საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა

გამოწერა
2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი გახდა. სწორედ მან გააერთიანა მის ირგვლივ მაშინდელი ოპოზიცია და შეძლო საპარლამენტო არჩევნებზე ხმების უმრავლესობის მოპოვება, რითიც მიხეილ სააკაშვილის გუნდის ცხრაწლიანი მმართველობა დასრულდა.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატის გამარჯვების შემდეგ ივანიშვილი თანამდებობიდან გადადგა და დროებით პოლიტიკას ჩამოშორდა, თუმცა სააკაშვილის თანამოაზრეებმა, რომლებიც დღეს ოპოზიციას წარმოადგენენ, იგი ქვეყნის კულუარულ მმართველობაში დაადანაშაულეს.

ივანიშვილის შემდეგ საქართველოს მთავრობას სათავეში ირაკლი ღარიბაშვილი ჩაუდგა, რომელსაც აღნიშნული პოსტი 2013-2015 წლებში ეკავა.

ივანიშვილის „ქართული ოცნების" პირობებში პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყველაზე დიდხანს იყო გიორგი კვირიკაშვილი (2015-2018 წლები), პოსტი ყველაზე ნაკლები დროით კი მამუკა ბახტაძეს (2018-2019 წლები) ეკავა.

ბახტაძემ თანამდებობა წინა კვირას დატოვა. შედეგად – მთავრობის ყველა წევრი მოვალეობის შემსრულებელი გახდა. მმართველმა პარტიამ ბახტაძის შემცვლელად გიორგი გახარია წარადგინა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

გახარიამ მთავრობის შემადგენლობაში უმნიშვნელო ცვლილებები განახორციელა – მის დაქვემდებარებაში მყოფ სამინისტროს სათავეში ვახტანგ გომელაური ჩაუდგა, რომელიც მრავალი წელი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა, თავდაცვის უწყება კი ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაიბარა.

ყველა ახალი ამბავი
0