თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. ქართველმა მაშველებმა სოფელ შამგონასთან (ზუგდიდის რაიონი) მდინარე ენგურიდან სამი ცხედარი ამოიტანეს, იუწყება Sputnik–საქართველოს კორესპონდენტი.
არსებული ინფორმაციით, ენგურის გადმოცურვას სოფელ თაგილონიდან რამდენიმე ადამიანი ოთხი დღის წინ შეეცადა. ამის შემდეგ მათთან კავშირი გაწყდა.
ამჟამად კიდევ ერთი ადამიანის ძებნა მიმდინარეობს.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – თავისუფლების უკანონო აღკვეთა და თვითმკვლელობამდე მიყვანა. სტანდარტული პროტოკოლით ამ მუხლს ცხედრის აღმოჩენისას იყენებენ, რომელსაც პირველადი დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. ექსპერტიზის შემდეგ საქმეს შეიძლება სხვა კვალიფიკაცია მიენიჭოს.
ნიკა ლატარია
თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ დავით კოდუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.
პოლიციამ საქართველოს შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ერეკლე კოდუას ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა 12 აპრილს, მეუღლის შეტყობინების საფუძველზე დააკავა.
სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების ნაცვლად გირაოს შეფარდებას, ბრალდების მხარე კი დაკავებულის პატიმრობას ითხოვდა, რაც მოსამართლემ სრულად გაიზიარა.
როგორც ბრალდებულმა დავით კოდუამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ოჯახურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, კონფლიქტი მისმა მეუღლემ დაიწყო, თავად კი კონფლიქტისგან თავის არიდებას ცდილობდა.
„არ მინდოდა კონფლიქტი და გამოვედი. ოთხი შვილის მამა, შვილიშვილის ბაბუა ვარ, ემოციებით დატვირთული ქალი იყო და ეჭვიანობის ნიადაგზე გაუგებრობა მოხდა“, - განაცხადა კოდუამ.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1.259 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვლის ბოლოს წარმოადგინა და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნაც დაიწყო. თუმცა ძალაში რჩება წესები, რომლებიც ეხება პირბადის ტარებას, ღამით გადაადგილების აკრძალვას და სხვ.
პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 95 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 1.053 ფიზიკური პირია დაჯარიმებული, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 110 ფაქტი გამოვლინდა.
პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ისჯება 40 ლარიანი ჯარიმით.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.
თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი 15 აპრილს ოფიციალური ვიზიტით თბილისს ეწვევა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სომხეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის, ნუნე სარქისიაის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ხუთშაბათს ორბელიანების სასახლეში გაიმართება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება სომხეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პირველი პირები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
გარდა ამისა, სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესაც შეხვდება.
თბილისში ვიზიტის ფარგლებში სარქისიანი სომხურ საკათედრო ტაძარსაც დაათვალიერებს.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები ბევრ სფეროში თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს, ხოლო სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორთა ათეულში შედის.