საპატრულო პოლიცია

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

43
(განახლებულია 11:30 06.02.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი რეგულაციები მოქმედებს, რომელთა დარღვევა ჯერ ადმინისტრაციულ, გამეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 573 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. 1 თებერვლიდან ზოგიერთი შეზღუდვა შემსუბუქდა, თუმცა ძალაში რჩება წესები, რომლებიც ეხება პირბადის ტარებას, ღამით გადაადგილების აკრძალვას და სხვ.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 116 პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 457 ფიზიკური პირია დაჯარიმებული.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

 

 

43
საპატრულო პოლიცია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავარიას ერთი პირი ემსხვერპლა

82
ავარიის შედეგად დაშავებული პირები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა უახლოეს კლინიკაში მოათავსა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. კახეთში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა. იუწყება „პირველი არხი“.

გზაზე Mercedes-ის მარკის ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ Opel-ის მარკის ავტომობილს შეეჯახა. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები ლაგოდეხში, „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

82
მოსამართლის ჩაქუჩი

ქართველმა ჰაკერებმა უცხოურ კომპანიებს თითქმის ნახევარი მილიონი ლარი გამოსტყუეს

676
(განახლებულია 23:03 25.02.2021)
ბოროტმოქმედებს უცხოური კომპანიების მოტყუების საკმაოდ რთული სქემა ჰქონდათ მოფიქრებული. მათი დაკავების შემდეგ ერთ-ერთ კომპანიას მიტაცებული თანხის ნაწილი დაუბრუნდა

თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნორვეგიული და იტალიური კომპანიების კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოს სამ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით 7 წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნორვეგიული და იტალიური საწარმოების კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, 2020 წლის მარტი-მაისის თვეებში, ბრალდებულებმა არარეზიდენტი იურიდიული პირების მსგავსი სახელწოდების მქონე საწარმოები დააფუძნეს და საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში ანგარიშები გახსნეს.

უწყების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის  წევრებმა კომპანიების ელექტრონულ ფოსტაში ჰაკერულად შეაღწიეს, შეისწავლეს კომპანიების ბიზნესსაქმიანობა და ამ კომპანიების შეცდომაში შეყვანის მიზნით მათი რეალური ბიზნეს-პარტნიორების საბანკო ანგარიშების მონაცემები შეცვალეს.

ამის შედეგად 2020 წლის მაისში ნორვეგიული და იტალიური კომპანიებისთვის ბიზნესსაქმიანობისთვის განკუთვნილი ფულადი თანხები რეალური თანხის მიმღებების ნაცვლად ბრალდებულების ანგარიშზე ჩაირიცხა.

აღნიშნული ქმედების შედეგად ნორვეგიულ და იტალიურ კომპანიებს დიდი ოდენობით - 470.4 სთასი ლარის ეკვივალენტი ევროს ზიანი მიადგათ.

უწყებაში აცხადებენ, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხების ნაწილი, საბანკო ანგარიშებიდან განაღდების შემდგომ, წინასწარ შეთანხმებული პროცენტულობის შესაბამისად, ჯგუფის წევრებს შორის განაწილდა.

2020 წლის 19 ივნისს დაკავებულ ორ პირს და მიმალვაში მყოფ ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ (დიდი ოდენობით თაღლითობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ).

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნორვეგიულ კომპანიას 304.721 ლარის ოდენობის თანხა დაუბრუნდა.

 

676
დიაბეტი

მიაქციეთ ყურადღება: როგორია მეორე ტიპის დიაბეტის პირველი ნიშნები

0
(განახლებულია 12:52 26.02.2021)
თუ ჩამოთვლილ ნიშნებს დროულად მიაქცევთ ყურადღებას, ამით თავიდან აიცილებთ სერიოზულ გართულებებს, რომლებსაც ეს დაავადება იწვევს

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. არსებობს ადრეული ნიშნები, რომლებიც მეორე ტიპის დიაბეტის ამოცნობაშიც დაგეხმარებათ და ინსულტის რისკის, გულის, თირკმელებისა და თვალების დაავადებების მინიმუმამდე დაყვანაშიც, აცხადებს ექიმი–ენდოკრინოლოგი მარია პრელიპსინი.

გამოცემა Medical News Today–ში სპეციალისტმა ყველაზე „მეტყველი“ რამდენიმე ნიშანი აღწერა. ესენია:

ხშირი შარდვა — როდესაც სისხლში შაქრის დონე მაღალია, თირკმელები ცდილობს,  გამოდევნოს ზედმეტი შაქარი. სწორედ ამიტომ ხშირდება შარდვის სურვილი, განსაკუთრებით ღამით.

ძლიერი წყურვილი — ხშირი შარდვის შედეგად ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს, რაც დროთა განმავლობაში გაუწყლოებას იწვევს. ამიტომაც ჩნდება იმეზე ძლიერი წყურვილის შეგრძნება, ვიდრე ეს მანამდე იყო.

გამუდმებული შიმშილი, ძლიერი დაღლილობა, მუქი ლაქები კისერზე, იღლიებსა და საზარდულზე — ეს ყველაფერი ასევე შეიძლება მიანიშნებდეს მეორე ტიპის დიაბეტის განვითარებაზე.

ბუნდოვანი მხედველობა — სისხლში შაქრის მაღალი დონე აზიანებს თვალის უმცირეს სისხლძარღვებს, რაც იწვევს კიდეც მხედველობის გაბუნდოვანებას.

ჭრილობების ნელი შეხორცება — შაქრის მაღალი დონე აზიანებს ნერვებსა და სისხლძარღვებს, რის გამოც უარესდება სისხლის მიმოქცევა. შედეგად, ჭრილობისა თუ ნაკაწრის შეხორცებას უფრო მეტი დრო სჭირდება — შესაძლოა ორი კვირიდან რამდენიმე თვემდე პერიოდიც კი.

სპეციალისტის თქმით, მეორე ტიპის დიაბეტი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომლებიც კიდევ მეტად ზრდის დაავადების განვითარების რისკებს. ესენია:

  • 45 წელზე მეტი ასაკი;
  • ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი;
  • ზედმეტი წონა ან გაცხომოვნება;
  • არაჯანსაღი კვება;
  • დიაბეტის ოჯახური ისტორია (ანუ ახლო ნათესავებში დიაბეტით დაავადებულის ყოლა);
  • პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი და სხვ.

მარია პრელიპსინის თქმით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დიაბეტის სიმპტომებს შენიშნავს საკუთარ თავს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს. მეორე ტიპის დიაბეტის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადამიანის მდგომარეობას და თავიდან აარიდებს სერიოზულ გართულებებს.

0
თემები:
ექიმი გირჩევთ