გემი

საქართველოში მარშალის კუნძულების დროშით მცურავი გემი დააჯარიმეს

37
(განახლებულია 22:02 01.06.2021)
გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის დაკისრებული საჯარიმო სანქციის გადახდის შემდეგ მიეცემა

თბილისი, 1 ივნისი— Sputnik. ფოთში მარშალის კუნძულების დროშით მცურავი გემი საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურებისთვის დააკავეს, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გემმა ზღვის აკვატორია სამეურნეო წყლებით დააბინძურა.

გემი 65 ათასი ლარით დაჯარიმდა. სამართალდამრღვევი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვებს. 

37
თემები:
შემთხვევები საქართველოში (2190)
პოლიციის განყოფილება

წერეთლის გამზირზე პოლიციის განყოფილებიდან მამაკაცი გადახტა

73
მამაკაცი შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიზნით დაიბარეს და მან შეზღუდვისთვის თავის არიდება ამ საქციელით სცადა.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის განყოფილების შენობიდან მამაკაცი გადახტა, იუწყება ტელეარხი Rustavi 2.

ტელეარხის მონაცემებით, მამაკაცი განყოფილებაში ყოფილი მეუღლის საჩივრის საფუძველზე შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიზნით დაიბარეს. როდესაც მამაკაცმა შეიტყო პოლიციაში დაბარების მიზეზი, მან განყოფილებიდან გადახტომა გადაწყვიტა.

ორდერის გამოწერის შემდეგ მას ყოფილ მეუღლესთან მიახლოება აეკრძალებოდა.

მამაკაცის გადარჩენა მოხერხდა და ახლა ის კლინიკაში მკურნალობას გადის. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

 

 

73
დაკავება

„ქურდული სხადნიაკი" და წილების გაყოფა: ქუთაისში სამი პირი დააკავეს

63
(განახლებულია 18:54 16.06.2021)
ორ ბიზნესმენს შორის სადავო საკითხის გადაჭრა ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებმა გადაწყვიტეს – საქმის გარჩევა დაკავებით დასრულდა.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ქუთაისში სამართალდამცველებმა „ქურდული სამყაროს" წევრობისა და ე.წ. ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა დაკავებული წარსულში ნასამართლევი პირია.

გამოძიების ცნობით, ერთ-ერთმა დაკავებულმა შემთხვევით გაიგო თავისი ნაცნობის, ქუთაისში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის ყოფილი მეწილისა და ამავე ობიექტის ახლანდელი მფლობელის ფინანსური დავის შესახებ.

მან თანამზრახველებთან ერთად თვითნებურად, საკუთარი სარგებლის მიღების მიზნით, გადაწყვიტა აღნიშნულ დავაში ჩარევა. ბრალდებულებმა „ქურდული სამყაროს" მიერ დადგენილი წესების მიხედვით მოაწყვეს „ქურდული გარჩევა". ფინანსური დავის ქურდული წესით გარჩევის შედეგად კი ბარის ახლანდელ მეპატრონეს ყოფილი ბიზნეს-პარტნიორისთვის და „ქურდული სამყაროს" წევრების სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა დაეკისრა.

პოლიციამ ბრალდებულები სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მას შემდეგ დააკავა, რაც ბარის მეპატრონემ მათ მოთხოვნილი თანხა გადაუხადა.

სამართალდამცველებმა დაკავებულთა საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ.

გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით მიმდინარეობს – „ქურდული სამყაროს" წევრობა“ და „ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობა“. დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

63
თემები:
კრიმინალი საქართველოში
გიორგი გურგენაშვილი

ქართველის შექმნილი ბენდი ათენში და მისი გიტარისტი, რომელიც Deep purple-ში უკრავდა

0
(განახლებულია 11:48 17.06.2021)
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ დღეს საბერძნეთში მცხოვრები მომღერლის, ჯორჯ გურენის შემოქმედებით სიახლეებს გაგაცნობთ.

ჯორჯ გურენი გიორგი გურგენაშვილის შემოქმედებითი ფსევდონიმია. ბოლო წლებში ის ხელოვნების სამსახურში დგას: ქმნის საავტორო სიმღერებს, აქტიურად თანამშრომლობს ბერძენ კომპოზიტორებთან და წარმატებით გამოდის ადგილობრივ სცენაზე. პანდემიის დროს ჩატარებულ ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Gem fest-ზე, რომელიც მსოფლიო მედიამ და მათ შორის ΒΒC-მაც გააშუქა,  ცნობილ დიჯეებთან ერთად ქართველი ჯორჯ გურენიც მონაწილეობდა. ის ფესტივალზე ერთადერთი მომღერალი იყო.

 

გიორგი გურგენაშვილი
გიორგი გურგენაშვილი

— ჯორჯ, ბოლო წლების შემოქმედებითი სიახლეებით დავიწყოთ...

— ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრი პროექტი განვახორციელე. მათ შორის რამდენიმე მასშტაბური იყო და ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად წარმატებულიც. ყველა ჩემს მეგობარსა და კოლეგას მადლობას ვუხდი, რომ არა ისინი, ბევრ რამეს ვერ შევძლებდი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვნი იყო სიმღერა I’m defensless, რადგან მასზე ბერძნული მუსიკალური შოუს, Fame Story-ის მთავარმა ქოუჩიმ, ჯული მასინომ იმუშავა. თქვენს მკითხველს შევახსენებ, რომ ჯული ამერიკელია და ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა მასთან თანამშრომლობა. ამ სიმღერის ბექვოკალსაც სწორედ მისი ხმა ამშვენებს.

