თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა რუსთავის საკრებულოს დეპუტატის დაჭრის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული პირი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გუშინ რუსთავის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი მღებრიშვილი მაჩაბლის ქუჩაზე, საკუთარ ეზოში დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მღებრიშვილს კლინიკა „რუსთავში“ ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას მღებრიშვილს ქვედა კიდურის არეში დანით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჩადენილი ჯგუფური ძალადობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ექვსივე პირი ბათუმში, სასამართლო განჩინების საფუძველზე, დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან ცნობილი სპორტსმენები, ძმები – ფირუზ და რევაზ წულუკიძეები.
გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის გულისხმობს.
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. ბათუმში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ოფისი დააზიანეს, იუწყება პირევლი არხი.
შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა – ჩამსხვრეულია ოფისის კარის მინები.
პარტიის ერთ–ერთი ლიდერის გიორგი კირთაძის განცხადებით, მათ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე მიაწოდეს სამართალდამცავ ორგანოებს.
„ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები არიან მისული და ფაქტს სწავლობენ. თუმცა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ვინმეს დაკავება მოხდება“, – განაცხადა კირთაძემ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში კვირის ბოლოსთვის დაბრუნდება და მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.
43 წლის კალაძე უცხოეთში გამოკვლევების ჩასატარებლად 12 აპრილს გაემგზავრა – იგი მარტის ბოლოს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ე.წ. ვესტიბულოპათიის დიაგნოზით (ვესტიბულარული ანალიზატორის ფუნქციის დარღვევა) მოხვდა. 4 აპრილს მან კლინიკა დატოვა და რეაბილიტაციის კურსს სახლის პირობებში გადიოდა.
„დამატებით კვლევები ჩავიტარე ყველა მიმართულებით და ბედნიერი ვარ, რომ კარგად ვარ. ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას და ერთად განვახორციელებთ ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც დედაქალაქს სჭირდება“, - განაცხადა კალაძემ Facebook-ჩართვაში.
ადრე ქართულ მასმედიაში თბილისის მერისა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის მმართველი გუნდიდან და, ზოგადად, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ერთ-ერთი ტელეკომპანიის ვერსიით, კალაძე მილანში დაბრუნებას გეგმავს, სადაც ფეხბურთელის წარმატებული კარიერა ჰქონდა.
კონკრეტულად რომელ ქვეყანაში იმყოფება დედაქალაქის მერი, ამის თაობაზე ინფორმაციას თბილისის მერიის პრეს-სამსახური არ ავრცელებს.