ახალწვეულები

ძალადობა ჯარისკაცებზე დაკავებულია შსს-ს ორი თანამშრომელი

99
(განახლებულია 22:45 22.04.2021)
არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობისთვის დაკავებულებს ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და პირადი ღირსების შემლახავი ქმედების ბრალდებით დააკავეს, იუწყება საქართველოს შსს-ს გენერალური ინსპექცია.

„კორტების საქმე“: მოკლულის ოჯახი სახელმწიფოსგან კომპენსაციას მიიღებს>>

საქმეში ფიგურირებს სავარაუდო დანაშაულების სხვადასხვა ეპიზოდი, რომლებიც „იაღლუჯას“ საწვრთნელ სამხედრო ბაზაზე 2020 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით პერიოდში მოხდა.

ჩადენილი დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობით ისჯება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებმა გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ გამოიყენეს კანონით აკრძალული დასჯის მეთოდები, რომლითაც შელახეს მათი პირადი ღირსება, არსებითად დაარღვიეს მათი უფლებები, მიაყენეს მორალური და ფიზიკური ტკივილი და დააზიანეს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

ერთ-ერთ ეპიზოდში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი ცვლის უფროსი სამხედროებს სპეციალური ეკიპირებით, რომელიც 10 კილოგრამს იწონის, ორი საათის განმავლობაში მუხლზე დამდგარს აიძულებდა, კბილის ჯაგრისით გაეხეხათ ყაზარმის ტუალეტის იატაკი.

ორი თვის შემდეგ, მაისში მან გაიმეორა მსგავსი ქმედება სხვა სამხედროების მიმართ და მათ ტუალეტის ხეხვა 11 საათის განმავლობაში აიძულა.

ცვლის ეს უფროსი ასევე გადის სამხედრო მოსამსახურის ცემის ეპიზოდში 2020 წლის ივლისში.

მეორე დაკავებულს ასევე ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებით სამხედროების მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა. ის სამ ეპიზოდში ფიგურირებს.

როგორც გენინსპექციის განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაულები დასტურდება ათეულობით მოწმის პირდაპირი ჩვენებებით, ბრალდებულთა მობილურ ტელეფონებზე ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნებით, გამოძიების მიერ მოპოვებული ფოტო-მტკიცებულებებით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტებით და სხვა მტკიცებულებებით.

დაკავებულებს ოფიციალური ბრალი უკვე წარუდგინეს. ისინი დუმილის უფლებას იყენებენ.

99
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1344)
პოლიცია

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ხობში ხულიგნობისთვის დააკავეს

41
(განახლებულია 16:45 26.07.2021)
პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებულ ნუგზარ წურწუმიას და მოჭიდავე ნიკა ყორშიას სამ-სამი დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია ხობში ხულიგნობისთვის დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

წურწუმიასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი სპორტსმენი - ნიკა ყორშია. ინციდენტი ქალაქის ცენტრში სასურსათო მაღაზიასთან მოხდა. სამართალდამცველებმა ახალგაზრდებს, რომლებიც გამომწვევად იქცეოდნენ, წესრიგისკენ მოუწოდეს, თუმცა, მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებულ წურწუმიასა და ყორშიას სამი დღით პატიმრობა შეეფარდათ.

რაც შეეხება ინციდენტის კიდევ ორ ფიგურანტს - ზაზა დათეშიძეს და ვარლამ კვარაცხელიას, მათ ბრალი ედებათ პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმაში. აღნიშნულ პირებთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ფოთის რაიონული სასამართლო იმსჯელებს.

41
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ავტომობილი ავარიის შემდეგ

ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა და ვიტრინაში შევარდა: ვრცელდება საზარელი ვიდეო

171
(განახლებულია 15:30 26.07.2021)
ვიდეოკადრებზე ასახულია როგორც უშუალოდ ავარიის, ისე ავტომობილის ქვეშ მოყოლილი ბავშვის გამოყვანის მომენტები

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ინციდენტის ადგილზე შემთხვევით აღმოჩენილმა ორმა ამერიკელმა პოლიციელმა ქალი და რვა თვის ბავშვი გადაარჩინა, რომლებსაც ავტომობილი დაეჯახა.

შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები  იონკერსის (ნიუ-იორკის შტატი) პოლიციის სამმართველომ გამოაქვეყნა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე.

ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერით იწყება, რომელზეც ჩანს, როგორ ეჯახება ავტომობილი სხვა მანქანას, შემდეგ კი ქუჩაში მიმავალ ბავშვიან ქალს, რომლებიც მის კაპოტზე ეცემიან, და დიდი სიჩქარით იჭრება ბარბერ-შოფის ვიტრინაში.

ამის შემდეგ ჩანაწერი გრძელდება უშუალოდ სალონში გადაღებული კადრებით, რომლებზეც უკვე ასახულია, როგორ ცდილობს პოლიციის ორი ოფიცერი, შიშველი ხელებით ასწიონ ავტომობილი, რათა მის ქვეშ მოყოლილი ბავშვი გაათავისუფლონ.

  • „აიყვანეთ ბავშვი, აიყვანეთ ბავშვი“, — ისმის ჩანაწერში ერთ-ერთი ოფიცრის ხმა, რომელსაც სხვებთან ერთად უჭირავს მანქანის მაღლა აწეული ცხვირი.

ამასობაში მეორე ოფიცერს ბავშვი გამოჰყავს და მაღლა სწევს მინი მაუსის კაბაში ჩაცმულ მტირალ გოგონას.

გავრცელებული ინფორმაციით, პატარას თავის ქალის, ხოლო დედას ფეხების მძიმე მოტეხილობები აქვს. ექიმებს მათი გადარჩენის იმედი აქვთ.

რაც შეეხებათ პოლიციელებს, ირკვევა, რომ ინციდენტის დროს ისინი ბარბერ-შოფის გვერდით მდებარე საფუნთუშეში იყვნენ და ხმაურზე შეცვივდნენ სალონში.

დამნაშავე მძღოლი, 43 წლის დევიდ პანკურაკი, რომელიც მთვრალი აღმოჩნდა, დაკავებულია.

 

171
თემები:
საერთაშორისო პანორამა
ექიმები

კომპენსაცია გმირ ექიმებს - პარლამენტში კანონპროექტზე მუშაობა დაიწყეს

0
პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსს ასზე მეტი ექიმი შეეწირა, პაციენტების გადარჩენისას მედპერსონალის 33%-მა გადაიტანა COVID-19 - მათი თავდადებული შრომა უნდა დაფასდეს

თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. სამედიცინო პერსონალის გარდაცვალების, ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიღების დროს საკომპენსაციო განაკვეთების და გაცემის პირობების განმსაზღვრელ კანონპროექტზე პარლამენტში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმუშავებს.

სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ორშაბათს გამართულ სხდომაზე მიიღო.

საკანონმდებლო ინიციატივა ეკუთვნის მოძრაობას „სამართლიანი მედიცინა“.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პანდემიის დროს მედპერსონალს საკმაოდ მაღალი რისკის ზონაში უწევს მუშაობა და აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება ნამდვილად სამართლიანი იქნება.

„ამდაგვარი საკანონმდებლო ცვლილებები ჩვენ მივიღეთ მაშველებთან, მეხანძრეებთან, პოლიციელებთან მიმართებაში. როგორც ინფორმაცია მაქვს, საგანგებო სამსახურის მიერ ასეთი ფაქტების დროს კომპენსაციები გაიცა, მაგრამ საკანონმდებლო დონეზე, ასეთი ჩარჩო არ არსებობს, როგოც სხვა შემთხვევებში და ლოგიკა არის იმაში, რომ მედპერსონალთან დაკავშირებითაც მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ხუნდაძემ.

მისი თქმით, საკანონმდებლო წინადადება კარგია, მაგრამ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მის საკანონმდებლო გაფორმებაზე იმუშავებს. ხუნდაძის თქმით, ამ პროცესში ჩაერთვება ყველა კომპეტენტური უწყება - ჯანდაცვის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და სხვა სტრუქტურები.

დიმიტრი ხუნდაძემ კანონპროექტზე მუშაობაში ჩართვისკენ ოპოზიციასაც მოუწოდა.

„ეს არის ზეპარტიული და აპოლიტიკური თემა, ამიტომ ყველამ ერთად ვეცადოთ, რომ სწორი, სამართლიანი და, მე ფიქრობ, აუცილებელი და დროული გადაწყვეტილებაც მივიღოთ“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

პანდემიის დაწყებიდან საქართველოში კორონავირუსის გამო ასზე მეტი ექიმი გარდაიცვალა, ხოლო 33% დაინფიცირდა.

0