2019 წელს რამდენმა მგზავრმა ისარგებლა საქართველოს აეროპორტებით?

45
(განახლებულია 19:35 20.01.2020)
გასულ წელს ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობა გაიზარდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კი შემცირდა.
რამდენმა მგზავრმა ისარგებლა საქართველოს აეროპორტებით?
© Sputnik / Konstantin Ivanov.

2019 წელს საქართველოს ხუთივე აეროპორტი რეგულარული და არარეგულარული რეისებით მოემსახურა 5,2 მილიონზე მეტ მგზავრს, რაც 3,5%-ით აღემატება 2018 წლის მონაცემებს, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

ერთადერთი აეროპორტი, სადაც მგზავრთნაკადი შემცირდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოჩნდა – 2019 წელს ის 3,7 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც თითქმის 3,1%-ით ნაკლებია, ვიდრე 2018 წელს.

სააგენტოს მონაცემებით, მიზეზი საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის გაუქმება გახდა, ქვეყნებს შორის ავიარეისები 2019 წლის 8 ივლისს შეჩერდა.

ყველაზე დიდი – 41,5%-იანი ზრდა დაფიქსირდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობით მეორე ადგილს იკავებს. რუსული ავიაკომპანიები ქუთაისის აეროპორტში რეისებს პრაქტიკულად არ ასრულებდნენ, ერთადერთი რუსული ავიაკომპანია, რომელიც ქუთაისში დაფრინავდა, იყო „ურალის ავიახაზები".

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო დაახლოებით 624,2 ათასი მგზავრი – 4,2%-ით მეტი, ვიდრე 2018 წელს.

მგზავრთნაკადი ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებშიც გაიზარდა. მესტიის აეროპორტი 2019 წელს მოემსახურა 8,6 ათასზე მეტ მგზავრს – 25%-ით მეტს, ხოლო ამბროლაურის – 1966 ადამიანს, რაც 24%-ით მეტია, ვიდრე 2018 წელს.

საქართველოს აეროპორტებში 2019 წელს სულ 24,4 ათასზე მეტი რეისი შესრულდა, რაც 2018 წელთან შედარებით 0,7%-ით ნაკლებია. აქედან 21,4 ათასი – რეგულარული რეისი იყო, ხოლო 3 ათასზე მეტი – ჩარტერული.

45
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (103)