ხელბორკილი

დაკავებულია ორი პირი, რომლებიც მოქალაქეებს თანხის სანაცვლოდ აშშ-ის ვიზებს ჰპირდებოდნენ

80
(განახლებულია 19:30 05.02.2021)
თაღლითობაში ბრალდებულები მთლიანობაში დაახლოებით 145 ათასი ლარის ოდენობის თანხას დაეუფლნენ. დაკავებულებს ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. სამართალდამცველებმა წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ორი პირი – ანალოგიურ ფაქტზე წარსულში რამდენჯერმე მხილებული 1992 წელს დაბადებული ზ.ჩ. და წარსულში თაღლითობის ბრალდებით ნასამართლევი, 1967 წელს დაბადებული ნ.ჯ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები მოქალაქეებს სხვადასხვა თანხის გადახდის სანაცვლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებელი ვიზის გაკეთებას ჰპირდებოდნენ. თანხის აღების შემდეგ კი წყვეტდნენ მათთან კავშირს.

არსებული ინფორმაციით, ზ.ჩ.-მ და ნ.ჯ.-მ მთლიანობაში დაახლოებით 145 ათასი ლარის ოდენობის თანხა გამოსტყუეს მოქალაქეებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი ოდენობით თაღლითობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

80
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1282)
ხელბორკილი

13 წლის გოგონას გაუპატიურების საქმე: პროკურატურამ ბრალი მოზარდის დედას წარუდგინა

136
(განახლებულია 21:28 14.04.2021)
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას დედისთვის ცნობილი გახდა მამაკაცის მიერ მისი შვილის გაუპატიურების ფაქტი, მაგრამ მან ამის შესახებ სამართალდამცველ ორგანოებს არ შეატყობინა.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. გორის მუნიციპალიტეტში მომხდარ სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე არასრულწოვანი გოგონას დედას ბრალი წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

2021 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 13 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა. საქმეზე პოლიციამ 50 წლის მამაკაცი დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლიდან 2020 წლამდე მამაკაცი არასრულწლოვანზე სისტემატურად ძალადობდა, შედეგად გოგონა დაორსულდა და ბავშვი გააჩინა.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას დედისთვის ცნობილი გახდა მამაკაცის მიერ მისი შვილის გაუპატიურების ფაქტი, მაგრამ მან ამის შესახებ სამართალდამცველ ორგანოებს არ შეატყობინა.

დაზარალებულის დედას ბრალი სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული), რაც სასჯელის სახედ სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმე ამ დროისათვის ძიების სტადიაშია. თავად მოძალადეს 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

136
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1282)
სახანძრო

სენაკში ხანძარს შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა

32
(განახლებულია 21:17 14.04.2021)
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა საცხოვრებელ სახლში ხანძრის გაჩენის მიზეზი. შემთხვევის ადგილზე ოთხი სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. სენაკის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად შუახნის მამაკაცი დაიღუპა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში, სადაც ხანძარი გაჩნდა, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა.

შემთხვევის ადგილზე მისულ სახანძრო–სამაშველო ბრიგადებს, სამწუხაროდ, მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე ოთხი სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

ხანძრის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ნიკა ლატარია

32
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ავტოკოლონა

ოპოზიცია რეგიონებში გასვლით შეხვედრებს იწყებს

0
(განახლებულია 11:56 15.04.2021)
მასშტაბური საპროტესტო აქციის სამზადისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ერთად მოივლიან რეგიონებს.

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. ქართული ოპოზიციური სპექტრი რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს დღეიდან, 15 აპრილიდან იწყებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ამ დღეებში „ლელოს“ ოფისში  შეიკრიბა, რათა 15 მაისისთვის დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა განეხილა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, მიზანი მაისში დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მოსახლეობის მობილიზებაა. 

პირველი რეგიონი, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს, კახეთია – დილიდან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან. შეხვედრები დაგეგმილია როგორც თელავში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში.

„15 მაისი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში უმნიშვნელოვანესი თარიღია, იმიტომ რომ ეს იქნება უამრავი, ათობით ათასი ადამიანისთვის შესაძლებლობა გამოხატოს თავისი პროტესტი, გამოხატოს თავისი ბრაზი. ჩვენი პირველი ნაბიჯი იქნება ის, რომ ჩვენ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები დავიწყოთ და მათ გავაცნოთ ჩვენი გეგმები, თუ როგორ აპირებს ოპოზიცია გააგრძელოს ბრძოლა რიგგარეშე არჩევნების, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ქვეყანაში რეფორმების დაწყებისათვის“, - განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ

ოპოზიციურმა პარტიებმა  სამომავლო მოქმედების შესათანხმებლად სპეციალური შტაბი უკვე შექმნეს.  წინასწარი მონაცემებით, საპროტესტი აქციები უვადო იქნება, რომელზეც ოპოზიცია ძირითად მოთხოვნებს – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება – კვლავ გააჟღერებს. 

საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ექვსი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ აღიარებს კენჭისყრის შედეგებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ განიხილავს ამ საკითხს „წითელ ხაზად“, არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ყურადღების სხვა საკითხებზე გამახვილებას სთავაზობს.
დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი სულ უფრო ღრმავდება.
მოლაპარაკების მორიგი რაუნდი მარტის ბოლოს გაიმართა, მაგრამ შედეგი ვერ გამოიღო. თბილისში კრიზისის მოგვარების მიზნით მეორედ იყო ჩამოსული ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, მაგრამ მისი წინადადებები მხარეებმა უარყვეს.

 

0
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება