სახანძრო

ხანძარმა ვარკეთილში 60 წლამდე მამაკაცი იმსხვერპლა

84
(განახლებულია 13:47 17.02.2021)
საცხოვრებელი კორპუსიდან, სადაც ხანძარი გაჩნდა, ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია დროულად განხორციელდა.

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. თბილისში ხანძარს 60 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

შემთხვევა ვარკეთილის მესამე მასივში დღეს, დილით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე გაჩნდა, შემდგომ კი მეექვსე და მერვე სართულებზეც გავრცელდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ხანძარი, შესაძლოა, სიგარეტის ნამწვს გამოეწვია.

ადგილზე 9 სახანძრო–სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, მობილიზებული იყვნენ საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებიც.

84
თემები:
შემთხვევები საქართველოში (2068)
სარემონტო სამუშაოები გაზსადენზე

თბილისის ცენტრალურ გაზსადენზე ავარიაა

21
(განახლებულია 13:23 26.02.2021)
გაზმომარაგების უმოკლეს დროში აღდგენისთვის ამ დროისთვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. გაზმომარაგება 27 თებერვალს 21:00 საათამდე სრულად აღდგება.

თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. თბილისის გაზმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიის გამო თემქის დასახლებასა და ავჭალის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა. იუწყება კომპანია  „თბილისი ენერჯი“. 

კომპანიიც ცნობით, „თბილისი ენერჯის“ სპეციალური ჯგუფები ადგილზე სრულადაა მობილიზებული.

„გაზმომარაგების უმოკლეს დროში აღდგენისთვის ამ დროისთვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები დღეს დღის ბოლომდე დასრულდება“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

გაზმომარაგება, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ხვალ, 27 თებერვალს 21:00 საათამდე სრულად აღდგება.

„თბილისი ენერჯი" დედაქალაქს ბუნებრივი გაზით 8500 კილომეტრის საშუალო და დაბალი წნევის მიწისქვეშა და მიწისზედა გაზსადენების საშუალებით ამარაგებს.

21
თემები:
შემთხვევები საქართველოში (2068)
საპატრულო პოლიცია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავარიას ერთი პირი ემსხვერპლა

85
ავარიის შედეგად დაშავებული პირები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა უახლოეს კლინიკაში მოათავსა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. კახეთში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა. იუწყება „პირველი არხი“.

გზაზე Mercedes-ის მარკის ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ Opel-ის მარკის ავტომობილს შეეჯახა. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები ლაგოდეხში, „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

85
კორონავირუსის ტესტი

ცერცვაძე: ზუსტად ერთი წელი საქართველოში კორონავირუსის გამოჩენიდან - რა გააკეთა ქვეყანამ?

0
(განახლებულია 13:14 26.02.2021)
ზუსტად ერთი წლის წინ, 26 თებერვალს, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროის განმავლობაში ქვეყანამ იმაზე ბევრად მეტი გააკეთა, ვიდრე შეეძლო, მისი რესურსების გათვალისწინებით, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

ექიმის სიტყვებით, ამ მასშტაბის პანდემია XXI საუკუნეში არ ყოფილა, მან მთელ მსოფლიოში 2,5 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 12 მილიონზე მეტი კი დაინფიცირდა.

„შარშან, 26 თებერვალს დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში... როცა პანდემია იწყებოდა, ყველას ჰქონდა განცდა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი რესპირაციული ინფექცია, დაახლოებით ისეთი, როგორიც არის გრიპი. შემდეგში, ძალიან მალე გახდა ცნობილი მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის ჩვენთვის და რაც დრო გადის მით უფრო იკვეთება ამ დაავადების ის თავისებურება, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი რესპირაციული ინფექციონია. თუნდაც იმიტომ, რომ ის აზიანებს არა მარტო ფილტვებს, არა მარტო სასუნთქ სისტემას, არამედ აზიანებს პრაქტიკულად ყველა ორგანოს და ორგანოთა სისტემას ადამიანის ორგანიზმში“, - განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ითვლება, რომ დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს ახალგაზრდებში და იმ ადამიანებში, ვისაც არ აქვს მძიმე თანმხლები დაავადებები, მაგრამ ეს არის მხოლოდ ტენდენცია. დიახ, უფრო ხშირად ასეა, მაგრამ არა ყოველთვის. საკმაოდ ხშირია სასიკვდილო შემთხვევები ახალგაზრდებში, მათ შორის ძალიან ახალგაზრდებშიც და იმ პაციენტებშიც, ვისაც არანაირი თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა.

