თამაზ ხომასურიძე

შაქარაშვილის მკვლელობის საქმე: მსჯავრდებულის მამა შესაძლოა გათავისუფლდეს

96
(განახლებულია 23:02 07.04.2021)
ადვოკატმა განმარტა, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამკურნალოდ კლინიკაში გადაიყვანენ

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის მამა - თამაზ ხომასურიძე შეურაცხადად ცნო, შესაბამისად, ის პატიმრობიდან გათავისუფლდება, განაცხადა მისმა ადვოკატმა მამუკა ბასილაშვილმა.

ხომასურიძე 2020 წლის სექტემბერში დააკავეს, ამჟამად ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მას ცრუ ჩვენების მიცემას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და მუქარას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ სახელმწიფო ბრალდება სასამართლოს სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ბასილაშვილმა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სამკურნალოდ ხონის რაიონის სოფელ ხუტირში მდებარე აკადემიკოს ნანეიშვილის სახელობის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

ხომასურიძე თავისი ვაჟის დაკავების შემდეგ პროკურატურასთან საპროტესტო აქციებს ატარებდა და, გამოძიების ვერსიით, უცნობი ორგანიზაცია „თეთრი ისრის“ სახელით საქმის მთავარ მოწმეებს - იაკობ ბრეგაძეს და გურამ ამირხანაშვილს, ასევე მოკლულის ბიძას მირიან ნიკოლაძეს საჯაროდ ემუქრებოდა მოკვლით ან ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებით. გარდა ამისა, ის ნიკოლაძეს სოციალურ ქსელებში მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა.

გარდა ამისა, ბრალდების ვერსიით, მისი ვაჟის დაკავების შემდეგ მან მოწმეების დისკრედიტაცია გადაწყვიტა. ამისათვის შეიძინა ორ-ორი ტელეფონი და სიმ-ბარათი და გეოლოკაციის საშუალებით გააყალბა მიმოწერა ამირხანაშვილსა და ვითომ „მოწმეს“ შორის. ამის შემდეგ კი გაასაჯაროვა ის როგორც რეალური მიმოწერა, რომელიც მას „თეთრმა ისარმა“ მიაწოდა.

ასევე მან ცრუ ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ „თეთრი ისრის“ წარმომადგენლებმა აცნობეს, რომ მოკლული შაქარაშვილის ბიძას და ამირხანაშვილს „სასიკვდილო განაჩენი“ გამოუტანეს.

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გასული წლის 18 ივნისის შემდეგ გაუჩინარდა, როდესაც დაბადების დღის წვეულებაზე მცხეთაში გაემგზავრა. მისი ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს.

პროკურატურამ დაადგინა, რომ შაქარაშვილი წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე სიცოცხლეში მიყენებული უამრავი დაზიანება იყო.

შაქარაშვილის მკვლელობას წინ უსწრებდა ჩხუბის ორი ეპიზოდი მცხეთა–თბილისის ტრასაზე და მცხეთაში აგარაკზე.

96
პატრული

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

23
(განახლებულია 11:26 14.04.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან დაწესებული რეგულაციებიდან დარჩენილია „კომენდანტის საათი“, პირბადე, დისტანცია და რამდენიმე სხვა შეზღუდვა.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1.259 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვლის ბოლოს წარმოადგინა და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნაც დაიწყო. თუმცა ძალაში რჩება წესები, რომლებიც ეხება პირბადის ტარებას, ღამით გადაადგილების აკრძალვას და სხვ.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 95 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 1.053 ფიზიკური პირია დაჯარიმებული, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 110 ფაქტი გამოვლინდა.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ისჯება 40 ლარიანი ჯარიმით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

23
პოლიცია აკონტროლებს ქალაქის ცენტრს

თბილისში ბარი კოვიდ-შეზღუდვების დარღვევის გამო დალუქეს

32
(განახლებულია 00:04 14.04.2021)
გასული წლის ნოემბრის ბოლოს, კორონავირუსის მეორე ტალღის დროს რესტორნების მუშაობა აკრძალული იყო, ამის შემდეგ შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება.

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ბარი „ოთახი“ უკანონო ეკონომიკური საქმიანობის გამო დააჯარიმეს და დალუქეს, ნათქვამია შრომის ინსპექციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მასშტაბით ეპიდვითარების გაუარესება შეინიშნება, რასთან დაკავშირებით მონიტორინგის ჯგუფები ობიექტების აქტიურ შემოწმებას ახორციელებენ და მკაცრად ადევნებენ თვალს, თუ როგორც იცავენ მთავრობის #322 დადგენილებას „იზოლაციის და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“.

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, 1 აპრილს დაჯარიმდა კომპანია „მარგი“, რომელიც ერთსა და იმავე მისამართზე ფუნქციონირებდა. ამის შემდეგ იურიდიულმა პირმა შეიცვალა დასახელება და საქმიანობა „ოცნება-2“-ის სახელით გააგრძელა. ისინი 7 აპრილს დაჯარიმდნენ.

შედეგად 30 ათასი ლარით დაჯარიმდა ერთ მისამართზე რეგისტრირებული და სამართალდარღვევის სქემის მიხედვით მოქმედი სამი იურიდიული პირი. დღეს, შრომის მთავარი ინსპექტორის ბრძანების მიხედვით, ობიექტზე მესამე პირთა შესვლა შეიზღუდა.

იურიდიული პირი შპს „ოცნება-2“-ის მიმართ მთავრობის დადგენილების არაერთგზის დარღვევის გამო შესაბამისი ზომები გატარდება, საქმის მასალები შსს-ს გადაეცა.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საქართველოში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. რესტორნები და კაფეები უქმე დღეებში მხოლოდ გატანაზე მუშაობენ, ხოლო სამუშაო დღეებში „კომენდანტის საათის“ დადგომამდე, 21:00 საათამდე მუშაობენ.

გარდა ამისა, დაწესებულებების მეპატრონეები ვალდებულები არიან თვალი ადევნონ, რომ ერთ მაგიდასთან არ იჯდეს ექვსზე მეტი ადამიანი, დაიცვან სანიტარული ნორმები და ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების ტესტირება ჩაატარონ.

გასული წლის ნოემბრის ბოლოს, კორონავირუსის მეორე ტალღის დროს რესტორნების მუშაობა მთლიანად აკრძალული იყო, ამის შემდეგ შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება, მაგრამ რესტორატორები უკმაყოფილონი არიან.

32
დისტანციური სწავლება

ფოთში სასწავლო პროცესი შეწყდა: სკოლები დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ

0
(განახლებულია 14:14 14.04.2021)
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.085 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 120 სამეგრელო–ზემო სვანეთში  დაფიქსირდა

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. ფოთის მუნიციპალიტეტში  გაზრდილი ინფიცირების შემთხვევის გამო, საჯარო და კერძო სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ, იუწყება პირველი არხი.

ფოთის რესურს–ცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას განცხადებით, ფოთის მასშტაბით 11 საჯარო და ოთხი კერძო სკოლა ონლაინ–ფორმატში ორი კვირის ვადით გააგრძელებს ფუნქციონირებას. 

„აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განხორციელდა. სასწავლო დაწესებულებებში კვლავაც გაგრძელდება პედაგოგთა ტესტირებები და სკოლის ადმინისტრაციები მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს განახორციელებენ“, – განაცხადა რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა ქორქიამ.

ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების მატების გამო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რათა მოსწავლეებმა სემესტრის დასრულება ბუნებრივ გარემოში, სასკოლო სივრცეში შეძლონ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 43 სკოლა და 174 ცალკეული კლასი იმყოფება.

0
თემები:
განათლება საქართველოში