იყვნენ. მართალი ხართ, ახლა ჩემი სახით ამერიკას კიდევ ერთი გურული სპორტსმენიც შეემატა. რა მახსენდება იცით? გურიაში, სკოლაში ჩემი მასწავლებელი სულ მწყევლიდა: შენ წადი მოუსვლელშიო და ხომ ხედავთ, სად ვარ? ასე რომ, თუ ვინმეს ამერიკაში ჩამოსვლა უნდა, ჩემს სოფელში ჩავიდეს, დააწყევლინოს თავი გურულ ქალს და ამერიკის ვიზას უპრობლემოდ მისცემენ.
- თქვენს ერთ დაბადების დღეზე ამერიკელებმა საოცარი სიურპრიზი მოგიწყვეს როგორ იყო ეს ამბავი?
— ის დაბადების დღე ჩემთვის მართლაც დაუვიწყარია. საღამო მომიწყვეს ატლანტა სითიში, სადაც მაიკლ ტაისონიც დაპატიჟეს. ეს იყო კაზინო,,სიერზში“, საიდანაც დამირეკეს და მთხოვეს, მე და ჩემი მეუღლე აუცილებლად ჩავსულიყავით, მითხრეს, რომ სასტუმრო გადახდილია, რესტორანი შეკვეთილი და 5000 დოლარიც გამზადებულია საჩუქრადო. ამის გარდა გამაფრთხილეს, ერთი სიურპრიზიც გელისო. როცა ადგილზე ჩავედით, იქ ტაისონი დაგვხვდა… თბილად ვისაუბრეთ და მას მერე დავმეგობრდით.

გოჩა ფასიეშვილი და მისი მეუღლე მაიკლ ტაისონთან ერთად
გოჩა ფასიეშვილი და მისი მეუღლე მაიკლ ტაისონთან ერთად

- ყველაზე უფრო რა მოგწონთ ამერიკულ ცხოვრებაში?
— ყველაზე მეტად ამერიკაში ის მომწონს, რომ აქ ადამიანი 21 წლამდე არასრულწლოვნად ითვლება და სიგარეტსა და სასმელს ვერ იყიდის, კაზინოშიც არ შეუშვებენ. ჩვენთან კი 15 წლის ბავშვს- კაცი ხარო- ეუბნებიან. თამადად ირჩევენ, სმის ნებასაც რთავენ და სიგარეტსაც აწევინებენ. მერე კი ჯარში წასვლის დროს  ირკვევა, რომ ის უკვე,,დაბრაკულია“. კიდევ ამერიკაში ის მომწონს, რომ აქ თითქმის ყველა ვარჯიშობს, რაც უნდა მძიმე სამსახური ჰქონდეს კაცს, სავარჯიშო დროს მაინც პოულობს. ქუჩაში მოვარჯიშე კაცს ღამის სამ საათზეც დაინახავთ, კარგი იქნება, თუ ქართველები ამერიკელებს ამაში მივბაძავთ.
- რომელ ამერიკულ წესს თუ ჩვევას ვერ მიიღებთ?
— რასაც ვერასდროს შევეგუები ამერიკაში ის არის, რომ კაცმა გინდა ცოლი მოიყვანე, გინდა გათხოვდი, სულ ერთია, ასევეა ქალებზეც. აქ ქალს უფრო მეტი ცოლი მოჰყავს, ვიდრე თხოვდება. ერთ ამბავს მოგიყვებით: ერთხელ მე და ჩემი ძმა ქუჩაში შვილს ვასეირნებდით და ბავშვმა რამდენჯერმე მამა დამიძახა, რაც ინგლისურად დედას ნიშნავს. ჩემთან ერთი ცისფერი მოვიდა და მეუბნება: რომ იცოდე, როგორ მინდა მეც დედა ვიყოო, ანუ თავისიანი ვეგონე…
- თქვენს ტრადიციულ ოჯახზე მოგვიყევით…
— ჩემი მეუღლე, ტანია, უკრაინელია, პროფესიით ტანსაცმლის დიზაინერია. ის ჩემი მოსწავლე იყო, კიკბოქსინგში ვავარჯიშებდი. როცა ვკითხე კიკბოქსინგი რატომ აირჩიე მეთქი, ასე მიპასუხა: როცა გავთხოვდები, ქმარი უნდა დავჩაგროო, მე სულელმა კი ყველა ილეთი ვასწავლე. ამიტომ როცა ცოლად გამომყვა, მას მერე ასე დაჩაგრული და ენა ჩაგდებული ვარ. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით.  ერთად კარგად ვართ, ბრუკლინში საკუთარი სახლი შევიძინე და მწვრთნელად ვმუშაობ. გვყავს 3 წლის გოგონა, რენე, რომელიც ძალიან სპორტული ბავშვია, ყოველ დღე ერთად ვვარჯიშობთ. სამომავლოდ გეგმებიც გვაქვს, ვნახოთ რა იქნება. ზაფხულში მე, ჩემი მეუღლე, შვილი და ძმა მაიკლ ტაისონთან ვაპირებთ სტუმრად ჩასვლას ლას-ვეგასში, სადაც მის დარბაზში უნდა ვივარჯიშოთ.
- დიდი მადლობა საუბრისთვის და ლას-ვეგასის მერე საქართველოშიც გელოდებით.

3027
თემები:
ქართველები უცხოეთში 2018 (152)
ალექსანდრ ბასტრიკინი

ბასტრიკინი: ნეონაციზმი და რევანშიზმი ევროპას ჯერჯერობით არ აშინებს

63
(განახლებულია 20:23 17.09.2020)
სექტემბერში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში ნაციზმის რეაბილიტაციასთან და ისტორიის ფალსიფიკაციასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიების განყოფილება შეიქმნა.

რატომ და რისთვის გახდა საჭირო ცალკე ქვედანაყოფი, რაშია მსგავსი საქმეების გამოძიების სირთულე, რა ცოდნას უნდა ფლობდნენ გამომძიებლები და რატომაა რუსეთი ვალდებული, რეაგირება მოახდინოს უცხოეთში არსებული საბრძოლო დიდების სიმბოლოების შებილწვაზე, სააგენტო РИА Новости-ს საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ბასტრიკინი ესაუბრა.

— ცოტა ხნის წინ საგამოძიებო კომიტეტში ახალი ქვედანაყოფი ჩამოყალიბდა ნაციზმის რეაბილიტაციასთან და ისტორიის ფალსიფიკაციასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოსაძიებლად. ამ ინფორმაციას დიდი განხილვები მოჰყვა მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში. გვითხარით, რით იყო ნაკარნახევი ამგვარი ქვედანაყოფის შექმნის აუცილებლობა?

— როგორც ცნობილია, ნიურნბერგის სამხედრო ტრიბუნალის განაჩენი უმნიშვნელოვანესი ეტაპი გახდა მეორე მსოფლიო ომის მიზეზების შეფასებისას. ყველას უნდა ესმოდეს, რომ მთავარი ნაცისტი დამნაშვეების ქმედებები, რომლებიც პასუხისმგებელი იყვნენ მეორე მსოფლიო ომის გაჩაღება–წარმოებაში, დანაშაულებრივად იქნა ცნობილი. მიუხედავად ამისა, დღეს, განგრძობადი საინფორმაციო ომის პირობებში, იზრდება ნაციზმის რეაბილიტაციის მცდელობები როგორც რუსეთში, ისე საზღვარგარეთ. ამასთან, ჩვენ ასევე ვხედავთ რუსეთის როლის ცრუ შეფასებებს ფაშიზმზე გამარჯვების საქმეში. სამართლიანობის აღდგენის მიზნით აუცილებელია ამგვარი მოვლენების წინააღმდეგ საქმიანობა გააქტიურდეს. ამასთან საზოგადოების სწრაფვამ, პატივი მიეგოს სამშობლოს დამცველებს და დაიცვან ისტორიული სიმართლე, კანონმდებლობაში ჰპოვა ასახვა და ახლა ეს რუსეთის კონსტიტუციითაა გამყარებული.

