შრომის ინსპექციამ ღამის კლუბები თვითნებური გახსნისთვის დააჯარიმა

56
(განახლებულია 00:15 05.04.2021)
კომენდანტის საათის მოქმედების დროს ხორციელდებოდა 100-ზე მეტი პირის მონაწილეობით გასართობი ღონისძიებები და არანებადართული ეკონომიკური საქმიანობა.

თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. ბოლო 24 საათში შრომის ინსპექციამ სოციალური ღონისძიებისა და არანებადართული ეკონომიკური საქმიანობისთვის 7 სუბიექტი დააჯარიმა, იუწყება „პირველი არხი“ შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით.

ოთხ ფიზიკურ პირს 2 ათას ლარიანი, ხოლო იურიდიულ პირებს – 10 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ. მათგან ერთ იურიდიულ პირს კი განმეორებითი სამართალდარღვევა დაუფიქსირდა, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, კომენდანტის საათის მოქმედების დროს ხორციელდებოდა 100-ზე მეტი პირის მონაწილეობით გასართობი ღონისძიებები და არანებადართული ეკონომიკური საქმიანობა. ასევე, კლუბის ტიპის გასართობი სივრცის ფუნქციონირებისას არ იყო დაცული ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი წესები.

შრომის ინსპექცია საზედამხედველო სამუშაოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად ახორციელებს. 

შრომის ინსპექცია მოქალაქეებს დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კანონით დადგენილი ღონისძიებების გატარების შესახებ აფრთხილებს.

საქართველოში ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით ხელისუფლებამ 28 ნოემბრიდან შეზღუდვები დააწესა. ამ დროისათვის შეზღუდვების უმეტესობა მოხსნილია, თუმცა კვლავ ძალაში რჩება ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა. ასევე აკრძალულია სოციალური ღონისძიებების გამართვა.

 

56
გამვლელები პირბადეებით

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

18
(განახლებულია 12:22 18.04.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან დაწესებული რეგულაციებიდან დარჩენილია „კომენდანტის საათი“, პირბადე, დისტანცია და რამდენიმე სხვა შეზღუდვა.

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1.437 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვლის ბოლოს წარმოადგინა და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნაც დაიწყო. თუმცა ძალაში რჩება წესები, რომლებიც ეხება პირბადის ტარებას, ღამით გადაადგილების აკრძალვას და სხვ.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 122 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 1.179 ფიზიკური პირია დაჯარიმებული, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 136 ფაქტი გამოვლინდა.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ისჯება 40 ლარიანი ჯარიმით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

 

 

18
სეისმოგრაფი

საქართველოში ღამით მიწისძვრა მოხდა

99
მიწისქვეშა ბიძგები ხობიდან 8 კილომეტრში, 18 კილომეტრის სიღრმეზე, სოფელ გამოღმა ქარიატასთან 00:46 საათზე დაფისირდა. 

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. ქალაქ ხობთან 4.5 ბალის მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

მიწისქვეშა ბიძგები ხობიდან 8 კილომეტრში, 18 კილომეტრის სიღრმეზე, სოფელ გამოღმა ქარიატასთან 00:46 საათზე დაფისირდა. 

ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.

99
თბილისის სილიკონ ველი

თურნავა: ინვესტორები ქართული სტარტაპების გლობალურ ბაზარზე გატანით დაინტერესდნენ

0
(განახლებულია 13:16 18.04.2021)
ეკონომიკისა სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკელმა ინვესტორებმა ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად ნახევარმილიონიანი ფონდი შექმნეს.

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. Silicon Valley-დან საუკეთესო სპეციალისტები და ინვესტორები ქართული სტარტაპებიы გლობალურ ბაზარზე გატანით დაინტერესდნენ, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და TECH Friends of Georgia-ს შორის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ონლაინფორმატში გაფორმდა აშშ-ში, სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით. მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო სპეციალური შერჩევის პრინციპით გამოავლენს გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპებს, რომლებშიც TECH Friends of Georgia განახორციელებს 500 ათასი აშშ დოლარის ინვესტირებას.

მინისტრის თქმით, პანდემიის პერიოდში ძალიან ბევრი გრანტი გაიცა ახალგაზრდა, ნიჭიერ სტარტაპერებზე, რომლებმაც არაერთი ინოვაციური იდეა და პროექტი განავითარეს და  ყურადღება მიიპყრეს ყურადღება არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ უცხოეთშიც, მათ შორის, აშშ-ში, „სილიკონის ველიზე“.

„ამის ლოგიკური გაგრძელებაა მემორანდუმზე ხელმოწერა ჩვენს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ოთხ ამერიკელ ინვესტორს შორის. ესაა ვენჩურული ფონდები, რომლებიც საქმიანობენ „სილიკონ ველიზე“. მათ ერთობლივად შექმნეს ფონდი 500 ათასი აშშ დოლარის ოდენობით, რომლითაც მოხდება ჩვენ მიერ შერჩეული სტარტაპების თანადაფინანსება“, - განაცხადა თურნავამ.

მინისტრის ინფორმაციით, სტარტაპების  შერჩევის პროცესში ჩართულები არიან საუკეთესო სპეციალისტები და ინვესტორები „სილიკონ ველიდან“.

ონლაინ ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გახსნა, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით აშშ-ის მინესოტას შტატის სენატორმა (2003-2009) ნორმ კოლემანმა (Norm Coleman) მიმართა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ და TECH Friends of Georgia-ს მმართველმა პარტნიორებმა: ისააკ ეპლბაუმმა (Isaac Applbaum), ორი სასონმა (Ori Sasson), მარკ აბრამოვიჩმა (Marc Abramowitz) და ტედ ტუსინგმა (Ted Tussing). ღონისძიებას ესწრებოდა ასევე საქართველოს კონსული სან-ფრანცისკოში ლევან ბერიძე.

ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაზე საქართველოში 22 მილიონი ლარი დაიხარჯება >>

Silicon Valley-ში განთავსებულია მაღალტექნოლოგიური კომპანიების დიდი ნაწილი, რომლებიც კომპიუტერებისა და მათი შემადგენლობის, განსაკუთრებით მიკროპროცესორების შემუშავებასთან არის დაკავშირებული, ასევე პროგრამულ უზრუნველყოფასთან, მობილური კავშირის მოწყობილობებთან და სხვა. ამ ტექნოლოგიური ცენტრის დაარსება და განვითარება დაკავშირებულია წამყვანი უნივერსიტეტების, დიდი ქალაქების თავმოყრასთან ერთმანეთისგან დაახლოებით ერთი საათის სავალ მანძილზე.

0