თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ლაგოდეხში დაკავებულია 30 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალად ედება ოჯახის წევრების მიმართ ძალადობა და მუქარა, ასევე არასრუწლოვნის გაუპატიურება, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას. ის არასრულწლოვან შვილებზეც ძალადობდა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის ოჯახში სტუმრად მყოფი 10 წლის გოგონას მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, 126-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას, მუქარას და არასრულწლოვნის მიმართ გაუპატიურებას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო პატიმრობა ელოდება.
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. ახალციხეში საკუთარ სახლში მოკლული პენსიონერი ქალის ცხედარი იპოვეს.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, მეზობლებს, რომლებმაც 67 წლის ქალის ცხედარი აღმოაჩინეს, ის ორი დღე არ უნახავთ. მათ ასევე არ აქვთ ვერსია, ვის და რატომ უნდა მოეკლა ხანდაზმული ქალი, რომელიც მარტო ცხოვრობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის „განზრახ მკვლელობის მუხლით“ დაიწყო.
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. აჭარაში რამდენიმე დღეა ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.
სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ზღვაში 17 თებერვალს შევიდა და გაუჩინარდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, შეტყობინების მიღებიდან დღემდე სამძებრო სამუშაოები არ შეწყვეტილა და მასში ჩართულია ყველა სპეციალისტი და საჭირო ტექნიკა.
დაკარგულის ოჯახის წევრებს მიაჩნიათ, რომ სამძებრო სამუშაოებში ჩართული მყვინთავების რაოდენობა საკმარისი არ არის და მათი რაოდენობის გაზრდას ითხოვენ.
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის 33-ე ჩემპიონატი თბილისის „დინამოს“ და „სამგურალის“ დაპირისპირებით დაიწყო.
გახსნის მატჩში თბილისის „დინამოელებმა“, რომლებიც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონები არიან, ეროვნულ ლიგაში ახალბედა წყალტუბოელებს ვერ აჯობეს. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
„სამგურალი“ სერგო კუხიანიძის ზუსტი დარტყმის შემდეგ 30-ე წუთზე დაწინაურდა. „დინამოელებმა“ ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ მეორე ტაიმის შუაში შეძლეს. ლუკა გაგნიძის ჩაწოდებით თაური დარტყმა გიორგი გაბედავამ შეასრულა.
პირველი სათამაშო დღის მეორე მატჩში საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ“ მინიმალური ანგარიშით მოუგო ქუთაისის „ტორპედოს“ (1:0). შეხვედრის ერთადერთი გოლი გრიგოლ ჩაბრაძემ გაიტანა.
პირველ ტურში ასევე გაიმართება მატჩები: „თელავი“ – „სამტრედია“, „დილა“ (გორი) – „შუქურა“ (ქობულეთი), „ლოკომოტივი“ (თბილისი) – „საბურთალო“ (თბილისი).
2021 წლის სეზონის საქართველოს ჩემპიონატის ეროვნულ ლიგაში მონაწილეობს 10 კლუბი, ტურნირი გაიმართება ორ წრეში, მეტოქეები ერთმანეთს შინ და გასვლაზე თითიჯერ დაუპირისპირდებიან.