— ვინ შექმნა ეს სიმღერა და სად გაჟღერდა?

— ამ სიმღერის შექმნის ინსპირაცია ალბათ მისტიური გრძნობები გახდა. მისი ავტორი ცნობილი ბერძენი კომპოზიტორი ნიკოს ანტონიადისია, რომელსაც ბერძენი მომღერლებისთვის ბევრი სიმღერა აქვს დაწერილი. სიმღერის მენეჯმენტზე დაიანა ვასილიადუმ იზრუნა, ვიდეოკლიპის გადაღება და მსოფლიოს 227 ქვეყნის digital-პლატფორმებზე გაშვება-გაყიდვა კი ბერძნულმა კომპანია Inside out production-მა აიღო საკუთარ თავზე.

— როგორც ვხედავ, მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, შემოქმედებითად მაინც არ გაჩერებულხართ. რომელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა პანდემიის დროს?

— 2020 წელს ზაკინთოში ჩატარდა ფესტივალი Gem fest-ი, რომელიც მსოფლიო მედიამ პანდემიის დროს მომხდარ უპრეცედენტო მოვლენად შეაფასა. ამ ფაქტს ΒΒC-ც კი გამოეხმაურა. ელექტრონული მუსიკის ამ ფესტივალზე, ბევრ ვარსკვლავ დიჯეისთან ერთად, მომღერალი მხოლოდ მე გახლდით. ასევე გეტყვით, რომ 2020 წელს ჩემი ალბომი უნდა გამოსულიყო, მაგრამ მუშაობის პროცესი პანდემიამ შეაფერხა. თუმცა ახლო მომავალში ვიმედოვნებ, რომ ეს ალბომი აუცილებლად გამოვა.

— ახალი ვიდეოკლიპის გადაღებას სად აპირებთ?

— ჩემი ახალი ვიდეოკლიპის გადაღებას სექტემბერში გერმანიაში ვფიქრობ. ეს ელექტრონული სიმღერაა, რასაც გერმანული გარემო უფრო უხდება. ორი კვირის წინ ვიყავი იქ ჩასული და ადგილები შევათვალიერე გადასაღებად.

ამჟამად ვმუშაობ სიმღერაზე სახელწოდებით Milestone, რაც ქართულად ითარგმნება როგორც ცხოვრებასა თუ კარიერაში ახალი ეტაპის დასაწყისი. ეს სიმღერა დაწერა ქართველმა კომპოზიტორმა, რომელსაც იცნობენ სახელით უტა (Uta). ჩემი სიმღერების უმეტესობა მისი დაწერილია.

გიორგი გურგენაშვილი და მისი ბენდის წევრები სცენაზე ჯული მასინოსთან, ნიკოლეტა კონსტანტინოდუსთან და მამუკა ლიპარტელიანთან ერთად
გიორგი გურგენაშვილი და მისი ბენდის წევრები სცენაზე ჯული მასინოსთან, ნიკოლეტა კონსტანტინოდუსთან და მამუკა ლიპარტელიანთან ერთად

— ვიცი, რომ არც ისე დიდი ხნის წინ დაგაჯილდოვეს. რა ჯილდო გადმოგეცათ?

— „ოქროს ნოტი“, რომელიც ჩემს ხუთკაციან George Guren's band-ს მივუძღვენი. ამ ბენდში ყველა ბერძენია. ერთ-ერთი მომღერალი, 65 წლის ნიკოს იდრეოსი, მრავალი წელი იან გილანის ცნობილი ჯგუფის, Deep purple-ს წევრი იყო. ის დღესაც უკრავს იმ გიტარაზე, რომელიც იან გილანმა პერსონალურად მისთვის დაამზადებინა. ამ გიტარის ფასი 100 000 დოლარია.

— მკითხველს შევახსენებ, რომ ბოლო დროს ხატვაც დაიწყეთ, ამ კუთხით ხომ არ არის რაიმე სიახლე?

— ხატვას რაც შეეხება, სამწუხაროდ, ბოლო ორი წელია, ვერ ვხატავ, რადგან მხედველობის პრობლემა შემექმნა და მკურნალობის შემდეგ ოპერაციული ჩარევა გახდა აუცილებელი. როგორც კი ოპერაციას გავიკეთებ, ჩემს საყვარელ გატაცებას მაშინვე დავუბრუნდები.

ჯორჯ გურენის შემოქმედება
ჯორჯ გურენის შემოქმედება

— ადრე ინტერვიუში მითხარით, რომ ცოტა ხანში თქვენი სიმღერების ალბომი უნდა გამოსულიყო, რომელშიც ქართულ, ინგლისურ და ბერძნულ ენებზე სიმღერები შევიდოდა. გამოვიდა ეს ალბომი?

— ეს სიმღერები Electro Pop R&B სტილში შექმნილი ბალადებია და მათი უმეტესი ნაწილი ქართულენოვანია, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი ენა და ქვეყანა. ქართულ სიმღერებს განსაკუთრებული ადგილი აქვს ჩემს რეპერტუარში. ვფიქრობ, ქართველი მსმენელი ამ ალბომში განსხვავებულ, თბილ და ენერგიულ სიმღერებს მოისმენს.

საქართველოში ოთხი წელია არ ვყოფილვარ და როცა ვნახე, ქვეყანა ძალიან შეცვლილი იყო. ბედნიერი ვიქნები, თუ ყოველი ნახვისას საქართველო იქ მომხდარი სასიამოვნო სიახლეებით გამაოცებს ხოლმე. სხვანაირად შეუძლებელია, ეს ხომ ჩემი მშობლიური ქვეყანაა?!

0