აქცია ნამახვანჰესის წინააღმდეგ

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგის დაკავება გამაფრთხილებელი სროლის ფონზე მოხდა

62
(განახლებულია 00:15 02.06.2021)
გამოძიება მიიჩნევს, რომ ბრალდებული სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე თავს დაესხა პოლიციელს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესო აქციის დროს  პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით სოფელ საყულიას მკვიდრი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომელს, რომელიც იმ დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

31 წლის ბრალდებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში დააკავეს. დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გაუწიეს.

უწყებიც ცნობით, მოხდა თავდასხმა სამართალდამცველებზე. ადგილობრივებმა პოლიციას გადაადგილების საშუალება შეუზღუდეს, ცდილობდნენ დაკავებული ბრალდებულის გათავისუფლებას, შეეცადნენ ცეცხლსასროლი იარაღის პოლიციისთვის წართმევას და უწევდნენ წინააღმდეგობას. ამავდროულად პოლიციას ესროდნენ ქვებს და სხვადასხვა საგნებს, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო პოლიციის ორმა თანამშრომელმა.

„სიტუაციის ესკალაციის და დაპირისპირების განმუხტვის მიზნით პოლიციამ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა. ასევე, გამოყენებულ იქნა სპეციალური საშუალებები“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პროტესტის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა. მისი განცხადებით, დაკავებული აქტივისტი პროვოკაციის მსხვერპლია. 

„ჩვენი აქტიური წევრია და ამ პროცესში იღებს მონაწილეობას. იმ დღეს იყო დაპირისპირება პოლიციასა და ჩვენს თანამებრძოლებს შორის. სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას პოლიციელმა, ამის შემდეგ მოუქნია ხელი, რომელიც პოლიციელს მოხვდა“, - განაცხადა გოლეთიანმა. 

მისი თქმით, საკითხში სახალხო სამცველის აპარატია ჩართული.

რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები უკვე 218 დღეა აპროტესტებენ. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია Enka-სთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემა.

ბოლო კვირაა მომიტინგეები სოფელ გუმათში პოლიციის მიერ აგებულ რკინის ბარიკადებთან იმყოფებიან, რომლებიც მომიტინგეებს სოფელ ნამოხვანისკენ და სამშენებლო სამუშაოების ჩატარების ადგილისკენ გზას უღობავს. მომიტინგეები მუდმივ რეჟიმში ატარებენ „ხმაურის აქციას“ და ბარიკადის გარღვევას ცდილობენ.

 

62
პოლიცია სიღნაღში

მედია: წნორში ერთ-ერთ ოჯახს ნათესავმა სახლი დაუწვა

33
(განახლებულია 16:00 19.06.2021)
არსებული ინფორმაციით, ხუთსულიანი ოჯახი სახლის გარეშე დარჩა. ოჯახის წევრები ახლა ნათესავთან აფარებენ თავს.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მცხოვრებ სომხიშვილების ოჯახს ნათესავმა საცხოვრებელი სახლი დაუწვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა.

ოჯახი ადგილობრივ პოლიციას უყურადღებობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებს რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენიათ. მათივე ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე პოლიციელებმა მხოლოდ გამოკითხეს და სახლში გაუშვეს.

არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის დავა წლებია გრძელდება. დაპირისპირება სახლის გამო დაიწყო, რომელიც გულნაზ სომხიშვილს პაპამ აჩუქა.

დაზარალებული გულნაზი სომხიშვილი, გარდა ზიანისა, ბიძის მხრიდან მუქარაზე საუბრობს და მის დაკავებას ითხოვს. მისი თქმით, მამაკაცმა სახლის დაწვის ფაქტი აღიარა.

დაზარალებულების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც სახლი დაწვა, მკვლელობაზეა ნასამართლევი და ახლაც პირობითი სასჯელის ქვეშ იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

33
პოლიციის მანქანა

აჭარაში დიდი ოდენობით ნარკოტიკი და იარაღი ამოიღეს: დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი

36
(განახლებულია 13:53 19.06.2021)
ბრალდებული სავარაუდოდ კვლავ საპატიმროში დაბრუნდება - მას 20 წლამდე ვადით ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. აჭარის პოლიციამ წარსულში ნასამართლევი მამაკაცის ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკები, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვია-წამალი ამოიღო, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და უბნის ინსპექტორების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.შ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 147 აბი და 5 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი. გ.შ.-ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ტოკარევის კონსტრუქციის პისტოლეტი, „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი და 18 საბრძოლო ვაზნა.

ბრალდებულს ედავებიან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას. ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-6 ნაწილებით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

36
ნიკოლოზ წულუკიძე ამსტერდამში

ნიკოლოზ წულუკიძე: „შემიძლია ადამიანების მიმართ ძალიან დიდი სითბო გავცე“

0
(განახლებულია 17:07 19.06.2021)
ნიკოლოზ წულუკიძე საკუთარ თავზე საუბრობს, იხსენებს ბავშვობას და განმარტავს თუ რა მნიშვნელობა აქვს მისთვის პოპულარობას.

 

წულუკიძე
„ბებიაჩემი რომ რეკავს ხოლმე, სულ ვაფარებ ყურმილს ხელს, რომ არავინ გაიგოს. ის ჩემთან საუბარს სულ სიმღერით და მოფერებით იწყებს: „ბებოს სიხარულებოო“!.. ვფიქრობ, ყველა ადამიანს, ვინც პოპულარობისთვის იღწვის, იმის განცდა აქვს ხოლმე, რომ განსაკუთრებულია“, -ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე.

თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძის თქმით, მას ადამიანებისადმი სიყვარულისა და სითბოს გაცემა ბავშვობიდან ასწავლეს და სურვილს გამოთქვამს, რომ ყველა ადამიანმა უშურველად გასცეს სიკეთე და სიყვარული.

0