საპატრულო პოლიცია

საშინელი სტატისტიკა: 2020 წელს ავარიებს 450 ადამიანი ემსხვერპლა

90
საქართველოში ავტოავარიების ყველაზე ხშირი მიზეზია გასწრების წესების დარღვევა და შემხვედრ ზოლზე გასვლა, სიჩქარის გადაჭარბება და არასწორი მანევრი მოხვევისას.

თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. საქართველოში 2020 წელს მოხდა 4 999 ავარია, რომელთა მსხვერპლი 450 ადამიანი გახდა, მათ შორის 20 ბავშვია, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ამავდროულად, აღნიშნულ პერიოდში 4 999 ავარიიდან ქვეითთან შეჯახების 884 შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 86 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი.

2020 წელს ავარიების შედეგად დაშავდა 6 640 ადამიანი, საიდანაც 880 იყო ქვეითი.

შსს-ს სტატისტიკით, ავარიების უმრავლესობა ხდება თბილისში, სადაც 2020 წელს დაფიქსირდა 2 261 ავარია, ყველაზე ნაკლები რაოდენობის ავარია მოხდა გურიის რეგიონში - 102 ავარია წელიწადში.

საქართველოში ავტოავარიების ყველაზე ხშირი მიზეზია გასწრების წესების დარღვევა და შემხვედრ ზოლზე გასვლა, სიჩქარის გადაჭარბება და არასწორი მანევრი მოხვევისას.

2020 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების ყველაზე ხშირი მონაწილეები იყვნენ მსუბუქი ავტომობილების მძღოლები, მეორე ადგილზე სატვირთოების მძღოლები არიან, მესამეზე - მოტოციკლისტები.

შსს-ს მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 958 239 ავტომობილი, სატვირთო და სპეზიალიზებული ავტომობილების ჩათვლით.

 

 

90
სამძებრო ოპერაცია მთაწმინდაზე

შსს ავსტრალიელი ქალის ცხედრის პოვნის ფაქტს ადასტურებს: უწყების ოფიციალური განცხადება

406
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. აქტიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში 31 წლის ავსტრალიელი ქალის, შანაი ბრუკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი ქალის ცხედარი რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად იპოვეს.

 

„შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მთაწმინდის ფერდობზე სამძებრო ღონისძიებები დაიწყეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულები იყვნენ კრიმინალური პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები დრონით მიმდინარეობდა, ამასთან ჩართულნი იყვნენ კინოლოგებიც.

შსს-ში გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები, ტარდება ყველა საჭირო ოპერატიული და საგამოძიებო და ღონისძიება, აცხადებენ უწყებაში.

ერთ-ერთი ვერსიით, გოგონა მოკლეს. მისი ცხედარი „ეშმაკის ბორბლის“ ქვემოთ ხეობაში იპოვეს. ის ტოტებით და ფოთლებით იყო დაფარული.

ავსტრალიის მოქალაქე, რომელიც ბათუმში პედაგოგად მუშაობდა და თბილისში დასასვენებლად იმყოფებოდა, ბოლოჯერ პარასკევს 15:30 საათზე ნახეს, როდესაც ის მთაწმინდაზე სასეირნოდ წავიდა.

როგორც დაღუპულის მეგობრები აცხადებენ, ის სპორტით იყო დაკავებული და მთაწმინდაზე ხშირად სეირნობდა.

გარკვეული დროის შემდეგ გოგონამ თავის მეგობარს აშშ-ში დაურეკა, რომელმაც საუბრისას გაიგონა, როგორ ყვირის ბრუკი: „ხელები მომაშორეთ!“ შემდეგ ზარი შეწყდა. მეგობარმა თბილისში მყოფ საერთო ნაცნობებს დაურეკა, რომლებმაც მომხდარის შესახებ შსს-ს აცნობეს.

406
სასწრაფო დახმარება

თბილისში ბავშვს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა

62
ბავშვი გადაყვანილია იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში, სადაც მას სამედიცინო გამოკვლევები უტარდება

თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. თბილისში უნივერსიტეტის ქუჩაზე სატვირთო ავტომობილი დაეჯახა ბავშვს, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, იუწყება „მთავარი არხი“.

ტელეარხის ინფორმაციით, ბავშვი გადაყვანილია იაშვილის კლინიკაში, სადაც მას სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.

საქმეს შსს იძიებს. პოლიციელები მომხდარის დეტალებს არკვევენ.

62
სამება

საეკლესიო კალენდარი: 1 აგვისტო

0
(განახლებულია 08:33 01.08.2021)
საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია1 აგვისტოს ღირსი მაკრინას - ბასილი დიდის დის, ღირსი დიოსის და ღირსი სერაფიმე საროველის ნაწილთა პოვნას აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

ღირსი მაკრინე - და ბასილი დიდისა

ღირსი მაკრინე წმიდა მღვდელმთავრების, ბასილი დიდისა და გრიგოლ ნოსელის  და, კაბადოკიაში დაიბადა IV საუკუნის დასაწყისში.

თორმეტი წლის იყო წმიდანი, როცა ღირსეულ ყმაწვილზე დაწინდეს, მაგრამ, ღვთის ნებით, ჯვრისწერამდე ცოტა ხნით ადრე საქმრო გარდაეცვალა. ამის შემდეგ ნეტარმა გადაწყვიტა, სამუდამოდ დაემარხა ქალწულება, თუმც მრავალი დიდებული ჭაბუკი სთხოვდა ხელს.

