პატრული

ბრძოლა COVID-19-თან: ბოლო დღე-ღამეში რეგულაციების დარღვევის 1400-მდე ფაქტი გამოვლინდა

70
(განახლებულია 19:55 06.04.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან დაწესებული რეგულაციებიდან დარჩენილია „კომენდანტის საათი“, პირბადე, დისტანცია და რამდენიმე სხვა შეზღუდვა.

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1387 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვალში წარმოადგინა და მათი ეტაპობრივად მოხსნაც დაიწყო, თუმცა დღემდე ძალაში რჩება წესები, რომლებიც ეხება პირბადის ტარებას, ღამით გადაადგილების აკრძალვას და სხვ.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 153 ფიზიკური და 2 იურიდიული პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 1131 ფიზიკური პირია დაჯარიმებული. ამასთან, პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 101 ფაქტი გამოვლინდა.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

70
აქცია

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ აქციაზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს

5
(განახლებულია 14:12 15.04.2021)
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ექვსივე დაკავებულს ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჩადენილი ჯგუფური ძალადობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, ექვსივე პირი ბათუმში, სასამართლო განჩინების საფუძველზე, დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან ცნობილი სპორტსმენები, ძმები – ფირუზ და რევაზ წულუკიძეები.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს  ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის გულისხმობს.

5
თემები:
კრიმინალი საქართველოში
არ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი!

ბათუმში „ნაცმოძრაობის“ ოფისი დააზიანეს

11
(განახლებულია 13:15 15.04.2021)
მსხვილი ოპოზიციის წარმომადგენლები მომხდარს მმართველი პარტიის მხრიდან  პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ.

 

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. ბათუმში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ოფისი დააზიანეს, იუწყება პირევლი არხი.

შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა – ჩამსხვრეულია ოფისის კარის მინები.

პარტიის ერთ–ერთი ლიდერის გიორგი კირთაძის განცხადებით, მათ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე მიაწოდეს სამართალდამცავ ორგანოებს.

„ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები არიან მისული და ფაქტს სწავლობენ. თუმცა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ვინმეს დაკავება მოხდება“, – განაცხადა კირთაძემ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

 

11
თემები:
შემთხვევები საქართველოში
თენგიზ ცერცვაძე

ცერცვაძე: ჯერ კიდევ გვაქვს შანსი თავიდან ავირიდოთ მესამე ტალღა

0
(განახლებულია 13:29 15.04.2021)
სპეციალისტები შიშობენ, რომ საქართველო კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის ფაზაში შედის და არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანა გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებელს მიუახლოვდეს, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი რამდენიმე ათასი იყო.

 

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. თუ მოსახლეობა მოსალოდნელ საფრთხეს გაიაზრებს, მესამე ტალღის შეჩერება შესაძლებელი გახდება,  განაცხადა თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენდირექტორმა  თენგიზ ცერცვაძემ.

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დღითიდღე უარესდება. ბოლო რამდენიმე დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევები ოთხნიშნა მაჩვენებელს მიუახლოვდა. სპეციალისტები მესამე ტალღის მოახლოებაზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებას კვლავ მოუწიოს შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება. 

„თუ ბოლოდე გავიაზრებთ იმ საფრთხეს, რომელსაც მესამე ტალღა უქმნის მთელ მსოფლიოს და საქართველოს, მის ეკონომიკასა და ჯანდაცვის სექტორს, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, რომ შევაჩეროთ და თავიდან ავიცილოთ მესამე ტალღა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის განცხადებით, თუ ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღას ვერ აიცილებს თავიდან, ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე ჰოსპიტალური  სექტორი დადგება.

ბოლო პერიოდში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა კლინიკურ სექტორზე უკვე აისახა. დღითიდღე იზრდება იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ. ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ-პაციენტებისთვის  დაახლოებით 2 ათასი თავისუფალი საწოლია. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებულია და პაციენტების მისაღებად მზად არის.

თუმცა, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თუ მოსახლეობა რეგულაციებს არ დაიცავს და დღეს მოქმედი კოვიდ–შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება, ჯანდაცვის სისტემასა და კლინიკურ სექტორს გაუჭირდება გაზრდილი შემთხვევების მართვა. მათი თქმით, ქვეყანაში  რეგულაციების სრულ გაუქმებაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაიწყოს, რაც მოსახლეობის 60-70% ვაქცინირებული იქნება.
ხელისუფლების წარმომადგნლები და  ეპიდემიოლოგები მოსახლეობას კვლავ  კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ,  მათ შორის, პირბადის სწორად ტარების, ყველა ტიპის ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 1.030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების საერთო რაოდენობამ 292 ათასს გადააჭარბა.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები