თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემთხვევა რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში დღეს მოხდა.
უწყების ცნობით, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შენიშნეს. ცეცხლი დაახლოებით 10 კვ/მ ფართობზე საყოფაცხოვრებო ნივთებს ეკიდა.
მეხანძრე-მაშველებმა ძლიერი დაკვამლიანების გამო, უსაფრთხოების მიზნით, მეზობელი ბინიდან ქალი და მცირეწლოვანი ბავშვები გამოიყვანეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ამჟამად ლიკვიდირებულია.
ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ამ დროისათვის უცნობია.
თბილისი, 6 მარტი - Sputnik 2021 წლის თებერვალში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 273 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 98 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 42 ფაქტი, იმერეთში - 34, აჭარაში - 29, სამცხე-ჯავახეთში - 23, ქვემო-ქართლში - 21, შიდა ქართლში - 12, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 5, მცხეთა-მთიანეთშიც - 5, გურიაში - 3, თბილისში - 1.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 684 კუბური მეტრი ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 43 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 6 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი, აცხადებენ დეპარტამენტში.
საქართველოში 1 იანვრიდან ამოქმედდა „საქართველოს ტყის კოდექსი“, რომელიც ტყეების აღრიცხვას და დანიშნულების მიხედვით მათ განსაზღვრას ითვალისწინებს.
თბილისი, 5 მარტი — Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში მდებარე ყოფილი სასტუმროს შენობაში აფეთქება მოხდა, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი.
გავრცელებული ინფორმაციით, შენობის პირველ სართულზე მდებარე სასადილოში გაზის ბალონი აფეთქდა, რის შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა.
წალენჯიხის მერის ბესო ფარცვანიას ინფორმაციით, შენობაში ამჟამად „ენგურჰესის" სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული პირები ცხოვრობენ. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, აფეთქების შედეგად ხანძარი დაახლოებით 30 კვ. მ-მდე ფართობზე გავრცელდა.
ნიკა ლატარია
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. თურქმენეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ვაქცინაციის გარეშე შეუძლიათ. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ქვეყნების მოქალაქეებმა საქართველოში ჩამოფრენისას თან უნდა იქონიონ PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი.
საქართველოს ხელისუფლებამ საჰაერო საზღვრები უცხოელებისთვის 1 თებერვლიდან გახსნა. სახმელეთო და საზღვაო საზღვრები კვლავ დაკეტილია.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უზბეკეთზე, რომელთანაც პანდემიამდე პირდაპირი ავიამიმოსვლა მოქმედებდა.
„ჩვენ განსაკუთრებით დიდ ნაკადებს ველოდებით უზბეკეთიდან. შემოსვლის რეჟიმის შემსუბუქების პარალელურად, ვფიქრობთ, რომ ფრენები ამ ქვეყანასთან გააქტიურდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
აქამდე კორონავირუსზე უარყოფითი შედეგის ამსახველი ცნობით საქართველოში შემოსვლა შეეძლოთ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებსა და რეზიდენტებს, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინისა და თურქეთის მოქალაქეებს, ასევე რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მოგზაურებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი:
იმ პირებმა, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ დიდ ბრიტანეთში, აუცილებლად უნდა გაიარონ 12-დღიანი კარანტინი. ამ შემთხვევაში აღარ არის აუცილებელი PCR–ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა საზღვარზე, ასევე ტესტის განმეორებით ჩატარება მესამე დღეს.