საპროტესტო აქცია პარლამენტთან

შსს: პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რვა პირი დააკავეს

59
(განახლებულია 17:58 21.02.2021)
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ კარვის გაშლის უფლებას კონსტიტუცია ანიჭებს. შსს-ს თანამშრომლები კი აცხადებენ, რომ კარვის გაშლა საზოგადოებრივი უსაფრთხოებას და მართლწესრიგის დაცვას უშლის ხელს

თბილისი, 21 თებერვალი -  Sputnik. სამართალდამცველებმა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს რვა პირი, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ კარვების გაშლას ცდილობდნენ, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამოქალაქო აქტივისტების დღევანდელი აქცია დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ისინი საქართველოს ისტორიის შესახებ ლექციების წაკითხვას უშუალოდ კარვებიდან აპირებდნენ.

კარვების დადგმის მცდელობას აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოყვა. აქტივისტები ამტკიცებენ, რომ პოლიციის თანამშრომლები უკანონოდ მოქმედებენ და კონსტიტუციით გარანტირებულ შეკრებების თავისუფლებას ზღუდავენ.

შსს-ს ცნობით კი, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, სამართალდარღვევის თავიდან აცილებისა და პრევენციის მიზნით, აქციის მონაწილეებს ეზღუდებათ შესაძლებლობა, საკანონმდებლო ორგანოს წინ განათავსონ კარავი.

„საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს არაერთხელ შესთავაზეს ალტერნატიული ადგილი კარვის გასაშლელად. მნიშვნელოვანია, რომ აქციის მონაწილეებს რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდათ კარავი გაშლილი საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ, რაშიც პოლიციას მათთვის ხელი არ შეუშლია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე არიან დაკავებულები, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

Акция протеста у парламента и задержание участников за неподчинение полиции 21 февраля 2021 года
© Sputnik / STRINGER
აქციის მონაწილეების დაკავება. 21/02/2021

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და დაემორჩილონ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს.

აქტივისტებმა, რომლებიც რამდენიმე თვეა რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ და საკანონმდებლო ორგანოს შენობის უკანა შესასვლელთან კარვებში ათენებენ ღამეებს, კარვის გაშლა პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე დღის წინაც დააპირეს, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. პოლიციასა და ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება 20 აქტივისტის დაკავებით დასრულდა.

 

 

59
პოლიცია „ნაცმოძრაობის“ ოფისთან

კრიმინალი საქართველოში: შსს 2021 წლის ახალ სტატისტიკას აქვეყნებს

37
(განახლებულია 09:06 28.02.2021)
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – ერთ თვეში 1,2 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა.

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. საქართველოში 2021 წლის იანვარში 4.703 დანაშაული დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 11,83%–ით ნაკლებია, ნათქვამია შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ მასალებში.

2021 წლის პირველ თვეში დაფიქსირებული დანაშაულებიდან გახსნილია მესამედზე ნაკლები, დანარჩენების გამოძიება გრძელდება.

შსს–ს მასალების მიხედვით, საქართველოში თვეში საშუალოდ 5–5,5 ათასი დანაშაული ფიქსირდება.

დანაშაული საქართველოში

საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – იანვარში დაახლოებით 1,2 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 19,7%. ქურდობა იანვარში ჩადენილი დანაშაულის ერთ მეოთხედზე მეტს შეადგენს.

მეორე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. 2021 წლის პირველ თვეში დაფიქსირდა 542 ოჯახური ძალადობის შემთხვევა. აქედან გახსნილია 55,12%.

მესამე ადგილზე კი სატრანსპორტო დანაშაული აღმოჩნდა – 416 ფაქტი ერთ თვეში, საიდანაც გახსნილია 1,92%.

ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეული

დანაშაულის სახეობა შემთხვევების რაოდენობა
ქურდობა 1 203
ოჯახური ძალადობა 542
სატრანსპორტო დანაშაული 416
მუქარა 275
ნარკოდანაშაული    217

გარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, 2021 წლის პირველ თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა 12 მკვლელობა, აქედან სამი – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 19 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 7 – გაუპატიურება, ერთი – ადამიანებით ვაჭრობა, ორი – მექრთამეობა.

რამდენი დაისაჯა

საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან 31 იანვრამდე ჩათვლით პერიოდში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მიეცა 1230 ადამიანი. აქედან 91 პირობით სასჯელს იხდიდა. აქედან 414 დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს.

37
საპატრულო პოლიცია

გლდანში სროლა იყო: ერთი ადამიანი დაჭრილია

125
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების“ და „ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება-შენახვის“ მუხლებით

თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. გლდანის მეოთხე მიკრორაიონში სროლის ხმა ისმოდა, დაჭრილია ერთი ადამიანი, იუწყება „პირველი არხი“.

ტელეარხის მონაცემებით, ინციდენტის დეტალები უცნობია. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით მიმდინარეობს.

125
სასწრაფო დახმარების ბრიგადები

COVID-19 საქართველოში 28 თებერვლის მონაცემები

0
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 265.114 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 525), გარდაიცვალა – 3.510  (ბოლო 24 საათში – 11), კარანტინის რეჟიმშია 323, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.472 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 171 ადამიანი იმყოფება. 

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 248-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 270.510 -ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 265.114 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 525), გარდაიცვალა – 3.510  (ბოლო 24 საათში – 11), კარანტინის რეჟიმშია 323, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.472 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 171 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 27.885, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 18.814, PCR ტესტით - 9.071

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 0,89%, ბოლო 14 დღის - 1,96%, ბოლო 7 დღის - 1,55%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0