— როგორ ისჯება ახლა მსგავსი ქმედებები?

— რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი ნაციზმის რეაბილიტაციის შესახებ უკვე გამოიყენება მათ მიმართ, ვინც ნაცისტური სიმბოლიკისა და ფაშიზმის იდეოლოგიის გავრცელებას ცდილობს.

ამის ბოლო მაგალითებია ჩვენი რეაქცია „უკვდავი პოლკის“ ონლაინ–აქციის დროს მომხდარზე: რუსეთის რამდენიმე სუბიექტის მცხოვრებლებმა ინტერნეტ–საიტზე ნაცისტებისა და სამშობლოს მოღალატეების ფოტოები ატვირთეს. სისხლის სამართლის საქმეების ნაწილი დასკვნით სტადიაშია, ზოგი ფიგურანტი უკვე წარდგა სასამართლოს წინაშე. ერთ-ერთი მათგანი, პერმში მცხოვრები დანიილ სიმანოვი უკვე გასამართლებულია და 200 საათი სავალდებულო სამუშაოები აქვს მისჯილი. ვფიქრობთ, ეს განაჩენი შეესაბამება დანაშაულის საზოგადოებისთვის საფრთხეს და ამიტომ ცალკეული გამონათქვამები, თითქოს კოდექსის ეს ნორმა სადამსჯელო ინსტრუმენტად გამოიყენება, და ასევე გაუგებარი პარალელები საკონცენტრაციო ბანაკებთან, მხოლოდ გაკვირვებას იწვევს.

— რაშია ამგვარი დანაშაულების გამოძიების სირთულე?

— ისე ჩანს, რომ ამგვარ დანაშაულში ყველაფერი ნათელია და მარტივი. მაგრამ ეს ასე არ არის. ამ სიმარტივის უკან თავისი სპეციფიკა იმალება. დანაშაულის გარემოების დადგენისას მარტო ფაქტის კონსტატაცია კი არ ხდება, რომ ესა თუ ის გამონათქვამი ისტორიულ მოვენებს არ შეესაბამება. მთელი აზრი იმაშია, რომ დადგინდეს პირის მოტივი და ასევე მიზანი უკანონო ქმედებების ჩადენისას, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება სსრკ-ის მოღვაწეობის შესახებ განზრახ ცრუ ინფორმაციების გავრცელებაში გამოიხატებოდეს.

ამასთან დაკავშირებით ნაციზმის რეაბილიტაციის მუხლით წინასწარი გამოძიების ზოგმა თავისებურებამ, მისმა სპეციფიკამ, ასევე საგამოძიებო გამოცდილებამ წარმოშვა კიდეც დამოუკიდებელი ქვედანაყოფის შექმნის აუცილებლობა საგამოძიებო კომიტეტის სტრუქტურაში.

— მაგრამ ხომ შეიძლება შეგხვდეთ ბევრად რთული დანაშაულებიც, რომლებსაც ისტორიის ღრმა ანალიზი სჭირდება? შეძლებენ კი თქვენი თანამშრომლები მათ გამოძიებას?

— ახალი ქვედანაყოფის შემადგენლობაში შევლენ ის გამომძიებლები, რომლებსაც უკვე აქვთ მსგავსი დანაშაულების გამოძიების გამოცდილება. ესენი არიან თანამშრომლები, რომლებსაც აქვთ ფართო ცოდნა არა მარტო იურისპრუდენციასა და საერთაშორისო სამართალში, არამედ ისტორიაშიც. მათ დიდი რაოდენობით საარქივო დოკუმეტი აქვთ შესწავლილი ომისა და მისი შემდგომი პერიოდიდან, როდესაც ნაცისტების დანაშაულების სხვა საქმეებს იძიებდნენ და საჭიროების შემთხვევაში მეცნიერებსაც მიმართავდნენ.

