თბილისის საქალაქო სასამართლო

მელიას საქმეზე პროცესი გრძელდება: რა გაიხსენეს მოწმეებმა სასამართლოში

49
თავად მელია პროცესს არ ესწრება. ის სხდომათა დარბაზიდან განაჩენის გამოტანამდე მოსამართლესთან კამათის გამო გააძევეს.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლო ხუთშაბათს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას საქმის ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებებს გაეცნო.

მელიას ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტზე შტურმის დროს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. ბრალდება ამტკიცებს, რომ მელიას წინააღმდეგ გამოძიების მასალები გამყარებულია ვიდეოჩანაწერებით და მოწმეთა ჩვენებებით. არეულობა დაიწყო მას შემდეგ, რაც მელიამ მომიტინგეებს მიმართა: „მინდა გკითხოთ, რატომ უნდა ვიდგეთ პარლამენტის წინ და რატომ არ უნდა ვიყოთ პარლამენტის შენობაში?“

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით გამოიკითხა თბილისის პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი გიორგი ქურდაძე.

„ნიკას მელიას ნათქვამი მახსოვს, პარლამენტში შევიჭრათო. პოლიტიკოსები იდგნენ და თათბირობდნენ. ეს რომ თქვა, იქიდან წამოვიდა აზრი, რომ შევიჭრათ, მერე რა ვქნათო. რასაც ვყვები, ყველაფერი ზუსტად მახსოვს“, – განაცხადა გიორგი ქურდაძემ.

დღესვე სასამართლოზე მოწმის სახით Post TV-ს ჟურნალისტი ნათია ბერიძე გამოიკითხა. ქურდაძის მსგავსად, ბერიძემ განაცხადა, რომ პირადად ესმოდა მელიას მხრიდან საკანონმდებლო ორგანოში შეჭრის მოწოდებები.

თავად მელია პროცესს არ ესწრება. ის სხდომათა დარბაზიდან განაჩენის გამოტანამდე მოსამართლესთან კამათის გამო გააძევეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მაისის დასაწყისში შეცვალა მელიას აღკვეთის ღონისძიება და ის გირაოთი გაათავისუფლა. გირაოს თანხა – 40 ათასი ლარი ევროკავშირმა გადაიხადა – „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გირაოს თანხა გამოყო, ხოლო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) აღნიშნული თანხა ხელისუფლებას 8 მაისს გადასცა.

დანაშაული, რომელიც მელიას ედება ბრალად, 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

49
სამაშველო ოპერაცია

მაშველებმა მყინვარწვერიდან დაშავებული უცხოელი ჩამოიყვანეს

11
(განახლებულია 13:45 21.06.2021)
ამ დროისთვის მამაკაცი თბილისის ერთ–ერთ კლინიკაშია მოთავსებული. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

 

თბილისი, 21 ივნისი - Sputnik. მაშველებმა უცხო ქვეყნის დაშავებული მოქალაქე, რომელიც მყინვარწვერზე, ზღვის დონიდან 4500 მეტრ სიმაღლეზე იმყოფებოდა, თბილისში ჩამოიყვანეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ მყინვარწვერზე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეს მოტეხილი ჰქონდა ქვედა კიდური, შეუძლოდ იყო და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

რთული რელიეფის გამო და დაშავებულის მდებარეობის გათვალისწინებით, შემთხვევის ადგილზე ქვეითი სამაშველო ჯგუფის მისვლა და ახალგაზრდა მამაკაცისთვის დახმარების დროულად აღმოჩენა შეუძლებელი იყო. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვნენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლები, რომლებიც თბილისიდან შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გაფრინდნენ.

 

11
თემები:
შემთხვევები საქართველოში
დაპირსიპირება აჭარის მთავრობის სახლთან

აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

42
(განახლებულია 17:43 20.06.2021)
აქციის მონაწილეებმა კარვების გაშლა სცადეს, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. დაპირისპირება მალევე ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც რამდენიმე პირი, მათ შორის ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრიც დააკავეს, იუწყება „პირველი არხი“.

აჭარის მთავრობის სახლთან აქციას ბრალდებული ძმების – წულუკიძეების, ჭელიძეებისა და ელდარ ანთაძის ახლობლები მართავენ. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვების გაშლას აპირებდნენ, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა, პოლიციამ მათ კარვების გაშლის უფლება არ მისცა.

