საპატრულო პოლიცია

5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობისთვის პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა

41
(განახლებულია 16:52 21.07.2021)
5-6 ივლისს თბილისში მომხდარი არეულობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტებზე სულ 27 პირია დაკავებული.

თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. სამართალდამცველებმა 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ოპერატორზე განხორციელებული ძალადობისთვის ერთი ადამიანი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გამოძიება 66 წლის მამაკაცს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლას, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნას და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს „ცისფერი გალერეის" მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

უწყების ცნობით, 5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი, კერძოდ:

• ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დააკავეს 23 პირი;

• „თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;

• 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.

 უწყების ცნობით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმა 5 ივლისს ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მოხდა. აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტები სცემდნენ ჟურნალისტებს და მათ სექსუალური უმცირესობების პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს მასმედიის 53 წარმომადგენელს დაესხნენ თავს.

დაზარალებულის ოფიციალური სტატუსი 5 ივლისის საქმეზე ამ დროისათვის 53 ადამიანს მიენიჭა. აქედან 47 ჟურნალისტია.

41
პატრული

ნარკოდილერები Telegram–ით ნარკოტიკებს ასაღებდნენ

26
(განახლებულია 15:44 29.07.2021)
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს – სპეცოპერაცია თბილისსა და დედოფლისწყაროში ჩატარდა

თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ოთხი პირია დაკავებული, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დაკავების ოპერაცია თბილისსა და დედოფლისწყაროში ჩატარდა. ბრალდებულთა ასაკი 20–დან 35 წლამდეა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 8–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

უწყების ცნობით,  სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებულის  პირადი ჩხრეკისას  ხუთ ლიტრზე მეტი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება აღმოაჩინეს.

რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს, იგი  სოციალური აპლიკაცია  „ტელეგრამის“ მეშვეობით საქართველოში ნარკოტიკის უკანონო შემოტანასა და მის სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსებას ახდენდა. მისი პირადი ჩხრეკისას ასევე ამოღებულია ხუთ ლიტრამდე ფსიქოაქტიური ნივთიერება.

დანარჩენი ორი ბრალდებული სამართალდამცველებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დააკავეს.  ბრალდებულების სარგებლობაში არსებული ავტომანქანების  ჩხრეკისას ასევე ამოღებულია ოთხ კგ–მდე  ნარკოტიკული საშუალება ,,ოპიუმი“ და  ორ კილოგრამამდე ,,ჰეროინი“ , ასევე  600 გრამი სხვა ნარკოტიკული საშუალებები.

უწყების ცნობით, სულ ნივთმტიცებად ამოღებულია 5,5 კგ  ნარკოტიკული საშუალება და 10 ლიტრი და 896 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.

 



26
თემები:
ნარკოდანაშაული საქართველოში
ცხვარი

საგარეჯოში გაუჩინარებულ მწყემსს ეძებენ

47
(განახლებულია 14:30 29.07.2021)
გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა ჯომართ ახმედოვი  ბოლოს 25 ივლისს ნახეს, მას შემდეგ მამაკაცი არავის დაკავშირებია.

თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. საგარეჯოს რაიონში გაუჩინარებულ მწყემსს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის წევრები 32 წლის ჯომართ ახმედოვს მეხუთე დღეა უშედეგოდ ეძებენ.

ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი 25 ივლისს საგარეჯოს რაიონის სოფელი თულარიდან უკანა ფშავის მიმართულებით ცხვარში წავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

სამძებრო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს.

47
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ელექტროგადამცემი ხაზი

„თელასი" ნაძალადევის რაიონს ხვალ ელექტროენერგიას გაუთიშავს

0
(განახლებულია 18:01 29.07.2021)
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 30 ივლისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

0
თემები:
თბილისი დღეს