გარდა ამისა, ასეთი საქმეებისას ჩვენ უზრუნველვყოფთ აუცილებელი სასამართლო ექსპერტიზების ჩატარებას, მათ შორის, ისტორიულისაც.

გამომძიებელი ასევე ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის არსებული ნორმებითაც, რომლებიც ნიურნბერგის სამხედრო ტრიბუნალის გადაწყვეტილებას ეფუძნება. და, რა თქმა უნდა, მუშაობა ამ მიმართულებით ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მოქალაქეთა მიერ გაწეულ სამეცნიერო–ისტორიულ საქმიანობაზე. ერთი საქმეა ნაცისტების ჰეროიზაცია, მათი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამართლება, ხალხის ხსოვნის შეურაცხყოფა, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ისჯება, და სულ სხვაა სამეცნიერო მოღვაწეობა.

გარდა დანაშაულის უშუალო გამოძიებისა, ახალი ქვედანაყოფი ასევე შეასრულებს საკოორდინაციო ცენტრის როლს, გაუწევს რა მეთოდურ–ანალიტიკურ დახმარებას რეგიონულ საგამოძიებო ორგანოებს სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებაში.

— სხვა ქვეყნებში თუ ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით მსგავსი, ან ნაცისტური იდეოლოგიის გავრცელებასთან დაკავშირებული დანაშაულები?  

— გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ანტიკონსტიტუციური ორგანიზაციების პროპაგანდისტული მასალების გავრცელებაზე. ამასთან, მაკვალიფიცირებელი ნიშანი ადგენს გაზრდილ პასუხისმგებლობას იმ მასალების გავრცელებაზე, „რომელთა შინაარსიც ნაციონალ–სოციალიზმის იდეოლოგიასთან არის კავშირში“.

ისრაელში არსებობს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ჰოლოკოსტის უარყოფაზე. ბელარუსში ასევე არსებობს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ნაციზმის რეაბილიტაციაზე.

იმავდროულად კი ვხედავთ, როგორ ეკიდებიან ბალტიისპირეთის ქვეყნებში SS-ის ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობაც ნიურნბერგის ტრიბუნალმა დანაშაულებრივად ცნო. უკრაინაში სკოლის მოსწავლეები ნაცისტების საფლავების ყვავილებით შესამკობად დაჰყავთ, გმირებად გამოჰყავთ ისინი, ვინც ჰიტლერულ არმიასთან თანამშრომლობდა.

ევროპაშიც წამოყვეს თავები რევანშისტებმა და ნეონაცისტებმა. კერძოდ, ისინი გააქტიურდნენ ავსტრიაში, იტალიაში, ესპანეთში. როგორც ჩანს, ჯერჯერობით ასეთი მოვლენები არ აშინებს ამ ქვეყნების ხელმძღვანელობას, მაგრამ მომავალში ეს, შესაძლოა, დამღუპველად აისახოს მათ საზოგადოებრივ ცნობიერებაზე.

— საზღვარგარეთ მიმდინარე მოვლენები რა კუთხით ეხება რუსეთს?

— არსებული სისხლის სამართლის კანონმდებლობა გვავალდებულებს, რეაგირება მოვახდინოთ საზღვარგარეთ დაფიქსირებულ ისეთ შემთხვევებზე, როგორებიცაა ნაციზმის რეაბილიტაციის მცდელობები და საბრძოლო დიდების სიმბოლოების შეურაცხყოფა. საგამოძიებო კომიტეტი იძიებს უკრაინის ნაციონალური ხსოვნის ინსტიტუტის თავმჯდომარის ვლადიმირ ვიატროვიჩის საქმეს. მას ბრალად ედება იმ ფაქტების სისტემატური უარყოფა, რომლებიც საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალმა დაადგინა ევროპის ქვეყნების სასამართლოსთვის და მთავარი სამხედრო დამნაშავეების დასასჯელად.