მამის სიკვდილის შემდეგ მაკრინე ერთგულად ამოუდგა დედას მხარში: ნუგეშს სცემდა დაქვრივებულს, უძღვებოდა საოჯახო მეურნეობას, უკანასკნელი მხევალივით აღასრულებდა ყოველგვარ საქმეს, ზრუნავდა და-ძმების აღზრდა-განათლებასა და ზნეობრივ სრულყოფაზე.

როცა მაკრინეს დები გათხოვდნენ, ძმები კი სამოღვაწეო სარბიელზე გამოვიდნენ, წმიდა ქალწულმა დედა ამსოფლიდან განდგომაზე დაითანხმა. ემილიამ მონა-მხევლები გაათავისუფლა, მცირეოდენი ქონება დაიტოვა და ასულთან ერთად პონტოში, მდინარე ირისეს ნაპირას, ბასილი დიდის სამოღვაწეო ადგილის სიახლოვეს მდებარე საოჯახო მამულს მიაშურა.

 დედა-შვილს თან გაჰყვა ზოგი მხევალთაგანი, რომელთაც მათი დატოვება არ ისურვეს, და რამდენიმე კეთილმსახური ქალი. აქ ისინი მონაზვნებად აღიკვეცნენ, კრძალულად ცხოვრობდნენ, ერთად ლოცულობდნენ, ერთად შრომობდნენ, სწავლობდნენ წმიდა წერილს, ყველაფერი საერთო ჰქონდათ, ერთმანეთისგან არაფრით განირჩეოდნენ და გულმოდგინედ ემორჩილებოდნენ თავიანთ წინამძღვარს.

წმიდა მაკრინეს ლოცვებით მრავალი სხვა სასწაულიც აღესრულებოდა: შიმშილობის დროს ხორბალი მრავლდებოდა, ადამიანები სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან მსწრაფლ იკურნებოდნენ. წმინდანს ჰქონდა დაფარულის განჭვრეტისა და წინასწარხედვის ნიჭიც.

წმიდა ემილია ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. ცხრა წლის შემდეგ კი სასიკვდილო სარეცელს მიეჯაჭვა ნეტარი მაკრინეც. სიკვდილის წინ იგი ძმამ - გრიგოლ ნოსელმა მოინახულა.

ღირსი დიოსი

ღირსი დიოსი სირიის ანტიოქიაში მცხოვრები კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში დაიბადა. სიყმაწვილიდანვე იგი თავშეკავებით გამოირჩეოდა, ღამეებს ათევდა დაუცხრომელ ლოცვაში... ამგვარი ღვაწლისთვის დიოსს უვნებლობა და სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა.

უფალი ჩვენებით გამოუჩნდა ნეტარს და უბრძანა, კონსტანტინოპოლში ჩასულიყო. დიოსი ქალაქგარეთ, ერთ უდაბურ ადგილას დამკვიდრდა.

ადგილობრივმა მკვიდრებმა სიარული დაიწყეს რჩევა-დარიგებისა თუ სულიერ და ხორციელ სნეულებათა კურნების სათხოვნელად. ისიც ლოცვით კურნავდა ავადმყოფებს, შემოწირულობებს კი გლახაკებს, მწირებსა და დავრდომილებს უნაწილებდა.

ხმამ წმიდა დიოსის შესახებ იმპერატორ თეოდოსი უმცროსამდე (408-450) მიაღწია და იგი კონსტანტინოპოლელ პატრიარქ ატიკესთან (406-425) ერთად ჩავიდა წმიდანთან ლოცვა-კურთხევის სათხოვნელად. იმპერატორმა ისურვა, რომ ნეტარი მამის მოღვაწეობის ადგილას მონასტერი მოეწყოთ და მის ასაგებად სახსრებიც გაიღო. პატრიარქმა დიოსი მღვდლად აკურთხა და იღუმენად დაადგინა. მალე წმიდანის ირგვლივ მრავალრიცხოვანი საძმო შეიკრიბა.

ღრმა მოხუცებულობაში ნეტარი მძიმედ დაავადდა. როცა ძალები სრულიად გამოეცალა, ის გამოემშვიდობა საძმოს, ეზიარა ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს და, სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე, სულის ამოხდომასღა ელოდა. მაგრამ უეცრად სულთმობრძავი მხნედ წამოდგა და განაცხადა, რომ უფალმა კიდევ თხუთმეტი წლის სიცოცხლე უბოძა. წმიდა დიოსმა, მართლაც, კიდევ თხუთმეტი წელი იცოცხლა. ღირსი დიოსი თავისსავე მონასტერში დაკრძალეს (+დაახლ. 430 წელს).

ღირსი სერაფიმე საროველის ნაწილთა პოვნა

ღირსი სერაფიმე საროველი 1754 წლის 1 ივლისს დაიბადა კურსკში. საროვის უდაბნოში მოღვაწე წმიდა მამის ნათელი უხვად ეფინებოდა მთელ რუსეთს. ანგელოზებრივ სიწმიდეს მიახლებული, განჭვრეტისა და სასწაულთქმედების ნიჭით შემკული მამა 1833 წლის 2 იანვარს მიიცვალა. იგი პატივით მიაბარეს მიწას ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის საკურთხევლის მარჯვენა მხარეს. 1903 წლის 19 ივლისს, ნეტარი სერაფიმეს დაბადების დღეს, საროვში რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ II-ის, სამეფო ოჯახის სხვა წევრებისა და სამასი ათასამდე მლოცველის თანდასწრებით აღესრულა მისი წმიდა ნაწილების საზეიმო აღმოყვანება. ისინი მათთვის წინასწარ გამზადებულ ლუსკუმაში გადააბრძანეს ხალხის თაყვანსაცემად. ამ მოვლენას მრავალი ნიშ-სასწაული და კურნება ახლდა თან.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

0
თემები:
საეკლესიო კალენდარი