სამართალდამცველებმა ძმები წულუკიძეები, ჭელიძეები და ელდარ ანთაძე „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციაზე ჩადენილი ჯგუფური ძალადობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 15 აპრილს ბათუმში დააკავეს.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე დააზიანეს ერთ-ერთი პირის კუთვნილი ავტომანქანა.

გამოძიება ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობას ედავება.

42
სასამართლო

ჯარისკაცების მიმართ არაადამიანური მოპყრობა: ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო

0
(განახლებულია 14:47 21.06.2021)
არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისთვის დაკავებულებს ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. იაღლუჯას საწვრთნელ სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლის, დიმიტრი დევდარიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი დაიწყო. 

ახალწვეულთა მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე  დაკავებულია შსს–ს ორი თანამშრომელი დიმიტრი დევდარიანი და გიორგი ბიჩელაშვილი.  8 ივნისს გამართულ  სასამართლო პროცესზე დევდარიანმა მისი საქმის ნაფიცი მსაჯულების მხრიდან განხილვაზე თანხმობა განაცხადა, ბიჩიაშვილი კი წინააღმდეგი წავიდა. მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოეყო.

საქართველოს სისხლის სამართლის პროცესის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 12 ადამიანისგან შედგება.

საბრალდებო ვერდიქტის გამოსატანად ხმათა სამი მეოთხედია აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებული უდანაშაულოდ უნდა იყოს ცნობილი. განსაკუთრებით მძიმე საქმეში კი განაჩენის გამოტანისას სასამართლო უნდა შედგებოდეს 12 კაცისგან და ვერდიქტი აუცილებლად უნდა იყოს ერთსულოვანი.

დევდარიანის ადვოკატის დავით ჭიკაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„დღევანდელ სხდომაზე დაიწყება ნაფიც მსაჯულთა შესარჩევად პროცედურული საკითხების მათ შორის  კითხვარების განსაზღვრა.  დავით დევდარიანი დუმილის უფლებას იყენებს.  იგი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სასამართლოში ჩვენებას აუცილებლად მისცემს. ჩვენ მისი უდანაშაულობის დამტკიცებას შევეცდებით“, – განაცხადა ჭიკაიძემ ჟურნალისტებთან. 

გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებმა გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ გამოიყენეს კანონით აკრძალული დასჯის მეთოდები, რომლითაც შელახეს მათი პირადი ღირსება, არსებითად დაარღვიეს მათი უფლებები, მიაყენეს მორალური და ფიზიკური ტკივილი და დააზიანეს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

კერძოდ, 2020 წლის მარტში დევდარიანი სამხედროებს სპეციალური ეკიპირებით, რომელიც 10 კილოგრამს იწონის, ორი საათის განმავლობაში მუხლზე დამდგარს აიძულებდა, კბილის ჯაგრისით გაეხეხათ ყაზარმის საპირფარეშოს იატაკი.

ორი თვის შემდეგ, 2020 წლის მაისში მან გაიმეორა მსგავსი ქმედება სხვა სამხედროების მიმართ და მათ საპირფარეშოს ხეხვა 11 საათის განმავლობაში აიძულა.

დევდარიანი ასევე გადის სამხედრო მოსამსახურის ცემის ეპიზოდში 2020 წლის ივლისში.

მეორე დაკავებულს ასევე ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებით სამხედროების მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა. ის სამ ეპიზოდში ფიგურირებს.

შსს-ს გენერალური ინსპექციის ინფორმაციით, დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაულები დასტურდება ათეულობით მოწმის პირდაპირი ჩვენებებით, ბრალდებულთა მობილურ ტელეფონებზე ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნებით, გამოძიების მიერ მოპოვებული ფოტო-მტკიცებულებებით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტებით და სხვა მტკიცებულებებით.

აპრილში სასამართლო მოსმენაზე ცნობილი გახდა, რომ საქმეში ობიექტების დაცვის დეპარტამენტის კიდევ თანამშრომელი, ბიჩელაშვილისა და დევდარიანის უშუალო უფროსი ფიგურირებდა. მარტის ბოლოს მან თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე რვა თვით ადრე ის დაიკითხა.

0