პროკურატურის შენობა

მედდის გარდაცვალების საქმეზე ორ ექიმსა და ექთანს ბრალი წაუყენეს

120
(განახლებულია 23:38 07.04.2021)
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ამ დროისათვის დადგინდა, რომ მედიცინის სამმა მუშაკმა გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ექთანი მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე სამ პირს ბრალი წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კერძოდ, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალი ახალციხის კლინიკა „იმედის“ ორ ექიმს და ექთანს წარედგინა. აღნიშნული პირები მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხნენ. უწყების მტკიცებით, მათ ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და პირადი მოტივით, რათა არ გამჟღავნებულიყო, რომ ერთ-ერთი მათგანი (ვ.ი.) არ იმყოფებოდა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს პაციენტთან, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.

„კერძოდ, ვ.ი.-ს ჩვენების მიხედვით, 18 მარტს ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მ.ბ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, გართულების დაწყებისთანავე, თითქოს მის მიერ და ასევე მისი ხელმძღვანელობით პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო პროცედურები. აღნიშნული ფაქტი ჩვენებებით დაადასტურეს ასევე ბ.ლ-მ და თ.გ-მ.“, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიების მიხედვით, აცრის შემდეგ ექიმს (ვ.ი.-ს) მეგი ბაქრაძის მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებია და იმ დროს, როცა ექთანს გართულების შემდგომი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, ის დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა. ექიმებსა და ექთანს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით).

ბრალდებულები წაყენებულ ბრალს აღიარებენ. პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

27 წლის მედდა მეგი ბაქრაძე AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა. მას კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა. წინასწარი ინფორმაციით, ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ადგილზევე, ახალციხეში ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობის გართულების გამო იგი ჯერ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, შემდეგ კი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა.

 

120
მართლმსაჯულება

სასამართლომ დავით კოდუას პატიმრობა შეუფარდა

7
(განახლებულია 14:44 14.04.2021)
პროკურატურამ ოჯახის წევრების მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბიზნესმენს  ბრალი 13 აპრილს წარუდგინა.

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ დავით კოდუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.

პოლიციამ საქართველოს შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ერეკლე კოდუას ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა 12 აპრილს, მეუღლის შეტყობინების საფუძველზე დააკავა. 

სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების ნაცვლად გირაოს შეფარდებას, ბრალდების მხარე კი დაკავებულის პატიმრობას ითხოვდა, რაც მოსამართლემ სრულად გაიზიარა.

როგორც ბრალდებულმა დავით კოდუამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ოჯახურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, კონფლიქტი მისმა მეუღლემ დაიწყო, თავად კი კონფლიქტისგან თავის არიდებას ცდილობდა.

„არ მინდოდა კონფლიქტი და გამოვედი. ოთხი შვილის მამა, შვილიშვილის ბაბუა ვარ, ემოციებით დატვირთული ქალი იყო და ეჭვიანობის ნიადაგზე გაუგებრობა მოხდა“, - განაცხადა კოდუამ.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

7
თემები:
კრიმინალი საქართველოში
პატრული

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

25
(განახლებულია 11:26 14.04.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან დაწესებული რეგულაციებიდან დარჩენილია „კომენდანტის საათი“, პირბადე, დისტანცია და რამდენიმე სხვა შეზღუდვა.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1.259 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვლის ბოლოს წარმოადგინა და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნაც დაიწყო. თუმცა ძალაში რჩება წესები, რომლებიც ეხება პირბადის ტარებას, ღამით გადაადგილების აკრძალვას და სხვ.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 95 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 1.053 ფიზიკური პირია დაჯარიმებული, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 110 ფაქტი გამოვლინდა.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ისჯება 40 ლარიანი ჯარიმით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

25
სალომე ზურაბიშვილი და არმენ სარქისიანი

საქართველოს ხვალ ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ეწვევა

0
(განახლებულია 15:03 14.04.2021)
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრებს გამართავს.

 

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი  15 აპრილს ოფიციალური ვიზიტით თბილისს ეწვევა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სომხეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის, ნუნე სარქისიაის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ხუთშაბათს ორბელიანების სასახლეში გაიმართება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,  იგეგმება სომხეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პირველი პირები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

გარდა ამისა,  სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესაც შეხვდება.

თბილისში ვიზიტის ფარგლებში სარქისიანი სომხურ საკათედრო ტაძარსაც დაათვალიერებს.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები ბევრ სფეროში თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს, ხოლო სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორთა ათეულში შედის.

0
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი