აბასთუმანი

აბასთუმანში სალაშქროდ წასული ახალგაზრდები იპოვეს

111
(განახლებულია 21:50 06.06.2021)
შვიდკაციანი ჯგუფი აბასთუმნის ტყე-პარკში რამდენიმე დღის წინ წავიდა, თუმცა მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა და საჭირო გახდა მაშველების დახმარება.

თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. მეხანძრე-მაშველებმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა აბასთუმანში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

„უწყვეტი სამაშველო-საძიებო ოპერაციის შედეგად, ტურისტული ჯგუფი ნაპოვნია უვნებლად. ამ დროისთვის მიმდინარეობს მათი ჩამოყვანა უსაფრთხო ადგილას. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, - აღნიშნულია უწყების გვერდზე.

ინფორმაცია დაბა აბასთუმანში გაუჩინარებული ტურისტული ჯგუფის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში გუშინ შევიდა. ზარის ინიციატორის ინფორმაციით, შვიდკაციანი ჯგუფი აბასთუმნის ტყე-პარკში რამდენიმე დღის წინ წავიდა, თუმცა მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა და საჭირო იყო მაშველების დახმარება.

საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო 50-მდე მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით. ასევე, პროცესში მონაწილეობას იღებდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერთა ჯგუფი და პოლიციის შესაბამისი დანაყოფები.

ტურისტული ჯგუფის ადგილსამყოფელის დასადგენად საძიებო-სამაშველო ღონისძიებები აბასთუმნის ტყის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა დაიწყეს. 

ოპერაციის ფარგლებში, მაშველებმა დაათვალიერეს ობსერვატორიის, ნასაბაჯვარის მთის, წყალსადენის და ზეკარის უღელტეხილის ტერიტორიები.

111
დაპირსიპირება აჭარის მთავრობის სახლთან

აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

42
(განახლებულია 17:43 20.06.2021)
აქციის მონაწილეებმა კარვების გაშლა სცადეს, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. დაპირისპირება მალევე ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც რამდენიმე პირი, მათ შორის ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრიც დააკავეს, იუწყება „პირველი არხი“.

აჭარის მთავრობის სახლთან აქციას ბრალდებული ძმების – წულუკიძეების, ჭელიძეებისა და ელდარ ანთაძის ახლობლები მართავენ. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვების გაშლას აპირებდნენ, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა, პოლიციამ მათ კარვების გაშლის უფლება არ მისცა.

სამართალდამცველებმა ძმები წულუკიძეები, ჭელიძეები და ელდარ ანთაძე „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციაზე ჩადენილი ჯგუფური ძალადობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 15 აპრილს ბათუმში დააკავეს.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე დააზიანეს ერთ-ერთი პირის კუთვნილი ავტომანქანა.

გამოძიება ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობას ედავება.

42
ხელბორკილები

ექვსი წლის ბავშვის წამების საქმეზე ბრალდებულ მშობლებს პატიმრობა შეეფარდათ

79
(განახლებულია 15:36 20.06.2021)
ბავშვის მიმართ აღზრდის სასტიკი მეთოდების გამოყენებისთვის მის დედასა და მამინაცვალს 9-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ექვსი წლის ბავშვის წამების საქმეზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულებს - დედას და მამინაცვალს პატიმრობა შეუფარდა.

შაბათს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია 6 წლის ბავშვის წამების და ცემის შესახებ. თბილისში არასრულწლოვნის დედა და მამინაცვალი დააკავეს. თავად დაზარალებული და მისი უმცროსი ძმა მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. ბრალდების მონაცემებით, ბავშვს აშიმშილებდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, ხელებს უწვავდნენ.

მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის განცხადებით, მტკიცებულებათა მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხე არსებობს, ასევე ჩასატარებელია არაერთი საგამოძიებო მოქმედება.

საქმის პროკურორის, ნათია ნოზაძის თქმით, ორივე ბრალდებულის მხრიდან არსებობდა მტკიცებულებათა მოპოვებისთვის ხელშეშლის უკიდურესად მაღალი საფრთხე, ასევე მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე.

„ამ ეტაპზე დასაბუთებული ვარაუდით დასტურდება, რომ ორივე ბრალდებულის მიერ ჩადენილია სსსკ-ის ის ქმედება, რაც წარდგენილი აქვთ ბრალად – წამება არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად“, - განაცხადა ნოზაძემ.

დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ პატიმრობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

„სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, ჩვენ დადგენილ ვადებში გავასაჩივრებთ. მძიმე ბრალდებაა, მაგრამ საქმეში არ არის არც ერთი მტკიცებულება, რომ ბავშვის მიმართ წამებას ჰქონდა ადგილი დედის ან მამის მხრიდან. არსებითი განხილვის დროს დაცვის მხარე დაადასტურებს მათ უდანაშაულობას“, - განაცხადა ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ.

მისი თქმით, საქმეში არსებული ფოტოები არ ადასტურებს მშობლების მხრიდან წამების ფაქტს.

„სოციალური მუშაკებისგან და მამისგან ვიცი, ბავშვი საკმაოდ ცელქია და ჰქონდა გარკვეული დაზიანებები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მამამ ან დედამ მიაყენა რაიმე სახის დაზიანებები. ხელების გაკოჭვაზე რა სურათებიც გავრცელდა, ამ სურათების გარდა, სხვა ინფორმაცია ჩვენ არ გაგვაჩნია, ამის შემსწრე პირი, მოწმე არავინ არ არსებობს. რა მომენტშია ეს გადაღებული, თამაშიდან გამომდინარე არის, თუ რა მოხდა, ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ“, - აღნიშნა ღურწკაიამ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 აგვისტოს 12:00 საათზე დაინიშნა.

