ვაჭრობა და მრეწველობა: ლიდერები მშპ-ის სტრუქტურაში

გამოწერა
2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მშპ-ის ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,5% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

მიმდინარე ფასებით 2019 წლის აპრილ-ივნისში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ 11 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, გასულ წელს კი 10,2 მილიარდი იყო.

ბოლო წლის განმავლობაში ლარი დოლარის მიმართ 13%-ით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი დღევანდელი კურსია 2,9770 GEL/$1.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch ვარაუდობს, რომ საქართველოში 2019 წელს ეკონომიკური ზრდა 4,3%-მდე შენელდება (2018 წელს – 4,7%), რადგან დაკრედიტების ზრდა ნელდება, ხოლო რუსული რეისების აკრძალვა ტურისტული სექტორის გაფართოებას აფერხებს. საქართველოში ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე ტურისტულ სექტორში ზარალმა, შესაძლოა, 2,1 მილიარდ ლარს მიაღწიოს.

ამასთან, Fitch-ის შეფასებით, საქართველოში ზრდა BB რეიტინგის მქონე ქვეყნების პროგნოზირებად საშუალო მნიშვნელობაზე (3,3%) მაღალი დარჩება. ინფრასტრუქტურაზე ხარჯების ზრდა და შედარებით სუსტი საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკა 2020-2021 წლებში ზრდის ტემპების საშუალოდ 4,7%-მდე მომატებას შეუწყობს ხელს, მიიჩნევს Fitch.

ეკონომიკური ზრდის შენელებას ასევე ვარაუდობს კონსალტინგური კომპანია Galt & Taggart. მისი პროგნოზით, ტურიზმის სფეროში შემოსავლების სავარაუდო შემცირების გამო 2019 წლის მეორე ნახევარში ზრდა 4,3%-ს შეადგენს. მთლიანად წელიწადში ეკონომიკა 4,5%-ით გაიზარდება, რადგან 2019 წლის პირველ ორ კვარტალში ზრდამ 4,8% შეადგინა, მიიჩნევენ კომპანიის ანალიტიკოსები.

საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, ამ ეტაპზე საგარეო მოთხოვნის მოსალოდნელი შემცირების ფონზე (ტურიზმის ექსპორტი) მშპ-ის რეალური ზრდა 2019 წელს 4,5%-ს შეადგენს.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,5%-ს შეადგენს. რაც შეეხება მომდევნო წლების პროგნოზს, მოსალოდნელია, რომ 2022 წელს ეკონომიკური ზრდა 6% იყოს.

ყველა ახალი ამბავი
0