ეკლესია

სოფელ ხაშმში ეკლესია გაქურდეს

77
(განახლებულია 22:38 08.07.2021)
ამ დროისათვის სამართალდამცველები დამნაშავეთა დადგენის მიზნით ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ.

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გაქურდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტაძრიდან მოპარულია ზიარების ჭურჭელი, მოძღვრის სკიპტრა და სხვა ნივთები.

მომხდარის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა.

„ეკლესიაში იყო შეჭრილი პირი და არის ეკლესიიდან გატაცებული ნივთები, დაზიანებული ნივთებიც არის და ვანდალიზმის კვალს ჰგავს“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის ორი მუხლით – „სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც ზიანი გამოიწვია“ და „ქურდობა“. 

77
თემები:
შემთხვევები საქართველოში (2233)
სასწრაფო დახმარება

კახეთში ავტოსახელოსნოს თანამშრომელს მანქანა დაეცა და დაიღუპა

227
(განახლებულია 14:54 01.08.2021)
ექიმების განცხადებით, მიუხედავად სამედიცინო ჩარევისა და რეანიმაციული ღონისძიებებისა, მამაკაცის სიცოხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტოსახელოსნოს ხელოსანს სპეციალურ მოწყობილობაზე აწეული მანქანა დაეცა.

მამაკაცი სასწრაფო დახმარებამ „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

„შუახნის კაცს თავის არეში მკვრივი, ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. სასწრაფოდ გაკეთდა ნეოროქირურგიული ოპერაცია, მაგრამ დაზიანება სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა“, - განაცხადა ექიმმა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

227
შინაგან საქმეთა სამინისტრო

ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა

94
(განახლებულია 11:31 01.08.2021)
უწყების ცნობით, ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეზე აქტიურად გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები  დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით.

 

თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. თბილისში 31 წლის ავსტრალიელი ქალის შანაი ბრუკის გარდაცვალების საქმეზე მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება. 

თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი ქალის ცხედარი რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა გუშინ იპოვეს.

ქალის გარდაცვალების საქმეზე თავდაპირველად საქმე საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, მოგვიანებით კი 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) შეიცვალა.

ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა ქალი მოკლეს. მისი ცხედარი  მთაწმინდის ფერდობზე „ეშმაკის ბორბლის“ ქვემოთ ხეობაში იპოვეს. იგი ტოტებით და ფოთლებით იყო დაფარული.

ავსტრალიის მოქალაქე, რომელიც ბათუმში პედაგოგად მუშაობდა და თბილისში დასასვენებლად იმყოფებოდა, სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს.

დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ესაუბრებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, ქალს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.

როგორც დაღუპულის მეგობრები აცხადებენ, ახალგაზრდა ქალი სპორტით იყო დაკავებული და მთაწმინდაზე ხშირად სეირნობდა.

ავსტრალიის მოქალაქის სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ კრიმინალური პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

 

94
თემები:
კრიმინალი საქართველოში
ირაკლი ღარიბაშვილი და რეჯეფ თაიიფ ერდოღანი

რა საკითხები განიხილეს ღარიბაშვილმა და ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას

0
(განახლებულია 21:02 01.08.2021)
სატელეფონო საუბრისას ღარიბაშვილმა და თურქეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის განვითარების პერსპექტივასა და მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმიმისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღარიბაშვილმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანს თურქეთში ხანძრების შედეგად გამოწვეული მსხვერპლისა და ზიანის გამო საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და მხარდაჭერა აღუთქვა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს უკვე დაავალა, საჭიროების შემთხვევაში, მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთის რესპუბლიკას სათანადო დახმარება აღმოუჩინონ.

სატელეფონო საუბრისას ყურადღება გამახვილდა ასევე ღარიბაშვილის სახელმწიფო ვიზიტზე ანკარაში, რომელიც 1 ივნისს შედგა. ადმინისტრაციის ცნობით, ხაზი გაესვა მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს სხდომის ახლო მომავალში გამართვის აუცილებლობას, რომელიც ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხების განხილვისთვის უმნიშვნელოვანეს ფორმატს წარმოადგენს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანს მაღალი დონის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა, ერდოღანმა კი ღარიბაშვილი თურქეთში კიდევ ერთხელ მიიწვია.

უკვე რამდენიმე დღეა თურქეთში ხანძარი მძვინვარებს. ცეცხლი გადავიდა დასახლებულ პუნქტებში, მოედო საცხოვრებელ უბნებსა და სასტუმროებს. განსაკუთრებით მძიმედაა სიტუაცია ადანაში, სადაც ტყის ხანძრის ექვსი კერაა, ხოლო ანტალიასა და მერსინში - ოთხ-ოთხი. ხანძარს ვერ გადაურჩა ისეთი პოპულარული კურორტები, როგორიცაა ბოდრუმი და მარმარისი.

ბოლო ცნობებით, ხანძრების შედეგად დაზარალდა 42 დასახლებული პუნქტი, 27 უკვე ევაკუირებულია. ხანძრის შედეგად დაიღუპა მინიმუმ ექვსი ადამიანი, დაშავებულია დაახლოებით 200.

თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან 1992 წელს დაამყარა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროებში და მიიჩნევენ, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან.

0
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა