პოლიცია აკონტროლებს პირბადეების ტარების რეჟიმს

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

49
(განახლებულია 12:02 13.02.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი რეგულაციები მოქმედებს, რომელთა დარღვევა ჯერ ადმინისტრაციულ, გამეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 692 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. 1 თებერვლიდან ზოგიერთი შეზღუდვა შემსუბუქდა, თუმცა ძალაში რჩება წესები, რომლებიც ეხება პირბადის ტარებას, ღამით გადაადგილების აკრძალვას და სხვ.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 81 პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 611 ფიზიკური პირია დაჯარიმებული.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

 

 

49
ბავშვი ითხოვს მოწყალებას

მამას, რომელიც შვილს მათხოვრობას აიძულებდა, ბრალი წარედგინა

50
მამაკაცს, რომელიც 6 წლის განმავლობაში თავის 11 წლის შვილზე ძალადობდა და მათხოვრობას აიძულებდა, 14-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. მამაკაცს, რომელიც 11 წლის შვილს მათხოვრობას აიძულებდა, არასრულწლოვნის შრომითი ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდება წარედგინა, იუწყება საქართველოს გენერალური პროკურატურა

გენერალური პროკურატურის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით მამაკაცი ფიზიკური ძალადობით და ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულებდა ბავშვს თბილისის ქუჩებში მოწყალების თხოვნას და სხვადასხვა ნივთების გაყიდვას. ამასთან, სავალდებულოდ დაუწესა მისთვის ყოველ დღე 50 ლარის მიტანა, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მასზე ძალადობდა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. მცირეწლოვანის მიერ მათხოვრობით ნაშოვნ ფულს კი თვითონ ისაკუთრებდა.

„შრომითი ექსპლუატაციის განხორციელების შედეგად, ზიანდებოდა არასრულწლოვნის ჯანმრთელობა, ფიზიკური და სულიერი განვითარება. ბრალდების შესახებ დადგენილების გაცნობის შემდეგ, მამაკაცმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში“, - ნათქვამია პროკურატურის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამაკაცს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 432-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით - „არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)“, „არასრულწლოვნის გადაბირება ექსპლუატაციის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ, ჩადენილი იძულებით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით“, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე წარმოებული გამოძიების ფარგლებში შეფარდებული აქვს პატიმრობა. შესაბამისად, პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს შუამდგომლობით წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის შესახებ.

50
ხელბორკილი

ქრთამის აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

49
(განახლებულია 21:39 01.03.2021)
სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი უცხოელ ბიზნესმენებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ მათ მიერ შესაძენად შერჩეულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზის მოწყობას შეჰპირდა.

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს. იუწყება სახელმწიფო უსაფრთხოების სასახური.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი უცხოელ ბიზნესმენებს დაჰპირდა, რომ მათ მიერ შესაძენად შერჩეულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზის მოსაწყობად მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ჯანმრთელ ხეებს მოჭრიდა. ამის სანაცვლოდ კი მერიის თანამშრომელმა 8 ათასი დოლარის გადახდა მოითხოვა.

„მიმდინარე წლის 26 თებერვალს სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელმა აიღო მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი 4 000 აშშ დოლარის ოდენობით, რა დროსაც იგი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებული განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

49
თემები:
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია

„დიალოგი გაგრძელდება“: შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დასრულდა

0
(განახლებულია 23:24 01.03.2021)
ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე შედგა ექვსპუნქტიანი ჩარჩო-ხელშეკრულება, რომელსაც შეხვედრის ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დასრულდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

შეხვედრაზე, რომელსაც მიშელის გარდა ესწრებოდა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, შედგა ექვსპუქნტიანი ჩარჩო-დოკუმენტი, რომელსაც შეხვედრის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს.

ამ ექვს პუნტქს შორისაა ისეთი საკითხები, ვადამდელი არჩევნების ჩატარება, პოლიტპატმრების გათავისუფლება, მართლმსაჯულების რეფორმა. შემდგომ შეხვედრებზე მხარეებს შორის მსჯელობა სწორედ ამ საკითხების ირგვლივ გაგრძელდება.

მიშელის თქმით, საქართველოს საკითხი რამდენიმე კვირაში განიხილება ევროპარლამენტში. მანამდე კი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უნდა გაიმართოს შეხვედრა, რომელზეც, ღარიბაშვილის თქმით, ეროვნული კონსენსუსი უნდა შედგეს.

„ჩვენ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა, ისეთი ეროვნული, საერთო იდეა, რომელიც გაგვაერთიანებს, ჩვენს ხალხს, ერს გააერთიანებს, ესაა, რაც სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად, საერთო ეროვნული კონსენსუსი, საერთო ეროვნული თანხმობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, მხარეებმა შეაჯერეს პოზიციები. მისი თქმით, ხელისუფლების საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბდება მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში გამართული კონსლუტაციების შემდეგ.

„ვიმსჯელეთ მთელ რიგ საკითხებზე, იმ განსხვავებებზე, რომელიც გვაქვს მამართველ პარტიას, ხელისუფლებას და ოპოზიციას. ბუნებრივია, გვაქვს პრინციპული პოზიციები გარკვეულ საკითხებზე, რომელზეც გვაქვს ჩვენი არგუმენტირებული მოსაზრება, ასევე მოვისმინეთ თითოეული წარმომადგენლისგან მათ მიერ დასმული კითხვები და გავეცი პასუხი. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ დიალოგი გაგრძელდება. მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩამოვყალიბდებით შემდეგ ნაბიჯებზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრეზიდენტის სასახლეში შეიკრიბნენ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერები - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (აკაკი მინაშვილი, სალომე სამადაშვილი), „ევროპული საქართველოს“ (დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია), „ლელო საქართველოსთვის“ (მამუკა ხაზარაძე), „პატრიოტთა ალიანსის“ (ირმა ინაშვილი), რესპუბლიკური პარტიის (ხათუნა სამნიძე), ლეიბორისტული პარტიის (შალვა ნათელაშვილი), „მოქალაქეების“ (ალეკო ელისაშვილი), „გირჩი - მეტი თავისუფლება“ (ზურაბ ჯაფარიძე).

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა. ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდა და ორი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს. ოპოზიციის ლიდერების თქმით, აქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება, თუ განახლდება მოლაპარაკების პროცესი მმართველ პარტიასთან. მომიტინგეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

დასავლელი შუამავლების ორგანიზებით მოლაპარაკებათა რამდენიმე რაუნდი უკვე ჩატარდა, მაგრამ უშედეგოდ.

0