„ვისწავლეთ ის, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად იმ შემთხვევაშიც, თუ პაციენტი არ წარმოადგენს რისკის ჯგუფს, რამეთუ ის შეიძლება ძალიან სწრაფადაც დამძიმდეს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მსუბუქი დაწყების შემთხვევაშიც კი, ავადმყოფი შეიძლება, სწრაფად დამძიმდეს“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

მისი თქმით, საქართველოში პანდემიის დაწყებისთანავე შეიმუშავეს და დანერგეს მულტიდისციპლინური მიდგომა.

საქართველოში კორონავირუსს ერთი წელი შეუსრულდა - რა ხდებოდა გავრცელების პირველი დღიდან>>

„ყველა ჩვენ კოვიდკლინიკებში ავადმყოფს ნახულობს და მკურნალობს არა ერთი, არამედ სხვადასხვა პროფილის ექიმებისგან შემდგარი გუნდი. ეს ძალიან სერიოზული მომენტი იყო, რათა გაგვეუმჯობესებინა გამოსავლები და შეგვემცირებინა სიკვდილობის და გაგვეზარდა გადარჩენის მაჩვენებელი“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

ნოუჰაუ და ხარვეზები

მოკლე დროში ქვეყანაში კოვიდპაციენტებისთვის შვიდი ათასი საწოლი მომზადდა. ცერცვაძის მტკიცებით, მილიონ მოსახლეზე ამდენი საწოლი არც ერთ ქვეყანას არ ჰქონდა.

„საქართველოს ნოუჰაუ იყო კოვიდსასტუმროები. ეს დღემდე მხოლოდ საქართველოშია დანერგილი და ინგლისმა დაიწყო ახლა დანერგვა საქართველოს მაგალითით“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის სიტყვებით, საქართველოს ევროპაში აქვს ევროპის 45 ქვეყანაზე უფრო დაბალი სიკვდილობის პროცენტი. ეს, ცერცვაძის აზრით, მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა და კლინიკური ჯგუფი წარმატებით მუშაობს.

„თუ ჩვენ არ ჩავთვლით სამკვირიან პერიოდს, რომელიც იყო პიკის პერიოდი, ნოემბერი-დეკემბერი, როცა იყო ძალიან დიდი გადატვირთვა და გადაძაბვა კლინიკური სექტორის, დღეში ხუთი ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა. მაშინ იყო დაგვიანებები სასწრაფოსი, ოჯახის ექიმების, ჰოსპიტალიზაციის პრობლემები, მაგრამ ეს პრობლემები მაშინაც კი იყო გაცილებით ნაკლები, ვიდრე სხვა ქვეყნებში“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

„ხარვეზების გარეშე შეუძლებელია, რომ ასეთი დიდი ომი მოიგო“, - თქვა ცერცვაძემ.

კატეგორიული მოთხოვნა - ნიღბებით სიარული

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ დღევანდელი ვითარების შესანარჩუნებლად და შეზღუდვების თავიდან ასაცილებლად.

„მთავრობა ცდილობს, ოქროს ბალანსი იპოვოს. გაიაროს დანის პირზე, რომ შეზღუდვები მოხსნას იმდენად, რომ არ მივიღოთ მესამე ტალღა, არ გავიმეოროთ ის შეცდომა, რაც მოხდა ზაფხულში და თან იმდენად მოხსნას, რომ ადამიანებს ცხოვრების საშუალება მიეცეს...", – აღნიშნა ცერცვაძემ.

მისი თქმით, არ შეიძლება, ერთი მხრივ, გინდოდეს და მთავრობას სთხოვდე შეზღუდვების მოხსნას და მეორე მხრივ, არ გინდოდეს პირბადის კეთება.

„გააცნობიერეთ, რომ ეს ორი რამე შეუთავსებელია. თუ გინდათ შეინარჩუნოთ მოხსნილი შეზღუდვები და ნორმალური ცხოვრება, უნდა ატაროთ პირბადე უფრო მეტად, ვიდრე ატარებდით. 90 პროცენტზე უნდა ავიდეთ. თუ თქვენ არ ატარებთ პირბადეს, ძალიან მალე ქვეყანა იძულებული გახდება ხელახლა შემოიღოს შეზღუდვები. კატეგორიულად გთხოვთ გამოიყენოთ პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში და მაშინ შემთხვევების მატება არ იქნება, შესაბამისად, შევინარჩუნებთ გახსნილ ეკონომიკას და ცხოვრების უკეთეს პირობებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ბოლო მონაცემებით 270.137-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 264.047 ადამიანი, ხოლო 3.485 გარდაიცვალა.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები