ბათუმის პორტი

ბათუმისა და ფოთის პორტებში არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს

87
(განახლებულია 23:04 06.02.2021)
„ბათუმის პორტისა“ და „ფოთის“ გამშვებ პუნქტებში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონლის შემოტანისა და სავალდებულო საბაჟო გადასახადის მნიშვნელოვნად შემცირების ფაქტი გამოავლინეს.

თბილისი, 6 თებერვალი - Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „ბათუმის პორტი“ და „ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში“ მებაჟე ოფიცრებმა სამართალდარღვევის ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბათუმის პორტში შემოვიდა სატვირთო ავტომობილი, რომელშიც განთავსებული იყო საქართველოს მოქალაქის კუთვნილი სხვადასხვა დასახელების საქონელი. ავტომანქანა საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით, „ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში“ გაიგზავნა.

„მებაჟე ოფიცრების მიერ აღნიშნული ტვირთის თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების შედეგაც, 4.2 ათასი ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონლის შემოტანის ფაქტი გამოვლინდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 4.2 ათასი ლარის ოდენობით დაეკისრა.

სამართალდარღვევის მეორე ფაქტი, რომელიც „ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში“ გამოვლინდა, გადასახადისგან გათავისუფლების უფლების არასწორად სარგებლობის ფაქტს შეეხებოდა. „ტვირთის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ გადასახადის გადამხდელმა სავალდებულო საბაჟო გადასახადი 11.755 ლარით შეამცირა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნული დარღვევის ფაქტზე საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

 

 

87
საპატრულო პოლიცია

წავიდა და არ დაბრუნებულა: რამდენი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2020 წელს

9
(განახლებულია 09:12 07.03.2021)
დაკარგულთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან. მაგრამ 2020 წელს ასევე ეძებდნენ რუსეთის, თურქეთის და ნიდერლანდების თითო მოქალაქეს. აქედან თურქეთის და ნიდერლანდების მოქალაქეები გარდაცვლილები იპოვეს

თბილისი, 7 მარტი - Sputnik. საქართველოში 2021 წლის იანვრის მდგომარეობით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 1000 ადამიანი, აქედან 2020 წელს დაიკარგა 42 ადამიანი, შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებული მასალების თანახმად.

უწყების მონაცემებით, 2020 წელს სულ დაიკარგა 126 ადამიანი, აქედან 69 ცოცხალი იპოვეს, 15 - გარდაცვლილი. პოლიცია დღემდე ვერ ახერხებს 42 ადამიანის მოძებნას, მათ შორის 6 ბავშვია.

დაკარგულთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან. მაგრამ 2020 წელს ასევე ეძებდნენ და იპოვეს რუსეთის ერთი მოქალაქე, თურქეთის ერთი მოქალაქე და ნიდერლანდების ერთი მოქალაქე. ამასთან თურქეთის და ნიდერლანდების მოქალაქეები გარდაცვლილები იპოვეს. დღემდე მიმდინარეობს ყაზახეთის ერთი და პოლონეთის ერთი მოქალაქის ძებნა.

საქართველოს შსს ძებნას 1973 წლიდან ახორციელებს, იმ დროიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა 6.097 და უკვე მოძებნილია 5.097 ადამიანი.

9
საპატრულო პოლიცია

ვანში მამაკაცმა პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა

44
გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული სანადირო თოფიდან თავის მოკვლას აპირებდა, შემდეგ კი ადგილზე მისული პოლიციის მისამართით სროლა დაიწყო

თბილისი, 6 მარტი - Sputnik. ვანში დააკავეს მამაკაცი, რომელიც პოლიციელს თავს დაესხა, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 5 მარტს ვანის რაიონის სამმართველოში შეტყობინება შევიდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი თავის მოკვლას აპირებდა. პოლიციამ მიღებული შეტყობინების შემდეგ შემთხვევის ადგილას გამოცხადდა. ადგილზე მყოფმა მამაკაცმა, რომელიც თავის მოკვლას სანადირო თოფით აპირებდა, ცეცხლი სამართალდამცველების მიმართულებით გახსნა, რა დროსაც ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი დაიჭრა.

დაჭრილი პოლიციელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ექიმებმა მას შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს. უწყების ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება ბრალდებულს, ის სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ასევე ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი.

სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. 1980 წელს დაბადებულ ბრალდებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

 

44