თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. თბილისში, გუდაუთის ქუჩაზე ავტოსახელოსნოში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაცია Sputnik-საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ავტოსახელოსნოს სახურავზე გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხანძარი 30 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ბრიგადა მუშაობდა.
ელიავას ბაზრობის მიმდებარედ ხანძარი რამდენიმე დღის წინაც გაჩნდა. გასულ კვირაში ბაზრობის ტერიტორიაზე სამშენებლო მასალების საწყობი აალდა. ხანძარს 12 სახანძრო ბრიგადა რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდა. ზარალის ოდენობა დღემდე უცნობია.
თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. კახეთში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა. იუწყება „პირველი არხი“.
გზაზე Mercedes-ის მარკის ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ Opel-ის მარკის ავტომობილს შეეჯახა. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები ლაგოდეხში, „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ნორვეგიული და იტალიური კომპანიების კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოს სამ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნორვეგიული და იტალიური საწარმოების კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, 2020 წლის მარტი-მაისის თვეებში, ბრალდებულებმა არარეზიდენტი იურიდიული პირების მსგავსი სახელწოდების მქონე საწარმოები დააფუძნეს და საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში ანგარიშები გახსნეს.
უწყების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა კომპანიების ელექტრონულ ფოსტაში ჰაკერულად შეაღწიეს, შეისწავლეს კომპანიების ბიზნესსაქმიანობა და ამ კომპანიების შეცდომაში შეყვანის მიზნით მათი რეალური ბიზნეს-პარტნიორების საბანკო ანგარიშების მონაცემები შეცვალეს.
ამის შედეგად 2020 წლის მაისში ნორვეგიული და იტალიური კომპანიებისთვის ბიზნესსაქმიანობისთვის განკუთვნილი ფულადი თანხები რეალური თანხის მიმღებების ნაცვლად ბრალდებულების ანგარიშზე ჩაირიცხა.
აღნიშნული ქმედების შედეგად ნორვეგიულ და იტალიურ კომპანიებს დიდი ოდენობით - 470.4 სთასი ლარის ექვივალენტი ევროს ზიანი მიადგათ.
უწყებაში აცხადებენ, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხების ნაწილი, საბანკო ანგარიშებიდან განაღდების შემდგომ, წინასწარ შეთანხმებული პროცენტულობის შესაბამისად, ჯგუფის წევრებს შორის განაწილდა.
2020 წლის 19 ივნისს დაკავებულ ორ პირს და მიმალვაში მყოფ ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ (დიდი ოდენობით თაღლითობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ).
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნორვეგიულ კომპანიას 304.721 ლარის ოდენობის თანხა დაუბრუნდა.
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ნებისმიერი სახის ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, დაწერა სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტის კომენტირებისას.
ტელეკომპანია „ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას, მის მეუღლესა და მისი მეუღლის ნათესავს წუხელ თბილისში, წყნეთის ქუჩაზე დაესხნენ თავს. თავდამსხმელების მოგერიებაში ჟურნალისტს დაეხმარნენ ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მან მანქანის მოყინული გზიდან გამოსაყვანად გამოიძახა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდასხმის ფაქტზე სამი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. სანაია დარწმუნებულია, რომ თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.
„მახსენდება ანალოგიური ფაქტი, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჩემს კოლეგაზე, ანრი ოხანაშვილსა და მის ოჯახზე მოხდა თავდასხმა... როგორც მაშინ დავგმეთ, ახლაც ვაცხადებ, რომ ნებისმიერი ფორმის ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია! მინდა ვახოს და მისი ოჯახის მიმართ თანადგომა გამოვხატო და მივმართო შესაბამის სამსახურებს, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ ეს ფაქტი, რომ დამნაშავეები დაისაჯონ!“ - დაწერა ირაკლი ზარქუამ.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს მსგავს ინციდენტებზე მკაცრი რეაგირება ექნება.
„ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა, განსაკუთრებით თუ ეს დაკავშირებულია პირის პროფესიულ საქმიანობასთან!.. ძალადობა დანაშაულია და ყველამ უნდა აგოს პასუხი!“ - წერს დეპუტატი.
სანაიაზე თავდასხმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემაც დაგმეს.
ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ სანაიაზე თავდასხმა მოხდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის და ოპოზიციური მედიის მიმართ სიძულვილის ენის წახალისების შედეგად.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ სასტიკად ეწინააღმდეგება მსგავს ფაქტებს. მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, აღნიშნულთან დაკავშირებით მოახდინეთ მკაცრი რეაგირება, რათა ხელისუფლების უყურადღებობისა და წახალისებების შედეგად ქვეყანაში არ გახშირდეს სხვა მსგავსი დანაშაულებრივი ან ძალადობრივი აქტები!“ - დაწერა გიორგი ვაშაძემ სოციალურ ქსელში.
„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია, სხვა პოლიტიკოსების მსგავსად, ჟურნალისტს მხარდაჭერას უცხადებს და მიიჩნევს, რომ დამნაშავეებმა „ბოდიში უნდა მოხადონ“.
„ვახო სანაიას და მისი ოჯახის წევრების გადასაწყვეტი უნდა იყოს მოძალადეები ციხეში იჯდებიან თუ არა. სანამ ვახოსთან და მის ოჯახთან ისე არ მოიხდიან ბოდიშს, რომ მათ მიტევების სურვილი გაუჩნდეთ, ციხეში უნდა ეყარონ. ვახოს და მის ოჯახს უნდა ჰქონდეთ უფლება ამ საქმისთვის, მათთვის სანდო პროკურორი შეარჩიონ და არც ერთ პროკურორს არ უნდა ჰქონდეს დაზარალებულების გარეშე, მოძალადესთან რამეზე გარიგების უფლება, მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიტევება უნდა იყოს გათავისუფლების საფუძველი“, - დაწერა ხვიჩიამ სოციალურ ქსელში.
შსს-მ სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „ორი და მეტი პირის მიმართ ჯგუფურ ძალადობას“ გულისხმობს. აღნიშნული დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელია - 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.