სპეცოპერაცია ფონიჭალაში

ფონიჭალაში სპეცოპერაცია ჩატარდა

128
შსს-ს ცნობით, ბოლო 2 თვის განმავლობაში ფონიჭალაში ნარკოდანაშაულზე 28 ადამიანი დააკავეს. კონკრეტულად დღევანდელი სპეცოპერაციის შედეგები უცნობია.

თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში სპეცოპერაცია ჩატარდა, რამდენიმე ნარკორეალიზატორი დაკავებულია, იუწყება „პირველი არხი“.

სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ შსს-მ გაავრცელა საგანგებო განცხადება, რომელიც არის ერთგვარი ანგარიში ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულთან ბრძოლის კუთხით.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ორი თვის განმავლობაში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, ფონიჭალის დასახლებასა და თბილისის სხვადასხვა რაიონში, 20 ნარკორეალიზატორი დააკავეს, ხოლო 8 პირი დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც არ არის დაკონკრეტებული, რამდენი ადამიანი დააკავეს დღევანდელი სპეცოპერაციის ფარგლებში.

უწყების ცნობით, 28 დაკავებულს შორის ერთ-ერთი ინდოეთის მოქალაქეა (25 წლის), დანარჩენები საქართველოს მოქალაქეები არიან. მათი ასაკი 20-დან 54 წლამდე მერყეობს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ნარკორეალიზატორები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების - „ჰეროინისა“ და „ალფა-პვპ“-ს საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნარკორეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, ამოღებულია 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. ერთ-ერთი ბრალდებულის - დ.კ.-ის პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის” 129 აბი და აბის 2 ნატეხი.

სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს პისტოლეტის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩი და 5 საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების და ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-4 და მე-6 ნაწილებით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

128
პატრული

ნარკოდილერები Telegram–ით ნარკოტიკებს ასაღებდნენ

26
(განახლებულია 15:44 29.07.2021)
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს – სპეცოპერაცია თბილისსა და დედოფლისწყაროში ჩატარდა

თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ოთხი პირია დაკავებული, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დაკავების ოპერაცია თბილისსა და დედოფლისწყაროში ჩატარდა. ბრალდებულთა ასაკი 20–დან 35 წლამდეა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 8–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

უწყების ცნობით,  სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებულის  პირადი ჩხრეკისას  ხუთ ლიტრზე მეტი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება აღმოაჩინეს.

რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს, იგი  სოციალური აპლიკაცია  „ტელეგრამის“ მეშვეობით საქართველოში ნარკოტიკის უკანონო შემოტანასა და მის სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსებას ახდენდა. მისი პირადი ჩხრეკისას ასევე ამოღებულია ხუთ ლიტრამდე ფსიქოაქტიური ნივთიერება.

დანარჩენი ორი ბრალდებული სამართალდამცველებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დააკავეს.  ბრალდებულების სარგებლობაში არსებული ავტომანქანების  ჩხრეკისას ასევე ამოღებულია ოთხ კგ–მდე  ნარკოტიკული საშუალება ,,ოპიუმი“ და  ორ კილოგრამამდე ,,ჰეროინი“ , ასევე  600 გრამი სხვა ნარკოტიკული საშუალებები.

უწყების ცნობით, სულ ნივთმტიცებად ამოღებულია 5,5 კგ  ნარკოტიკული საშუალება და 10 ლიტრი და 896 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.

 



26
თემები:
ნარკოდანაშაული საქართველოში
ცხვარი

საგარეჯოში გაუჩინარებულ მწყემსს ეძებენ

47
(განახლებულია 14:30 29.07.2021)
გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა ჯომართ ახმედოვი  ბოლოს 25 ივლისს ნახეს, მას შემდეგ მამაკაცი არავის დაკავშირებია.

თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. საგარეჯოს რაიონში გაუჩინარებულ მწყემსს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის წევრები 32 წლის ჯომართ ახმედოვს მეხუთე დღეა უშედეგოდ ეძებენ.

ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი 25 ივლისს საგარეჯოს რაიონის სოფელი თულარიდან უკანა ფშავის მიმართულებით ცხვარში წავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

სამძებრო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს.

47
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ვაქცინაცია

ვაქცინაციის პროცესში ჩართულობა იმატებს - აცრებისთვის განკუთვნილი ზონები ფართოვდება

0
სპეციალისტები ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას დადებითად აფასებენ და ფიქრობენ, რომ ქვეყანა იმუნიზაციის დაგეგმილ ნიშნულს უახლოეს მომავალში მიაღწევს.

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. ბოლო პერიოდში საქართველოში იმუნიზაციის პროცესში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა საგრძნობლად იმატებს, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს სპეციალისტები დადებითად აფასებენ.

ეპიდემიოლოგების მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად მოსახლეობის 70% უნდა აიცრას. ამ დროისთვის ორჯერადად აცრილია საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 4%. 29 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით აიცრა 17.133 ადამიანი.

ვაქცინაციის ტემპის ზრდასთან დაკავშირებით, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო (ყოფილი რესპუბლიკური კლინიკა) და ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკამ აცრებისთვის განკუთვნილი შესაბამისი ზონები გამოყო. ვაქცინირებული პირებისთვის კლინიკებმა ასევე ეზოში განათავსეს კარვები.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე აცხადებს, ბოლო 24 საათში იმუნიზაციის პროცესში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა საკმაოდ მაღალი იყო და ქვეყანა დაგეგმილ ნიშნულს ძალიან მალე მიაღწევს.

„გუშინ, საერთო რაოდენობა დღიურად აცრილებისა იყო 2500-ზე მეტი. 15 კაბინეტი 12 საათიან რეჟიმში Pfizer-ზე მუშაობს. Pfizer-ზე კვლავ განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა. იცით, რომ დამატებით ჯავშნებიც დაემატა გუშინ საღამოს და მოქალაქეები თავისუფლად ახერხებენ დაჯავშნას“, - აცხადებს ჯავარა უგრეხელიძე.

ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის ბოლოდროინდელ ზრდაზე საუბრობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძეც. ის იმუნიზაციის პროცესში მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას დადებითად აფასებს.

„აგვისტოსთვის ჩვენ უფრო მეტი ადამიანი დაგვიგროვდება ქვეყანაში ორჯერადად ვაქცინირებული. „დელტა“ ვარიანტის გავრცელების შეჩერების ერთადერთი რესურსი ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის გაზრდაა“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.  

საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, ხოლო მასობრივი ხასიათი ვაქცინაციის კამპანიამ 5 ივლისიდან მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით. ამ დროისთვის, რეგისტრაცია ამავე ვაქცინებზე მიმდინარეობს.

29 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 450.026 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 148.972 ადამიანი.

0