პოლიცია

90 ათას ლარამდე ზარალი თბილისში iPlus-ის მაღაზია გაქურდეს

79
(განახლებულია 18:01 11.06.2021)
ქურდობის ფაქტი გარე სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა – სავარაუდო დამნაშავეები არასრულწლოვნები არიან.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ტექნიკის მაღაზია iPlus გაქურდეს. ბოროტმოქმედებმა ძვირადღირებული ტექნიკა წაიღეს, განაცხადა ჟურნალისტებთან მაღაზიის დირექტორმა კახა სეფიაშვილმა.

მისი თქმით, ზარალის სავარაუდო ოდენობამ დაახლოებით 90 ათასი ლარი შეადგინა.

თბილისის ცენტრში ქურდობის ფაქტი დღეს, გამთენიისას, ე.წ. „კომენდანტის საათის“ დასრულებისას მოხდა.

„მას შემდეგ, რაც კომენდანტის საათი დასრულდა, სადღაც 10 წუთში დაცვის სამსახური დაგვიკავშირდა და შეგვატყობინა რომ მაღაზიის მინა იყო გატეხილი“, – განაცხადა სეფიაშვილმა ჟურნალისტებთან.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება, პოლიციამ უკვე ამოიღო სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ქურდობას გულისხმობს.

 

79
თემები:
შემთხვევები საქართველოში (2191)
დაპირსიპირება აჭარის მთავრობის სახლთან

აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

42
(განახლებულია 17:43 20.06.2021)
აქციის მონაწილეებმა კარვების გაშლა სცადეს, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. დაპირისპირება მალევე ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც რამდენიმე პირი, მათ შორის ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრიც დააკავეს, იუწყება „პირველი არხი“.

აჭარის მთავრობის სახლთან აქციას ბრალდებული ძმების – წულუკიძეების, ჭელიძეებისა და ელდარ ანთაძის ახლობლები მართავენ. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვების გაშლას აპირებდნენ, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა, პოლიციამ მათ კარვების გაშლის უფლება არ მისცა.

სამართალდამცველებმა ძმები წულუკიძეები, ჭელიძეები და ელდარ ანთაძე „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციაზე ჩადენილი ჯგუფური ძალადობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 15 აპრილს ბათუმში დააკავეს.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე დააზიანეს ერთ-ერთი პირის კუთვნილი ავტომანქანა.

გამოძიება ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობას ედავება.

42
ხელბორკილები

ექვსი წლის ბავშვის წამების საქმეზე ბრალდებულ მშობლებს პატიმრობა შეეფარდათ

80
(განახლებულია 15:36 20.06.2021)
ბავშვის მიმართ აღზრდის სასტიკი მეთოდების გამოყენებისთვის მის დედასა და მამინაცვალს 9-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ექვსი წლის ბავშვის წამების საქმეზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულებს - დედას და მამინაცვალს პატიმრობა შეუფარდა.

შაბათს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია 6 წლის ბავშვის წამების და ცემის შესახებ. თბილისში არასრულწლოვნის დედა და მამინაცვალი დააკავეს. თავად დაზარალებული და მისი უმცროსი ძმა მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. ბრალდების მონაცემებით, ბავშვს აშიმშილებდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, ხელებს უწვავდნენ.

მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის განცხადებით, მტკიცებულებათა მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხე არსებობს, ასევე ჩასატარებელია არაერთი საგამოძიებო მოქმედება.

საქმის პროკურორის, ნათია ნოზაძის თქმით, ორივე ბრალდებულის მხრიდან არსებობდა მტკიცებულებათა მოპოვებისთვის ხელშეშლის უკიდურესად მაღალი საფრთხე, ასევე მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე.

„ამ ეტაპზე დასაბუთებული ვარაუდით დასტურდება, რომ ორივე ბრალდებულის მიერ ჩადენილია სსსკ-ის ის ქმედება, რაც წარდგენილი აქვთ ბრალად – წამება არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად“, - განაცხადა ნოზაძემ.

დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ პატიმრობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

„სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, ჩვენ დადგენილ ვადებში გავასაჩივრებთ. მძიმე ბრალდებაა, მაგრამ საქმეში არ არის არც ერთი მტკიცებულება, რომ ბავშვის მიმართ წამებას ჰქონდა ადგილი დედის ან მამის მხრიდან. არსებითი განხილვის დროს დაცვის მხარე დაადასტურებს მათ უდანაშაულობას“, - განაცხადა ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ.

მისი თქმით, საქმეში არსებული ფოტოები არ ადასტურებს მშობლების მხრიდან წამების ფაქტს.

„სოციალური მუშაკებისგან და მამისგან ვიცი, ბავშვი საკმაოდ ცელქია და ჰქონდა გარკვეული დაზიანებები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მამამ ან დედამ მიაყენა რაიმე სახის დაზიანებები. ხელების გაკოჭვაზე რა სურათებიც გავრცელდა, ამ სურათების გარდა, სხვა ინფორმაცია ჩვენ არ გაგვაჩნია, ამის შემსწრე პირი, მოწმე არავინ არ არსებობს. რა მომენტშია ეს გადაღებული, თამაშიდან გამომდინარე არის, თუ რა მოხდა, ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ“, - აღნიშნა ღურწკაიამ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 აგვისტოს 12:00 საათზე დაინიშნა.

6 წლის ბავშვის მშობლებს (დედა და მამინაცვალი) ბავშვის წამება ედებათ ბრალად. გამოძიების ვერსიით, საუბარია 2019-2020 წლების პერიოდზე, რა დროსაც წამების ფაქტი რამდენჯერმე განმეორდა.

ბავშვის დედას და მამინაცვალს ბრალი სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით ედებათ („ოჯახის წევრის მიმართ წამება, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ“). დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

80
ჭიდაობა

ექვსი მედალი ევროპის ჩემპიონატიდან - ქართველი მოჭიდავეების  წარმატება

0
(განახლებულია 13:31 21.06.2021)
ტურნირზე  ოქროს მედალს მხოლოდ არჩილ ბოლქვაძე დაეუფლა. საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში  მეორე ადგილი დაიკავა.

 

თბილისი, 21 ივნისი - Sputnik. ქართველმა ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავეებმა ბულგარეთის ქალაქ სამოკოვოში მიმდინარე ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ექვსი მედლით დაასრულეს. 

ტურნირის ბოლო დღეს  ქართველმა სპორტსმენებმა ერთდროულად ოთხი მედალი მოიპოვეს, აქედან ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.

დასკვნით ეტაპზე ფინალური ორთაბრძოლა წააგო 51 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თამაზ ღლონმტა, რომელიც მასპინძელ ბორისლავ კირილოვთან ანგარიშით 0:9 დამარცხდა. რაც შეეხება ბრინჯაოს მედლებს, კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ანრი ხოზრევანიძე (–45 კგ), რატი ხოზრევანიძე (–60 კგვ) და გორ აივაზიანი (–92 კგ) ავიდნენ.

საქართველოს სახელით ერთადერთი ოქროს მედალი 80 კგ–მდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე არჩილ ბოლქვაძემ მოიპოვა, რომელმაც ფინალში მოლდოველი მიჰაი გუტუ ანგარიშით 9:0 დაამარცხა. ვერცხლის მედალს დასჯერდა 65 კგ–მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ანრი ფუტკარაძე.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა 132 ქულა მოაგროვა და მხოლოდ აზერბაიჯანს (153 ქულა)  ჩამორჩა. ტურნირზე მესამე ადგილი უკრაინის ნაკრებმა (110 ქულა) დაიკავა.

0
თემები:
სპორტის ამბები