ჰეროინი

პოლიციამ თბილისში ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზების სქემა გახსნა

34
(განახლებულია 20:13 08.06.2021)
ბრალდებულები რამდენიმე სახის ნარკოტიკულ საშუალებებს, რეალიზების მიზნით, თბილისის სხვადასხვა ლოკაციებზე ათავსებდნენ.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. პოლიციამ თბილისში ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტით გასაღების ფაქტებზე ოთხი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს ინტერნეტის მეშვეობით სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა დედაქალაქში სხვადასხვა ადგილზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

ამასთან, პოლიციამ ორი ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას „მეტადონის“ შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. ბიო ამოიღო.

დაკავებულებიდან ერთ-ერთს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობაში ედება, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის მცდელობაში ბრალდებულ პირს, მას 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დანარჩენი ორი ბრალდებულის შემთხვევაში პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო მათ მიერ წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად და გასაღების მიზნით უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალების „ალფა-პვპ“ შემცველი 1.670 მლ სითხე.

„დაკავებულები მოტოციკლებით გადაადგილდებოდნენ და საკურიერო სერვისის ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ყუთების გამოყენებით სხვადასხვა ლოკაციაზე ნარკოტიკულ საშუალებას „ალფა-პვპ“ ათავსებდნენ შემდგომი რეალიზაციის მიზნით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სამართალდამცველებმა აღნიშნული ლოკაციებიდან 15 შეკვრად დაფასოებული 16 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ ამოიღეს.

ამ ორ ბრალდებულს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და უკანონო გასაღების მცდელობაში ედება ბრალი, რაც 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და ჯგუფურად უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

34
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1315)
პოლიციის განყოფილება

წერეთლის გამზირზე პოლიციის განყოფილებიდან მამაკაცი გადახტა

73
მამაკაცი შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიზნით დაიბარეს და მან შეზღუდვისთვის თავის არიდება ამ საქციელით სცადა.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის განყოფილების შენობიდან მამაკაცი გადახტა, იუწყება ტელეარხი Rustavi 2.

ტელეარხის მონაცემებით, მამაკაცი განყოფილებაში ყოფილი მეუღლის საჩივრის საფუძველზე შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიზნით დაიბარეს. როდესაც მამაკაცმა შეიტყო პოლიციაში დაბარების მიზეზი, მან განყოფილებიდან გადახტომა გადაწყვიტა.

ორდერის გამოწერის შემდეგ მას ყოფილ მეუღლესთან მიახლოება აეკრძალებოდა.

მამაკაცის გადარჩენა მოხერხდა და ახლა ის კლინიკაში მკურნალობას გადის. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

 

 

73
დაკავება

„ქურდული სხადნიაკი" და წილების გაყოფა: ქუთაისში სამი პირი დააკავეს

63
(განახლებულია 18:54 16.06.2021)
ორ ბიზნესმენს შორის სადავო საკითხის გადაჭრა ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებმა გადაწყვიტეს – საქმის გარჩევა დაკავებით დასრულდა.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ქუთაისში სამართალდამცველებმა „ქურდული სამყაროს" წევრობისა და ე.წ. ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა დაკავებული წარსულში ნასამართლევი პირია.

გამოძიების ცნობით, ერთ-ერთმა დაკავებულმა შემთხვევით გაიგო თავისი ნაცნობის, ქუთაისში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის ყოფილი მეწილისა და ამავე ობიექტის ახლანდელი მფლობელის ფინანსური დავის შესახებ.

მან თანამზრახველებთან ერთად თვითნებურად, საკუთარი სარგებლის მიღების მიზნით, გადაწყვიტა აღნიშნულ დავაში ჩარევა. ბრალდებულებმა „ქურდული სამყაროს" მიერ დადგენილი წესების მიხედვით მოაწყვეს „ქურდული გარჩევა". ფინანსური დავის ქურდული წესით გარჩევის შედეგად კი ბარის ახლანდელ მეპატრონეს ყოფილი ბიზნეს-პარტნიორისთვის და „ქურდული სამყაროს" წევრების სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა დაეკისრა.

პოლიციამ ბრალდებულები სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მას შემდეგ დააკავა, რაც ბარის მეპატრონემ მათ მოთხოვნილი თანხა გადაუხადა.

სამართალდამცველებმა დაკავებულთა საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ.

გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით მიმდინარეობს – „ქურდული სამყაროს" წევრობა“ და „ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობა“. დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

63
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1315)
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო

დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი ევროპულმა სასამართლომ განხილვაში მიიღო

0
(განახლებულია 10:42 17.06.2021)
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს კათaლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი წარმოებაში მიიღო, ამის შესახებ მსჯავრდებულის ძმამ თორნიკე მამალაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

„ევროპულმა სასამართლომ ჩემი ძმის სარჩელი დააკმაყოფილა და განხილვაში მიიღო. დაწყებულია კომუნიკაცია. იმედი მაქვს აქ მაინც იზეიმებს სამართალი!", - წერს მამალაძე.

აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება მამალაძის ადვოკატი დავით ჯანდიერი, რომელმაც ევროსასამართლოში გაგზავნილი საჩივარი მოამზადა.

„საჩივრიდან გამომდინარე, სასამართლოს ყველა ძირითად საკითხზე აქვს ყურადღება გამახვილებული. მომჩივანთან დაკავშირებული ფაქტები უკავშირდება კონვენციის მეექვსე (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მესამე მუხლის (წამების აკრძალვა) სავარაუდო დარღვევას", - აცხადებს ჯანდიერი.

ადვოკატის განცხადებით, დღეს იგი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებებში გიორგი მამალაძეს შეხვდება, რის შემდეგაც მედიასთან კომენტარს გააკეთებს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. იმ დროს გერმანიაში კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამკურნალოდ იმყოფებოდა. გამოძიების მონაცემებით, მამალაძის ბარგში ნატრიუმის ციანიდი იპოვეს, ხოლო ბინაში – კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის სექტემბერში გიორგი მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

2018 წლის თებერვალში სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. 2018 წლის აგვისტოში უზენაესმა სასამართლომ მამალაძის ადვოკატის სარჩელის განხილვაზე უარი განაცხადა და ამით ქვედა ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება ასევე ძალაში დატოვა.

0
თემები:
სკანდალი საპატრიარქოში – „ციანიდის საქმე"