ფრენების გრაფიკი 2019 წლის ზაფხულში

150
(განახლებულია 11:04 15.05.2019)
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანიების ფრენების გრაფიკი დაამტკიცა, რომლის თანახმად, გასული წლის ზაფხულთან შედარებით, იგეგმება ავიამიმოსვლის 9%-ით ზრდა.
საქართველოში ფრენების განრიგი
© Sputnik / Konstantin Ivanov.

ზაფხულის სანავიგაციო სეზონი ითვალისწინებს მარტის ბოლო კვირიდან ოქტომბრის ბოლო შაბათამდე პერიოდს. კვირაში საშუალოდ 590 რეისი განხორციელდება.

ამასთან, იფრენენ ორი ქართული და 39 უცხოური ავიაკომპანია, მათ შორის, სამი სატვირთო.

საქართველოში დღეისათვის ფუნქციონირებს სამი საერთაშორისო აეროპორტი – თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის.

ტურიზმი საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში უცხოელებმა საქართველოში 2,2 მილიონზე მეტი ვიზიტი (+2,9) განახორციელეს, აქედან ტურისტული 1,2 მილიონზე მეტი (ზრდა 4,8%) იყო.

ახალი სტრატეგიის თანახმად, ტურიზმის ადმინისტრაცია 2025 წლისთვის მოგზაურთა რაოდენობის 11 მილიონამდე გაზრდას ელოდება.

ტურიზმის ზრდას აქტიურად უწყობს ხელს საქართველოს მთავრობა. ქვეყანაში ყოველწლიურად ჩნდება ახალი სასტუმროები, კვების ობიექტებში ტარდება ხარისხის შემოწმებები, მიმდინარეობს მომსახურე პერსონალის და გიდების გადამზადება.

ტურისტების მოსაზიდად ხელისუფლება 2019 წელს აპირებს რამდენიმე პროექტის განხორციელებას, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 51,9 მილიონი ლარი გამოიყო.

 

150