თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. სპეცრაზმი თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შევიდა, სადაც ნიკა მელია და მისი მომხრეები იმყოფებიან.
ამ წუთებში შენობიდან ხალხის გამოყვანა მიმდინარეობს. მათ შენობიდან უკვე გამოიყვანეს რამდენიმე ოპოზიციონერი, ასევე პარტიის თანამშრომელი.
17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერს ნიკა მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა შსს-ს დაევალა.
შსს მელიას დაპატიმრებას 18 თებერვალსაც აპირებდა, მაგრამ ეს პროცესი პრემიერ გიორგი გახარიას გადადგომის გამო გადაიდო.
მანამდე კი ოპოზიციის ლიდერებმა სამართალდამცველებს, რომელთაც სასამართლო განჩინების აღსრულება სურდათ, წინააღმდეგობა გაუწიეს და პარტიის ოფისში არ შეუშვეს.
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. მამაკაცს, რომელიც 11 წლის შვილს მათხოვრობას აიძულებდა, არასრულწლოვნის შრომითი ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდება წარედგინა, იუწყება საქართველოს გენერალური პროკურატურა.
გენერალური პროკურატურის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით მამაკაცი ფიზიკური ძალადობით და ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულებდა ბავშვს თბილისის ქუჩებში მოწყალების თხოვნას და სხვადასხვა ნივთების გაყიდვას. ამასთან, სავალდებულოდ დაუწესა მისთვის ყოველ დღე 50 ლარის მიტანა, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მასზე ძალადობდა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. მცირეწლოვანის მიერ მათხოვრობით ნაშოვნ ფულს კი თვითონ ისაკუთრებდა.
„შრომითი ექსპლუატაციის განხორციელების შედეგად, ზიანდებოდა არასრულწლოვნის ჯანმრთელობა, ფიზიკური და სულიერი განვითარება. ბრალდების შესახებ დადგენილების გაცნობის შემდეგ, მამაკაცმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში“, - ნათქვამია პროკურატურის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
მამაკაცს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 432-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით - „არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)“, „არასრულწლოვნის გადაბირება ექსპლუატაციის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ, ჩადენილი იძულებით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით“, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე წარმოებული გამოძიების ფარგლებში შეფარდებული აქვს პატიმრობა. შესაბამისად, პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს შუამდგომლობით წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის შესახებ.
თბილისი, 1 მარტი - Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს. იუწყება სახელმწიფო უსაფრთხოების სასახური.
გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი უცხოელ ბიზნესმენებს დაჰპირდა, რომ მათ მიერ შესაძენად შერჩეულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზის მოსაწყობად მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ჯანმრთელ ხეებს მოჭრიდა. ამის სანაცვლოდ კი მერიის თანამშრომელმა 8 ათასი დოლარის გადახდა მოითხოვა.
„მიმდინარე წლის 26 თებერვალს სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელმა აიღო მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 4 000 აშშ დოლარის ოდენობით, რა დროსაც იგი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებული განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
თბილისი, 1 მარტი - Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, დაქვეითდა, ამას იაპონიის სუმოს ასოციაციის მარტის რეიტინგი ცხადყოფს.
ქართველმა სუმოისტმა წლის პირველი ბაშო უარყოფითი ბალანსით (4-11) დაასრულა, რაც განახლებულ რეიტინგზეც აისახა. ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირას სტატუსს ატარებდა, ახლა კი ის აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირაა.
მარტის ბაშოზე იოკუძუნას სტატუსით ორი სუმოისტი, ჰაკუჰო და კაკურიო იასპარეზებენ. ოძეკის რანგში შოდაი, ასანოიამა და ტაკაკეიშო გამოვლენ, ხოლო ტერუნოფუჯი და ტაკანოშო სეკივაკეს რანგში იქნებიან.
ტოჩინოშინი პროფესიულ სუმოში 2006 წლიდან გამოდის. უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში მისი დებიუტი 2008 წელს შედგა. რაც შეეხება მიღწევებს, ქართველ სუმოისტს იმპერატორის თასი ერთხელ აქვს მოგებული. ლევან გორგაძე კარიერის განმავლობაში შვიდჯერ იყო ოძეკის რანგში წარდგენილი. ქართველისთვის მარტის სუპერტურნირი 90-ე ბაშო იქნება.
მარტის (ჰარუ) ბაშო მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო ტოკიოში 14-28 მარტს გაიმართება. ჩვეულებრივ ჰარუ ბაშოს იაპონიის ქალაქი ოსაკა მასპინძლობს ხოლმე.