ჭყონდიდის ეპარქია

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა

93
სალხინოს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დაპირისპირება სიტყვიერი შეურაცხყოფით დაიწყო, რაც მოგვიანებით ტაძრის ეზოში გაგრძელდა.

თბილისი, 22 აპრილი - Sputnik. ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრის ტაძარში სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

მოგვიანებით სალხინოს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში სასულიერო პირებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც სასულიერო პირების ნაწილმა მეორე ნაწილს ეკლესია დაატოვებინა.

დაპირისპირება გაგრძელდა ტაძრის ეზოშიც, მაშინ როდესაც ადგილზე გამოჩნდნენ სასულიერო პირები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ადგილზე მიტროპოლიტ სტეფანეს დავალებით მივიდნენ.

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ 4 აპრილს ამბოხში მონაწილეობისთვის ეპარქიიდან ოთხი სასულიერო პირი განკვეთა. მათ შორის არიან ის მღვდელმთავრები, რომლებიც მკვეთრად აფიქსირებდნენ თავიანთ პროტესტს და არ ემორჩილებოდნენ მიტროპოლიტ სტეფანეს, რომელმაც ეპარქიაში ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) ჩაანაცვლა.

მომხდარზე მალევე განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომ. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ დაპირისპირება, რასაც უკანასკნელ პერიოდში ჭყონდიდის ეპარქიაში ჰქონდა ადგილი, იმეორებს იმავე პათოსს, რაც ამ ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრისგან ეპარქიიდან გათავისუფლების შემდეგ მომდინარეობს.

„სასულიერო პირთა ნაწილი დღემდე არ ეგუება სინოდის გადაწყვეტილებას და ეპარქიაში ახალი მმართველის დადგენას, ისინი გამოირჩევიან ამბოხის სულისკვეთებით, ზღვარგადასული, გაუწონასწორებელი ქმედებებითა და, ზოგადად, მოქმედებენ საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჭყონდიდის ეპარქიას წლების განმავლობაში პეტრე ცაავა ხელმძღვანელობდა. 2019 წლის 31 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც პეტრე ცაავამ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მამათმავლობაში დაადანაშაულა, წმინდა სინოდმა ის მღვდელმთავრობიდან გადააყენა, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად კი მიტროპოლიტი სტეფანე დანიშნა.

ადგილობრივი სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი მიიჩნევს, რომ მეუფე სტეფანე ეპარქიის უკანონო მმართველია. ისინი ითხოვენ, რომ მან ჭყონდიდის ეპარქია დატოვოს, საპატრიარქომ პეტრე ცაავას მიერ წაყენებული ბრალდება გამოიძიოს და მიტროპოლიტად კვლავ ის დააბრუნოს.

 

93
საქართველოს მთავარი პროკურატურა

თბილისში გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

101
(განახლებულია 23:42 07.05.2021)
მამაკაცი 6 მაისს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბოროტმოქმედს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. სამართალდამცველებმა გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი 6 მაისს დააკავეს. დღეს კი საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბ.თ.-ს ბრალდება წარუდგინა.

როგორც პროკურატურა იუწყება, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2021 წლის 5 მაისს თბილისში ბ.თ.-მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.ა. გააუპატიურა, რის შედეგადაც მძიმე ფსიქო-ტრავმულ მდგომარეობაში მყოფი ა.ა. მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული 26 წლის ყაზახეთის მკვიდრი აისელ აიპაევაა, რომელიც საქართველოში სამუშაოდ იყო ჩამოსული. 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

101
საპატრულო პოლიცია

სუპერმარკეტში მაღალი სისწრაფით მოძრავი ავტომანქანა შევარდა: რა მოხდა ახალციხეში

144
(განახლებულია 21:48 07.05.2021)
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცველები. მიმდინარეობს მოკვლევა.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. ახალციხეში ავტომანქანა, რომელშიც ორი პირი იმყოფებოდა, სუპერმარკეტ „ორ ნაბიჯში“ შევარდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა მანქანამ მინის ფასადი შეანგრია, შენობაში შევარდა და დახლებს შეეჯახა.

„დალეწილია ვიტრინა და მილები. მძღოლი უკანა სვლაში ჩაგდებას ცდილობდა, შეეშალა და წინა სვლით წავიდა მაღალი სიჩქარით, კიდევ კარგი, ტროტუარზე არავინ იყო. მაშინვე სუპერმარკეტში შევარდა“, – განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

მანქანის მარკეტში შევარდნის შედეგად არავინ დაშავებულა. მცირე დაზიანებები მხოლოდ ავტომობილში მსხდომებს აღენიშნებათ. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მათ პირველადი დახმარება გაუწია.

