პატრული

ახალწვეულთა მიმართ ძალადობის საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა თავი მოიკლა

122
(განახლებულია 22:23 23.04.2021)
თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე მესამე სავარაუდო დამნაშავის შესახებაც გახდა ცნობილი, რომელმაც ერთი თვის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. ახალწვეულთა მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. 

აღნიშნულ საქმეზე ბრალი უკვე წარედგინათ შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს – გიორგი ბიჩელაშვილსა და დიმიტრი დევდარიანს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე პირს პატიმრობა დღეს გამართულ სხდომაზე შეუფარდა.

პროცესზე ცნობილი გახდა, რომ საქმეში ობიექტების დაცვის დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი ფიგურირებდა, თუმცა დაახლოებით ერთი თვის წინ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

საქმეში ფიგურირებს სავარაუდო დანაშაულების სხვადასხვა ეპიზოდი, რომლებიც „იაღლუჯას“ საწვრთნელ სამხედრო ბაზაზე 2020 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით პერიოდში მოხდა. აღნიშნულ პირებს ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებმა გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ გამოიყენეს კანონით აკრძალული დასჯის მეთოდები, რომლითაც შელახეს მათი პირადი ღირსება, არსებითად დაარღვიეს მათი უფლებები, მიაყენეს მორალური და ფიზიკური ტკივილი და დააზიანეს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. 

ერთ-ერთ ეპიზოდში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი ცვლის უფროსი სამხედროებს სპეციალური ეკიპირებით, რომელიც 10 კილოგრამს იწონის, ორი საათის განმავლობაში მუხლზე დამდგარს აიძულებდა, კბილის ჯაგრისით გაეხეხათ ყაზარმის ტუალეტის იატაკი.

ორი თვის შემდეგ, მაისში მან გაიმეორა მსგავსი ქმედება სხვა სამხედროების მიმართ და მათ ტუალეტის ხეხვა 11 საათის განმავლობაში აიძულა.

აღნიშნული პირი ასევე გადის სამხედრო მოსამსახურის ცემის ეპიზოდში 2020 წლის ივლისში.

მეორე დაკავებულს ასევე ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებით სამხედროების მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა. ის სამ ეპიზოდში ფიგურირებს.

როგორც შსს-ს გენერალური ინსპექციის განცხადებაშია აღნიშნული, რომელმაც ფაქტები გამოიძია, დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაულები დასტურდება ათეულობით მოწმის პირდაპირი ჩვენებებით, ბრალდებულთა მობილურ ტელეფონებზე ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნებით, გამოძიების მიერ მოპოვებული ფოტო-მტკიცებულებებით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტებით და სხვა მტკიცებულებებით.

122
საქართველოს მთავარი პროკურატურა

თბილისში გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

101
(განახლებულია 23:42 07.05.2021)
მამაკაცი 6 მაისს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბოროტმოქმედს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. სამართალდამცველებმა გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი 6 მაისს დააკავეს. დღეს კი საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბ.თ.-ს ბრალდება წარუდგინა.

როგორც პროკურატურა იუწყება, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2021 წლის 5 მაისს თბილისში ბ.თ.-მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.ა. გააუპატიურა, რის შედეგადაც მძიმე ფსიქო-ტრავმულ მდგომარეობაში მყოფი ა.ა. მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული 26 წლის ყაზახეთის მკვიდრი აისელ აიპაევაა, რომელიც საქართველოში სამუშაოდ იყო ჩამოსული. 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

101
საპატრულო პოლიცია

სუპერმარკეტში მაღალი სისწრაფით მოძრავი ავტომანქანა შევარდა: რა მოხდა ახალციხეში

144
(განახლებულია 21:48 07.05.2021)
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცველები. მიმდინარეობს მოკვლევა.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. ახალციხეში ავტომანქანა, რომელშიც ორი პირი იმყოფებოდა, სუპერმარკეტ „ორ ნაბიჯში“ შევარდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა მანქანამ მინის ფასადი შეანგრია, შენობაში შევარდა და დახლებს შეეჯახა.

„დალეწილია ვიტრინა და მილები. მძღოლი უკანა სვლაში ჩაგდებას ცდილობდა, შეეშალა და წინა სვლით წავიდა მაღალი სიჩქარით, კიდევ კარგი, ტროტუარზე არავინ იყო. მაშინვე სუპერმარკეტში შევარდა“, – განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

მანქანის მარკეტში შევარდნის შედეგად არავინ დაშავებულა. მცირე დაზიანებები მხოლოდ ავტომობილში მსხდომებს აღენიშნებათ. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მათ პირველადი დახმარება გაუწია.

შემთხვევა ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს.

144
თემები:
შემთხვევები საქართველოში
აღლუმი მოსკოვში

9 მაისი, გამარჯვების დღე: ისტორია, დღესასწაულის მნიშვნელობა

0
(განახლებულია 16:27 08.05.2021)
გამარჯვების დღე ერთ–ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია, რომელსაც მრავალ ქვეყანაში, რომლებიც ფაშიზმისგან დაზარალდნენ, 9 მაისს აღნიშნავენ

გამარჯვების დღე აღინიშნება, როგორც სისხლისმღვრელი ომის დასასრული, რომელმაც მილიონობით ჯარისკაცისა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. 2021 წელს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 76–ე წლისთავი აღინიშნება.

Sputnik–საქართველოს მასალაში შეიტყობთ გამარჯვების დღის ისტორიისა და ამ დღესასწაულის მნიშვნელობის შესახებ.

გამარჯვების დღე

დიდი სამამულო ომი – მეორე მსოფლიო ომის (1939–1945) შემადგენელი ნაწილი 1941 წლის 22 ივნისს გამთენიისას დაიწყო. ფაშისტური გერმანია, დაარღვია რა საბჭოთა კავშირისა და გერმანიის 1939 წლის შეთანხმება, ვერაგულად დაესხა თავს საბჭოთა კავშირს.

ოთხწლიანი საბრძოლო მოქმედებები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი შეიარაღებული დაპირისპირება გახდა. ომის სხვადასხვა პერიოდში ორივე მხრიდან იბრძოდა რვიდან 13 მილიონამდე ადამიანი, გამოიყენეს 7 ათასიდან 19 ათასამდე თვითმფრინავი, 6 ათასიდან 20 ათასამდე ტანკი და შემტევი ტექნიკა, 85–დან 165 ათასამდე აღჭურვილობა და ნაღმმტყორცნი.

ფაშისტებმა, რომლებიც სწრაფ გამარჯვებას გეგმავდნენ, ვერ გათვალეს – საბჭოთა ჯარებმა, გამოფიტეს რა მოწინააღმდეგე სისხლისმღვრელ ბრძოლებში, მას თავდაცვაში გადასვლა აიძულეს მთელ გერმანულ–საბჭოთა ფრონტზე და შემდეგ რიგი დიდი დარტყმებიც მიაყენეს.

უსიტყვო კაპიტულაციას ფაშისტურმა გერმანიამ 1945 წლის 8 მაისს 22:43 საათზე (ცენტრალური ევროპის დროით) ბერლინის გარეუბანში მოაწერა ხელი და ის იმავე დღეს, 23:01 საათზე ამოქმედდა.

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის (სსრკ) უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებით 9 მაისი ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებისა და სახალხო ზეიმის დღედ გამოცხადდა.

გამარჯვების პირველი დღე მასშტაბურად იზეიმეს – სხვადასხვა ქალაქში სახალხო სეირნობა და ხალხმრავალი მიტინგები გაიმართა. ქალაქებისა და სოფლების მოედნებზე უკრავდნენ ორკესტრები, გამოდიოდნენ პოპულარული არტისტები, სხვადასხვა სამხატვრო კოლექტივები.

მოსკოვი გამარჯვების ფოიერვერკებმა გაანათა – ათასობით საზენიტო აღჭურვილობიდან 30 გამარჯვების გასროლა განხორციელდა, რაც იმ დროს გრანდიოზული სანახაობა იყო.

ამის შემდეგ ათობით თვითმფრინავმა საბჭოთა კავშირის დედაქალაქში სხვადასხვა ფერის რაკეტების გირლანდები გადმოყარეს, მოედნებზე „ბენგალიური ცეცხლი“ იფრქვეოდა.