ასევე მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქის, „SS-ის ლატვიური ლეგიონის“ ვეტერანის ვისვალდის ლაცისის მიმართ. დადგენილია, რომ 2017 წლის ნოემბერში რიგაში მისი ავტორობით გამოიცა წიგნი, რომელშიც ლაცისი ამართლებს „ლეგიონის“ საპოლიციო ბატალიონების მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. 2020 წლის აპრილში ლაცისი გარდაიცვალა, მაგრამ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა ფიგურანტის სიკვდილის გამო მარტო ახლო ნათესავების თანხმობის საფუძველზეა შესაძლებელი. ამიტომ გამოძიება გრძელდება.

მიმდინარე წელს ასევე აღიძრა საქმე ჩეხეთის რესპუბლიკაში მარშალ კონევის ძეგლის აღებასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის საბრძოლო დიდების სიმბოლოდ მიიჩნეოდა.

სულ ცოტა ხნის წინ დაფიქსირდა წითელი არმიის ჯარისკაცების ძეგლის შეურაცხყოფის კიდევ ერთი ფაქტი ლიტვის რესპუბლიკის ქალაქ ჟეჟმარიაიში. ამ ფაქტზეც ასევე მიმდინარეობს საპროცესო შემოწმება.

— რისი მიღწევა გსურთ საბოლოოდ?

— ჩვენი ვალია დავიცვათ ცოცხალი თუ დაღუპული მებრძოლ–განმათავისუფლებლების, ნაცისტების მსხვერპლთა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნა. გვახსოვდეს და ვიცოდეთ ომის გაკვეთილები — ეს ნიშნავს, გვქონდეს ტრაგედიებისა და შეცდომების თავიდან აცილების შანსი. ამის გათვალისწინებით ჩვენ ცოტა ხნის წინ შევქმენით საგამოძიებო კომიტეტის სამძებრო და საარქივო სამუშაოების საკოორდინაციო შტაბი.

ნებისმიერი მცდელობა, ომის გაჩაღებისთვის თანაბარი პასუხისმგებლობა დაეკისროთ ნაცისტ დამნაშავეებსაც და ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნებსაც, გამართლდნენ ნაცისტი დამნაშავეები და მათი მომხრეები, უბრალოდ ისტორიის ფალსიფიკაცია არ არის. ეს არალეგიტიმურია და ამორალური თავისი ბუნებით, მკრეხელობაა მსოფლიოს ხილული და იურიდიულად დადგენილი ბოროტებისგან განმათავისუფლებლების ხსოვნის მიმართ. სწორედ ამიტომ უნდა აღვუდგეთ წინ ისტორიული სიმართლის დამახინჯებას, მათ შორის, სისხლის სამართლებრივი ზომებითაც.

63
თემები:
რუსეთი დღეს
შოპინგი ინტერნეტით

შოპინგი ინტერნეტით: რა შემთხვევაში უნდა დაიბეგროს უცხოეთიდან გამოწერილი ნივთები და როგორ

108
(განახლებულია 14:52 07.09.2020)
უკვე 13 ათასზე მეტი ადამიანი ითხოვს, რომ ინტერნეტით უცხოეთიდან გამოწერილი 300-ლარიანი ნივთი განსაბაჟებელი არ იყოს და ონლაინ-შოპინგის შემთხვევაში მომხმარებლებს დღგ-ის გადახდა მხოლოდ 600-ლარიან შენაძენზე უწევდეთ.

მათ უკვე მიმართეს საკანონმდებლო ორგანოს პეტიციით. მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ დეპუტატები მათ ინიციატივას განიხილავენ და შეიტანენ შესაბამის ცვლილებებს საგადასახადო კანონმდებლობაში.

მოქმედი კანონმდებლობით, ფოსტით მოსული ამანათი დამატებული ღირებულების გადასახადით – 18 პროცენტით იბეგრება, თუ მისი ფასი აღემატება 300 ლარს.

განბაჟების 300-ლარიანი ლიმიტი 2009 წლის 10 აგვისტოს დადგინდა. მანამდე, 2007-2009 წლებში საფოსტო გზავნილების განბაჟების 1500-ლარიანი ლიმიტი მოქმედებდა.

გადამზიდავი კომპანია „ფედექს საქართველოს” გენერალური დირექტორი ნინო მენთეშაშვილი ამბობს, რომ როდესაც ეს ზღვარი დაწესდა, მაშინ 100 დალარის ყიდვა დაახლეობით 150 ლარად შეიძლებოდა. ლარის ბოლოდროინდელმა მკვეთრმა გაუფასურებამ კი საქონლის უცხოური საიტებიდან გამოწერა საგრძნობლად გააძვირა.

თუ ადრე მომხმარებელი უცხოეთიდან, პირობითად, ფეხსაცმელს 100 დოლარად იწერდა, ამ თანხის ეკვივალენტი ლარებში იყო, მაგალითად, 250 ლარი და ის არ ექვემდებარებოდა განბაჟებას. მაგრამ ახლა 100 დოლარად ნაყიდი ფეხსაცმელი ეროვნულ ვალუტაში 300 ლარზე მეტი გამოდის და გამომწერს ეკუთვნის დღგ-ის გადახდა. ეს გაძვირება, შესაბამისად, ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული ოპერაციების შემცირებას იწვევს.

„მომხმარებლების რაოდენობა იმიტომ შემცირდა, რომ უფრო მეტ პროდუქციას სჭირდება განბაჟება საზღვარზე, ვიდრე მაშინ, როდესაც 300 ლარი დაახლოებით 150 დოლარის ეკვივალენტი იყო. ამიტომ ახლა უკვე ლოგიკურია, რომ 600 ლარზე ნაკლები ღირებულების ნივთი აღარ დაიბეგროს, რადგან მაშინდელი 150 დოლარი ახლანდელი კურსით 450 ლარზე მეტია“, – აღნიშნა ნინო მენთეშაშვილმა „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას. 

კომპანიის დირექტორი ფიქრობს, რომ საფოსტო გზავნილების 600 ლარიდან დაბეგვრის შემთხვევაში ნამდვილად მოიმატებს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ნივთების გამოწერის სერვისით სარგებლობენ, მით უმეტეს, რომ ინტერნეტით ვაჭრობაზე მოთხოვნა კორონავირუსის პანდემიამაც გაზარდა.

„იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნებს შორის მობილობა არის შემცირებული და საშოპინგოდ საზღვარგარეთ სიარული შეზღუდულია, მომატებულია ინტერნეტით ნივთების გამოწერის მსურველების რაოდენობა. ამიტომ საფოსტო გზავნილებზე დასაბეგრი ზღვარის 600 ლარამდე გაზრდა ძალიან კარგი ინიციატივაა, რადგან ძალიან დიდი შეღავათი იქნება მოსახლეობისთვის. რა თქმა უნდა, იმ პირობებში, თუ ზოგადად მოსახლეობას ტანსაცმელში დასახარჯი ფული ექნება“, – აღნიშნა ნინო მენთეშაშვილმა.

მისი აზრით, პარლამენტმა ეს ინიციატივა უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს, რადგან ამ საკანონმდებლო ცვლილების შემთხვევაში გადამზიდავებს ექნებათ მეტი საქმე და უკეთესი პირობები იმისთვის, რომ გადაზიდონ მეტი ამანათი, ხოლო მოსახლეობას ნაკლები დაუჯდება სასურველი ნივთების შეძენა.