6 წლის ბავშვის მშობლებს (დედა და მამინაცვალი) ბავშვის წამება ედებათ ბრალად. გამოძიების ვერსიით, საუბარია 2019-2020 წლების პერიოდზე, რა დროსაც წამების ფაქტი რამდენჯერმე განმეორდა.

ბავშვის დედას და მამინაცვალს ბრალი სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით ედებათ („ოჯახის წევრის მიმართ წამება, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ“). დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

79
ხაჭოს დესერტი

იკრძალება კატეგორიულად! დასახელდა ხაჭოსთან შეუთავსებელი პროდუქტები

0
(განახლებულია 13:49 21.06.2021)
არსებობს ისეთი პროდუქტები, რომელთა ჭამაც ხაჭოსთან ერთად კატეგორიულად დაუშვებელია - რატომ და რა პროდუქტებია ეს, სპეციალისტი განმარტავს

თბილისი, 21 ივნისი − Sputnik. ხაჭოს სასარგებლო თვისებები უდავოა, ვინაიდან პროდუქტში უამრავი აუცილებელი მაკრო- და მიკროელემენტები შედის. მაგრამ იმისათვის, რომ ორგანიზმმა ეს ნივთიერებები მიიღოს, აუცილებელია იცოდეთ , რასთან შეიძლება ხაჭოს ჭამა და რასთან − არა.

კლინიკა „ბორმენტალის“ სპეციალისტი წონის დაკლებაში პაველ ისანბაევი განმარტავს, რომ ხაჭოში შემავალი სასარგებლო ნივთიერებებიდან უპირველესია კაზეინი − რძის ცილა, რომელიც მისი მოხაჭოების დროს გამოიყოფა. და მიუხედავად იმისა, რომ ხაჭო ნებისმიერ პროდუქტს ეთავსება, დიდი რაოდენობთ ცილა გამოხატულ ინსულინურ პასუხს იწვევს.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი მკვებავ ნივთიერებებს უფრო სწრაფად ითვისებს. ცილაზე  ცხიმის დამატება კი ინსულინურ პასუხს აქვეითებს (ამიტომაც 9%-იანი ან არაჟანთან შერეული ხაჭო უფრო სასარგებლოა). ამიტომ, ვისაც შაქრის მაღალი დონის პრობლემა აქვს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიირთვას მურაბიანი, თაფლიანი, მწიფე ბანანშერეული ხაჭო“, − ამბობს სპეციალისტი.

მისი თქმით, სჯობს ხაჭოს მწვანილი ან ბულგარული წიწაკა დაუმატოთ, ან უბრალოდ მაღალცხიმიანი, თუნდაც 5%-იანი ხაჭო მიირთვათ.

იმისათვის, რომ ხაჭოში შემავალი სასარგებლო ელემენტები ორგანიზმმა ამომწურავად შეითვისოს, კარგი იქნება, თუ ხაჭომდე ბოსტნეულს, მაგალითად, კომბოსტოს ან მწვანილეულს მიირთმევთ. ასეთ შემთხვევაში უჯრედისი ინსულინურ პასუხს დააქვეითებს.

რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, რომელთა ხაჭოსთან ერთად მირთმევა რეკომენდებული არ არის, ესენია:

  • რძე − ზოგი ადამიანი ხაჭოს რძეს უმატებს, რათა ის უფრო რბილი და ნაზი გახადოს. მაგრამ ამის გაკეთება კატეგორიულად დაუშვებელია! ამ კომპონენტების შერევისას რძის ცილის მაჩვენებელი ძალიან იზრდება და მისი მონელება პრაქტიკულად შეუძლებებლია. შესაბამისად, შედაეგად მიიღებთ „ფუჭ“ საკვებსა და ზედმეტ კალორიებს.
  • ყავა − საუზმედ ბევრი ირჩევს ხაჭოსა და ყავას, მაგრამ ეს არასწორია. ყავა განსაკუთრებულ მთრიმლავ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც სრულებით არ ეთავსება რძის პროდუქტებს. გარდა ამისა, ეს ორი პროდუქტი ერთად კალციუმის სწორად ათვისებას უშლის ხელს.
  • კვერცხი − ამ შემთხვევაში ყველაფერი მარტივია: კვერცხი ძალიან ბევრ ცილას შეიცავს. მისი თერმული დამუშავების შემდეგ მისი დენატურაცია იწყება და ცილის ათვისების ხარისხი იმატებს. ორგანიზმს კი ასეთი დიდი რაოდენობით ცილის გადამუშავება გაუჭირდება.
  • შაქარი − ყველაზე გავრცელებული ვარიანტი − ეს სწორედ ხაჭოზე შაქრის დამატებაა. მაგრამ ის კალციუმის ათვისების პროცესს ამცირებს და ამასთან ძალიან, ძალიან კალორიულია.
  • ხორცი − ხაჭოსთან ხორცს ალბათ ცოტა მიირთმევს, მაგრამ მათ გასაგონადაც უნდა ვთქვათ, რომ ეს კატეგორილად მიუღებელია! ამ ორი პროდუქტის გადამუშავებას ორგანიზმი ძალიან დიდ დროს ანდომებს და თანაც მუცლის შებერიოლობასა და გაზწარმოქმნას იწვევს.
გაითვალისწინეთ სპეციალსტების რჩევები და მიიღეთ ხაჭოსგან მაქსიმალური სარგებელი!
0
თემები:
ექიმი გირჩევთ