დღესასწაულის ისტორია

გამარჯვების პირველი აღლუმი 1945 წლის 24 ივნისს მოსკოვის „წითელ მოედანზე“ გაიმართა.. აღლუმი მარშალმა გიორგი ჟუკოვმა ჩაიბარა.

ეს მოვლენა მსოფლიო ისტორიაში სამარადისოდ შევიდა – ნაცისტური დროშები ამ აღლუმის დროს მავზოლეუმთან სცენაზე დაყარეს.

გამარჯვების დღე 1948 წლამდე ოფიციალური უქმე დღე იყო, შემდეგ ის გააუქმეს, თუმცა სადღესასწაულო ღონისძიებები მთელ ქვეყანაში იმართებოდა.

გამარჯვების დღე უქმე დღედ კვლავ 1965 წელს გამოცხადდა.

1965–1990 წლებში გამარჯვების დღე ფართოდ აღინიშნებოდა – სამხედრო აღლუმები 9 მაისს თვალნათლივ აჩვენებდა საბჭოთა არმიის მთელ სიმძლავრესა და სამხედრო ტექნიკაში ახალ მიღწევებს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი ქვეყანა და მათ შორის საქართველო 9 მაისს გამარჯვების დღის აღნიშვნას განაგრძობს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამარჯვების დღემ რუსეთში რამდენიმე წლის განმავლობაში საზეიმო სტატუსი დაკარგა. სამხედრო აღლუმები საბრძოლო ტექნიკითა და სამხედრო ავიაციის მონაწილეობით „წითელ მოედანზე“ 1995 წლის 9 მაისიდან აღდგა.

ევროპის ქვეყნები მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას 8 მაისს აღნიშნავენ – დღეს, როდესაც გერმანიამ კაპიტულაციის აქტს მოაწერა ხელი ცენტრალური ერვოპის დროის მიხედვით.

გამარჯვების დღის მნიშვნელობა

უდიდესი სისასტიკისა და მასშტაბის ომი მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის ტრაგედიად იქცა, მან მილიონობით ადამიანს უსაზღვრო ტანჯვა და კაცობრიობას არნახული ადამიანური დანაკარგი მოუტანა.

თითქმის ოთხწლიანი საომარი მოქმედებების დროს საბჭოთა კავშირში დაინგრა 1 710 ქალაქი, 70 ათასზე მეტი სოფელი, 32 ათასი ფაბრიკა და ქარხანა, განიძარცვა 98 ათასი კოლმეურნეობა. ამ ნგრევის შედეგად ზარალმა დაახლოებით 128 მილიარდი დოლარი შეადგინა.

საბჭოთა კავშირმა დაკარგა 25,6 მილიონი მოქალაქე, სხვა მონაცემებით – 29,6 მილიონი ადამიანი. სულ ცოტა 13,7 მილიონი მსხვერპლთა შორის მშვიდობიანი მოქალაქე იყო.

გამარჯვების დღეს გვირგვინებით ამკობენ უცნობი ჯარისკაცების საფლავებს მარადიული ცეცხლის გვერდით, რომლებიც ომში დაღუპულთა სამარადისო ხსოვნას ეძღვნება.

ამ დღეს, ტრადიციულად, მიდიან იმ ადგილებში, სადაც მიმდინარეობდა ბრძოლები, არის დაღუპული ჯარისკაცების საფლავები, სამხედრო დიდების ძეგლები. იქ აწყობენ ყვავილებს, ატარებენ მიტინგებს და ეწყობა საზეიმო სამხედრო მსვლელობები.

გამარჯვების დღეს ვეტერანები, რომელთა რიცხვიც წლიდან წლამდე იკლებს, იკრიბებიან ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე, ხვდებიან თანამებრძოლებს და იხსენებენ დაუპულ მეგობრებს.

ომში მონაწილე ყოველი მეხუთე დაჯილდოებულია, საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 11 681 ჯარისკაცს, ხოლო 2 532 ადამიანი დიდების ორდენის სრული კავალერია.

0
თემები:
მეორე მსოფლიო ომის ისტორია: ფაშიმზე გამარჯვება 2021