„სახელმწიფო ბიუჯეტს რაც შეეხება, ამას, რა თქმა უნდა, დაანგარიშება უნდა, მაგრამ არა მგონია, ამ ცვლილებამ დიდი ფისკალური ეფექტი მოიტანოს ბიუჯეტისთვის, რადგან ეს არის მხოლოდ შოპინგი და არა ქვეყნის მასშტაბით ტვირთბრუნვის გათავისუფლება დღგ-სგან“, – თქვა მენთეშაშვილმა.

დაუბეგრავი საფოსტო გზავნილების განბაჟების 300-ლარიანი ლიმიტის გაზრდის საკითხზე პარლამენტმა ორი წლის წინაც იმსჯელა. მაშინ ოპოზიციურმა პარტია „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ცვლილებების შეტანას საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლში. ინიციატივა გულისხმობდა ფიზიკური პირების მიერ საფოსტო გზავნილით მიღებული საქონლის 300-ლარიანი ლიმიტის 500 ლარამდე გაზრდას, რაც კურსთა სხვაობის კომპენსაციას წარმოადგენდა, თუმცა მაშინ დეპუტატებმა ეს კანონპროექტი ჩააგდეს.

 

ნატა პატარაია

 

108
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 20 სექტემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 11:33 18.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

20 სექტემბერი, კვირა. ამ დღეს მზე მართავს. მზარდი მთვარე მორიელის ნიშანშია.

მორიელის დღე ძალზე ემოციურია, ადვილად ვლინდება გაღიზიანება, აგრესია, მოუთმენლობა, დეპრესიისადმი მიდრეკილება. ამ დროს, სჯობს, შეზღუდოთ კონტაქტები როგორც ხელმძღვანელობასთან, ისე საქმიან პარტნიორებთან.

მთვარე მორიელში ხელს უწყობს აზრების კონცენტრაციას და ამასთან ზრდის კრიტიკულობას. ეს საუკეთესო პერიოდია ყველაზე სარისკო და სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად.

ამ დღეს არ ღირს ახალი საქმეების დაწყება, ახალი ვალდებულებების აღება საკუთარ თავზე, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების გაკეთება.

რაც შეეხება ურთიერთობებს, ესაა ვნებებისა და არშიყის დრო. მთვარე მორიელში ხელს უწყობს მგზნებარე რომანების დაწყებას, ასევე, ის ურთიერთობებს მყარს საძირკველს უყრის.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

მთვარე მორიელში თავის დაღს ასვამს ყველაფერს, მათ შორის ამ დროს დაწყებულ ურთიერთობებს. ეჭვიანობა, დაუსაბუთებელი წყენა თუ ბობოქარი აღტაცება – ეს და ბევრ სხვა რამ ახასიათებს ამ პერიოდს, თან ჭარბად.

რეკომენდებულია დაწყებული საქმეების გაგრძელება, ფინანსური საქმეების ანალიზი და სუსტი ადგილების გამოსწორება, ახალი ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი, ბიზნესის რაციონალიზაცია, წარმოების გაზრდა, სავაჭრო ოპერაციები, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში.

არარეკომენდებულია პროვოკაციებზე აყოლა, ჩხუბსა და კონფლიქტებში ჩართვა, ახალი საქმეების დაწყება.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: მორიელის დღეს კარგია თმის შეღებვა, მაგრამ არა მკვეთრად განსხვავებულ ფერში. შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა. თმის შეჭრა უფრო უპრიანი იქნება სუსტი თმისთვის, რადგან ის გაძლიერდება და მტკიცე გახდება.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: შეიძლება სამკურნალო მცენარეების შეგროვება და გამოშრობა, პიკირება, გაზონების შეჭრა, ოთახისა და ივნის მცენარეების მორწყვა, ყვავილებისთვის სასუქის მიცემა, ნაყოფიანი ხეებისა და ბუჩქების შეწამვლა, მოსავლის აღება.

არასასურველია ბოსტნეულისთვის სასუქის მიცემა, ხეების მოჭრა.

0