საპატრულო პოლიცია

ყაჩაღობა ზუგდიდში - დაღუპულია სავარაუდო თავდამსხმელი

712
ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ოქროს ბირჟაზე შეიჭრა და ერთ-ერთ გამყიდველს ოქროს ნივთები იარაღის მუქარით გასტაცა

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ზუგდიდში სამართალდამცველებსა და ოქროს ბირჟაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილ ახალგაზრდა მამაკაცს შორის დაწყებული ორმხრივი სროლა მსხვერპლით დამთავრდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

უწყების ცნობით, ყაჩაღობა ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე 26 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში მოხდა.

ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ოქროს ბირჟაზე შეიჭრა და ერთ-ერთ გამყიდველს ოქროს ნივთები იარაღის მუქარით გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მომხდარი ყაჩაღობის ფაქტიდან მალევე, ცხელ კვალზე დაიწყეს ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები.

„რუსთაველის ქუჩიდან მოშორებით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები შენიშნა, მათი მიმართულებით იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უკიდურესი ღონისძიების სახით, საპასუხო სროლა მოჰყვა, ვინაიდან არსებობდა მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხე“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელი - 1996 წელს დაბადებული პირი პოლიციამ უგონო მდგომარეობაში ნახა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები.

712
თემები:
შემთხვევები საქართველოში (2126)
არაგვი

გუდამაყრის ხეობაში არაგვის ადიდების შედეგად ექვსი სოფელი გარე სამყაროს მოწყდა

36
ბაკურხევის ექვს სოფელთან დაკავშირება ამ ეტაპზე მხოლოდ ქვეითად მოსიარულეთათვის არის შესაძლებელი. გარდა ამისა, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები

თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. დუშეთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ნალექმა გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულის - ბაკურხევის ექვს სოფელს პრობლემები შეუქმნა, იუწყება მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია.

მდინარე არაგვის ადიდების შედეგად საავტომობილო გზა დაზიანდა, რამაც სოფლები გარე სამყაროს მოწყვიტა. ბაკურხევის ექვს სოფელთან დაკავშირება ამ ეტაპზე მხოლოდ ქვეითად მოსიარულეთათვის არის შესაძლებელი.

მდინარის ადიდების შედეგად დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც სოფლებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია.

სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური. დავით ნოზაძემ სტიქიის შედეგად დატბორილი ტერიტორია და დაზიანებული გადამცემი ხაზები დაათვალიერა. რწმუნებულის განცხადებით, წყლის დონის დაწევის შემდეგ ადგილზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.

„როგორც კი მეტეოროლოგიური პირობები მოგვცემს საშუალებას, დაიწყება დაზიანებული გზისა და ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები“, - განაცხადა დავით ნოზაძემ.

მისი თქმით, ამ დროისთვის სოფლებში რჩება ორი ოჯახი, მათთან ადმინისტრაციას მუდმივი კომუნიკაცია აქვს.

36
საპატრულო პოლიცია

ყვარელი-ველისციხის გზაზე ავარიამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

40
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანა. მძიმეა 16 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. ყვარელი-ველისციხის გზაზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, იუწყება „პირველი არხი“.

ალაზნის ხიდთან ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მანქანაში მყოფი ახალგაზრდა ქალი. მოგვიანებით კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანა. მძიმეა 16 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას გადაუდებელი ქირურუგიული ოპერაცია ჩაუტარდება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

40
სამძებრო ოპერაცია რიონზე

კარვები აღებულია: რა ვითარებაა „ნამახვან ჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე

0
(განახლებულია 00:55 12.04.2021)
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მიეცეთ უფლება გააგრძელონ მშვიდობიანი პროტესტი სოფელ ნამოხვანის ტერიტორიაზე, ხოლო სამართალდამცველები მათ ალტერნატიულ ლოკაციად სოფელ გუმათს სთავაზობენ

თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. რიონის ხეობაში, სოფელ ნამოხვანის მიმდებარე ტერიტორიიდან საპროტესტო აქციის მონაწილეთა კარვების აღებამ შედარებით მშვიდობიანად ჩაიარა და აქციის ორგანიზატორებს კარვების სოფელ გუმათში ჩატანა შესთავაზეს, ამის შესახებ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა სულხან თამაზაშვილმა განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კარვების აღება სოფელ ნამოხვანში მდინარე რიონის მოსალოდნელ ადიდებას უკავშირდება.

„მეტეოროლოგები გვიწინასწარმეტყველებენ ამინდის კიდევ უფრო გაუარესებას, მოსალოდნელია მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა, დავდექით აუცილებლობის წინაშე, რომ კარვები იქედან აგვეღო. ამის ლეგიტიმაციას ჩვენ გვაძლევს კანონი პოლიციის შესახებ, 26-ე მუხლი. ამ დროისთვის კარვები არის მანქანებზე დალაგებული და შევთავაზეთ, რომ გუმათში ჩავიტანდით, სადაც ერთი კარავი უკვე დგას. მიმდებარე ტერიტორიაზე შეუძლიათ დადგან ეს კარვები და მშვიდობიან ვითარებაში გააგრძელონ პროტესტი“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

აქციის მონაწილეები თანახმა არიან, პროტესტი გადაიტანონ სხვა ადგილას, მაგრამ არა სოფელ გუმათში, როგორც ამას შსს სთავაზობს, არამედ სოფელ ნამოხვანთან. მათი მტკიცებით, იმ ადგილას, სადაც კარვები იყო გაშლილი, რიონის ადიდება არ ხდება, რადგან ამაღლებული ადგილია და მდინარის ადიდება უბრალო საბაბია კარვების ასაღებად. პოლიციას უკვე რამდენიმე დღეა გზა გადაკეტილი ჰქონდა და აქციის მონაწილეებს ნამოხვანში კარვებთან არ უშვებდა.

ამ დროისათვის აქციის მონაწილეები (დაახლოებით 400 ადამიანი) სოფელ გუმათთან „გუმათ ჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებულები და მათ ნამოხვანიდან ქუთაისის მიმართულებით გზა პროტესტის ნიშნად საკუთარი ავტომობილებით გადაკეტეს.

„მოვუწოდებ ყველას, რომ მოვიდნენ აქ... ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ, ერთმანეთის მხარში დგომით ეს პრობლემა გადავჭრათ. მოვუწოდებთ მშვიდობიანად, ჩვენ არ მოვუწოდებთ, რომ მოვიდნენ და გადავიდეთ ხელჩართულ ბრძოლაზე. უბრალოდ, გვჭირდება ადამიანების სიმრავლე“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა.

დღეს აქციაზე იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც ასევე ესწრებოდ კარვების აღების პროცესს.

„დაუყოვნებლივ მიეცეთ აქციის მონაწილეებს მათ მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილზე შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა, ხოლო თუ აღნიშნულზე არსებობს დასაბუთებული უარის საფუძველი, აქციის გაგრძელებისთვის გამოეყოთ ალტერნატიული ადგილი სასურველთან ახლომდებარე ლოკაციაზე, რომლის ადგილმდებარეობაც არსს არ დაუკარგავს მოქალაქეთა თავშეყრის მიზანს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

პარალელურად რიონში მიმდინარეობს აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნიკა ანთიძის ძებნა, რომელიც შაბათ საღამოს მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა. აქციის მონაწილეებმა სცადეს მისი გადარჩენა, მაგრამ უშედეგოდ, ის დინებამ წაიღო. მის ძებნაში მყვინთავები არიან ჩართული.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარვების აღება მათ შორის ამ ინციდენტსაც უკავშირდება - თითქოს კარვები სამძებრო ოპერაციას ხელს უშლიდა.

სამოქალაქო აქტივისტების, ადგილობრივი მცხოვრებლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების პროტესტი რიონის ხეობაში „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ 168-ე დღე გრძელდება. მთელი ეს პერიოდი აქციის მონაწილეები ღამეებს ნამოხვანში გაშლილ კარვებში ათენებდნენ. ამაღამ ისინი საკუთარ ავტომობილებში გუმათში გაათენებენ.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რათა ჰესის მშენებლობა შეწყდეს, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი მოშალოს. თავისი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებაზე გარემოზე და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. „რიონის ხეობის მცველებმა“ ქუთაისში უკვე ორი მრავალათასიანი მიტინგი გამართეს. ისინი ასევე მოითხოვენ, თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

0