მიწისძვრის მაგნიტუდა

საქართველოში ზედიზედ სამი მიწისძვრა მოხდა

142
(განახლებულია 07:03 07.06.2021)
დღეს საქართველოს ტერიტორიაზე ერთსაათიანი ინტერვალით სამი მიწისძვრა მოხდა. სამივე ბიძგის ეპიცენტრი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. საქართველოში 3,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კილომეტრში სოფელ სამებასთან (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი) მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 21:51 საათზე 12 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

დღეს ეს უკვე მესამე დაფიქსირებული მიწისქვეშა ბიძგია საქართველოში - ცოტა ხნის სოფელ სამებასთან 3,1 და 3,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.

საქართველო - საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა - 7-ბალიანი მაგნიტუდის - 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.

142
პოლიციის მანქანა

აჭარაში დიდი ოდენობით ნარკოტიკი და იარაღი ამოიღეს: დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი

34
(განახლებულია 13:53 19.06.2021)
ბრალდებული სავარაუდოდ კვლავ საპატიმროში დაბრუნდება - მას 20 წლამდე ვადით ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. აჭარის პოლიციამ წარსულში ნასამართლევი მამაკაცის ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკები, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვია-წამალი ამოიღო, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და უბნის ინსპექტორების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.შ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 147 აბი და 5 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი. გ.შ.-ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ტოკარევის კონსტრუქციის პისტოლეტი, „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი და 18 საბრძოლო ვაზნა.

ბრალდებულს ედავებიან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას. ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-6 ნაწილებით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

34
დაკავება

თბილისში 6 წლის შვილის წამების ბრალდებით ბავშვის დედა და მამინაცვალი დააკავეს

67
(განახლებულია 12:41 19.06.2021)
ცოლ-ქმარს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ორი არასრულწლოვანი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. თბილისში 28 წლის ცოლ-ქმარი შვილის წამების ბრალდებით დაკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წელს დაბადებულ ბავშვს დედა და მამინაცვალი დასჯის მიზნით აწამებდნენ, რაც „თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს“.

გამოძიების ფარგლებში დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, აცხადებენ უწყებაში.

არასრულწლოვანი, თავის მცირეწლოვან ძმასთან ერთად, სოციალურმა მუშაკებმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

საქმეზე გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ წამების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-144 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

67
საფრანგეთის პოლიცია

საფრანგეთში 16 წლის საქართველოს მოქალაქე თანატოლებმა მოკლეს

0
(განახლებულია 15:50 19.06.2021)
ქალაქ რუანის მერი მოქალაქეებს აფრთხილებს, გამოძიების შედეგებს დაელოდონ და ქალაქში ვითარება არ დაძაბონ. 

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საფრანგეთის ქალაქ რუანის გარეუბანში, სოტევილ-ლე-რუანში (Sotteville-les-Rouen) საქართველოს 16 წლის მოქალაქე მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ჯგუფებს შორის დაპირისპირებას 13 ივნისს საღამოს ემსხვერპლა. ის დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბიჭს დაზიანებები ძირითადად თავის არეში სხვადასხვა საგნით აქვს მიყენებული.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაპირისპირებაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც ხელში რკინის ხელკეტები და ბლაგვი საგნები ეჭირათ.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დაღუპული საქართველოს მოქალაქე რუანის სკოლის მოსწავლე იყო, ის საფრანგეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

თვითმხილველების განცხადებით, ხელჩართული ჩხუბი, სავარაუდოდ, ორი უბნის მცხოვრებლებს შორის დაპირისპირებას მოყვა. დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს 2002 წელს დაბადებული ერთი პირი, რომელიც მალევე გაათავისუფლეს, რადგან მისი მონაწილეობა კონფლიქტში არ დადასტურდა. შემდგომში დააკავეს 2005 წელს დაბადებული ორი მოზარდი, ისინი ამ დრომდე რჩებიან წინასწარი დაკავების იზოლატორში ეჭვმიტანილის სტატუსით.

გარდაცვლილ ახალგაზრდას ორშაბათს დაკრძალავენ. დაკრძალვის პროცესიაში გარდაცვლილის ოჯახის წევრების გარდა საფრანგეთში მცხოვრები სხვა ქართველებიც მიიღებენ მონაწილეობას, რასთან დაკავშირებითაც ქალაქის მერია მოუწოდებს მათ, არ შეეცადონ სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებას და დაელოდონ გამოძიებას.

0