შემთხვევა ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს.

144
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ნიკა მელია

როდის შეძლებს ნიკა მელია ციხის დატოვებას

0
(განახლებულია 19:26 08.05.2021)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად ევროკავშირის მიერ გადაცემული გირაოს თანხა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  თბილისის საააღსრულებლო ბიუროს ანგარიშზე უკვე ჩარიცხა.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში  ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ნიკა მელიას სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვება დღესვე შეუძლია, განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა.

ოპოზიცირი პარტიის ლიდერი ნიკა მელია 2021 წლის 23 თებერვალს დააკავეს. 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. მანამდე, პროკურატურის მოთხოვნით, პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა, თუმცა ის კვლავ არის პარლამენტის წევრი.

ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად საჭირო გირაოს თანხა 40 000 ლარის ოდენობით  ევროკავშირმა გადაიხადა.

ევროპულმა ფონდმა  დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy) გირაოს თანხა გამოყო, ხოლო  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) კი აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა.

საიამ თბილისის საააღსრულებლო ბიუროს ანგარიშზე თანხა დაახლოებით 15:00 საათზე ჩარიცხა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, შესაძლოა, ეს თანხა ჯერ არ იყოს ანგარიშზე ასახული, მაგრამ არცაა აუცილებელი ანგარიშზე თანხის ასახვა.

„დადასტურებულია ევროკავშირის მხრიდანაც და ჩვენ მიერაც, რომ თანხა უკვე გაგზავნილია და გადარიცხულია. ამ პირობებში არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ პროკურატურა შუამდგომლობით წავიდეს სასამართლოში და სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით. შემდეგ, რა თქმა უნდა, ანგარიშზე თანხაც აისახება“, - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

მისივე განცხადებით, საია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მითითების მიხედვით მოქმედებდა. თავად ნიკა მელიასთან ორგანიზაციის წარმომადგენლებს ამ საკითზე კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ როგორც კი თანხის გადარიცხვის ოფიციალური დოკუმენტი ან თანხა აისახება ანგარიშზე, პროკურატურის წინადადება ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ძალაშია.

ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საქართველოს მთავრობამ და რამდენიმე ოპოზიციურმა ლიდერმა 19 აპრილს ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელმა შესთავაზა.

დოკუმენტის თანახმად, მელიამ ციხე ამნისტიის კანონის საფუძველზე უნდა დატოვოს, ასევე განიხილება მისი გათავისუფლება გირაოს საფუძველზე.

მიუხედავად გათავისუფლებაზე გარანტიისა, „ნაცმოძრაობა“ შეთანხმებაზე ხელმოწერასა და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს იმ დრომდე, ვიდრე მელია არ დატოვებს საპატიმროს.

2019 წლის 20-21 ივნისის „გავრილოვის ღამედ“ წოდებული პროტესტის შემდეგ აღძრული საქმეების ფიგურანტების ამნისტია ევროკავშირის შუამავლობით მხარეების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია.

საქართველოს პარლამენტში „მაისის არდადეგების“ შემდეგ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ორი ვარიანტი დარეგისტრირდება – ერთი უმრავლესობის, მეორე ოპოზიციის მიერ მომზადებული.

მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიერ მომზადებული დოკუმენტების ვერსიები განსხვავდება ერთმანეთისგან – მხარეებს თავად ამნისტიის პროცესთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა აქვთ. ხელისუფლების სურვილია, რომ ამნისტია საქმის ყველა ფიგურანტს შეეხოს, მათ შორის პოლიციელებსაც და იმ შესაძლო პირებსაც, რომლებიც შეიძლება გამოძიებამ მოგვიანებით გამოავლინოს.

ოპოზიცია, პირველ რიგში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულთა და გასამართლებულთა ამნისტიისა და მათთვის ნასამართლობის მოხსნის წინადადებით გამოდის. ასეთ ბრალდებულთა შორის, რიგითი აქტივისტების გარდა, არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია.

გარდა ამისა, ოპოზიცია 20–21 ივნისის ღამეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ამჟამად ბრალდებული პოლიციელების ამნისტიაზეც თანახმაა, მაგრამ ამავდროულად იმ პირთა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების წინააღმდეგია, რომლებსაც პოლიტიკური თანამდებობები ეკავათ და მონაწილეობდნენ ბრძანებების გაცემაში.

0